ერთი დღე რუსთავის საქალაქო სასამართლოში

24.10.2023

რუსთავში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩასვლა მარტივია, მაგრამ სასამართლომდე მისვლა – არცთუ ისე. გაჩერებასთან ვდგავართ და ყველა გამვლელს ვეკითხებით, რომელი ავტობუსი მიგვიყვანს სასამართლომდე. არავინ იცის, ყველა ვარაუდით გვპასუხობს: შეიძლება ეს ნომერი ან ის, ან არაფერი.

ტაქსიში ვსხდებით და რამდენიმე წუთში უკვე რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობასთან ვართ. 

პირველივე, რასაც ვამჩნევთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილი პარკირების სივრცეა, განსხვავებით გორის რაიონული სასამართლოსგან. ამ ფაქტის გამო უკვე კეთილგანწყობით შევდივართ შენობაში, შესასვლელში კი მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის სპეციალური ბილიკი გვხვდება, რაც კიდევ უფრო გვახარებს.

მანდატურს ვუხსნით, რომ რომელიმე ღია/საჯარო სხდომაზე დასწრება გვინდა, ის კი გვპასუხობს: „კი, ბატონო, შემიძლია, შემოგთავაზოთ ღია ცის ქვეშ სხდომა, ღია დარბაზში...“ და აგრძელებს ხუმრობას, სანამ პირადობები არ გავუწოდეთ. 

„აქეთ მობრძანდით, მეორე სართულზე რამდენიმე წუთში დაიწყება სხდომა“, – გვითხრა ბოლოს, ამჯერად ხუმრობის გარეშე, მაგრამ მაინც დააყოლა – „და ბილეთები გაქვთ?“ ცოტა დაბნეულებმა შევხედეთ ერთმანეთს, სანამ გავაცნობიერეთ, რომ ისევ ხუმრობდა. არაფერი გვიპასუხია, კიბეებს შევუყევით, მანდატურმა ისევ მოგვაძახა, ზემოთ სიმპათიური ბიჭი დაგხვდებათ, დაცვის თანამშრომელია და აბა, თქვენ იცითო.

განსახილველი საქმე ოჯახში ძალადობას ეხებოდა. ამ ჯერზეც საკმაოდ უცნაური ადვოკატი იყო ჩართული. დაცვის მხარე და ბრალდებული რამდენიმე მცდელობის შემდეგ ჩამოყალიბდნენ, რომ ბრალდებული ბრალს აღიარებდა. ცხადი იყო, მას აღიარებას, საპროცესო შეთანხმების გაფორმების იმედად, ადვოკატი „აიძულებდა“, რადგან, სანამ ადვოკატთან კონსულტაციას გაივლიდა, ბრალდებული ამბობდა, რომ არ იყო დამნაშავე და, უბრალოდ, „მოფერებით გაარტყა ხელი ცოლს.“

საბოლოოდ, მოსამართლემ სადავოდ ცნო მტკიცებულებები, რადგან ბრალდებული ვერ ჩამოყალიბდა, აღიარებდა თუ არა ბრალს და ადვოკატს შენიშვნა მისცა, რომ მოსამართლის თვალწინ, სხდომის დარბაზში კლიენტთან მსგავსი მოლაპარაკებების გამართვა, სულ მინიმუმ, უხერხული იყო.

სხდომის დარბაზიდან გამოსულებს  საპირფარეშოსთვის პირველ სართულზე ჩასვლა არ მოგვიწია. საპირფარეშო მეორე სართულზეც იყო, ცოტა შელახული, მაგრამ მთავარია, ფუნქციონირებდა.

პირველ სართულზე ჩასვლამდე კედლებს ვათვალიერებდით; ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლებოდა კედლებზე გამოკრული ბრძანებების, განცხადებებისა თუ უახლესი სტატისტიკიდან.

სასამართლოს შენობაში საბავშვო სივრცეც იყო, მხარეთა სამუშაო ოთახებიც, თუმცა ყველაზე მეტად, ალბათ, ის უნდა აღინიშნოს, რომ აშკარად ბევრი იფიქრეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რადგან სპეციალური ბილიკის, საპარკინგე სივრცისა და პანდუსის გარდა, ხელმოსაწერად ადაპტირებული მაგიდაც კი იდგა სასამართლოს შესასვლელშივე.  

მომდევნო სხდომის შესახებ  საინფორმაციო ეკრანიდან გავიგეთ, რომელიც, მცხეთის რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით,  მუშაობდა. მეტიც, მოცემული იყო დეტალური ინფორმაცია, თუ რომელი სხდომა მიმდინარეობა, რომელი იქნებოდა მომდევნო და რომელი დასრულდა. გარდა ამისა, შესასვლელშივე იყო გამოკრული მთელი კვირის განმავლობაში განსახილველი საქმეების ჩამონათვალი, დროისა და დარბაზის მითითებით. 

თუ არც ეს იქნებოდა საკმარისი საჭირო ინფორმაციის მისაღებად, სასამართლოს შენობის შესასვლელში განთავსებული პერსონალური კომპიუტერის გამოყენება ნებისმიერ პირს შეეძლო. ნებისმიერს, რადგან კომპიუტერის გვერდით გამოკრულ ინსტრუქციაში დეტალურად იყო ახსნილი, როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენება. 

და ესეც რომ არა, დაინტერესების შემთხვევაში საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი შესასვლელშივე მოგაწვდიდათ ინფორმაციას როგორც სხდომების, ასევე სხვა საკითხის შესახებ. რამდენიმე კითხვა ჩვენც დავუსვით, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მივიღეთ, თან ზედმეტი გამოძიების გარეშე, ვინ ვიყავით და რას ვაკეთებდით.

უკვე ძალიან გვიან იყო, თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით და ამიტომ მეტ სხდომას ვეღარ დავესწრებოდით. ავტობუსის გაჩერებამდე ფეხით ვიარეთ; შორს ნამდვილად არ ყოფილა.

ავტობუსში ჩავსხედით, თბილისში ვბრუნდებით, თან იმ თარჯიმანზე ვფიქრობ, რომელიც ასე სწრაფად, მოსამართლის საუბრის პარალელურად თარგმნიდა მის ნათქვამს. მართალია, ერთობლივი საუბრის გამო, თითქმის არაფერი  მესმოდა, მაგრამ ბრალდებულისთვის იყო მნიშვნელოვანი, ყველაფერი ზუსტად და მაშინვე გაეგო, რასაც ეს თარჯიმანი უზრუნველყოფდა.

და ჰო, ბოლოს – ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იმედგაცრუებული დავრჩი, დაცვის თანამშრომელი იყო, შენობის შესასვლელშივე რომ დაგვხვდა და ხან მთელი გულით გვიქებდა სხვა მანდატურებს, მათ ვიზუალს, ხანაც ღია ცის ქვეშ სხდომაზე დასწრება გვთავაზობდა. შესაძლოა ეს "ხუმრობები" პრობლემური სულაც არ ჩანდეს, მაგრამ როდესაც ხვდები, რომ კონკრეტულ ხუმრობას მხოლოდ იმიტომ ისმენ, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ხარ, ძალიან უსიამოვნოა.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა