ხელმომწერი ორგანიზაციები ადასტურებენ მზაობას, ჩაერთონ ევროკომისიის რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულების პროცესში

12.07.2022

მიგვაჩნია, რომ დღეს, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, ერთადერთ პრიორიტეტს წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება წარმოადგენს.  ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულება. შესაბამისად, ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სწორედ ამ მიზნისკენ. მიუხედავად იმისა, რომ  მიზნამდე მისასვლელ გზებზე შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, არის საკითხები, რომლებიც ცალსახაა თავად რეკომენდაციებიდან,  და არ ტოვებს სხვაგვარი განმარტების სივრცეს.

ევროკომისიის რეკომენდაციის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიან ჩართულობას ყველა დანარჩენ პუნქტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლების ინიციატივით, სამოქალაქო ორგანიზაციების კოორდინაციაზე და ეფექტურ ჩართულობაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო.

ჩვენ წლებია ვმუშაობთ ევროკომისიის რეკომენდაციებით განსაზღვრულ საკითხებზე. ჩვენს მიერ ჩატარებული თემატური კვლევები, მომზადებული ანგარიშები, დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებული ხედვები და მოსაზრებები მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება რეფორმების და ცვლილებების სწორად, საქართველოს საჭიროებების გათვალისწინებით წარმართვისთვის.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვადასტურებთ ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის  შესრულების პროცესში მონაწილეობის მზაობას და მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს:

შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოაწყოს სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების პროცესებში ჩართულობის ფორმატსა და შემდგომი მუშაობის პროცედურებზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები: 

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ა(ა)იპ მედიაომბუდსმენი