ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლო ხელისუფლებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ ბრიფინგი გამართა

23.07.2022

სასამართლო სისტემაში საკადრო თუ სხვა სახის ცვლილებები საზოგადოებისგან ფარულად, გაუმჭვირვალე პროცესებით მიმდინარეობს.  იუსტიციის უმაღლესი საბჭო და  სასამართლოები მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციას არათუ პროაქტიულად, ინფორმაციის გამოთხოვის შედეგადაც არ ასაჯაროებენ. 

„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სასამართლო ხელისუფლების მიერ ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა გამოკვეთა:

• იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მაქსიმალურად შეამცირა იმ ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე, რომელიც პროაქტიულად უნდა ქვეყნდებოდეს
• იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლოები, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულნი არიან, საჯარო ინფორმაცია გასცენ დადგენილ ვადებში, ხშირ შემთხვევაში უარის შესახებ პასუხსაც კი აღარ აგზავნიან.
• ამის პარალელურად, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა კომუნიკაცია საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირებთან, სასამართლო სისტემის სხვადასხვა რგოლში.
• თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი აღმოჩნდა, რომ პირი, რომელმაც საჯარო ინფორმაცია უნდა გასცეს, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის, სერგო მეთოფიშვილის შვილი ნატალია კალანდია. მან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გაგზავნილ მარტივ შეკითხვაზე – როგორია თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა – მონაცემები არ მოგვაწოდა.

ასევე, ნატალია კალანდიას ორგანიზაციისთვის მონაცემები არ მიუწოდებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის/მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძისა და რამდენიმე სხვა მოსამართლის მიერ განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ.  

• იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღესაც არ გამოუქვეყნებია და არ მოუწოდებია (მოთხოვნის მიუხედავად) ის გადაწყვეტილებები, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეების გადანიშვნას შეეხება. ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება ნათელს მოჰფენდა იმ პრობლემას, რომ რამდენიმე მოსამართლისთვის ვადის გაგრძელება პროცედურების გვერდის ავლით მოხდა, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჟამად არასრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ „სასამართლოს გუშაგის“ მიერ ბოლო დროს გაგზავნილ შეკითხვებს მხოლოდ უზენაესმა სასამართლომ, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და რუსთავის საქალაქო სასამართლომ უპასუხეს.  

შესაბამისად,  ერთი მხრივ აშკარაა, რომ დარღვეულია კანონით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები, ხოლო, მეორე მხრივ, უდიდეს სირთულეს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირება. სამუშაო საათებში ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორებიც არიან: იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოები ოფიციალურ ვებგვერდებზე მითითებულ სატელეფონო ნომრებზე ზარს არ პასუხობენ. 

„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია ლექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების რაოდენობის, სასამართლოებისა და ინდივიდუალური მოსამართლეების დატვირთულობის,  მოსამართლეთა დანიშვნისა და სხვა ისეთი საკითხების შესახებ, რომლებსაც სასამართლო ხელისუფლება მიმართვის გარეშეც უნდა ამუშავებდეს და ასაჯაროებდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხები სრულად განეკუთვნება საჯარო ინფორმაციის კატეგორიას, სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი თავს არიდებს არაერთ ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხის გაცემას, რაც ცხადყოფს, რამდენად ჩაკეტილი და გაუმჭვირვალეა დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემა.

ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდისაკენ. გამჭვირვალობის გარეშე  საჯარო დაწესებულებების საქმიანობის „საზოგადოებრივი კონტროლი“ შეუძლებელია. ამასთანავე, ინფორმაციის საჯაროობა და გამჭვირვალობა ხელს უწყობს მოქალაქეების ნდობის ჩამოყალიბებასა და გაზრდას. სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება უპირველეს ყოვლისა სასამართლო ხელისუფლების ზრუნვის საგანი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხრივ პრობლემები ისედაც მრავლად არის.