სასამართლო გადაწყვეტილებებზე ფართო საზოგადოების მისაწვდომობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია როგორც ინფორმაციის თავისუფლების, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების თვალსაზრისით.[1] ამასთანავე, სასამართლო გადაწყვეტილებების გაანალიზება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მართლმსაჯულების პროცესში დაშვებული ხარვეზების გამოვლენას, პრობლემათა მასშტაბების გაზომვასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას (Evidence based policy). საჯარო ინფორმაცია საზოგადოებისთვის სახელმწიფოს კონტროლის ერთგვარი მექანიზმია. ადამიანის უფლებათა ადვოკატებისთვის კი კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, როგორც პრაქტიკაზე, მითითება, ხშირად მნიშვნელოვან არგუმენტს/მტკიცებულებას წარმოადგენს სამართალწარმოების პროცესში. გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი ხელს უწყობს ამა თუ იმ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა სასამართლო გადაწყვეტილებებზე მისაწვდომობა,[2] მიუხედავად „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებული რეგულაციისა, რომლის თანახმადაც ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს.[3]
ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რომ საჯაროდ მისაწვდომი უნდა იყოს, ეს საკითხი საკამათო არ არის, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც დახურულ სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება? დახურულ სხდომაზე მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ შეიძლება გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი? ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც განიხილავს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელს თავად სამტრედიის რაიონული სასამართლოს წინააღმდეგ.[4]
დავის მოკლე მიმოხილვა:
ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2021 წლის ნოემბერში სამტრედიის რაიონული სასამართლოსგან შემდეგი საჯარო ინფორმაცია მოითხოვა:
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ორგანიზაციას ნაწილობრივ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, აცნობა შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან“ ხონის მაგისტრატ სასამართლოში შესული შუამდგომლობების რაოდენობა და დაკმაყოფილების მაჩვენებელი, თუმცა ორგანიზაციას უარი ეთქვა ხონის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებების ასლების მიწოდებაზე. უარის თქმის მიზეზად მიეთითა პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დაცვის მიზანი.
PHR-მა დამატებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და დააზუსტა, რომ გადაწყვეტილებების ასლების გადაცემას პერსონალური მონაცემების დაცვით ითხოვდა. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ კვლავ უარი განაცხადა სასამართლოს გადაწყვეტილებების გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი განიხილებოდა დახურულ სასამართლო სხდომაზე. დამატებით მიუთითა, რომ მხარეთა საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფარვის შემთხვევაშიც არსებობდა მხარეთა იდენტიფიცირების საფრთხე.
2022 წლის აპრილში PHR-მა სამტრედიის რაიონული სასამართლოს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს [kh1] და ითხოვა, სასამართლომ მიაწოდოს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა დღემდე არცერთი სხდომა არ [kh2] ჩანიშნულა.
სამართლებრივი შეფასება
ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.[5]
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი, თუ იგი არ არის პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია. ინფორმაციის თავისუფლება გულისხმობს მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად და არა ნაწილობრივ გაცემას.
მოცემულ შემთხვევაში სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ორი საფუძველი მიუთითა: 1. მოთხოვნილი გადაწყვეტილებების დახურულ სხდომაზე განხილვა. 2. პირადი საიდუმლოების გახმაურების თავიდან აცილება.
1. საქმის განხილვა დახურულ სხდომაზე
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.[6] აღნიშნული ნორმა გულისხმობს, რომ როგორც ღია, ასევე დახურულ სხდომაზე განხილულ საქმეზე გადაწყვეტილება საჯაროა. საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა განამტკიცებს სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპს.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საქმის განხილვის საქვეყნოობის წესს [kh3] განამტკიცებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიც (მუხლი 13).
