სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ევროპული კომისიის პრეზიდენტს

26.09.2023

მის აღმატებულება ურსულა ფონ დერ ლეიენს
ევროპული კომისიის პრეზიდენტს

18 სექტემბერი, 2023, თბილისი

ქალბატონო პრეზიდენტო ფონ დერ ლეიენ,      

ევროპას ქართველი ხალხის გულსა და მისწრაფებებში საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ის წარმოადგენს საქართველოს, როგორც ისტორიულ არჩევანს, ისე საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რისი საბოლოო მიზანიც ევროპის კავშირში (ევროკავშირში) გაწევრიანებაა. ამ გზაზე ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთა. ისტორიული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და განუსაზღვრა 12 პრიორიტეტის სია, რომლის შესრულებაც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ისინი მიზნად საქართველოს დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს.

ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია. რასაკვირველია, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, აღნიშნა, მნიშვნელოვანი სამუშაო რჩება შესასრულებელი.

საქართველოში ვიზიტისას, ბატონმა ბორელმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ძლიერ ევროპულ მისწრაფებას და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ამასთან, პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რაც მიჩნეული უნდა იყოს, როგორც „ეროვნული ძალისხმევა, რომელიც საჭიროა, პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა იდგეს“. მან მოუწოდა ქართველ ლიდერებს, არ გაუშვან ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ მოიპოვონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა“ და რომ „ევროკავშირს სურს, იხილოს საქართველოს წარმატება მის ევროპულ გზაზე“. მართლაც, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ, როგორც თქვენ აღნიშნეთ ევროპული პარლამენტისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მოახლოებასთან ერთად 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის ძალისხმევის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ პროცესმა, ევროკავშირში გაწევრიანების ეროვნული მიზნის მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს მომენტში, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა გააერთიანოს.

ევროინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმები კომპლექსური პროცესია, რომელიც მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაწევით, ევროკავშირს შეუძლია მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპული რეფორმების დღის წესრიგს და მნიშვნელოვნად გააძლიეროს საქართველოს ერთგულება მიზნისადმი, თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირის კრიტერიუმებით განსაზღვრულ სტანდარტებთან.

მოცემულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს წინაშე სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევებია. ამ დროს კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მეტი ძალისხმევა გასწიოს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვიმედოვნებთ, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. ეს იქნება საქართველოს ისტორიული არჩევანის აღსრულებაში კიდევ ერთი ეტაპი, შეასრულებს კატალიზატორის როლს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში და განამტკიცებს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას.

პატივისცემით,

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) 
საქართველოს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)      
კავშირი საფარი       
ღია საზოგადოების ფონდი საქართველო (OSGF)
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდი (GFSIS)