2022 წლის 29 დეკემბერს „ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა დეპუტატებმა, რომლებიც „ხალხის ძალას“ წარმოადგენენ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის ინიციირება დააანონსეს. მალევე, 2023 წლის 14 თებერვალს „ხალხის ძალის“ წევრების ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდა. ინიციირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობდით:
„კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური გავლენის აგენტის ცნებას და შესაბამისი სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოაწესრიგებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო აქტი მხოლოდ ინფორმირების მიზანს ემსახურებოდეს და მან უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ შეუზღუდოს ჩვეული საქმიანობის განხორციელება.“
„ხალხის ძალის“ წევრებს (რომლებიც ქართული ოცნებისგან წამოსვლის მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში დარჩნენ) სურდათ, კანონით განესაზღვრათ „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება, შექმნილიყო „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი“ და, ასევე, უცხოური გავლენის აგენტებისთვის“ დაეკისრებინათ თავიანთი შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობა არ იცნობს ე.წ. უცხოური აგენტების კანონმდებლობას, თუმცა ასეთი კანონი „მუშაობს“ რუსეთში, სადაც ხელისუფლება მას სამოქალაქო საზოგადოების და, ზოგადად, არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციისათვის იყენებს.
კანონპროექტს მალევე მოჰყვა რეზონანსი – მწვავე შეფასებები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ყველა ხედავდა საფრთხეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პერსპექტივის წინაშე.
მოქალაქეთა მხრიდან მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა, თუმცა იქვე დააანონსეს, რომ „ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად“ საზოგადოებას უკეთ განუმარტავდნენ, „რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში“. 2023 წლის 10 მარტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ „ჩააგდო“.
იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს, თუ როგორ უჭერენ მხარს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას დასავლელი პარტნიორები, გადავწყვიტეთ, წინამდებარე სტატიაში ამ დახმარების რიცხობრივი მონაცემები წარმოგიდგინოთ.
წლებია, საქართველოს პარტნიორები ინტენსიურ ფინანსურ დახმარებას უწევენ ქვეყანას. ცენტრალური ბიუჯეტის მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველო ყოველწლიურად მილიონობით ლარს იღებს სხვადასხვა პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. ამ მხრივ გამონაკლისს არც სასამართლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების დოკუმენტი მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტების ნაწილის შესახებ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2016-2019 წლების განმავლობაში „საქართველოში მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის მხარდაჭერის“ პროგრამა ევროკავშირისგან 53 390 000 ლარით დაფინანსდა.
ცენტრალურ ბიუჯეტში მითითებული ეს რიცხვები ნაწილია იმ დაფინანსებისა, რომელიც ქართული მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად დაიხარჯა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს 2014-2020 წლებში 938 მილიონი ევროთი დაეხმარა, საიდანაც მართლმსაჯულებისა და დემოკრატიული მმართველობის ხელშესაწყობად 109 მილიონი ევრო გამოყო.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში, ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ევროპის სტანდარტების შესაბამისად განვითარება საქართველოში და სხვ.
დონორები სახელმწიფო ორგანოების გაძლიერების პარალელურად, ასევე, აქტიურად უჭერენ მხარს სამოქალაქო საზოგადოებასაც საქართველოში. რომლის საერთო მიზანი კი საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარების ხელშეწყობაა.
პროექტების ფინანსური მხარდაჭერის კიდევ უფრო დეტალურად გასაცნობად „საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემის“ ბაზებს (eAIMS) მივმართეთ. eAIMS მონაცემთა ბაზა შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად. როგორც ვებგვერდზეა მითითებული, ის არის საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი, რომლის მიზანია საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება.
eAIMS მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით, გიზიარებთ სხვადასხვა წლის განმავლობაში დონორთა მიერ დაფინანსებული იმ პროექტების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც მართლმსაჯულების რეფორმირებასა და გაძლიერებას მიემართებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სია ეყრდნობა საჯარო ინფორმაციას და ეს ჩამონათვალი ამავდროულად არ წარმოადგენს დონორთა მიერ მხარდაჭერილი პროექტების სრულ სურათს. საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიდან გთავაზობთ მხოლოდ ნაწილს. დასავლელი პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტების მცირე/არასრული ჩამონათვალიც კი საკმარისად აჩვენებს საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაწეულ დახმარებას და წვლილს მართლმსაჯულების განვითარების რთულ პროცესში.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.