ზოგიერთი საკითხის გაუმჯობესების მიუხედავად, საკანონმდებლო ცვლილებები არ უზრუნველყოფს სასამართლოში არსებული ძირეული პრობლემების აღმოფხვრას

23.06.2023
რა (არ) გაითვალისწინა პარლამენტმა - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონის ცვლილებები

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის პირობებიდან ერთ-ერთი, მესამე საკითხი მართლმსაჯულების რეფორმირებას მნიშვნელოვანწილად მიემართება. ამ მოთხოვნის შესასრულებლად გასული წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარმოადგინა კანონპროექტები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

2022 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა წერილობითი მიმართა ვენეციის კომისიას და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და ითხოვა საკანონმდებლო პაკეტის შეფასება. 2023 წლის პირველ თებერვალს ვენეციის კომისიამ და ეუთო (ODIHR)-მა საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართეს და აღნიშნეს, რომ თითოეული ინსტიტუტი ცალ-ცალკე გამოაქვეყნებდა მოსაზრებას. 2023 წლის 14 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე. 

ვენეციის კომისიის შეფასებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლები ლიმიტირებულია და არ ითვალისწინებს მართლმსაჯულების ჰოლისტიკურ რეფორმას. კომისიის დასკვნა საკმაოდ მწვავე და კრიტიკულია, მასში მხილებულია ისეთი ძირეული გამოწვევები, როგორიცაა კორპორატივიზმი და არაფორმალური გავლენები. კომისიამ კიდევ ერთხელ გააანალიზა ის პრობლემური საკითხები, რომლებიც შეუთავსებელია დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებთან და აბრკოლებს სასამართლოს რეალურ რეფორმირებას. მან კვლავ გაიმეორა ის რეკომენდაციები, რომლებზეც არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება ადრინდელ მოსაზრებებში და რომლებიც ეხება ზემოთჩამოთვლილი პრობლემების წინააღმდეგ საკანონმდებლო ზომების მიღებას (ამასთან დაკავშირებით იხილეთ საქართველოს სასამართლოს გუშაგის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის შესახებ“).

ვენეციის კომისიის შეფასებები

ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავის 2022 წლის 20 ივნისის მოსაზრებაში გამოხატული მწვავე შეფასება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მათ მავნე ეფექტებს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე. ეს პრობლემური საკითხებია:

  • სამოსამართლო კონკურსში იმ კანდიდატების ხელახალი კენჭისყრა, რომელთაც თავდაპირველი კენჭისყრისას ვერ მიიღეს საკმარისი რაოდენობის ხმები;
  • მოსამართლეთა მივლინების და გადაყვანის საფუძვლებთან და პროცედურასთან დაკავშირებული რისკები;
  • რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების საქმის განხილვისგან ჩამოცილების წესი დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში;
  • მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა;
  • დისციპლინური გადაცდომის ახალი საფუძველი: „მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით“;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზედიზედ მეორედ არჩევის/დანიშვნის აკრძალვის გაუქმება.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში

ვენეციის კომისიის მიერ მოსაზრებების გამოქვეყნების შემდგომ, ავტორებმა კანონპროექტები დააკორექტირეს. განახლებული ვერსიის პირველი მოსმენა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2023 წლის 15 მაისს გაიმართა. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად, ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მიმართა მოხსენებით, რომელიც მოიცავდა საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების ისტორიას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან საკანონმდებლო პაკეტის შესაბამისობის ასპექტებს.

თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი შეაფასა, როგორც გამჭვირვალე და ინკლუზიური. მან განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარტიათა შორის კონსულტაციის საფუძველზე, შეიქმნა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იყო ყველა პოლიტიკურ ჯგუფისა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული აქტორებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ გამოხატა ინტერესი სამუშაო ჯგუფში ჩართულობის, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.


მოხსენება პირველი ნაწილი დაეთმო კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას, რომელიც 2022 წლის ნოემბერში იყო ინიციირებული. იგი შეიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს:

  1. ღია სხდომაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების საჯაროდ გაცემის წესის განსაზღვრას (ამ მხრივ პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა, თუმცა ამავდროულად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისცა შესაძლებლობა განსაზღვროს, საჭიროების შემთხვევაში, თუ რა არის პერსონალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მოხდება გადაწყვეტილების დეპერსონალიზაცია. ასევე პრობლემურია, რომ ქვეყნდება კანონის ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, ვინაიდან ამით იზღუდება აქტუალურ დროში გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა).
  2. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების საჯაროობის, შეფასებისა და გასაჩივრების წესების მიმართ იგივე სტანდარტების გავრცელება, რაც დაწესებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურისათვის;
  3. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის პროცესიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის ჩამოშორებას, რომლის მიდგომაშიც მიკერძოება, დისკრიმინაცია ან უფლებამოსილების გადამეტება დაადგინა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ;
  4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების სავალდებულო საჯარო გასაუბრებას პარლამენტში.


მესამე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში 

რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია მხოლოდ 3 წლის ვადით ან უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. 

მისასალმებელია, რომ მესამე მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები კონკურსში მონაწილე პირს შესაძლებლობას აძლევს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში წარადგინოს საჩივარი კონკურსის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხვადასხვა ეტაპზე გამოტანილ გადაწყვეტილებებზე/განკარგულებებზე. მაგ. კონკურსის შემდეგ ეტაპზე კანდიდატის არდაშვების შესახებ გადაწყვეტილება. 

დისკრიმინაციისგან დაცვის და მიუკერძოებლობის გარანტიები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში

2022 წლის ნოემბერში ინიციირებულმა კანონპროექტმა შემოგვთავაზა დისკრიმინაციისგან დაცვის და მიუკერძოებლობის ახალი სტანდარტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში. კერძოდ იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა დაადგენს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო, მისი მიდგომა დისკრიმინაციული იყო ან/და მან გადაამეტა კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რამაც „დაარღვია კანდიდატის უფლებები“, ან საფრთხე შეუქმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას“, იგი გააუქმებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებას და საქმეს ხელახლა განსახილველად დაუბრუნებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული წევრი კანდიდატების შერჩევის შემდგომ პროცედურებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. 

კანონპროექტის დაკორექტირების შემდეგ, აღნიშნული ნორმა შეიცვალა და პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებულ აქტში დამატებითი გარანტიები აისახა. კერძოდ, როდესაც უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა დაადგენს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ, რომელიმე ზემოთჩამოთვლილი დარღვევის ჩადენას, გარდა იმისა, რომ აღნიშნული წევრი კანდიდატის შემდგომ შეფასებაში აღარ მონაწილეობს, ასევე უქმდება შესაბამის ვაკანსიასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები და საბჭოს წევრები აღნიშნულ კანდიდატებს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ხელახლა შეაფასებენ. 

შეიცვალა 343 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრების საფუძველი და იგი აღარ შეიცავს ფრაზას „საფრთხე შეუქმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას.“ 


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი განკარგულების/წარდგინების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობას. 

დადებითად უნდა შეფასდეს კანონპროექტით შემოთავაზებული ახლებური რეგულირება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების გასაჩივრების შესაძლებლობა კონკურსის მონაწილეებს ენიჭებათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ყოველ შესაბამის ეტაპზე, მანამ სანამ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების/წარდგინების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ხელახალი კენჭისყრა სამოსამართლო კონკურში

2022 წლის 20 ივნისს გამოქვეყნებულ დასკვნაში ვენეციის კომისიამ წარმოადგინა რეკომენდაცია და მიუთითა, რომ ნორმა არ იყო მკაფიო კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და საჭირო იყო დაზუსტება, იმისა, რომ მეორე კენჭისყრისას დანიშნული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ვაკანსიის ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნას. ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანული კანონის 35-ე მუხლში პარლამენტმა ზოგადად მიუთითა, რომ მოსამართლეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად საჭირო, ორგანული კანონის 34-ე მუხლით დადგენილ სათანადო მოთხოვნებს, რომელზედაც მას ხელახლა ეყრება კენჭი. 

რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კონკურში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთება

აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონპროექტი რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დასაბუთების ისეთივე სტანდარტს ადგენს, როგორიც დადგენილია იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში. კერძოდ, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კენჭისყრისას დაფიქსირებული თავისი გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება კენჭისყრის დასრულებისთანავე უნდა წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. ამასთანავე ახალი რეგულაციით, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების ან უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი განსხვავებულ აზრთან ან საბჭოს წევრების დასაბუთებებთან ერთად გადაწყვეტილების მიღებისთანავე (და არა 5 დღის ვადაში) გადაეცემა მოსამართლეს. 

მოსამართლეთა მივლინების და გადაყვანის წესი

განახლებული კანონპროექტი არ შეიცავს ისეთ ცვლილებას, რომელიც რაიმე ფორმით გააუმჯობესებდა მივლინების მოქმედ საკანონმდებლო წესს და შენარჩუნებულია ყველა ის პრობლემური ასპექტი, რომელიც ქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელყოფის რისკს და რომელიც არაერთხელ გახდა ვენეციის კომისიის მწვავე კრიტიკის საგანი. ეს პრობლემური ასპექტებია:

  • მივლინების ბუნდოვანი საფუძველი - „მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესთან დაკავშირებული სხვა ობიექტური გარემოება“.
  • თანხმობის გარეშე მოსამართლის მივლინებისას მოსამართლის შერჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ნაცვლად შემთხვევითობის პრინციპისა.
  • ტერიტორიული შეზღუდვის არარსებობა;
  • ზედმეტად ხანგრძლივი ვადა.

მოსამართლეთა მივლინებისა და გადაყვანის წესს, რომელიც მნიშვნელოვნად გაუარესდა 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საკმაოდ ვრცელი განმარტებები დაუთმო ვენეციის კომისიამ ბოლო მოსაზრებებში. კომისიის შეფასებით არსებული წესი პრობლმურია და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. აღნიშნულ წესიდან არცერთი პრობლემური საკითხი არ არის შეცვლილი მესამე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში და ამ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მინიმალურადაც კი არ სრულდება.

ერთადერთი სიახლე რასაც კანონპროექტი მივლინების წესთან დაკავშირებით გვთავაზობს არის მივლინებული მოსამართლისათვის ყოველთვიურად სამივლინებო დანამატის მიცემა, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობით. 

რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილების წესი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ითვალისწინებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმის განხილვისგან ჩამოცილებას, როდესაც მოსამართლის მიმართ დაწყებულია დისციპლინური დევნა. აღნიშნული წესის არაერთი ასპექტი პრობლემურად შეფასდა და კრიტიკის საგანი გახდა ვენეციის კომისიის მხრიდან: 

  1. საქმის განხილვისგან მოსამართლის ჩამოცილების საფუძვლები - განსაკუთრებით ისეთი ბუნდოვანი საფუძველი, როგორიცაა „განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას“. - კომისიის შეფასებით საქმისგან ჩამოცილების სიმკაცრის გათვალისწინებით ასეთი საფუძველი ზედმეტად ფართო და ბუნდოვანი ჩანს.
  2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის და საჩივრის განხილვისთვის განსაზღვრული ხანმოკლე ვადები - კომისიის შეფასებით სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის ვადა (სამი დღე), ისევე როგორც საჩივრის განხილვის ვადა (5 დღე) ზედმეტად ხანმოკლეა და საკითხავია უტოვებს თუ არა მოსამართლეს საკმარის დროს იმისათვის, რომ წარადგინოს თავისი საჩივარი სადისციპლინო პალატაში.
  3. მოსამართლის ხელფასისა და სხვა მატერიალური შეღავათების შეჩერება - ვენეციის კომისიამ ზედმეტად მკაცრ ზომად შეაფასა მოსამართლისთვის ხელფასის და სხვა მატერიალური შეღავათების შეჩერება, იმ პირობებში, როდესაც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა ჯერ დამტკიცებული არ არის. 

მისასალმებელია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლით დადგენილ წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეიძლება ითქვას სრულად იქნა გაზიარებული ხელისუფლების მიერ: 

  1. თავდაპირველად კანონპროექტი ითვალისწინებდა დისციპლინური დევნის ფარგლებში მოსამართლის საქმის განხილვისგან ჩამოცილების ისეთი ბუნდოვანი საფუძვლის „განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას“, რომელიც 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ აისახა ორგანულ კანონში. 

    ხოლო მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საერთოდ აღარ ითვალისწინებს დისციპლინურის დევნის ფარგლებში პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების საქმის განხილვისგან ჩამოცილებას.
  2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გასაჩივრების ვადა 3 დღიდან 10 დღემდე გაიზარდა. ასევე, 10 დღემდე გაიზარდა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვის ვადაც.

  3. ნორმა აღარ ითვალისწინებს სანქციის სახით მოსამართლის ხელფასისა და სხვა მატერიალური შეღავათების შეჩერებას. მოსამართლეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგოც და მატერიალური შეღავათებიც. 

დისციპლინური გადაცდომის საფუძვლებში კვლავ რჩება ბუნდოვანი ჩანაწერი - „მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით“, იმ დათქმით, რომ მოსამართლის მიერ სასამართლოს რეფორმის შესახებ ან/და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე სამეცნიერო ან ანალიტიკური მსჯელობა არ მიიჩნევა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევად. ამგვარი ვიწრო ჩამონათვალი ქმნის შესაძლებლობას, რომ მოსამართლის მიერ სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის დაფიქსირება შეიძლება შეირაცხოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევად და გახდეს მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების წინაპირობა. ეს კი მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

ვენეციის კომისია დიდი ხანია მოუწოდებს ხელისუფლებას განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმირება და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭო სარგებლობდეს მაღალი ლეგიტიმაციით და მისი საქმიანობა ემსახურებოდეს საზოგადოებაში სასამართლოს ავტორიტეტის განმტკიცებას. ამისათვის ვენეციის კომისიის შემდეგი აუცილებელი ზომების გატარებას მოუწოდებს ხელისუფლებას:

  • ხელისუფლების მხრიდან სერიოზული რეაგირება საბჭოში არსებულ კორპორატივიზმსა და პირად ინტერესებთან დაკავშირებულ მუდმივ და ფართოდ გავრცელებულ განცხადებებზე.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა.
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა იმგვარად, რომ იგი შეესაბამებოდეს პლურალიზმის პრინციპებს და უზრუნველყოფდეს საბჭოს არამოსამართლე წევრების სათანადო მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით ანტი-ჩიხური საკანონმდებლო მექანიზმის შემუშავება, იმ შემთხვევისთვის, როდესაც 3/5 უმრავლესობა ვერ დგება.
  • საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის წესის რეფორმირება.


სამწუხაროდ განახლებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლების დაბალანსებასთან, საქმიანობის წესთან ან ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, იგი არ ისახავს მიზნად ამ ორგანოს დემოკრატიულ გარდაქმნას - ძალაუფლების დეცენტრალიზაციის ან საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით. ვენეციის კომისიის მოწოდება - სერიოზულად იქნას აღქმული სამოსამართლო კორპორატივიზმის პრობლემა და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები მის აღმოსაფხვრელად სრულად უგულვებელყოფილია კანონპროექტის ავტორების მიერ. აშკარაა, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემაში ამ პრობლემების არსებობას არ აღიარებს. 

წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე შენარჩუნებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღების მოქმედი საკანონმდებლო წესი, რომელიც მცირედითაც არ შეესაბამება კოლეგიური ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულ სტანდარტებს და ხელს უშლის ძალაუფლების თანაბარ გადანაწილებას საბჭოში.

კანონპროექტის ავტორებს არც პარლამენტის მიერ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის ანტი-ჩიხური საკანონმდებლო მექანიზმი არ შემოუთავაზებიათ. 

ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი შესრულდა და ისიც არასრულად. 

მიუხედავად ცალკეული საკითხების მცირედით გაუმჯობესებისა, არც კანონპროექტის დაკორექტირებული ვერსია პასუხობს სასამართლო სისტემაში არსებულ ძირეულ გამოწვევებს და არ გააჩნია სისტემის რეალური რეფორმირების პოტენციალი. ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ორგანულ კანონთან დაკავშირებით ინიციირებული ცვლილებები პასუხობს ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების რეკომენდაციებს საფუძველს მოკლებულია. 

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ოფიციალური facebook-ის გვერდი.

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე