დიმიტრი გვრიტიშვილი: აშშ-ში მოსამართლეების მიერ სასწავლო ვიზიტზე უარი სანქცირებული კოლეგების მიმართ ერთგვარი სოლიდარობის აქტია.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა“ და „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის“ გამო, სავიზო შეზღუდვა დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას, და ერთ ყოფილ მოსამართლეს – ვალერი ცერცვაძეს. სანქცია ვრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც.
წინამდებარე სტატიაში არ ვისაუბრებთ სანქცირებულ მოსამართლეებზე, არამედ ყურადღებას გავამახვილებთ იმ სამ მოსამართლეზე, რომლებსაც არ შეხებიათ სანქცია, თუმცა თავად გადაწყვიტეს რომ სანქცირებული მოსამართლეების გამო უარი ეთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე. ამ აქტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა სანქცირებული მოსამართლეებისადმი სოლიდარობა უწოდა.
საინტერესოა, რატომ თქვეს უარი მოსამართლეებმა სასწავლო ვიზიტზე, როცა ამ პროგრამის მიზანი მხოლოდ ახალი ცოდნის მიღება და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში გამოყენებაა. იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სოლიდარობის აქტი ან ზეწოლის შედეგი, გადაჭრით ამის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია, თვალი გადავავლოთ იმ მოსამართლეთა კარიერულ გზას, რომლებმაც სასწავლო ვიზიტი, ასე თუ ისე, დათმეს.
ერთ-ერთი, ვინც აშშ-ში სასწავლო ვიზიტზე უარი თქვა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნანა ჯოხაძეა.
ნანა ჯოხაძე
სამოსამართლო კარიერა:
- პირველად ის მოსამართლედ 2016 წლის 15 თებერვალში დაინიშნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი);
- 2019 წლის 15 თებერვლიდან უვადოდ გამწესდა ამავე თანამდებობაზე;
- რამდენიმე თვეში, 2019 წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ნანა ჯოხაძის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მივლინების შესახებ ერთი წლის ვადით;
- 2020 წლის 26 ივნისს ნანა ჯოხაძის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მივლინების ვადა კვლავ განისაზღვრა ერთი წლით;
- ამის შემდეგ ნანა ჯოხაძემ მონაწილეობა მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსში, რომლის შემდგომ 2021 წლის 18 ივნისიდან ის გამწესდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ უვადო.
კარიერა სასამართლომდე:
მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ 1997 წელს მუშაობდა სპს ,,აბაშის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის“ ლექტორად, ხოლო, 2000 წელს მუშაობდა ნ. ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიან აკადემიაში, ასევე ლექტორად. მითითებული არ არის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იყო ლექტორი თითოეულ შემთხვევაში. გარდა ამისა, არ ჩანს 1997 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში რა საქმიანობას ეწეოდა ნანა ჯოხაძე.
2005-2006 წლებში მუშაობდა საადვოკატო ფირმა ,,სამართალი“-ში ადვოკატად, ხოლო 2006 წლის მაისში პირველად დაიწყო სასამართლო სისტემაში მუშაობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტის პოზიციას სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის სამდივნოში 6 თვის განმავლობაში იკავებდა.
ამის შემდგომ, 2007 წელს ის დაბრუნდა საადვოკატო ფირმა ,,სამართალი"-ში, თუმცა უცნობია რა პერიოდით. ორი წლის შემდგომ, 2009 წელს მან დაიწყო მუშაობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ, სადაც 7 წელი იკავებდა ამ პოზიციას იქამდე, ვიდრე მოსამართლედ დაინიშნებოდა.
განათლება
- 1992 წელს დაამთავრა სამტრედიის N7 საშუალო სკოლა;
- 1997 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
- 1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა;
- 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით;
- 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალობით;
- 2007-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სასწავლო ვიზიტზე უარი თქვა, ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, თამარ ბეჟანიშვილმა.
