სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს საზღვარგარეთ, 10-ზე მეტ ქალაქში საარჩევნო უბნების შექმნაზე

22.10.2024

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ გამოხატა. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ადამიანია რეგისტრირებული. საბოლოოდ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. თუმცა მოქალაქეები მოითხოვდნენ მეტი საარჩევნო უბნის გახსნას, მათი გეოგრაფიული არეალის გაფართოების გათვალისწინებით.

ცესკომ 11 ოქტომბერს გამოცემული განკარგულებით, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების რაოდენობა 60-დან 67-მდე გაზარდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უბნები ახალ ქალაქებში ამუშავდა. ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის გამო მეორე საარჩევნო უბანი გაიხსნა 7 ქალაქში (ნიუ-იორკი, ბერლინი, ბარსელონა, რომი, ათენი, სალონიკი, პარიზი) მდებარე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარგლებში. შესაბამისად, ცესკომ ამ გადაწყვეტილებით, მოქალაქეების მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლო - მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლების რეალიზების შესაძლებლობა იმ ქალაქებში სურდათ, რომლებშიც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ითხოვდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბერს გამოცემული განკარგულების N191/2024  ბათილად ცნობას და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას. მოსარჩელის ინტერესებს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი თამარ კორძაია.

ცესკოს განკარგულება, რომლის ბათილად ცნობასაც მოსარჩელე ითხოვდა, ეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნების შექმნას. კერძოდ, ცესკოს  თავდაპირველი გადაწყვეტილებით არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში ჯამში 60 საარჩევნო უბანს უნდა ემუშავა, მათგან 55 საარჩევნო უბანი შეიქმნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული 55 უბნიდან, უკრაინაში 3 უბანი არ გაიხსნება (დარჩა 52 უბანი), 8 ახალი უბანი დაემატა.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის წესი:

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით  ცესკო გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კანონმდებლობის და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ საფუძველზე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა შესაძლებელია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა და არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით სხვა  ქვეყანაში მცხოვრები ამომრჩევლები აღირიცხებიან სპეციალურ საარჩევნო სიაში. ესენი არიან ის ამომრჩევლები, რომლებიც:

ა) კენჭისყრის დღეს დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;

ბ) რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;

გ) არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

ამ პირთა სიას ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა და გადასცემს ცესკოს.

მოსარჩელის არგუმენტები:

მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში გაზრდილი მიგრაციის ფონზე, 60 საარჩევნო უბანი ზედმეტად მცირე რაოდენობაა. აგრეთვე მიუთითებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ დამატებითი უბნების გახსნას, კერძოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის სახელზე შემოსულია მოქალაქეთა განაცხადები საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით. მათ შორის:

  1. ბოსტონი, მასაჩუსეტსის შტატი (აშშ) - ხელს აწერს 51 საქართველოს მოქალაქე;
  2. ლოძი, პოლონეთი- 60 ადამიანის მიერ ხელმოწერილი განაცხადი;
  3. ტორონტო, კანადა- 77 ადამიანის მიერ ხელმოწერილი;
  4. ანტვერპენი, ბელგია- 57 ადამიანის ხელმოწერით განაცხადი;
  5. მაიამი, ფლორიდა - 56 ადამიანის მიერ ხელმოწერილი განაცხადი;
  6. ლეჩე, იტალია - 60 ადამიანის მიერ ხელმოწერილი;
  7. შტუტგარტი, გერმანია - 78 საქართველოს მოქალაქეზე მეტი იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და ითხოვენ საარჩევნო უბნის გახსნას;
  8. ქალაქი ფილადელფია, პენსილვანიის შტატი, აშშ - შესულია 50 პირის მიერ ხელმოწერილი განაცხადი;
  9. 100 ადამიანის მიერ ხელმოწერილი წერილია შესული, ქალაქ ცინცინატიში, ოჰაიოს შტატში მცხოვრები მოქალაქეების მიერ;
  10. ქალაქი არნედო, ესპანეთი- 109 ადამიანის ხელმოწერით რამდენიმე კორესპონდენციაა შესული, სხვადასხვა მოქალაქეთა ჯგუფის მიერ, რომლითაც ითხოვენ საარჩევნო უბნის გახნას;
  11. ვალენსია, ესპანეთი -ორგანიზაცია “პატარა საქართველო ვალენსიაში”-ს მიერ შეტანილია 55 ადამიანის ხელმოწერილი განაცხადი;
  12. ჰამბურგი, გერმანია - 54 ადამიანის მიერ ხელმოწერილი წერილი;
  13. ნეაპოლი, იტალია - 107 ადამიანის მიერ ხელმოწერილი წერილი;
  14. ასევე, არაერთი განცხადებაა შემოსული სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით.

მოსარჩელის მტკიცებით, ცესკომ საზღვარგარეთ უბნების გახსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას არსებული რეალობა არ გაითვალისწინა. კერძოდ როგორც ის განმარტავდა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობა, მხოლოდ 2023 წელს 163.4 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში. ამდენად სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ ცესკოს განკარგულება არ ეფუძნება გამოკვლეულ და შესწავლილ ფაქტობრივ გარემოებებს. უფრო მეტიც, როდესაც თამარ კორძაია ესწრებოდა 2024 წლის 26 სექტემბერს გამართულ ცესკოს სხდომას, აღნიშნული საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, რომ კომისიის წევრებს არ ჰქონდათ სრულყოფილი ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, აგრეთვე მათი რაოდენობის შესახებ  და არ იცოდნენ მათი წერილების შინაარსი. ამის დასადასტურებლად მოსარჩელემ მტკიცებულების სახით სარჩელს დაურთო ცესკოს 2024 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ  საარჩევნო კოდექსი საარჩევნო ადმინისტრაციას არ ზღუდავს, რომ უბნები საკონსულო და დიპლომატიური ერთეულების მიღმაც შექმნას. საარჩევნო კოდექსში არ არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნები აუცილებლად საკონსულო ან დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაში უნდა იყოს განთავსებული. ასევე განმარტავდა რომ ცესკოს მიდგომა - საარჩევნო უბნები გახსნას მხოლოდ საკონსულო და დიპლომატიური ერთეულების შენობებში, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ სხვა ქალაქებში/რეგიონებში (სადაც საქართველოს საკონსულო და დიპლომატიური ერთეულები არაა) ცხოვრობენ, ეზღუდებათ ხმის მიცემის უფლება.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა ცესკოს 2024 წლის 26 სექტემბრის განკარგულების ბათილად ცნობა და მისთვის ახალი განკარგულების გამოცემის დავალება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი სარჩელზე:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პოლიტ. გაერთიანება - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს წარუდგინა შესაგებელი (მოპასუხე მხარის პოზიცია), სადაც ამტკიცებდა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნისადმი უნდა გააჩნდეს მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი და ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. მისი განმარტებით მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, რადგან საარჩევნო კოდექსით სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნები შეიძლება, შეიქმნას მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და კანონი არ ცნობს სხვა პირთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების/წერილების საფუძველზე უბნების გახსნის ვალდებულებას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის 26 სექტემბერს გამოცემული განკარგულება სრულად ეყრდნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს და მიღებულია  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი მოსამართლე სალომე სამხარაძემ განიხილა და 30 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის განკარგულება უცვლელი დატოვა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაში მოცემული სამართლებრივი შეფასება, რომელიც მთლიანად შევსებულია კანონმდებლობიდან სიტყვასიტყვით ციტირებული მუხლებით და თითქმის არ შეიცავს ანალიტიკურ მსჯელობას და მასთან ლოგიკურად დაკავშირებულ დასკვნებს. კერძოდ 12-გვერდიანი დოკუმენტიდან სამართლებრივი შეფასების ნაწილს დაახლოებით 5 გვერდი ეთმობა, რომელთაგან 4 გვერდზე მეტი სხვადასხვა სამართლებრივი აქტების: კონსტიტუციის, საარჩევნო კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ციტირებული მუხლები/პუნქტებია. რის შემდეგაც აღნიშნულია, რომ სამართლებრივ ნორმებზე, ფაქტობრივი გარემოებებსა და სარჩელის შინაარსზე დაყრდნობით „მოსარჩელის განმარტებები უსაფუძვლოა, არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას.“

სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:

სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირი - პოლიტ. გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია სააპელაციო საჩივარში აღწერს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის განხილვის დღეს მომხდარ ფაქტებს. კერძოდ როგორც ირკვევა, 2024 წლის 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსარჩელე მხარე და მოსარჩელის წარმომადგენელი 10 წუთით ადრე იმყოფებოდნენ სასამართლოს შენობაში. იმის გამო, რომ სასამართლოს მანდატურმა მათ სხდომის დარბაზთან დალოდების უფლება არ მისცა და ცრუ ინფორმაცია მისცა - თითქოს შესაბამის დროს სხდომის მდივანი შეიყვანდა დარბაზში, მოსარჩელეებს სხდომაზე დროულად შესვლის და პროცესში სრულყოფილად მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ. შესაბამისად მოსარჩელე მხარემ სათანადოდ ვერ წარადგინა საკუთარი პოზიცია.

სააპელაციო საჩივრის წარმდგენმა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რადგან მოსამართლეს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია, რატომ იყო ცესკოს განკარგულება კანონის შესაბამისად გამოცემული და რა სახის ურთიერთდახმარების ვალდებულება არსებობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის განკარგულების გამოცემამდე. ასევე განმარტა, რომ სასამართლო არც ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევით დაინტერესებულა და ცესკოს აქტის მიზანშეწონილობაზე იმსჯელა მხოლოდ ამ აქტისა და მისი დანართიდან გამომდინარე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე გოჩა დიდავა და მოსამართლეები დავით ახალბედაშვილი, ილონა თოდუა განიხილა პოლიტ. გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმე. სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

--- 

სტატია მომზადდა „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.