„მართლმსაჯულების საჯაროობა არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლო სხდომის ღიაობას. ეს ნიშნავს მთელი პროცესის და მისი ყველა მონაწილის ქმედებათა გამჭვირვალობას, მათ შორის - სასამართლო გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობას და მისი გაცნობისა და შეფასების უზრუნველყოფას. სასამართლო არა სხდომაზე, არამედ ხშირ შემთხვევაში სწორედ წერილობით გადაწყვეტილებაში უთითებს მთავარ არგუმენტებსა და დასაბუთებას. ხოლო გადაწყვეტილების გაცნობა და შეფასება საზოგადოებისათვის სწორედ მართლმსაჯულების კონკრეტული სუბიექტის პერსონიდან გამომდინარე შეიძლება იყოს საინტერესო.“" („ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 1/4/693,857; 12/06/2019).
სასამართლო გადაწყვეტილებათა საჯაროობასა და სხდომათა ღიაობასთან დაკავშირებით არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. კერძოდ, საქმეში Case of Pretto and Others v. Italy (Application no. 7984/77; §21) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გათვალისწინებულ სხდომათა საჯაროობის პრინციპს ეწინააღმდეგება ისეთი პრაქტიკა, როდესაც სამართალწარმოება სასამართლოში (administration of justice) მიმდინარეობს ფარულად, შესაბამისი საჯარო კონტროლის არარსებობის პირობებში. გადაწყვეტილებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სამართალწარმოების საჯაროობის პრინციპის დაცვა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ნდობის არსებობას მმართველობის სასამართლო შტოს მიმართ და წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ მიღწეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის უმნიშვნელოვანესი მიზანი - სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვა.
სამართალწარმოების, მათ შორის, სხდომათა საჯაროობის საკითხებს ეხება ადამიანის უფლებათა კომიტეტის N32 ზოგადი კომენტარი, რომელიც აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ სხდომების ღიაობა, და იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული ინტერესის დაცვის მიზნით სხდომა დაიხურება, სასამართლო გადაწყვეტილება, მტკიცებულება და სამართლებრივი დასაბუთება უნდა იყოს საჯარო. აქედან გამონაკლისია, როდესაც არასრულწლოვნის ინტერესები სხვაგვარად მოითხოვს ან საქმე ეხება განქორწინებასა და მეურვეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.[7]
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს უარი პერსონალურ მონაცემთა დაცვით გადაწყვეტილებების ასლების გადმოცემაზე, არ შეიძლება გამართლდეს საკითხის დახურულ სხდომაზე განხილვის არგუმენტით, რადგან ეს ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებულ სასამართლოს საქმიანობის საჯაროობის პრინციპს.
2. პერსონალური მონაცემების დაცვის მიზანი
ცხადია, სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ავტომატურად არ გულისხმობს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ხელყოფას. სწორედ ამიტომ კანონმდებლობა განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დაცვას სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჯაროებაზე უარის თქმის გარეშე.
დღეის მდგომარეობით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლი ადგენს იმ მონაცემების ჩამონათვალს, რომლებიც დაფარული უნდა იყო საჯარო ინფორმაციის სახით სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემისას. თუმცა, 2022 წლის მდგომარეობით, როდესაც PHR-მა სასამართლოს სარჩელით მიმართა, სასამართლო გადაწყვეტილებებში შეტანილი პირის პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საკითხი კანონის შესაბამისად წყდებოდა. აღნიშნული ჩანაწერი გამორიცხავდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე უარის თქმას და მიუთითებდა პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესით, რომელიც განსაზღვრავდა მონაცემთა დეპერსონალიზაციის დეფინიციას: „მონაცემთა იმგვარი მოდიფიკაცია, რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს.“
აღნიშნულ დავაში ორგანიზაციამ მოითხოვა, გადაწყვეტილებების ასლები პერსონალურ მონაცემთა სრული დაცვით გადასცემოდა. ცხადია, არ არის მართებული სასამართლოს არგუმენტაცია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაფარვის მიუხედავად, მაინც მოხდება პირის იდენტიფიცირება. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებები (როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდება) გაიცემა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაფარვით, შეუძლებელი იქნება პირის იდენტიფიცირება ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერით, ქცევის აღწერით და მოსამართლის სამართლებრივი მსჯელობით.
რატომ არის მნიშვნელოვანი მოთხოვნილი გადაწყვეტილებების საჯაროობა?
