ბრიფინგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით

18.05.2023

საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

პირველ რიგში მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან, რომელშიც შედის 9 მოსამართლე წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული 5 არამოსამართლე წევრი და პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრი. 

გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი არაფერი იცვლება, მცდარია შემდეგი გარემოების გამო: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არამოსამართლე წევრს თამარ ღვამიჩავას უფლებამოსილების ვადა 2024 წლის ივლისში ეწურება. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, მისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში მოუწევს ღვამიჩავას ნაცვლად ერთი ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნა. 

არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ე.წ. კლანს არ აქვს გარანტია იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ დანიშნავს თანამდებობაზე ისეთ პირს, რომელიც ღვამიჩავას მსგავსად, იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრების გადაწყვეტილებებს დაუჭერს მხარს. გამომდინარე აქედან, 17 მაისს კლანისადმი ლოიალურად განწყობილი კადრების არჩევა სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფისა და პოლიტიკური ხელისუფლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. საქმე ის არის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მოსამართლე წევრების მხარდაჭერა (9 ხმა) საკმარისი არ არის საკვანძო გადაწყვეტილებების მისაღებად. მას წევრთა არანაკლებ 2/3-ის (10 ხმა) თანხმობა სჭირდება. ამიტომ ე.წ. კლანისადმი ლოიალურად განწყობილი არამოსამართლე წევრების არჩევით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას უკვე აქვს გარანტირებული ხმათა რაოდენობა, მიუხედავად იმისა, დანიშნავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი კლანისადმი ლოიალურ კადრს, როგორც ეს 2020 წელს მოხდა. 

შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული წესრიგი მყარად შენარჩუნდება. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ ნიშნავს, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3. ანალოგიურად, სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით წარუდგენს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებსაც. გარდა ამისა, 2/3-ით იღებს სხვა არაერთ გადაწყვეტილებას, რომელთა შორისაა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხი და დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება.