სანქცირებული მოსამართლეები საქართველოს სასამართლოებში

19.12.2024

მიმდინარე წლის დეკემბერში ლიეტუვამ დამატებით – 17, ესტონეთმა კი 14 თანამდებობის პირისთვის დააწესეს სავიზო შეზღუდვები. ორივე სახელმწიფოს მიერ სანქცირებულთა სიაში, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს მოსამართლეებიც არიან.

ლიეტუვას მიერ სანქცირებულია 3 მოსამართლე, რომლებსაც სასამართლო სისტემაში მაღალი თანამდებობები უკავიათ:

  1. შალვა თადუმაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
  2. მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
  3. ლევან მურუსიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

შალვა თადუმაძე

მოსამართლედ დანიშვნამდე ეკავა სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობა: იყო მთავრობის საპარლამენტო მდივანი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, შემდეგ კი მთავარი პროკურორი. 2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ. შალვა თადუმაძე სასამართლოში იცავდა ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ინტერესებს, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმესთან დაკავშირებით. შალვა თადუმაძის იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის საკითხი დღემდე ბუნდოვანებითაა მოცული.

 მიხეილ ჩინჩალაძე

მოსამართლედ დაინიშნა 2007 წელს. იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2017 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, ამავე წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. ცნობილია, როგორც სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და არაფორმალური იერარქიის სათავეში მყოფი პირი. რაც შეეხება მის სამოსამართლო საქმიანობას, ის, როგორც საქმის განმხილველი მოსამართლე, სასამართლო სხდომების განრიგში, ფაქტობრივად, არ ფიქსირდება. 2023 წლის აპრილიდან ჩინჩალაძე და მის ოჯახის წევრები სანქცირებულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

ლევან მურუსიძე

მოსამართლედ დაინიშნა 2005 წელს. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. გარდა ამისა, ეკავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა. 2016 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2018 წლიდან თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ. 2022 წლის ოქტომბერში მეორედ იქნა არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გავლენიანი მოსამართლე. მის სახელს უკავშირდება ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა: პაატა როსტომაშვილის საქმე, სანდრო გირგვლიანის და გოჩა ენუქიძის საქმე, სულხან მოლაშვილის საქმე. ევროპულმა სასამართლომ ლევან მურუსიძის მიერ განხილულ 5 საქმეზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დაადგინა. მურუსიძე ერთ-ერთია აშშ-ს მიერ 2023 წლის აპრილში სანქცირებულ მოსამართლეებს შორის.

ესტონეთის მიერ სანქცირებულია 6 მოსამართლე, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წელს გამართული ანტისამთავრობო და პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ საქმეებს იხილავენ. ესენი არიან:

  1. კობა ჩაგუნავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  2. ნინო ენუქიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  3. ლელა მილდენბერგერი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  4. ლელა ცაგარეიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  5. მანუჩარ ცაცუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  6. ზვიად ცეკვავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

კობა ჩაგუნავა

2020 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. მოსამართლედ დანიშვნამდე იყო მოსამართლის თანაშემწე, ხოლო იქამდე სხვადასხვა სასამართლოში იყო იყო სტაჟიორი და სხდომის მდივანი. კობა ჩაგუნავას პროფესიული სამუშაო გამოცდილება მხოლოდ სასამართლოში აქვს. 2023 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ.

ნინო ენუქიძე

მოსამართლედ დაინიშნა 2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მანამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სტაჟიორი, ხოლო შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი და მოსამართლის თანაშემწე. ნინო ენუქიძეს პროფესიული სამუშაო გამოცდილება მხოლოდ სასამართლოში აქვს. 2024 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ.

ლელა მილდენბერგერი

2018 წელს დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. 2019 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. მოსამართლედ დანიშვნამდე, 2008 წლიდან, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჯერ სხდომის მდივნის, შემდგომ მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე. 2021 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ.

ლელა ცაგარეიშვილი

2020 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. მოსამართლედ დანიშვნამდე იყო მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო შემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე. 2023 წლიდან დანიშნულია უვადოდ.

მანუჩარ ცაცუა

2014 წლიდან იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეული დროით საადვოკატო საქმიანობასაც ეწეოდა, მისი ძირითადი სამუშაო გამოცდილება სასამართლო სისტემას უკავშირდება. მან სასამართლოში კარიერა დაიწყო კურიერის პოზიციიდან, შემდგომ კი საქმიანობა გააგრძელა სხდომის მდივნის და მოსამართლის თანაშემწის რანგში. 2017 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ. 2019 წლიდან სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ზვიად ცეკვავა

მოსამართლედ დაინიშნა 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს. სანქცირებულ მოსამართლეებს შორის ყველაზე ახალბედა მოსამართლეა, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის მხოლოდ რამდენიმეთვიანი გამოცდილება აქვს. ზვიად ცეკვავა მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია სამი წლის გამოსაცდელი ვადით. მოსამართლედ დანიშვნამდე ის იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი, ხოლო შემდგომ მოსამართლის თანაშემწე ამავე სასამართლოში. მას სხვა სამუშაო გამოცდილება არ აქვს.

ესტონეთის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი მოსამართლეების სანქცირებას საფუძვლად უდევს მოსამართლეების რეპრესიული სამართლებრივი პოლიტიკა და უსამართლო გადაწყვეტილებები ანტიდასავლური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მიმართ. სახელმწიფომ მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში პროევროპული აქციების მონაწილე პირების აქტიური დევნა დაიწყო. რამდენიმე ათეული ადამიანი – სისხლის სამართლის წესით, ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი ადმინისტრაციული სამართლის წესით მიეცა პასუხისგებაში. აღნიშნული მოსამართლეები საქმეებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპების უგულებელყოფით იხილავენ, არ რეაგირებენ დაკავების დროს და დაკავების შემდგომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე – დაკავებულთა მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მათ მიმართ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობისა და წამების შესახებ. ხშირად კი მხოლოდ დამკავებელი პოლიციელების ჩვენების საფუძველზე ცნობენ აქციის მონაწილეებს სამართალდამრღვევებად.

გარდა ამისა, ჩამოთვლილი ექვსივე მოსამართლე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული დავებს განიხილავდა და მათ ყველა დავა საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ გადაწყვიტეს.

რაც შეეხება შალვა თადუმაძეს, მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს სანქცირებას, ლიეტუვამ ამ ნაბიჯით მკაფიო პოზიცია გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურად დაქვემდებარებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაზე და რიგით მოსამართლეთა დამოუკიდებლობის არარსებობაზე, რაც ხშირად მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ვლინდება, პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ მოსამართლეებს, როგორც სასამართლო სისტემის იერარქიის სათავეში მყოფ პირებს.

----------------

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე, რედაქტორი: ნაზი ჯანეზაშვილი