25.11.2022

განცხადება მიხეილ სააკაშვილის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით


ხელისმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას და მიგვაჩნია, რომ მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით.

ბოლო დღეეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას. ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებას ადასტურებენ ვიზიტორებიც. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვანი დამძიმების შესახებ დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სამკურნალოდ მისი უცხოეთში გადაყვანა არის “სწორი გზა, სხვა გზა არ არსებობს“. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ხსენებულ განცხადებას პოლიტიკური შინაარსის პასუხები მოყვა, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

ამრიგად, მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს, მიხეილ სააკაშვილის შემდგომი მკურნალობის, მათ შორის - საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროების საკითხზე მსჯელობისას, იხელმძღვანელოს ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რათა სრულად გამოირიცხოს ჯანმრთელობის შემდგომი დამძიმებისა და სიცოცხლის ხელყოფის რისკები.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
პრევენცია პროგრესისთვის;
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
მედიის განვითარების ფონდი;
მწვანე ალტერნატივა;
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი