არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ თეა გოდოლაძეს და ვგმობთ მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამების კამპანიას.
თეა გოდოლაძე მისი პროფესიული საქმიანობის, არაერთი წინააღმდეგობრივი პროექტის და საჯარო უწყებების არასწორი ქმედებებისა თუ უმოქმედობის შესახებ არაერთგზის გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო, სრულიად უღირსი კამპანიის სამიზნე გახდა.
22 აგვისტოს დილას ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დამახინჯებულად და ცალმხრივად გაავრცელა თეა გოდოლაძის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმავე დღეს და იმავე მაუწყებლის ეთერში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აღნიშნული უსაფუძვლო ბრალდებები გამოიყენა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობის და ღირსების შესაბღალად. თეა გოდოლაძის საწინააღმდეგო კამპანია სატელევიზიო სივრცის მიღმა, სოციალურ ქსელებში გააგრძელეს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა. მის მიმართ გამოთქმული ბრალდების აბსურდულობის დასამტკიცებლად კი თეა გოდოლაძე იძულებული გახდა საჯაროდ ესაუბრა უკიდურესად პირადულ საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მმართველი პარტიის წევრების მხრიდან თეა გოდოლაძეზე სიტყვიერი თავდასხმის და მისი რეპუტაციის შებღალვის პირველი მცდელობა. მათ შორის, შოვის ტრაგედიის შემდეგ, თეა გოდოლაძე იყო ერთ-ერთ ექსპერტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე თავს დაესხა შოვის სტიქიაზე დასკვნის ეჭვქვეშ დაყენების გამო. თეა გოდოლაძის კრიტიკამ და საჯარო განცხადებებმა ხელისუფლების მხრიდან გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური და განაშენების რეგულირების საკითხების უგულებელყოფის შესახებ საზოგადოებრივი განხილვების დღის წესრიგში მოაქცია არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც იმსახურებენ საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ რომლებზე ყურადღების გამახვილება მმართველ პარტიას არ სურს.
აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” გამოთქმულ კრიტიკაზე საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას და ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად კითხვების ავტორების დისკრედიტაციას, მათზე ზეწოლის მოხდენას და გაჩუმებას ცდილობს.
მიგვაჩნია, რომ მთავრობისა და მმართველი პარტიის საქმიანობის კრიტიკაზე ქართული ოცნების რეაგირება და არასასურველი ადამიანების დისკრედიტაციის კამპანიები სახიფათო ფორმებს იღებს. აღნიშნული ზიანს აყენებს არამხოლოდ მმართველი პარტიის მიერ სამიზნედ შერჩეულ ადამიანებს, არამედ მთლიანად ქვეყანას; ეწინააღმდეგება ყველაზე ბაზისურ ეთიკურ ნორმებს და ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
“ღია საზოგადოების ფონდი”
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საფარი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
უფლებები საქართველო
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო