2024 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელის საფუძველზე შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად გამოცხადებული საჯარო კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომელსაც რეკომენდაცია გაუწია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ.
მიმდინარე წლის 22 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ 2020 წელს დანიშნული წევრის თამარ ღვამიჩავას თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა, რაც ახლადდანიშნული წევრის უფლებამოსილების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაურკვეველი ვადით აჩერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი არამოსამართლე წევრის საქმიანობის დაწყების შესაძლებლობას და იუსტიციის საბჭოს ისევ არასრული შემადგენლობით ტოვებს, როგორც ეს 2021-2023 წლებში იყო. 2021 წლის ივნისიდან, მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თითქმის 2 წლის განმავლობაში არასრული შემადგენლობით, 10 წევრით იღებდა გადაწყვეტილებებს, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც რაიონულ/საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეების და მოსამართლეების დანიშვნაა.
მიუხედავად იმ კრიზისული ვითარებისა, რაც იუსტიციის საბჭოს არასრულით შემადგენლობით იყო გამოწვეული, საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების არჩევას არ ჩქარობდა. პარლამენტმა მხოლოდ 1,5 წლის შემდეგ - 2022 წლის დეკემბერში გამოაცხადა საჯარო კონკურსი საბჭოს წევრების შესარჩევად. საბოლოოდ, პარლამენტის მიერ 2023 წლის მაისში - 3 წევრის, ხოლო ოქტომბერში 2 წევრის არჩევით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დაკომპლექტდა. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას შეემატნენ წევრები, რომელთაგან არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია კრიტიკული შეფასება და ინიციატივა სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ან სისტემური ხედვა სასამართლოს რეფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. მეტიც, ახალი წევრების მჭიდრო კავშირს სასამართლოს გავლენიან ჯგუფთან არაერთი ფაქტორი ადასტურებს. შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი არამოსამართლე წევრების არჩევით მინიმალურადაც არ გაუმჯობესებულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სტანდარტები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე არამოსამართლე წევრები, როგორც წესი, უხმოდ ეთანხმებიან საბჭოს გადაწყვეტილებებს.
ცხადია ეს მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს არ ეხებათ, იგივე შეიძლება ითქვას პრეზიდენტის მიერ 2020 წელს დანიშნულ წევრთან - თამარ ღვამიჩავასთან დაკავშირებითაც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მონიტორინგის განმავლობაში თამარ ღვამიჩავას არათუ განსხვავებული აზრი არ დაუფიქსირებია სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ შეკითხვაც კი არ დაუსვამს, ისე უჭერდა მხარს კენჭისყრაზე წარმოდგენილ საკითხებს (იხ. ბლოგი - მდუმარების 2 წელი). გარდა ამისა, საზოგადოებას ვერც მისი საჯარო განცხადებები ემახსოვრება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დიდი ხანია საჯაროობისა და გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტსაც აღარ იცავს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვალდებულებას აკისრებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის სხდომის ოქმების და საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ გვერდზე. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებული პირებს მოთხოვნის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დიდი ხანია აღნიშნულ ვალდებულებებს აღარ ასრულებს:
ამ ყოველივეს დაემატა ის, რომ მიმდინარე წლის აპრილში საბჭომ სხდომის დაწყებამდე შენობაში შესვლა აუკრძალა სხდომაზე დასასწრებად მისულ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხოლო ივლისში საერთოდ აღკვეთა საბჭოს სხდომებზე დასწრება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის საკანონმდებლო წესი ვერ უზრუნველყოფს არამოსამართლე წევრების ეფექტიან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხოლო კოლეგიური ორგანოს მუშაობის პრინციპები იმთავითვე გამორიცხავს ერთი წევრის მიერ პროცესზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მიუხედავად ამისა ახალი არამოსამართლე წევრის ფაქტორი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით საბჭოს საქმიანობის საჯაროობის ნაწილში. ამ მხრივ ახალ არამოსამართლე წევრს შეეძლო:
ყოველივე ამის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არ დაუშვას მის შემადგენლობაში ისეთი წევრი, რომელიც გარკვეულწილად ხელს შეუშლის მათ მიერ არადემოკრატიული და გაუმჭვირვალე გზით საქმიანობის გაგრძელებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაც (განჩინება) სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება. ის საქართველოს პრეზიდენტს ართმევს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და ზიანს აყენებს სასამართლოს რეპუტაციას.