თამარ ბეჟანიშვილი
სამოსამართლო კარიერა:
- პირველად მოსამართლედ დაინიშნა 2007 წლის 10 ნოემბერს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში;
- თამარ ბეჟანიშვილი 2009 წლის 10 სექტემბრიდან გათავისუფლდა ხელვაჩაურის ლიკვიდირებული რაიონული სასამართლოს მოსამართლეობიდან;
- იმავე გადაწყვეტილებით 2009 წლის 10 სექტემბრიდან მივლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში;
- 2011 წლის ნოემბერში თამარ ბეჟანიშვილი გათავისუფლდა ყვარლის ლიკვიდირებული რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება;
- 2011 წლის ნოემბერში უკვე სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი კიდევ ერთხელ იქნა მივლინებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში;
- 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ;
- 2017 წლის 25 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობიდან;
- ამავე დღეს, 2017 წლის 25 მაისს გამწესდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, 3 წლის ვადით;
- საბოლოოდ, 2019 წლის 11 ოქტომბრიდან უვადოდ გამწესდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. (მასზე გავრცელდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 794-ე მუხლი - „2017 წლის 1 ივლისამდე თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული იმ მოსამართლის მიმართ, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში წყდება ამ კანონით დადგენილი შემოწმების პროცედურები და იგი კანონით განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით...“, ამ მუხლის საფუძველზე დაინიშნა უვადოდ თამარ ბეჟანიშვილი საბოლოოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2019 წელს.)
კარიერა სასამართლომდე:
თამარ ბეჟანიშვილი 2001-2003 წლებში მუშაობდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნად. 2003 წელს მუშაობდა დაიწყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ, სადაც 4 წელი იკავებდა ამ პოზიციას მოსამართლედ დანიშვნამდე.
განათლება
- 1995 წელს დაამთავრა ხაშურის რაიონის სოფელ გომის საშუალო სკოლა;
- 2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
- 2001 წლის იანვარში ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა;
- 2006 წლის მარტში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
დაბოლოს, სასწავლო ვიზიტით არ წავიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანი.
კონსტანტინე კოპალიანი
სამოსამართლო კარიერა:
- 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე;
- ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
კარიერა სასამართლომდე:
მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ 2004-2006 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ქვეითი ბრიგადის ჯავშან-სატანკო ბატალიონის ს-3 განყოფილების სერჟანტი.
2007-2008 წლებში გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. 2008 წელს კი დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად, 2009 წელს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.
შემდეგ, 2012 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ. შემდეგ მოსამართლედ დანიშვნამდე ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, მიიღო მაგისტრის ხარისხი და იყო იუსტიციის სკოლის მსმენელი.
განათლება
- 2001 წელს დაამთავრა ივ. შარაშიძის სახელობის ხონის N 1 გიმნაზია;
- 2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
- 2016 წელს დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურა;
- 2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი;
- 2009 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
ამ მოსამართლეებს მოგვიანებით შეუერთდა ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელმაც საკუთარი პოზიცია ფეისბუქ პოსტის სახით გაავრცელა.
ბადრი კოჭლამაზაშვილი
სამოსამართლო კარიერა:
- 2007 წლის 12 იანვრიდან ბადრი კოჭლამაზაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გამწესდა;
- 2017 წლის 10 იანვრიდან გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო;
- 2017 წლის 25 მაისიდან 3 წლის ვადით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლედ;
- 2019 წლის 11 ოქტომბრიდან უვადოდ გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლედ.
კარიერა სასამართლომდე:
მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ 1999-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში-კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს მთავარი რედაქტორის მოადგილედ.
შემდეგ, 2000-2007 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტებზე.
განათლება
- 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა;
- 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
- 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა;
- 2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით იუსტიციის სამინისტროში წარმატებული მუშაობისათვის;
- 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი;
- ჩაბარებული აქვს ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
- 2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
როგორც წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, ოთხივე მოსამართლე სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობს. ამდენად, მათი პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და ახალი გამოცდილების მიღებისთვის აღნიშნული სასწავლო ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან აშშ-ში სასწავლო ვიზიტის მთავარი თემა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იყო.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.