არსებობს სასჯელის 3 კატეგორია:
ძირითადი სასჯელებია:
დამატებითი სასჯელებია:
როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელებია:
განვიხილოთ მხოლოდ ძირითადი სასჯელები. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კატეგორიის სასჯელის დანიშვნა მხოლოდ ძირითად სასჯელადაა შესაძლებელი და ის, სხვა სასჯელთან ერთად, როგორც დამატებითი სასჯელი არ ინიშნება.
▶️ გამასწორებელი სამუშაო
გამასწორებელი სამუშაოს მთავარი არსი ის არის, რომ სასამართლო, დანაშაულის სიმძიმის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებებისა თუ მსჯავრდადებულის პიროვნების გათვალისწინებით, განაჩენით ადგენს კონკრეტულ თანხას, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით და არაუმეტეს მსჯავრდადებულის ხელფასის 20%-ის ოდენობით, რომელიც მსჯავრდადებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება.
გამასწორებელი სამუშაო ინიშნება, მინიმუმ, 1 თვით და, მაქსიმუმ, 2 წლამდე ვადით. სასჯელის ეს სახე მსჯავრდადებულმა უნდა მოიხადოს თავის სამუშაო ადგილზე.
▶️ სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა
სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ენიშნება მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსი ამას პირდაპირ ითვალისწინებს, მაგალითად, სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენა. სასჯელის სახით სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ინიშნება, მინიმუმ, 3 თვიდან, მაქსიმუმ, 2 წლამდე ვადით.
▶️ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა
ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში მსჯავრდადებული საზოგადოებისაგან იზოლირებულია და კანონით განსაზღვრულ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაშია მოთავსებული. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება, მინიმუმ, 6 თვით და, მაქსიმუმ, 20 წლამდე ვადით. მოსამართლეს შეუძლია, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 6 თვეზე ნაკლები ვადითაც დანიშნოს, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სხვა შემთხვევაში მოსამართლე მინიმალურ 6-თვიან ვადას ვერ ჩამოსცდება.
არასრულწლოვანების შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე. ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე არ ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა ორი შემთხვევისა:
მეორე პირობაში უნდა ვიგულისხმოთ, რომ თუ პირს ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, მაშინ წარსულში მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს აღარ აქვს სამართლებრივი ძალა.
არასრულწლოვანებთან მიმართებით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას განსხვავებული მიდგომაა ასევე სასჯელის ვადებთან დაკავშირებით. თუ არასრულწლოვანს 14-დან 16 წლამდე მიესაჯა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის ვადა მცირდება 1/3-ით, ხოლო 16-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანის შემთხვევაში სასჯელის ვადა მცირდება ¼-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვანებთან მიმართებით ჯერ ინიშნება სასჯელი და შემდგომ ამ სასჯელის ვადა მცირდება იმის მიხედვით, თუ რამდენი წლის არის არასრულწლოვანი. გარდა ამისა, 14-იდან 16 წლამდე არასრულწლოვანების საბოლოოს სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს, ხოლო 16-იდან 18 წლამდე არასრულწლოვანების კი – 12 წელს. შესაბამისად, თუ დაინიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, მაგალითად, 15 წლის არასრულწლოვანისთვის და შემდეგ დანიშნული სასჯელის ვადა შემცირდა 1/3-ით, მაგრამ სასჯელის ვადა მაინც აღემატება 10 წელს, მაშინ ეს ვადა 10 წლამდე შემცირდება იმ წესის გამო, რომელიც ზემოთ უკვე განიმარტა.
▶️ უვადო თავისუფლების აღკვეთა
უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. სხვა კატეგორიის დანაშაულებზე უვადო (სამუდამო) თავისუფლების აღკვეთა არ ინიშნება, ამასთან, ეს სასჯელი არ დაენიშნება იმას, ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი. გარდა ამისა, უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება არასრულწლოვანს.
სასჯელების შემდეგი კატეგორიაა მხოლოდ დამატებითი სასჯელები. ასეთი სასჯელები ძირითად სასჯელად ვერ დაინიშნება, ანუ მსჯავრდადებულს სხვა ძირითადი სასჯელი უნდა შეეფარდოს და, ამ სხვა ძირითად სასჯელთან ერთად, საქმის გარემოებების, კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა თუ მსჯავრდადებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლომ შეიძლება, დანიშნოს დამატებითი სასჯელიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე დამატებითი სასჯელის დანიშვნა.
▶️ ქონების ჩამორთმევა
დამატებითი სასჯელის სახით მსჯავრდადებულს შესაძლოა, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას:
ბრალდებულისთვის, მსჯავრდადებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისთვის რაიმე სახით გამიზნული ქონების ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ. ქონების ჩამორთმევა შესაძლებელია ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქონებაა სახეზე და ამ ქონების ჩამორთმევა განპირობებულია სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი აუცილებლობით, ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ან ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
ასევე, ყველა ნივთი/ქონება (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), რომელიც მსჯავრდადებულმა დანაშაულებრივი გზით მიიღო, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას ექვემდებარება, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული.
ამ სასჯელის სახის ნორმატიული შინაარსი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ითვალისწინებს კანონიერ მფლობელობაში არსებული ნივთის ჩამორთმევასაც. ეს ჩანაწერი შეიძლება პრობლემური იყოს პრაქტიკაში, ვინაიდან შესაძლოა, ქონების კანონიერი მფლობელია მსჯავრდადებული, თუმცა ამ ქონების მესაკუთრე იყოს სხვა პირი, რომელსაც არაფერი აკავშირებს დანაშაულთან, თუმცა რადგან მსჯავრდადებულის კანონიერ მფლობელობაშია ქონება, ის მაინც ექვემდებარება ჩამორთმევას.
▶️ იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა
სასჯელის ამ სახეში მოიაზრება იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვა ან/და აკრძალვა.
იმისთვის, რომ იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად დაინიშნოს, არ არის აუცილებელი, ეს იარაღი დანაშაულის იარაღი იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული.
ეს სასჯელი ინიშნება, მინიმუმ, 1 წლიდან, მაქსიმუმ, 5 წლამდე ვადით და მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევებში, რომლებიც პირდაპირაა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით.
თუ ძირითად სასჯელად სასამართლომ მსჯავრდადებულს შეუფარდა არასაპატიმრო სასჯელები (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო ან შინაპატიმრობა, აგრეთვე პირობითი მსჯავრის დროსაც) და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა – დამატებით სასჯელად, მაშინ ამ სასჯელის (1-იდან 5 წლამდე) ვადა აითვლება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდადებულს ძირითად სასჯელად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა აითვლება ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან, ანუ დამატებითი სასჯელის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როდესაც მსჯავრდადებული დატოვებს საპატიმროს, რადგან თავისუფლების აღკვეთის პირობებში მსჯავრდადებულს იარაღთან წვდომა ისედაც ვერ ექნება.
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში შესაძლებელია იარაღის ჩამორთმევა. ჩამორთმეული იარაღი ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
▶️ სამხედრო წოდების ჩამორთმევა
ამ სასჯელის დანიშვნა და, შესაბამისად, პირისთვის მინიჭებული სამხედრო წოდების ჩამოერთმევა სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII და XXXVIII თავებითა და მე-14 კარით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. შესაბამისად, სასჯელის ეს სახე შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ დანაშაულებთან და პირებთან მიმართებით იქნეს გამოყენებული.
სასჯელი, რომლის დანიშვნაც შესაძლებელია ძირითად სასჯელად და, სხვა სასჯელთან ერთად, დამატებით სასჯელადაც, არის როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელების სახე.
▶️ ჯარიმა
ჯარიმა ფულადი გადასახადია. ჯარიმის დანიშვნის დროს მოსამართლე ორ გარემოებას აქცევს ყურადღებას: დანაშაულის სიმძიმეს და მსჯავრდადებულის მატერიალურ მდგომარეობას.
კანონმდებლობით დაწესებულია ჯარიმის ორი ქვედა ზღვარი – მინიმუმ, 2000 ლარის ოდენობით და, მინიმუმ, 500 ლარის ოდენობით. 500 ლარი ჯარიმის მინიმალური ოდენობაა მაშინ, თუ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაფერისი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მხოლოდ 3 წლამდე ვადით (მაქსიმალური ვადა უნდა იყოს 3 წელი). იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მუხლი საერთოდ არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
მინიმალური ოდენობისგან განსხვავებით, კანონმდებლობით არ არის დადგენილი ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა. ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით ორგვარი მოსაზრება არსებობს:
პირველი მოსაზრების თანახმად, კანონი უნდა განსაზღვრავდეს ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას, რათა ბრალდებულისთვის განჭვრეტადი იყოს, ჯარიმის რა მაქსიმალური ოდენობა შეიძლება დაეკისროს.
მეორე მოსაზრების თანახმად, კანონი არ უნდა განსაზღვრავდეს ჯარიმის მაქსიმალურ ოდენობას, რადგან ჯარიმის დანიშვნის დროს ინდივიდუალურ გარემოებებს ექცევა ყურადღება და, ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს ლავირების საშუალება.
არასრულწლოვანებთან მიმართებით ჯარიმის მინიმალური ოდენობა ნახევრდება. შესაბამისად, მინიმალური ზღვარი არის 1000 ლარი, ხოლო იმ დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას საერთოდ არ ითვალისწინებს, შეიძლება იყოს 250 ლარი.
ერთგვარ საკანონმდებლო ხარვეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ ჯარიმა შეიძლება მსჯავრდადებულს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს მაშინაც, როდესაც მუხლი საერთოდ არ ითვალისწინებს ჯარიმას.
აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან მიმართებით ჯარიმის ძირითად სასჯელად დანიშვნა აიკრძალა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულზე კონკრეტული მუხლი ისედაც არ ითვალისწინებდა ჯარიმას ძირითად სასჯელად.
იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდადებული თავს აარიდებს ჯარიმის გადახდას, ჯარიმა შეიცვლება სხვა სასჯელით, კერძოდ, გამასწორებელი სამუშაოთი, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, მაგრამ თუ ამ სხვა სასჯელსაც აარიდებს თავს, მაშინ საბოლოოდ სასჯელი შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით. თუმცა, თუ პირის მიერ თავდაპირველად ჩადენილი დანაშაული საერთოდ არ ითვალისწინებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთას, მაშინ რამდენჯერაც არ უნდა აარიდოს მსჯავრდადებულმა თავი სხვა სახის სასჯელს, ის მაინც ვერ შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ახალ დანაშაულზე – კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე იწყება დევნა და ამ ახალ დანაშაულზე უკვე შეუძლია სასამართლოს, მსჯავრდადებულს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდოს.
▶️ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
სასჯელის ეს სახე მოიაზრებს მსჯავრდადებულის უსასყიდლო შრომას, შრომის სახეს კი პრობაციის ბიურო განსაზღვრავს. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება 40-იდან 800 საათამდე და დღე-ღამის განმავლობაში მსჯავრდადებული უნდა მუშაობდეს, არაუმეტეს, 8 საათი.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილი, საპენსიო ასაკის პირს, სამხედრო მოსამსახურეს.
▶️ შინაპატიმრობა
ეს სასჯელის შედარებით ახალი სახეა. შინაპატიმრობა პირველად სასჯელის სახით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შემოვიდა. მანამდე აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე იყო. შინაპატიმრობა მსჯავრდადებულის ვალდებულებაა, დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას იმყოფებოდეს. კანონი არ ადგენს, კონკრეტულად დღე-ღამის რომელი მონაკვეთი იგულისხმება და, შესაბამისად, ამას წყვეტს მოსამართლე. ზოგადად გამოყოფენ შინაპატიმრობის 3 სახეს:
საქართველოში შინაპატიმრობის მსუბუქი ფორმა გამოიყენება. შინაპატიმრობის დროს ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება. მსჯავრდადებულს, როგორც წესი, სპეციალური აპარატურა უმაგრდება მარცხენა ქვედა კიდურზე. აპარატურა 5000 ლარის ღირებულებისაა და მსჯავრდადებულს მისი დაზიანების შემთხვევაში ეკისრება 5000-ლარიანი გადასახადი. ამ გადასახადისგან თავისუფლდება მხოლოდ არასრულწლოვანი (გადასახადი მის მშობლებს ეკისრება) და სოციალურად დაუცველი პირი.
შინაპატიმრობის დროს არსებობს ასევე მეორე სახის, ყოველთვიური გადასახადი, 100 ლარის ოდენობით. 100-ლარიანი გადასახადისგან თავისუფლდება არასრულწლოვანი და სოციალურად დაუცველი პირი. მითითებული გადასახადი განსაზღვრულია აპარატურის დაცვის უზრუნველსაყოფად და თუ აპარატურა არ დაზიანდება, გადახდილი თანხა მსჯავრდადებულს უკან დაუბრუნდება.
არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ენიშნება, მინიმუმ, 6 თვიდან, მაქსიმუმ, 1 წლამდე ვდით, ხოლო სრულწლოვან ნასამართლობის არმქონე პირს – მინიმუმ, 6 თვიდან, მაქსიმუმ, 2 წლამდე ვადით.
სრულწლოვანს შინაპატიმრობა დაენიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გათვალისწინებულია კანონით კონკრეტული დანაშაულისთვის, ხოლო არასრულწლოვანს – ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით.
თუ მსჯავრდადებული თავს აარიდებს შინაპატიმრობას, მაშინ სასჯელი შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
შინაპატიმრობა არ გამოიყენება სამხედრო პირის მიმართ და ოჯახური დანაშაულების დროს მსჯავრდადებულის მიმართ.
▶️ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა
სასჯელის ეს სახე მსჯავრდადებულს უკრძალავს, ეკავოს დანიშნული თანამდებობა სახელმწიფოს სამსახურში და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას. ეს სასჯელი შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის სახით. ძირითადი სასჯელის სახით ინიშნება, მინიმუმ, 1 წლიდან, მაქსიმუმ, 5 წლამდე ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად დანიშვნისას – მინიმუმ, 6 თვიდან, მაქსიმუმ, 3 წლამდე ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდადებულის მიმართ არასაპატიმრო ძირითადი სასჯელია გამოყენებული, მაშინ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევაც აითვლება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან; თუმცა, თუ ძირითად სასჯელად მსჯავრდადებულს თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, მაშინ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაიწყება საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ.
---
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.