რას ნიშნავს მართლმსაჯულების ხარისხი და ხელმისაწვდომობა?

24.12.2024

სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით, მოითხოვს, რომ მხარეებს ჰქონდეთ ეფექტიანი  სასამართლო საშუალება, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, დაიცვან თავიანთი სამოქალაქო უფლებები (Běleš and Others v. the Czech Republic, § 49). აღნიშნული მოიაზრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ სასამართლომ თანაბრად ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი  შესთავაზოს მომხმარებელს.

ვინაიდან ხელმისაწვდომობა და ხარისხი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობასთან, სტატიაში განვიხილავთ, თუ რას გულისხმობს მართლმსაჯულების ხარისხი და მისი ხელმისაწვდომობა. 

მართლმსაჯულების ხარისხი

„მართლმსაჯულების ხარისხი (qualité de la justice) მოიცავს არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხს და სასამართლო მომსახურების მიწოდების ძირითად ასპექტებს, არამედ ყველა სხვა ელემენტს, რომელიც მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის კარგი ფუნქციონირებისთვის.“ 

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულმა კომისიამ შეიმუშავა ხარისხის შემოწმების სია, რომელიც მართლმსაჯულების ხარისხს აფასებს იმის მიხედვით, უზრუნველყოფილია თუ არა სამართლიანობა, საჯაროობა, გამჭვირვალობა, სიცხადე, გონივრული საპროცესო ვადები, სამართლებრივი დახმარება.

  • არის თუ არა კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრული სასამართლოს დამოუკიდებლობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალებისგან?
  • ხელმისაწვდომია თუ არა სასამართლოს თანამშრომლების, პროკურორებისა და დაინტერესებული პირებისთვის სასამართლოს მენეჯმენტის ხედვა და სტრატეგია?
  • აქვს თუ არა სასამართლოს მენეჯმენტს სისტემატური კონტაქტი შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან? '
  • არსებობს თუ არა მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსამართლის საქმიანობის სფეროსა და მასზე გადაცემული საქმის შესაბამისობის დადგენას?  
  • მიიღება თუ არა ზომები მოსამართლეებისთვის საქმეების გადანაწილების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად?
  • გონივრული საპროცესო ვადები - არსებობს თუ არა სტანდარტები ან ნორმები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს სასამართლო პროცესის ხანგრძლივობას?
  • ხელმისაწვდომია თუ არა სასამართლო ექსპერტებისა და თარჯიმნების განახლებული სია, რათა შესაძლებელი იყოს მათთან კონსულტაცია?
  • ხდება თუ არა პროცესის მიმდინარეობის ჩაწერა და გამოქვეყნება?
  • არის თუ არა ხელმისაწვდომი სასამართლოს შუალედური/საბოლო გადაწყვეტილებები სასამართლოს ვებგვერდებზე?
  • არის თუ არა სასამართლოს შენობაში საინფორმაციო დაფა ვიზიტორებისთვის?
  • შეუძლია თუ არა პროცესის მხარეს, ისარგებლოს უფასო ან შეღავათიანი იურიდიული დახმარებით? ეს სამართლის ყველა დარგშია დასაშვები?
  • შეუძლია თუ არა პროცესის მხარეს, უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით ჰყავდეს წარმომადგენელი? აღნიშნული დაშვებულია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებში თუ სამართლის სხვა დარგებშიც?
  • არის თუ არა გამჭვირვალე საპროცესო ხარჯები/გადასახადები?  

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

მართლმსაჯულებაზე წვდომა მოიაზრებს (accès à la justice) ყველა იურიდიულ თუ ორგანიზაციული ფაქტორსა და რესურსს (მაგ. იურიდიული დახმარება, სასამართლო მოსაკრებლები, ინფორმაცია), რომლებიც გავლენას ახდენენ სასამართლო სერვისების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობაზე. 

ხელმისაწვდომობის ელემენტი მოიცავს როგორც დაინტერესებული პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ისე სასამართლო შენობისა და სერვისის ხელმისაწვდომობასა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით სარგებლობას.

შენობის ხელმისაწვდომობა მოიცავს:

  • შენობის საჯაროობას;
  • შესაბამისი სიმბოლოს გამოყენებას, რათა დაინტერესებული პირისთვის სასამართლოს შენობა იყოს აღქმადი;
  • საჯარო ტრანსპორტით სასამართლო შენობის ხელმისაწვდომობას;
  • შშმ პირებისთვის შენობის ხელმისაწვდომობას;
  • შესაბამისი ინფორმაციის არსებობას, თუ როგორ მივიდეს პირი სასამართლოში;
  • მოქალაქეთა მისაღების არსებობას, რომელიც პირს მისთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდის;
  • საინფორმაციო დაფას, რომელზეც განთავსებულია პრაქტიკული და ვიზიტორისთვის საჭირო ინფორმაცია;
  • შენობის უსაფრთხოებას, შესაბამისი გარანტიებით.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოიცავს ინფორმაციის საჯაროობას:

  • სასამართლოს ადგილმდებარეობის შესახებ;
  • სასამართლოს სიდიდის (მოსამართლეთა და სასამართლოს აპარატში დასაქმებულ პირთა რაოდენობის მიხედვით) შესახებ;
  • საქმეთა ნაკადის შესახებ;
  • შესაბამისი ტრანსპორტისა და შენობის ინფრასტრუქტურის შესახებ;
  • სასამართლოს ტექნიკურ აღჭურვილობის შესახებ;
  • დავის ალტერნატიული საშუალებების შესახებ;
  • სამართლებრივი დახმარების, მოსამართლისა და სასამართლოს პერსონალის შესახებ.

სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტიანი“. იმისათვის, რომ ხელმისაწვდომობის უფლება ეფექტიანი იყოს, ინდივიდს უნდა ჰქონდეს „მკაფიო, პრაქტიკული შესაძლებლობა, გაასაჩივროს ქმედება, რომელმაც გამოიწვია მისი უფლებების დარღვევა“.

ფორმალური და პროცედურული წესების დაცვა პროცესის მხარეს არ უნდა აბრკოლებდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაში. როდესაც კანონით არ არის განსაზღვრული შესაბამისი ვადები, ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კონკრეტული გარემოებები და იმოქმედოს აღნიშნულის შესაბამისად.

კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიმართვის პრაქტიკული და ეფექტიანი ხელმისაწვდომობა შეიძლება დაირღვევს შემდეგ შემთხვევებში, როდესაც:

  • საპროცესო ხარჯი მაღალია და მხედველობაში არ მიიღება ინდივიდის/პროცესის მხარის ფინანსური შესაძლებლობა;
  • პრობლემურია საპროცესო ვადები;
  • პრობლემურია იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხები;
  • მტკიცებულებათა საკითხებში მტკიცების ტვირთის მოთხოვნები ზედმეტად მკაცრია;
  • პროცედურული შეზღუდვები მთლიანად კრძალავს ან ზღუდავს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლოს ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინება, რასაც ზემოაღნიშნული პრინციპები მოიცავს. 

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

რედაქტორი: ნაზი ჯანეზაშვილი, ავტორი: ანა ჩიქოვანი