რა ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობასთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიგეგმა

26.07.2023

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკვე წლებია თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის აშენებას აპირებს, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე ახალი შენობის აშენების შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 16 ივლისს გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ კიდევ უფრო ადრე მიიღეს და 2017 წელს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შენობის ასაშენებლად მიწაც გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესასყიდად ტენდერი სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 2018 წლის 30 ოქტომბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 590,000 იყო. ამისთვის არაუმეტეს 501,500 ლარი 2018 წლის ბიუჯეტიდან, ხოლო არაუმეტეს 88,500 ლარი 2019 წლის სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო.

შესყიდვაში მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს მეგაპოლისმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც გამარჯვებულად გამოვლინდა. 2018 წლის 10 დეკემბერს ამ კომპანიასა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს შორის 590,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. შპს მეგაპოლისს სრული საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარულ დღეში უნდა წარმოედგინა. 2020 წლის 15 ივლისს თბილისის საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა, რომლითაც კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად ჩაიბარა.

საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობის შემდეგი ეტაპი, ბუნებრივია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებაა. 2020 წლის ივლისში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ახალი სასამართლო შენობის მაკეტის პრეზენტაცია, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმჟამინდელი მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი, იუსტიციის საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე შოთა ქარჩავა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი მარიამ ცქიფურიშვილი ესწრებოდნენ.

საერთო სასამართლოების მიერ მოწოდებული პასუხის თანახმად ახალი შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 53,145, 183 ლარს შეადგენს; 2020-2022 წლების განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება COVID-19 პანდემიის გამო ვერ მოხერხდა; მიმდინარე წელს დაგეგმილია წინასატენდერო პროცედურების ჩატარება (პოტენციურ მომწოდებელთა მოძიების მიზნის ბაზრის კვლევა; პროექტის პრეზენტაცია ღია კარის დღეებზე, ინტერესთა გამოხატვა და ა.შ.), და ტენდერის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების მიზნით.

რატომ არის ახალი შენობის დროულად აშენება მნიშვნელოვანი?

როგორც 2018 წელს საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის დოკუმენტებში თავად საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მიუთითებს, ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა არის ყველაზე დიდი სასამართლო ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად საქმეთა ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის სწორედ ამ სასამართლოზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდი, როდესაც საქმეთა ნაკადმა საგრძნობლად იმატა. საქმეთა სიმრავლემ, დღის წესრიგში დააყენა მოსამართლეთა და შესაბამისად მოსამართლის აპარატის დამატების აუცილებლობა, რაც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა კიდეც.’ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის განმარტებით, 2018 წლის მონაცემებით სასამართლოში მოქმედებდა სასამართლოს 41 დარბაზი, რომელიც ემსახურება სასამართლოში არსებულ 3 კოლეგიას, რაც არასაკმარისია.

ის გარემოება, რომ სასამართლოში სხდომის დარბაზების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მოსამართლეები შეზღუდულნი არიან სხდომის თარიღისა და დროის არჩევაში, შესაძლოა სამართალწარმოების გაჭიანურების პრობლემის ერთ-ერთი მიზეზიც იყოს. სხდომის ჩანიშვნისას მოსამართლეს უწევს მხარეთა მოსაზრების გათვალისწინება, ამ შემთხვევაში კი შეზღუდული რესურსების, გამო სხდომათა დარბაზის განრიგიც უნდა მიიღოს მხედველობაში, შესაბამისად, ახალი შენობის აშენების და საკმარისი სივრცის უზრუნველყოფისას, მოსამართლეები უფრო თავისუფლად და მოქნილად შეძლებენ საპროცესო კალენდრის შედგენას. 

ახალი შენობის დროულად აშენება კიდევ ერთი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი, რომელიც ფინანსურ მხარესთან არის დაკავშირებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სასამართლოს შენობის საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესაქმნელად ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა 590,000 ლარი. დროის ფაქტორი გავლენას ახდენს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მონაცემებზე, არსებული ინფლაციისა თუ ეკონომიკური რყევების ფონზე, პროექტის ღირებულება შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს და დამატებითი თანხების მობილიზება გახდეს საჭირო.

როგორი უნდა იყოს ახალი შენობა?

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შენობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალური პირობებს:

  • უნდა ჰქონდეს ყოველდღიურად არანაკლებ 1 000 ვიზიტორის მიღების შესაძლებლობა;
  • უნდა განთავსდეს სასამართლოს 600 პერსონალი, მათ შორის 80 მოსამართლე;
  • უნდა განთავსდეს არანაკლებ 50 სხდომის დარბაზი, აქედან:
  1. სისხლის სამართლის სხდომათა დარბაზი - არანაკლებ 25;
  2. ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი - არანაკლებ 5;
  3. ადმინისტრაციული დავების სხდომათა დარბაზი - არანაკლებ 20.

პროექტის ტექნიკური აღწერის თანახმად სასამართლოში განთავსებული იქნება:

  • ნაფიც მსაჯულთა პროცესისთვის განკუთვნილი ორი დიდი დარბაზი, 80-100 დამსწრისათვის.
  • 3 შედარებით მცირე დარბაზი განკუთვნილია 20-30 დამსწრისთვის;
  • არასრულწლოვანებისთვის - 2 დარბაზი;
  • 23 დარბაზი - 20-30 დამსწრისთვის.

შენობაში სხვა მრავალ სივრცესთან ერთად იქნება ბიბლიოთეკა, სათათბირო ოთახი, არქივი, ნივთმტკიცებების შესანახი ოთახი, საიდუმლო საქმის წარმოების თანამშრომელთა სივრცე.

საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის აშენება საჭიროა იმისათვისაც, რომ მოსამართლეებმა და სასამართლოს აპარატის თანამშრომლებმა შეძლონ საქმიანობის განხორციელება ადეკვატურ სამუშაო გარემოში, ხოლო, სასამართლოს მომხმარებლებს - პროცესის მონაწილეებსა  თუ ვიზიტორებს დახვდეთ კეთილმოწყობილი სივრცე. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დარბაზების პრობლემა მუდმივად განხილვის საგანია, რაც აფერხებს მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას.

სხვადასხვა სიკეთის მიუხედავად, რომელიც მოსალოდნელია სასამართლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისგან, მისი აშენების პროცესიც ისევე უსაშველოდ ჭიანურდება, როგორც ამ სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვა. 


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: სალომე კვირიკაშვილი