2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად 12 რეკომენდაციის შესრულება განუსაზღვრა. წინამდებარე მასალაში განვიხილავთ მე-11 პირობას, რომელიც საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენებას ეხება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა მე-11 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება მალევე დაიწყო - ევროკომისიის რეკომენდაციების წარმოდგენიდან დაახლოებით 2 თვეში.
ამ პირობის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, გასული წლის აგვისტოს თვეში, საკანონმდებლო პაკეტი მომზადდა. აღნიშნულ ინიციატივას საბოლოოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და არც ერთი არ აღმოჩნდა წინააღმდეგი.
ცვლილებები შეეხო ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს და მთელ რიგ სხვა სამართლებრივ აქტებს; თუმცა, წინამდებარე სტატიაში თქვენს ყურადღებას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე მივაპყრობთ.
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებები მოკლედ:
ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე დაფუძნებით, 2023 წლის 1 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საშტატო ნუსხის შესახებ განკარგულებაში შეიტანა ცვლილებები, რის შედეგადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ანალიტიკური სამსახური შეიქმნა.
ანალიტიკური სამსახურის შექმნის საჭიროება არ იდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რადგან ეს საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 14 სექტემბრის განკარგულებით უკვე იყო განსაზღვრული, მანამდე კი ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახური არსებობდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში უკვე წლებია ფუნქციონირებს ანალიტიკური განყოფილება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ხარისხის გაზრდას, მოსამართლეთათვის ანალიტიკური ხასიათის მომსახურების გაწევით. ანალიტიკური განყოფილება ამ მიზნით მიმართავს შემდეგ საქმიანობას:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების თანახმად, ანალიტიკურ სამსახურს უნდა ჰყავდეს სამსახურის უფროსი და სპეციალისტი. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის საშტატო ნუსხა, ისევე, როგორც შრომის ანაზღაურება განსხვავდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსაგან:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკურ დეპარტამენტში არსებობს 3 კონსულტანტის საშტატო პოზიცია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ანალოგიურ დეპარტამენტში კონსულტანტის საშტატო ერთეული საერთოდ არ არის გათვალისწინებული. განსხვავებულია თბილისის სააპელაციოს სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო, რომელიც მეტია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამსახურის უფროსთან შედარებით.
ანალიტიკური დეპარტამენტის დაკომპლექტებაზე ზრუნვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის მარტში დაიწყო და სამსახურის უფროსისა და სპეციალისტის პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობებს შორის მითითებულია მენეჯერული და ანალიტიკური ფუნქციები. კანდიდატს მოეთხოვება, სულ მცირე, ბაკალავრის დიპლომი და 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
რაც შეეხება სპეციალისტის პოზიციას, ძირითადი ფუნქციების სახით განსაზღვრული აქვს ანალიტიკური საქმიანობა, მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინის შესწავლა, ანალიზი და თარგმნა. სამსახურის უფროსის მსგავსად, სპეციალისტსაც მოეთხოვება ბაკალავრის ხარისხი და 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
საგულისხმოა, რომ ფუნქციების ფართო სპექტრის პარალელურად, მოთხოვნათა ჩამონათვალი ბევრად მოკრძალებულია. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს დამატებითი მოთხოვნების სახით განსაზღვრული ჩანაწერი უცხო ენის ცოდნის შესახებ:
სასურველია ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენების ცოდნა.
ანალიტიკური სამსახურის შექმნის მთავარი მიზანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაცნობა-დამუშავება, განზოგადება და მათი ქართულ ენაზე თარგმნაა. ამასვე მიუთითებს ვაკანსიებზე გამოცხადებულ საკონკურსო პირობებში სამუშაოს აღწერილობითი ნაწილი. ცხადია, ამ ფუნქციების შესრულება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის – ინგლისურის ან ფრანგულის ცოდნის გარეშე შეუძლებელი იქნება. ანალოგიურად, ენის ცოდნას მოითხოვს ანალიტიკური სამსახურის კიდევ ერთ ფუნქცია – საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინის შესწავლა, ანალიზი და თარგმნა; შესაბამისად, რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება, ეს სამუშაო შეასრულოს ისეთმა საჯარო მოხელემ, რომელსაც სასამართლო უცხო ენის ცოდნას სავალდებულო მოთხოვნად არ უყენებს.
ევროკომისიის რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც განსაზღვრავს საქართველოს შემდგომ სტატუსს, ჯეროვნად და მაღალი ხარისხით უნდა შესრულდეს. საკანონმდებლო დონეზე გატარებული ცვლილებების პარალელურად, მათი პრაქტიკაში იმპლემენტაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.