მოსამართლის განმარტებები ნაფიცი მსაჯულებისადმი

12.07.2023

„დემოკრატიულ სახელმწიფოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უზრუნველყოფს ბრალდებულის განსჯას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მსაჯულების მიერ, რომლებსაც არ გააჩნიათ სუბიექტური დამოკიდებულება, პირადი ინტერესი და ან მიკერძოება განსახილველი საქმის მიმართ. შესაბამისად, მათ მიერ ბრალდებულის დამნაშავეობისა თუ უდანაშუალობის შესახებ მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება სამართლიანი, მიზანშეწონილი და დემოკრატიულია“ (University of Maryland, Legal Studies Research1).

 
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს. ათენში არსებული დიკასტერია მიიჩნევა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უძველეს წინაპრად. ძველბერძნული ინსტიტუტის დემოკრატიულობაზე პირდაპირ მიუთითებს ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში, განსასჯელი ცხადდებოდა გამართლებულად.2 ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ თუ მსაჯულები ვერ შეთანხმდებოდნენ პირის ბრალეულობის საკითხზე, მაშინ ბრალდებული უნდა გამართლებულიყო. მსაჯულების მიერ გადაწყვეტილების მიუღებლობა მიანიშნებდა იმაზე, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში ცხადი არ იყო, წარმოადგენდა თუ არა პირი დამნაშავეს. დღესდღეისობით in dubio pro reo პრინციპი ანუ ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი ფართოდაა გავრცელებული საერთო სამართლის ქვეყნებში.

გარდა ძველი საბერძნეთისა, ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმეები, ასევე, ძველ რომშიც განიხილებოდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ასევე, ინგლისის წვლილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებაში. ამ სისტემის ფორმირებაზე მუშაობა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში დაიწყო; ხოლო 1215 წლიდან თავისუფლების დიდი ქარტიით, რომელიც მეფის ხელისუფლების შეზღუდვას ემსახურებოდა, პირდაპირ დადგინდა, რომ განსასჯელები უნდა გაესამართლებინათ მათ თანასწორებს და არა მოსამართლეს; ამ უკანასკნელს, შესაძლოა, რაიმე ინტერესი ჰქონოდა საქმის შედეგის მიმართ, რადგან იგი წარმოადგენდა სახელმწიფო ხელისუფლებას. ინგლისში მე-19 საუკუნემდე მსაჯულთა სასამართლო არ მუშაობდა სრულად გამართულად, რადგან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მსაჯულები სათათბირი ოთახში ჩაკეტეს წყლისა და საჭმლის, ასევე, საპირფარეშოს გამოყენების უფლების გარეშე, რათა მოეხდინათ მათზე ზეწოლა და საბოლოოდ მსაჯულებს ხელისუფლებისთვის სასარგებლო ვერდიქტი მიეღოთ. მაგალითისთვის, ე.წ. „ბუშელის საქმეში“ მსაჯულებს უნდა გაესამართლებინა უილიამ პენი და ულიამ დეი, რომლებსაც შეთქმულებაში ედებოდათ ბრალი. მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ ისინი უდანაშაულონი იყვნენ. ეს არ აღმოჩნდა სასამართლოსათვის სასურველი ვერდიქტი. შედეგად, ნაფიცი მსაჯულები დააკავეს და ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ოთხმა მსაჯულმა, ბუშელის თაოსნობით, გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ საქმეზე მოსამართლე სერ ჯოვ ვოგანმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ სრულიად დაუშვებელი და უკანონოა მსაჯულების დაკავება და მათზე რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენა. მოსამართლე ვოგანმა ხაზი გაუსვა მსაჯულთა დამოუკიდებლობის პრინპიცის მნიშვნელობას. დღესდღეისობით გაერთიანებულ სამეფოში წარმატებულად მოქმედებს ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი. უნდა აღინიშნოს, რომ, მისი გავლენით, დაინერგა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სისტემის ჩამოყალიბებისათვის შეირჩა აშშ-ში მოქმედი მოდელი. ჩვენს ქვეყანაში ამ ინსტიტუტის შემოღების პირველი მცდელობა ჰქონდათ ჯერ კიდევ 1917-1920 წლებში. 1919 წელს კანონიც კი მიიღეს „ნაფიც მსაჯულთა შემოღების შესახებ“, თუმცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულყოფილად ამოქმედების მიზანი ვერ იქნა მიღწეული. მას შემდეგ სისხლის საპროცესო კანონმდებლობა ფუნდამენტურად შეიცვალა. დღეს არსებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოღებულია 2009 წელს ახალი საპროცესო კოდექსის მიღების საფუძველზე. ახალი კოდექსი ძალაში 2010 წელს შევიდა. ქართული სისხლის სამართლის პროცესი ინკვიზიციურობის ნაცვლად, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს დაეფუძნა. კოდექსის კიდევ ერთი სიახლე იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, რაც თავდაპირველად თბილისში დაინერგა, ხოლო 2012 წლიდან - ქუთაისში.

მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე გადასვლის შედეგად, შეიზღუდა მოსამართლის აქტიური როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში, კერძოდ, შეიცვალა პროცესზე მხარეების გამოსვლის, მტკიცებულებების წარდგენის, მოწმეების დაკითხვის წესი და სხვა. ბრალდებულის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლე შეიზღუდა მხოლოდ იმ მტკიცებულებებით, რომლებსაც მხარეები წარმოადგენენ პროცესზე. შესაბამისად, ბრალდებულის ბედი დიდწილად დამოკიდებული გახდა მხარეთა მიერ პროცესში ხარისხიან მონაწილეობაზე. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვისას.

იმისთვის, რომ მსაჯულებმა სამართლიანად და კანონის მოთხოვნათა დაცვით შეაფასონ მხარეების პოზიცია, აუცილებელია, მოსამართლისგან მიიღონ სათანადო განმარტებები როგორც მატერიალურ, ასევე, პროცესუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის არსებით განხილვას წარმართავს სხდომის თავმჯდომარე ანუ მოსამართლე, სწორედ ის არის პასუხისმგებელი ნაფიცი მსაჯულებისათვის განმარტებების მიცემაზე. 

განმარტებები ნაფიცი მსაჯულებისთვის

მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს წინასწარ დადგენილ განმარტებებს აძლევს ორჯერ:
➡ პირველად მოსამართლე განმარტებებს გასცემს პირველი სხდომის გახსნისას - საქმის უშუალო განხილვისა და მტკიცებულებების გამოკვლევის დაწყებამდე. აღნიშნულის მიზანია მსაჯულებისთვის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გაცნობა და მათი მომზადება.
➡ მეორედ გაიცემა განმარტებები სათათბირო ოთახში გასვლამდე. მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს კიდევ ერთხელ განუმარტავს, თუ რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ ვერდიქტის გამოტანისას.

განმარტებების გაკეთებისას მოსამართლე უნდა დაეყრდნოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს. განმარტებები ნაფიც მსაჯულებს წერილობითაც გადაეცემათ.
ნაფიცი მსაჯულებისათვის განმარტებების მიცემისას მოსამართლეს ეკრძალება საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მხარეთა გამოსვლის, მტკიცებულებათა შეფასების ან ბრალდებულის ბრალეულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსამართლის ნათქვამმა ყოველმა სიტყვამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე.

რას განუმარტავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს?
მოსამართლე განმარტავს შემდეგ საკითხებს:
  • ბრალდების შინაარსი და სამართლებრივი საფუძველი;
  • ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დადასტურების აუცილებლობა;
  • ბრალად შერაცხული ქმედების ობიექტური შემადგენლობის თითოეული ელემენტის არსებობის დამტკიცების აუცილებლობა;
  • განზრახვის და გაუფრთხილებლობის არსი და მნიშვნელობა;
  • მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხავი გარემოებები;
  • მტკიცებულებათა შეფასების ძირითადი წესი;
  • უდანაშაულობის პრეზუმფცია;
  • ყოველგვარი გონვრული ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა-გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსი;
  • გამამტყუნებელი ვერდიქტის დამყარება მხოლოდ მოსამართლის მიერ განმარტებული კანონის და სასამართლო განხილვის დროს გომოკვლეულ გონივერული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებზე;
  • უფლება- სხდომის მიმდინარეობისას მსაჯულებმა აწარმოონ და გამოიყენეონ ჩანაწერები;
  • ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს;
  • არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით;
  • ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით;
  • თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე ვერიქტის გამოტანის წესი;
  • კენჭისყრის წესი - ჯერ კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს ხოლო შემდგომ კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით;
  • ვერდიქტის მიღები წესი - ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისათვის წარდგენილი ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს – გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმას.
მოსამართლე მხოლოდ ამ განმარტებებით არ შემოიფარგლება და შეუძლია დამატებითი განმარტებების მიცემა მსაჯულებისათვის საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
1. მსაჯულებს პროცესის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი განმარტებები:
  • სხდომის თავმჯდომარისგან – კანონის შესახებ;
  • მოწმეთაგან – ფაქტობრივი გარემოებების შესახებ;
  • მხარეთაგან – დასკვნითი სიტყვების შესახებ.
2. მსაჯულებს დამატებითი განმარტებების მიღება შეუძლიათ, ასევე, სათათბირიო ოთახში ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში ისინი მოსამართლეს წერილობით მიმართავენ. 
მოსამართლეს არ აქვს სათათბირო ოთახში შესვლის უფლება და მსაჯულს არ შეუძლია სათათბირო ოთახის დატოვება.
სხდომის თავმჯდომარე მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას მსაჯულების მიერ დამატებითი განმარტების მოთხოვნასთან დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შეუზღუდოს ნაფიც მსაჯულს წერილობითი მოთხოვნის წარდგენა. აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი პირდაპირ არ ადგენს, თუ როდის არის შესაძლებელი მოსამართლის მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენება, რაც ამ ნორმას ბუნდოვანს ხდის.
უშუალოდ სასამართლო სხდომის მსვლელობისას მსაჯულები, მანდატურის მეშვეობით აწვდიან კითხვას მოსამართლეს. ეს უკანასკნელი შესაბამისი პირის, მაგალითად, მოწმის მიმართ გააჟღერებს მიწოდებულ კითხვას და ნაფიცი მსაჯულები ამ გზით იღებენ პასუხს.

განმარტებების წინასწარ გადაცემა მხარეებისათვის

მოსამართლემ განმარტებები მსაჯულებისთვის უნდა გააკეთოს როგორც ზეპირად, ასევე წერილობითი ფორმით. მოსამართლეს აკისრია ვალდებულება ნაფიცი მსაჯულებისთვის განმარტების მიცემამდე გონივრული ვადით ადრე გადასცეს იგი მხარეებს , რათა ისინი გაეცნონ მათ შინაარსს და განსაზღვრონ, ხომ არ ეწინააღმდეგება ის კანონის მოთხოვნებს და მოსამართლის მიუკერძოებლობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს.

მხარეებს უფლება აქვთ, განმარტებების გაცნობის შემდეგ, მიმართონ მოსამართლეს მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ შუამდგომლობით. თუკი მხარე ამ უფლების გამოყენებაზე უარს იტყვის მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, შემდგომში არ შეიძლება განმარტების შინაარსი გახდეს საკასაციო საჩივრის საფუძველი.
სქოლიო
1. Chibundu, Maxwell O., Jury Trial and Democratic Values: On the Twenty-First Century Incarnation of an Eighteenth
Century Institution (December 2006). University of Maryland Legal Studies Research Paper No. 2006-45. ხელმისაწვდომია: https://ssrn.com/abstract=950499 ან http://dx.doi.org/10.2139/ssrn.950499
2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - წარმოშობის და განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოს
უზენაესი სსამართლო, 10-18გვ, თბილისი, 2012.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.