2022 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, ადგილობრივ ადვოკატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა გაჭიანურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რის შემდეგაც სასამართლოს გუშაგების ქსელის მორიგი შეხვედრა შედგა.
სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს შორის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება სასამართლოს გადატვირთულობის საკითხი, რომელიც აფერხებს დროული და ხარისხიანი მართლმსაჯულებით სარგებლობას.
სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგია ითვალისწინებდა ამ პრობლემის მოგვარების სისტემურ გზებს, თუმცა სამწუხაროდ, სტრატეგიის დებულებები ფურცელზე დარჩა განუხორციელებლად.
ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში არაერთი გაჭიანურებული სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეა, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას და რიგ შემთხვევებში მართლმსაჯულების განხორციელებას აზრს უკარგავს.
სასამართლოს გუშაგების ქუთაისის ქსელის შეხვედრებზე ადვოკატებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან არაერთხელ აღინიშნა მოსამართლეების დატვირთულობის პრობლემისა და სასამართლოში გაჭიანურებული საქმეების თაობაზე.
საქმეთა გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი საერთო სასამართლოების სისტემაში შეუვსებელი ვაკანსიებია, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი რაოდენობის მოსამართლეებს არ ნიშნავს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ აისახება სხვადასხვა რეგიონების სასამართლოებზე, სადაც ტენდენციაა, რომ მოსამართლეები თბილისში ან თბილისთან ახლომდებარე ქალაქებში გადადიან სამუშაოდ.
სასამართლოში საქმეთა დიდ ნაკადს ემატება იუსტიციის საბჭოს არამიზნობრივი გადაწყვეტილებები მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით და მოსამართლეთა კონკურსის წესის გარეშე დანიშვნები, რაც არ ემსახურება მოსამართლეთა განტვირთვას, უფრო პირიქით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრირების არაგონივრულობაზე მიუთითებს 2022 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებაც. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დააწინაურა. საბჭოს მხედველობაში არ მიუღია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დატვირთულობა, სადაც მალხაზ ჩუბინიძე ახორციელებდა სამოსამართლო უფლებამოსილებას. გასულ წლებშიც არაერთხელ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევები, როდესაც საქმეთა სიმრავლის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისე იღებდა გადაწყვეტილებას, რომ არ სწავლობს ადგილობრივ დონეზე არსებულ საჭიროებებს.
ადგილობრივი სასამართლოებიდან თბილისში მდებარე სასამართლოებში მოსამართლეების კონკურსის გარეშე გადაყვანა იწვევს საქმეთა განხილვის გაჭიანურებას და საპროცესო ვადების დარღვევას.
მაგალითად, სასამართლოს გუშაგის ქსელის წევრის ინფორმაციით, მოსამართლემ ერთ-ერთი საქმე წარმოებაში მიიღო 2019 წლის ნოემბერში, ხოლო მისი განხილვა დაასრულა 2022 წლის თებერვლის თვეში; ხოლო, კიდევ ერთი საქმე, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან ორსულის სავარაუდო დისკრიმინაციას შეეხებოდა, წარმოებაში მიიღო 2019 წლის აგვისტოში, ხოლო განხილვა დაასრულა 2021 წლის 30 ივნისში. გარდა ამისა, ასევე ხშირია სისხლის სამართლის საქმეების გაჭიანურების მაგალითები.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაშთად დარჩენილი საქმეები, ანუ რომელთა განხილვაც არ დასრულებულა, სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში 42%-ია, სისხლის საქმეთა კოლეგიაში - 37% და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში - 56%.
ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებასთან პირდაპირაა დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთება, სადაც განსაკუთრებული როლი მოსამართლეებთან ერთად მათ თანაშემწეებს აქვთ. შესაბამისად სასამართლოში საქმეთა სიმრავლე არამხოლოდ მოსამართლეს ამყოფებს დატვირთულ რეჟიმში, არამედ თავად სასამართლოში დასაქმებულ პირებსაც, განსაკუთრებით კი თანაშემწეებს. ამ უკანასკნელთა უპირველესი ფუნქციაა მოსამართლისათვის საქმის მომზადება სხდომაზე განსახილველად, ისევე როგორც გადაწყვეტილებების/განჩინებების/განაჩენების პროექტებზე მუშაობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეებს სამუშაო აღწერილობით მიხედვით 18 სახის ფუნქცია აქვთ, ხოლო შრომის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია. გარდა ამისა კითხვას აჩენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განსხვავებული დამოკიდებულება ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოების მოსამართლის თანაშემწის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2022 წლის 18 იანვრის განკარგულების თანახმად, მოსამართლის თანაშემწის თანამდებობრივი სარგო თბილისის საქალაქო სასამართლოში 2090 ლარს შეადგენს, ხოლო ქუთაისისა საქალაქო სასამართლოში - 1650 ლარს. გაუგებარია, რას ეფუძნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიდგომა, როდესაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების თანაშემწეებისთვის უფრო დაბალი თანამდებობრივი სარგოს ითვალისწინებს, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეებისთვის.
შესაბამისად, მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაათანაბროს სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა გაჭიანურებების აღმოსაფხვრელად.