სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 12 მარტს დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის მიერ 2024 წლის 22 ივლისს წარდგენილი სარჩელი, რომლითაც კაკოჩაშილი ითხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობას და იუსტიციის საბჭოსთვის საბჭოს წევრად თავად მისი (მანუჩარ კაკოჩაშვილის) დანიშვნის დავალებას. ასევე, კაკოჩაშვილმა სასამართლოს მიმართა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების შუამდგომლობით. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს დააკმაყოფილა (იხ. სტატია).
სასამართლოს მიერ კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებით აშკარა გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და გავლენიანი ჯგუფის მიზანი - არ დაეშვათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში მათთვის არასასურველი პირი. ამ მიზნის მისაღწევად კი სასამართლომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების ხელყოფაზეც კი არ დაიხია უკან.
კაკოჩაშვილის სარჩელის სამართლებრივი საფუძველი სრულიად ბუნდოვანია და სასარჩელო მოთხოვნები მყარ სამართლებრივ არგუმენტაციას არ ეფუძნება. სრულყოფილი სასამართლო დავის პირობებში, რაც მტკიცებულებათა გამოკვლევას, მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და პაექრობას მოიცავს, ნათელი გახდებოდა წარდგენილი სარჩელის აბსურდულობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოპასუხე მხარის მიერ საკუთარი სამართლებრივი ინტერესების დაცვა და კანონით განსაზღვრული ყველა პროცესუალური მექანიზმის გამოიყენება მოსარჩელეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლომ საქმის განხილვა იქამდე გააჭიანურა, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა არ ამოიწურა და საქმე არსებითად განიხილა მას შემდეგ, როცა პრეზიდენტის თანამდებობაზე "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. არსებით განხილვაზე მოპასუხე მხარემ - მიხეილ ყაველაშვილის წარმომადგენელმა სარჩელი სრულად ცნო და ორივე სასარჩელო მოთხოვნას დაეთანხმა. ამან კი სასამართლოს შესაძლებლობა მისცა, საქმის განხილვა დაესრულებინა გასაჩივრებული აქტის (წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულების) გამომცემი პირის არგუმენტების მოსმენის, მტკიცებულებების გამოკვლევისა და მხარეთა შორის პაექრობის გარეშე.
მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა სრულად დააკმაყოფილა კაკოჩაშვილის სარჩელი - ბათილად ცნო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება და პრეზიდენტს დაავალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნა. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლოს მიერ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევის საგანგაშო პრეცედენტს, რომლის სამართლებრივი საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს.
საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის 1(დ) პუნქტი განსაზღვრავს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას, დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი. კონსტიტუცია ან სხვა საკანონმდებლო აქტი პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის კონკრეტულ პროცედურას არ ადგენს. პრეზიდენტი არ არის შეზღუდული, თავად განსაზღვროს აღნიშნული პროცედურა. შესაბამისად, კანდიდატების შესარჩევად საჯარო კონკურსის ჩატარება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა და არა - კანონისმიერი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, თუკი პრეზიდენტი საჯარო კონკურსის ჩატარებას გადაწყვეტს, მას აქვს თავისუფლება, შექმნას საკონკურსო კომისია და თავად განსაზღვროს კომისიის შემადგენლობა. მოსარჩელის მტკიცება საკონკურსო პროცედურების დარღვევისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ სრულიად უსაფუძვლოა.
თავის მხრივ, სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია კაკოჩაშვილის დანიშვნის დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაც. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს ანიჭებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი წევრის დანიშვნის უფლებას, კანდიდატის შერჩევისა და დანიშვნის პროცედურების დარღვევის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული შეიძლება წარმოშობდეს შედეგების გაუქმების და ახალი პროცედურის დაწყების ვალდებულებას. აღნიშნული არავითარ შემთხვევაში არ ქმნის სადავო კონკურსში მონაწილე რომელიმე პირის დანიშვნის ვალდებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დავის საგანს არ წარმოადგენს ის საკითხი, რომ მოსარჩელე სხვა კონკურსანტებზე მეტად შეესაბამება მოცემულ თანამდებობას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ პრეზიდენტისთვის კონკრეტული პირის იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშვნის დავალება სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციის დარღვევა.
სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თუკი გასაჩივრების უფლება არ იქნება გამოყენებული, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ შედის ძალაში.
მიხეილ ყაველაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას არ დაელოდა და მანუჩარ კაკოჩაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა 2025 წლის 19 მარტს, მაშინ როდესაც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება ფორმალურად ჯერ კიდევ ძალაში იყო.
----------
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.