სასამართლო პროცესების გაჭიანურება საქართველოს საერთო სასამართლოების ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა, რომლის მოგვარებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა თავად ამ პრობლემის სიღრმისეული კვლევა.
„საქართველოს სასამართლოს გუშაგს“ მიაჩნია, რომ სასამართლო პროცესების გაჭიანურების მიზეზების შესწავლის, პროცესების ეფექტიანობის გაზრდისა და ვადების წინასწარ განჭვრეტის მიზნით, მნიშვნელოვანია სასამართლო ვადების მონიტორინგი, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოს სასამართლო სისტემა არ ახორციელებს.
სტატიაში განხილული იქნება ის, თუ რას გულისხმობს სასამართლო ვადების მონიტორინგი და ამ მხრივ რა პრაქტიკაა დანერგილი საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში.
სასამართლო ვადების მონიტორინგი – მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის გზამკვლევი
მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) 2021 წლის გზამკვლევის (Revised Saturn Guidlines for Judicial Time Management) მიხედვით, რომელიც დროის მართვას შეეხება, სასამართლო პროცესების მონიტორინგი შიდა, მკაფიოდ განსაზღვრული სისტემით უნდა განხორციელდეს, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სასამართლო პროცესების ხანგრძლივობაზე დეტალური სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება, როგორც საერთო (ყველა სასამართლოს გაერთიანებული მონაცემი), ისე ცალკეული სასამართლოებისა და ინსტანციების დონეზე.
CEPEJ-ის თანახმად, სასამართლო ვადების მონიტორინგის სისტემისა და სტატისტიკურ მონაცემების დამუშავების მიზანია სასამართლო ვადების წინასწარ განჭვრეტა, პროცესების ეფექტიანობის გაზრდა და სასამართლოს შიდა ორგანიზების გაუმჯობესება.
„სასამართლო ვადების მონიტორინგის ერთიანი ევროპული გზამკვლევის“ (European Uniform Guidelines for monitoring of judicial timeframes) მიხედვით, მონიტორინგის შედეგად ზოგადი სტატისტიკა უნდა ასახავდეს შემდეგი სახის მონაცემებს:
- სასამართლოების რაოდენობა, ინსტანცია და მათი იურისდიქცია;
- სასამართლო საქმეების რაოდენობა და საქმეთა კატეგორია;
- საქმეების თანმიმდევრობა ითვალისწინებს მათი პრიორიტეტულობის დონეს (პროცესები, რომლებზეც სასამართლო გადაწყვეტილების მიღება სასწრაფოა);
- მონიტორინგის დასაწყისში სასამართლო პროცესების საერთო რაოდენობა;
- მონიტორინგის პერიოდში (მაგ. 1 წლის განმავლობაში) ახალი პროცესების რაოდენობა;
- პროცესები, რომლებიც მონიტორინგის პერიოდში დასრულდა;
- საერთო რაოდენობა იმ პროცესებისა, რომლებიც მონიტორინგის პერიოდში არ დასრულებულა (ნაშთი).
სტატისტიკა აგრეთვე უნდა მოიცავდეს როგორც სასამართლო პროცესების დაწყების და დასრულების დროს, ისე პროცესის ხანგრძლივობას –დროის იმ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პროცესი გაგრძელდა. ინფორმაცია აგრეთვე უნდა აჯამებდეს იმას, თუ
როგორ დასრულდა პროცესები.
მონიტორინგის სისტემით დამუშავებული ინფორმაცია უნდა იყოს რეგულარულად განახლებადი და საჯაროდ ხელმისაწვდომი საბოლოო, როგორც მინიმუმ წლიური მონაცემის სახით მაინც.
გზამკვლევის მიხედვით, სტატისტიკური მონაცემი დამუშავებული უნდა იყოს როგორც ზოგადი სახით, ისე კონკრეტული საქმეთა კატეგორიების მიხედვით.
ამ შემთხვევაში სასამართლოებს შეუძლიათ, მონაცემები დაამუშაონ კონკრეტულ სასამართლოში არსებული კატეგორიების (სპეციალიზაციების) მიხედვით. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, აუცილებელია, რომ მონაცემთა დამუშავება შემდგომი ოთხი კატეგორიის მიხედვით მაინც განხორციელდეს: განქორწინების, სამსახურიდან განთავისუფლების, ქურდობისა და განზრახ მკვლელობის სასამართლო საქმეები.
ინფორმაცია საქმეების კატეგორიების მიხედვით, ცხრილის სახით (ნიმუში)
სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ თითოეული სასამართლო უნდა ამუშავებდეს ინფორმაციას პროცესის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ამ მიზნით ცალკე სახით უნდა იყოს წარმოდგენილი სტატისტიკა მიმდინარე პროცესების ხანგრძლივობაზე და ცალკე – დასრულებულ პროცესების ხანგრძლივობაზე. მიმდინარე ან დასრულებული სასამართლო საქმეები უნდა დახარისხდეს შემდეგი ხანგრძლივობების მიხედვით: 1-3 თვე, 4-5 თვე, 7-იდან 12 თვემდე, 1-2 წელი, 2-3 წელი, 3-5 წელი და 5 წელზე მეტი. მონაცემი აგრეთვე უნდა მოიცავდეს პროცესის მიმდინარეობის საშუალო ხანგრძლივობას, მინიმალურ და მაქსიმალურ პერიოდს. აგრეთვე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პერიოდის განმავლობაში ყოვნდება საქმე კონკრეტულ სასამართლოში.
ინფორმაცია პროცესის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ცხრილის სახით (ნიმუში)
სასამართლოს ვადების მონიტორინგის მონაცემები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას აგრეთვე პროცესის შუალედური ეტაპების ხანგრძლივობაზე: მომზადების ეტაპი - პროცესის დაწყებიდან მხარეების პირველ მოსმენამდე პერიოდი; ძირითადი ეტაპი - პირველი მოსმენიდან ბოლო მოსმენამდე პერიოდი; შემაჯამებელი ეტაპი - მხარეთა საბოლოო მოსმენიდან გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პერიოდი.
ინფორმაცია პროცესის შუალედურ ეტაპების ხანგრძლივობაზე, ცხრილის სახით (ნიმუში)
საქართველო
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, სასამართლოების თავმჯდომარეებს ევალებათ, შეისწავლონ და განაზოგადონ საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაცია, რაც მოიცავს: საქმეთა შემოსვლისა და დასრულების მაჩვენებლებს, საქმისწარმოების ვადებს, სხდომების გადადებისა და საქმისწარმოების შეფერხების მიზეზებს. სასამართლოების თავმჯდომარეები ვალდებულნი არიან, აღნიშნული ინფორმაცია წელიწადში ერთხელ მაინც მიაწოდონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ კვლევის (სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი) ფარგლებში დადგინდა, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები, როგორც წესი, საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას არ შეისწავლიან და არ წარადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამ შემთხვევაში გამონაკლისებია რუსთავის საქალაქო და სიღნაღის რაიონული სასამართლოები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე („სასამართლოს გუშაგი“ ერთ წელზე მეტია, აკვირდება სხდომებს) არ განხილულა სასამართლოების მიერ საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, იმ ორი სასამართლოს მიერ მიწოდებული მონაცემები, რომლებზეც ზემოთ აღვნიშნეთ.
ორგანული კანონის 561-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ჩამოყალიბდა მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია:
- შეისწავლოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადისმართვასთან დაკავშირებულ ინფორმაცია, საერთო სასამართლოების დატვირთულობა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლები, მოსამართლეთა მივლინების საჭიროება, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ ინფორმაცია და რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და შესაბამის საერთო სასამართლოებს;
- შეისწავლოს როგორც კერძო სექტორში, ისე საჯარო სექტორში არსებული მენეჯერული გამოცდილება, აგრეთვე სასამართლო მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილება;
- ხელი შეუწყოს საერთო სასამართლოებში მენეჯერული კულტურის დანერგვას, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს საერთო სასამართლოების თავმჯდომარეების, სასამართლოების მენეჯერების და სასამართლოების აპარატის სხვა მოხელეების მენეჯერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას;
- საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს დასკვნები და რეკომენდაციები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების მნიშვნელოვან საკითხებზე.
2023 წლის 15 დეკემბერს „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ მენეჯმენტის დეპარტამენტს მიმართა კითხვით, 2017 წლიდან დღემდე რა ნაბიჯები გადაიდგა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ორგანიზაციას ამ ეტაპამდე არ მიუღია. ამდენად უცნობია, ასრულებს თუ არა მასზე დაკისრებულ მოვალეობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი კეთილსინდისიერად.
სასამართლოებში აპარატის მიერ სტატისტიკის დამუშავებაზე ყურადღებას ამახვილებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით: „მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები.“
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში სტატისტიკის ანალიზის მოვალეობა ორგანული კანონის დონეზეა გაწერილი, უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ დონეზე არ არის შემუშავებული მკაფიოდ განსაზღვრული მონიტორინგის სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სასამართლო პროცესების ხანგრძლივობაზე დეტალური სტატისტიკური მონაცემების დამუშავება.
სასამართლოების ვებგვერდებზე, ძირითადად, განთავსებულია შემოსული და დასრულებული საქმეების შესახებ მხოლოდ ზოგადი სახის სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია დაყოფილი საქმეთა კატეგორიების მიხედვით. აგრეთვე სტატისტიკების მხოლოდ ნაწილი ასახავს სასამართლოში ნაშთად დარჩენილ საქმეთა რაოდენობას.
გარდა ამისა, სასამართლოების ვებგვერდზე არ არის განთავსებული სტატისტიკა სასამართლოების პროცესების ხანგრძლივობაზე. „სასამართლოს გუშაგის“ მიერ მომზადებული ეფექტიანობის ინდექსის ფარგლებში სასამართლოების უმეტესობამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, აწარმოებენ თუ არა სტატისტიკას პროცესის კანონიერ ვადაში დასრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უცნობია, რამდენად ახორციელებენ სასამართლოები ვადების დაცვის მონიტორინგს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს წერილის თანახმად, სასამართლო აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს საქმეთა განხილვის ვადების დაცვის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთო სასამართლოების საქმეთა ერთიან სტატისტიკურ მონაცემს ამუშავებს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკების მიხედვით, სასამართლო, ძირითადად, ამუშავებს მონაცემებს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში შემოსულ და განხილულ საქმეთა რაოდენობაზე. უზენაესი სასამართლოს მიერ დამუშავებული მონაცემი აგრეთვე მოიცავს საქმეთა მატებისა და კლების მაჩვენებლებს – ძირითადად, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე. რიგ შემთხვევაში სტატისტიკური მონაცემი დახარისხებულია – საქმეების კატეგორიების, ხოლო რიგ შემთხვევაში მხოლოდ სამართლის დარგების მიხედვით. აგრეთვე, სტატისტიკური მონაცემი, ძირითადად, მოიცავს ინფორმაციას საქმეების დასრულების შედეგთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს ის, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ შემუშავებული სტატისტიკები საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და მხედველობაში არ იღებს CEPEJ-ის „სასამართლო ვადების მონიტორინგის ერთიან ევროპულ გზამკვლევს“. უმთავრესი პრობლემაა ის, რომ არ არსებობს ერთიანი სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც მოიცავს სასამართლოებში მიმდინარე, შემოსულ, დასრულებულ და ნაშთად დარჩენილ საქმეთა რაოდენობას და აგრეთვე, სასამართლო პროცესების დაწყების, დასრულებისა და ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
როგორც ჩანს, საერთო სასამართლოები არ ახორციელებენ ისეთი სტატისტიკური მონაცემების ანალიზს, რომელსაც სასამართლო ვადებთან კორელაცია ექნება. ამას ადასტურებს 2023 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წერილიც, რომელმაც გვაცნობა, რომ „სასამართლო სტატისტიკაში სასამართლო პროცესების ხანგრძლივობის თაობაზე მონაცემები არ მუშავდება“, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეროვნულ დონეზე სასამართლოებში საპროცესო ვადების დაცვის მონიტორინგი არ მიმდინარეობს.
პროცესის გაჭიანურების თავიდან არიდების მიზნით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თავად ამ პრობლემის სიღრმისეული კვლევა, რაც მოიცავს სასამართლოს ვადების მონიტორინგის სისტემის დანერგვას. აღნიშნულის განხორციელების მიზნით, „საქართველოს სასამართლოს გუშაგს“ მიაჩნია, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში უნდა დაინერგოს მონიტორინგის სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სასამართლო პროცესების ხანგრძლივობის შესახებ დეტალური სტატისტიკური მონაცემების დამუშავება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი ზედმიწევნით იმეორებდეს „სამართალწარმოების ვადების განსაზღვრის ევროპული გზამკვლევის“ დებულებებს, რათა პრობლემის დეტალური კვლევის მეშვეობით შესაძლებელი გახდეს სისტემის ეფექტიანობის ზრდა.