„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, რომ ვაკანსიის შემთხვევაში, თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე კონკურსის გარეშე დაინიშნოს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე კონკურსის გარეშე დაინიშნება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, თუ ის აკმაყოფილებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი ითვალისწინებს მოსამართლეთა დაწინაურებას შემდეგნაირად:
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. ხოლო, დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავება, რომელთა საფუძველზეც უნდა დაინიშნოს მოსამართლე ზემდგომ ინსტანციაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებაა. რადგან აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეაფასოს მოსამართლეები და გადაწყვიტოს დანიშნავს (დააწინაურებს) თუ არა მოსამართლეს სააპელაციო სასამართლოში.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს შესაძლებლობა, მოსამართლე ზემდგომ ინსტანციაში დანიშნოს ორი სხვადასხვა მუხლის საფუძველზე:
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განავითარა კანონთან შეუსაბამო პრაქტიკა, რადგან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებს სააპელაციო მოსამართლედ ნიშნავს შეფასების გარეშე, რასაც უწოდებს გადაყვანას და არა დაწინაურებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქვს ვალდებულება, ზემდგომ ინსტანციაში მოქმედი მოსამართლის გადაყვანის (დაწინაურების) მიზნით დაადგინოს კრიტერიუმები და შეფასების შემდეგ გადაწყვიტოს - დანიშნავს თუ არა კონკრეტულ მოსამართლეს ზემდგომ ინსტანციაში.
„სასამართლოს გუშაგმა“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა თხოვნით, მოეწოდებინათ ინფორმაცია მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმების შესახებ, თუმცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ჯერ კიდევ არ მიგვიღია, ჩვენი მიმართვიდან კანონით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის მარტში საბჭოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა_ საქართველოსთვის“ მიწოდებული ოფიციალური წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული დაწინაურების კრიტერიუმები იმ დროისთვის შემუშავებული არ ყოფილა. შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ამ თვალსაზრისით დღემდე არაფერი შეცვლილა. ეს საკითხი კი პრობლემაა როგორც დაწინაურებასთან („საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 41-ე მუხლთან), ასევე მოსამართლის კონკურსის გარეშე სხვა სასამართლოში გადაყვანასთან მიმართებით („საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე მუხლთან).
ამდენად, კანონის თანახმად, მოსამართლეთა სააპელაციო სასამართლოში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ორი სახისაა, თუმცა ორივე მათგანის გამოსაყენებლად საჭიროა საბჭოს მიერ წინასწარ დადგენილი, განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებიც დღემდე არ არის შემუშავებული. შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ზემდგომ ინსტანციაში დანიშვნა შეფასების გარეშე არის კანონსაწინააღმდეგო და იწვევს გაურკვევლობას. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეების ზემდგომ ინსტანციაში კონკურსის გარეშე გადაყვანის (დაწინაურების) შემთხვევები ხშირია.
შემდეგ სტატიაში განვიხილავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას, რომლის დროსაც რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ შეფასების პროცედურების გვერდის ავლით.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლი არ უნდა ითვალისწინებდეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეების კონკურსის გარეშე სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის დაწინაურება და კანონის მიხედვით, იმ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე, რომლებიც დაწინაურების შემთხვევაშია საჭირო. შესაბამისად, კანონი არ უნდა იძლეოდეს მოსამართლის დაწინაურების ალტერნატიულ შესაძლებლობას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც 37-ე მუხლის გამოყენება მხოლოდ 41-ე მუხლთან ერთადაა შესაძლებელი და არა ცალკე აღებულად.