4 თებერვალს საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სასამართლო სისტემაში ამჟამად მიმდინარე მოსამართლეთა კონკურსის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ ბრიფინგი გამართეს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში სასამართლოს გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურება დიდი ხანია მწვავე და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთ მიზეზად მოსამართლეთა მცირე რაოდენობა სახელდება. შესაბამისად, სასამართლოს შევსება საჭირო რაოდენობის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ახალი კადრებით, სასამართლო სისტემის გადატვირთულობის შესამცირებლად, ერთ-ერთი გამოსავალია. ამის საპირისპიროდ, მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსების დაკვირვება აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოსამართლეობის მსურველთა რიცხვი სულ უფრო მცირდება.
დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 310 მოქმედი მოსამართლე და 100-მდე თავისუფალი ვაკანსიაა, ხოლო, მიმდინარე კონკურსის მონაცემებით, მოსამართლეობის კანდიდატი 20-ზე ნაკლებია.
2022 წლის 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის 76 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 28 ნოემბერი - 14 დეკემბერი; ხოლო, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 23-25 იანვრის პერიოდში მიმდინარეობდა. ამ კონკურსის ფარგლებში იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები ჯერ არ შეურჩევია.
მიმდინარე კონკურსში კონკურენციის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. თავდაპირველად მოსამართლის 76 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი 21-მა პირმა გამოთქვა და ყველა მათგანი, ფორმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა. მოგვიანებით, მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, ვინაიდან რამდენიმე მათგანმა კანდიდატურა მოხსნა. ამავდროულად, კანდიდატების ნახევარზე მეტი მოქმედი მოსამართლეა (მათ სხვა სასამართლოში გადასვლა ან უვადოდ დანიშვნა სურთ), რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, არსებული სურათი, მოსამართლეთა რაოდენობის თვალსაზრისით, არ შეიცვლება, რადგან ისინი ისედაც ახორციელებენ სამოსამართლო უფლებამოსილებას. ხოლო, რაც შეეხება ისეთ კანდიდატებს, რომლებიც მოქმედი მოსამართლეები არ არიან, მათი რაოდენობა 10-ზე ნაკლებია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემაში ახალი კადრების შესვლით არ არის დაინტერესებული. მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მისი გადაწყვეტილებები დიდი დოზით დისკრეციულია, რაც აფერხებს სასამართლოში გარედან კადრების მიზიდვას.
კონკურენციის ნაკლებობის პირობებში, იუსტიციის საბჭოს განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება შერჩევის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად. პირთა წრე, რომელთაც მოსამართლედ დანიშვნის პერსპექტივა აქვთ, საკმაოდ ვიწროა. ამას აქვს ორი მიზეზი: ერთია სასამართლოში კარიერის მიმართ ინტერესის ნაკლებობა, რაც დიდწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და შერჩევის პროცესების მიმართ უნდობლობით აიხსნება; მეორეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიფრთხილე, არ დაუშვას არაპროგნოზირებადი და არაკონტროლირებადი კადრების სისტემაში შესვლა. იუსტიციის საბჭოს ამოცანას, დააკომპლექტოს სასამართლოები ასეთი კადრებით, ადვილად მისაღწევს ხდის ის ფაქტი, რომ მოსამართლეობა მიმზიდველი აღარ არის კვალიფიციური, გამოცდილი იურისტების დიდი ნაწილისთვის.
სასამართლო სისტემაში კარიერის მიმართ დაბალი ინტერესის პირობებში, საჭიროა ისეთი ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის ღიაობის პოლიტიკას, რათა სასამართლოები შეივსოს ახალი პროფესიონალი კადრებით.
მოსამართლეთა ვაკანსიებისა და განმცხადებლების რაოდენობა წლების მიხედვით: