სასამართლო - ორგანო რომელსაც კრიტიკულად სჭირდება გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება (ნაწილი 2)

21.03.2025

წინა სტატიაში მიმოხილული იყო ის საქართველოს საერთაშორისო პარტნიორთა რეკომენდაციები, რომლებიც სასამართლო სისტემის გამჭვივრვალობას უკავშირდება.  სტატიის ამ ნაწილში, აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყურადღება  გამახვილებულია ქართული სასამართლო სისტემის მდგომარეობაზე.  

საქართველოს სასამართლოს მდგომარეობა ინფორმაციის საჯაროობის მხრივ მხრივ

გასულ წელს "საქართველოს სასამართლო გუშაგის" კვლევის მიხედვით საჯარო ინფორმაციის გაცემა მოთხოვნის საფუძველზე 24.44%- ია. საჯარო ინფორმაციის გაცემის დაბალი მაჩვენებელი ზოგად წარმოადგენას გვაძლევს იმის შესახებ რომ რეალურად, საერთო სასამართლოების სისტემაში  ანგარიშვალდებულება საკმაოდ დაბალია. კვლევის ფარგლებში სასამართლოების უმეტესობამ მხოლოდ მოთხოვნათა მცირე ნაწილზე გასცა პასუხი. ხოლო რუსთავის საქალაქო, მცხეთის, გორის, თელავის, ცაგერისა და სიღნაღის სასამართლოებმა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მოთხოვნა თითქმის ყველა შემთხვევაში დააკმაყოფილეს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამჭვირვალობა

ინფორმაციის საჯაროობის მხრივ განსაკუთრებით პრობლემურია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ გასცემს. ორგანოს მხრიდან ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ორგანოს ვებგვერდზე აიტვირთა, თარიღდება 2023 წლის 2 ივნისით. ამასთანავე, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საბჭოს სხდომის ფარგლებში მისაღები დადგენილებების პროექტები თითქმის არ თავსდება ვებგვერდზე. აღნიშნული კიდევ უფრო პრობლემურია იმის ფონზე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თითქმის 1 წლის განმავლობაში არ გამოუქვეყნებია საბჭოს სხდომის ოქმი  ოფიციალურ ვებგვერდზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე დასწრება იყო ერთადერთი გზა, რომლითაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება შეეძლოთ, თუმცა საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2024 წლის 25 მარტიდან აღნიშნულ შესაძლებლობასაც უზღუდავს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან საბჭოს გასაუბრება საჯაროა, პირთა დასწრების შესახებ გადაწყვეტილება საბჭოს პრეროგატივა გახდა. 2024 ივლისი-აგვისტოს პერიოდში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საჯარო სხდომები დაიხურა. ხოლო სექტემბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსაცდელ ოთახში ორგანომ რიგ შემთხვევებში უზრუნველყო სხდომის ტრანსლირება, რაც ხშირად ხარვეზიანად მიმდინარეობს.თუმცა, რომ 25 მარტიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხშირად უწევთ საათობით ლოდინი შენობის გარეთ, ზოგჯერ 5-6 საათის განმავლობაშიც კი, სანამ სხდომა დაიწყება. აღნიშნული სცილდება ადამიანური მოპყრობის პირობებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ იუსტიციის საბჭო მაქსიმალურად ცდილობს, სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები მიჩქმალოს. 

 სასამართლოს გადაწყვეტილები

2024 წლის 1-ელი იანვრიდან სასამართლო ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება, სასამართლოს მიერ ღია სხდომის შედეგად მიღებული სასამართლოს აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სათანადო ვებგვერდზე გამოაქვეყნოს. აღნიშნული ცვლილების მიუხედავად, სასამართლო გადაწყვეტილებებს მხოლოდ უზენაესი სასამართლო აქვეყნებს, ხოლო დანარჩენი სასამართლოების გადაწყვეტილებები შესაბამის ვებგვერდზე – ecd.court.ge – 2020 წლის შემდგომ არ გამოქვეყნებულა. 

მიუხედავად იმისა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2024 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა ცვლილება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საჯარო ინფორმაციის გაცემის წესით ხელმისაწვდომობაზე, სასამართლოების მხრიდან გადაწყვეტილების გასაჯაროება მხოლოდ საჩივრით მიმართვის შემდგომ ხდება (თუმცა – არა ყველა სასამართლოს შემთხვევაში). ამავდროულად სასამართლო სისტემას  დღემდე არ შეუმუშავებია ერთიანი სტანდარტი, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემის წესით სასამართლო აქტების და მათში მითითებული პერსონალური ინფორმაციის საჯაროობას დაარეგულირებს. 

საქმიანობის ანგარიშები

სისტემის მუშაობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა სასამართლოს საქმიანობის ნაგარიშები. თუმა, სასამართლოს სისტემის მხრიდან არ ხდება საქმიანობის ანგარიშების პროაქტიული გამოქვეყნება. უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიში 2018 წლით თარიღდება; საერთო სასამართლოების დეპარტამენტის – 2022 წლით, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიში – 2022 წლით. უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლო ანგარიში, მართალია,  2020-2023 წლებით თარიღდება, თუმცა საბჭოს საქმიანობის ანგარიში არ ქვეყნდება ყოველწლიურად, რაც სასამართლო სისტემის საქმიანობას ბუნდოვანს ხდის.   

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა გაუმჭვირვალეა. ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია, არის ძალიან მწირი და არ ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს, რომელთა მხედველობაში მიღება და ნდობაზე დაფუძნებული მმართველობის დანერგვა, როგორც წესი, სახელმწიფო ინტერესებში უნდა შედიოდეს. 

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

რედაქტორი: ნაზი ჯანეზაშვილი, ავტორი: ანა ჩიქოვანი