ტაქსის მძღოლი თავაზიანი აღმოჩნდა... ხუთ სასამართლოში ვიზიტის ფარგლებში პირველად ვიმგზავრეთ მშვიდად.
მარნეულში ჩასვლამდე ულამაზესი ადგილები გავიარეთ. მძღოლმა დეტალურად აგვიხსნა, ის ტბა, რომელიც გზად შეგვხვდა, საიდან იწყებოდა, რა ერქვა და ასე შემდეგ; სვლაც კი შეანელა, რათა კარგად დაგვეთვალიერებინა. გარდაბნიდან მარნეულის მაგისტრატ სასამართლომდე, დაახლოებით, 40 წუთში ჩავედით.
უკვე სამუშაო დღის ბოლო იყო, მაგრამ სხდომები ჯერ კიდევ იმართებოდა, ამიტომ ერთ-ერთზე დასწრება უპრობლემოდ შევძელით.
მანდატურებსაც არ უკითხავთ, საიდან ვიყავით, რა გვინდოდა... მოკლედ, არ დაუსვამთ ის კითხვები, რომლებიც ამ ვიზიტების ფარგლებში სხვა სასამართლოებში მოვისმინეთ. გვითხრეს, დაგველოდეთ, გავარკვევთ, როდის არის შემდეგი პროცესი და შეგატყობინებთო.
სხდომების განრიგის შესახებ ინფორმაცია არც ბეჭდური სახით იყო გამოკრული სასამართლოს შენობაში და არც ელექტრონულ ტაბლოზე ქვეყნდებოდა. თუმცა არც გაგვკვირვებია, რომ განსახილველ საქმეებზე ინფორმაციას, მანდატურის გარდა, სხვა საშუალებებით ვერ მივიღებდით იმ პირობებში, როცა, სულ მცირე, სხდომის მდივნისა თუ თანაშემწის ტელეფონის ნომრებიც კი არ იყო ხელმისაწვდომი; უფრო სწორად კი, თავიდან იყო – მანდატურის მაგიდაზე ფურცელი იდო, კალმით ნაწერი ნომრებით; ვიფიქრე, ეს იქნებოდა ის საჭირო ინფორმაცია, რაზეც ხელი ყველას უნდა მიუწვდებოდეს, მაგრამ სანამ დავხედე, ქარმა დაუბერა და ფურცელი მაგიდიდან გადავარდა.
მანდატურის მაგიდაზე ტელეფონიც იდო, თუმცა ნამდვილად არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ტელეფონით სარგებლობა სასამართლოში მისულ ნებისმიერ პირს შეეძლო.
სხდომების დარბაზი მეორე სართულზეა, სადაც მაგალითად, ეტლით მოსარგებლე პირი ვერ ავა. როგორც თითქმის ყველა სხვა სასამართლოში, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებული ბარიერი აქაც არსებობს, თუმცა შემოსასვლელში პანდუსი გაკეთება არც აქ გამორჩენიათ.
პროცესის მიმდინარეობისას საჭირო გახდა თარჯიმანი. ამ გარემოებას სხდომა არ შეუფერხებია, რადგან თარჯიმანი სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა და სხდომის დარბაზამდე მოსასვლელად 1 წუთზე ნაკლები დასჭირდა. სხდომის დასრულების შემდეგ პირველ სართულზე დავბრუნდით.
არ გაგვკვირვებია, რომ საპირფარეშოები ამ შენობაშიც პრობლემური იყო. ერთ კაბინაში შუქი არ ინთებოდა და სიბნელეში გიწევდა ხელების დაბანა. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებიც არ იყო დაცული. ამასთან, უშუალოდ საპირფარეშო ამაღლებულ ადგილას იყო, ერთი საფეხურით მაღლა იატაკიდან, ისე რომ იქ ეტლით მოსარგებლე დაუხმარებლად ვერც შევიდოდა.
სასამართლოში დიდხანს არ დავრჩენილვართ, ყველა ჩვენ გვაკვირდებოდა, მანდატურებიც და კანცელარიის თანამშრომლებიც, მართალია, არაფერი უთქვამთ, მაგრამ ეს ცნობისმოყვარე მზერა ცუდად მოქმედებდა.
შენობიდან გასვლამდე დერეფნების დათვალიერება მაინც მოვასწარით. დერეფნებში ძველი ინფორმაცია და ბრძანებებიც კი არ იყო გამოკრული, არც სტატისტიკის დაფა ჩანდა სადმე.
როგორც სასამართლოს მოპირდაპირე მხარეს, გაჩერებაზე გვითხრეს, იქვე უნდა გამოევლო საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მაგრამ ფეხით გადავწყვიტეთ გავლა. გზად მაღაზიაც ვნახეთ, ადგილობრივი კერძებითა და ტკბილეულობით. ბოლოს სამარშრუტო ტაქსიში ჩავსხედით.
ეს იყო ორდღიანი ვიზიტის დასასრული – ხუთი სასამართლო შემოვიარეთ. ჩვენი ვიზიტით ყველაზე მეტად გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში გაუკვირდათ, ყველაზე ნაკლებად – რუსთავის საქალაქოში.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.