დღეის მდგომარეობით, შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ არის ერთადერთი დაწესებულება, სადაც სრულწლოვანი პირები, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე თავსდებიან, მაქსიმუმ, 4 წლის ვადით.[8] ფსიქიატრიულ დაწესებულებას უფლება აქვს, დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ თავად მიმართოს ხონის მაგისტრატ სასამართლოს (ტერიტორიული ნიშნით) და მოითხოვოს იძულებითი მკურნალობის ვადის ამოწურვის შემდეგ პირის მოთავსება იმავე დაწესებულებაში, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით.
არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების მაქსიმალური ვადაა 6 თვე,[9] თუმცა საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს შეზღუდვას, ზედიზედ რამდენჯერ შეიძლება მიმართოს სასამართლოს ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ პირის არანებაყოფლობით მკურნალობის მიზნით დაწესებულებაში მოთავსების მოთხოვნით. მაგალითად, თუ პირი სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე იძულებითი მკურნალობის ვადად განესაზღვრა 4 წელი, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“ ყოველ 6 თვეში ერთხელ, შეუზღუდავად, თუნდაც ათეული წლის განმავლობაში, შეუძლია მიმართოს ხონის მაგისტრატ სასამართლოს და მოითხოვოს პირის არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით კვლავ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დატოვება.
მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლო ერთადერთი სასამართლოა საქართველოში, რომელიც PHR-ის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ფლობს, ვინაიდან ტერიტორიული ნიშნით ხონის მაგისტრატ სასამართლოს ექვემდებარება აღნიშნულ საკითხზე შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან“ შესული შუამდგომლობების განხილვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ 5 წლის განმავლობაში - 2017 წლიდან 2021 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში - არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ უარი თქვა ფსიქიატრიული დაწესებულების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. [10]
ვინაიდან პირის არანებაყოფლობით მკურნალობის მიზნით სტაციონარში მოთავსების საკითხი ყოველთვის დახურულ სხდომაზე განიხილება, სასამართლო გადაწყვეტილებებზე მისაწვდომობის შეზღუდვის პირობებში საზოგადოება და მეთვალყურე (watchdog) ორგანიზაციები ვერასდროს შეძლებენ ამ კატეგორიის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის მონიტორინგს. სასამართლო გადაწყვეტილებების გასაიდუმლოება საზოგადოებას ართმევს სასამართლოს კონტროლის შესაძლებლობას, რაც ამცირებს სასამართლოსადმი ნდობას.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ არ შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, რომლის დამუშავებაც საჭიროა საჯარო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. კერძოდ, მნიშვნელოვანია, შეფასდეს არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების საკითხზე სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა და საკითხისადმი მგრძნობელობა. ასევე, გაანალიზდეს არსებული სასამართლო პრაქტიკა, ხომ არ ხდება იძულებით მკურნალობის ვადის ამოწურვის შემდეგ იმავე პირის მიმართ ადმინისტრაციული მექანიზმის ბოროტად გამოყენება და თავისუფლების შეზღუდვა.
ავტორი: ანა თავხელიძე
--------
[1] Follow-up opinion to four previous opinions concerning the organic law on common courts, European Commission for Democracy through Law (Venice Commission), March 14, 2024,§ 47; available at: https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2023)006-e
[2] სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა: პროგრესი და საკვანძო გამოწვევები, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), 2024 გვ. 4-7; ანგარიში ხელმისაწვდომია: https://idfi.ge/public/upload/Analysis/Accessibility%20of%20Geo.pdf
ამასთანავე, 2020 წლის აპრილის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებები აღარ გამოქვეყნებულა ვებ გვერდზე: https://ecd.court.ge/Decision.
[3] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 13, ნაწილი 31 ;
[4] საქმე N060310022005704401
[5] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 17-18
[6] საქართველოს კონსიტიტუცია, მუხლი 62
[7] Human Rights Committee, General Comment No. 32, Article 14: Right to equality before courts and tribunals and to a fair trial, U.N. Doc. CCPR/C/GC/32 (2007),§ III
[8] საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 191, ნაწილი 21
[9] საქართველოს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ,“ მუხლი 18
[10] სამტრედიის რაიონული სასამართლოს წერილი N1158, 24/11/21