საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა, მისი წარმომადგენელი გამხდარიყო CEPEJ-ს ვიცე-პრეზიდენტი

08.12.2022

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ), რომლის შემადგენლობაში 46 წევრი ქვეყანა (და მათ შორის, საქართველო) შედის,  დაარსდა 2002 წლის 18 სექტემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციით -  Resolution Res(2002)12. CEPEJ-ის მიზანს წარმოადგენს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და საქმიანობის გაუმჯობესება. 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად CEPEJ  აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს; განსაზღვრავს შეფასების ინსტრუმენტებს; ამზადებს ანგარიშებს, სტატისტიკურ მონაცემებს, საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვას, გაიდლაინებს, სამოქმედო გეგმებს, მოსაზრებებსა და ზოგად კომენტარებს; ამყარებს კონტაქტებს სხვადასხვა ჯგუფთან და სხვ. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ მის საქმიანობაში მონაწილეობას იღებს აგრეთვე, ევროკავშირიც.

CEPEJ-ის პროცედურის მიხედვით, კომისიის ძირითად ორგანოს წარმოადგენს ბიურო, რომელიც დაკომპლექტებულია 4 წევრისგან - 2 ბიუროს წევრი-ექსპერტი, 1 პრეზიდენტი და 1 ვიცე-პრეზიდენტი.  CEPEJ ირჩევს პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს ხმის უფლების მქონე წევრი სახელმწიფოს მიერ დანიშნული ექსპერტებიდან. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აირჩევიან ორი წლით. ისინი შეიძლება ხელახლა აირჩიონ კიდევ ერთხელ.

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ბიუროს წევრი შემდგომში შესაძლოა აირჩიონ კომისიის ვიცე-პრეზიდენტად ან პრეზიდენტად, რასაც მოწმობს 2010, 2014, 2019 და 2022  წლის არჩევნები, როდესაც მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ან ბიუროს წევრები აირჩიეს კომისიის პრეზიდენტად, აგრეთვე, 2014, 2016 და 2021 წლებში - ბიუროს წევრი აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად.

2016 წლიდან მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში საქართველოს წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაქური, 2021 წლის იანვრიდან კი ის იკავებდა კომისიის ბიუროს  წევრის პოზიციას. მისი უფლებამოსილების ვადა  CEPEJ-ში, მინიმუმ, 2024 წლამდე მაინც უნდა გაგრძელებულიყო. ამის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით (№850, 27/07/2022), დამტკიცდა საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი და გამოცხადდა ახალი კონკურსი.  აღსანიშნავია, რომ ნინო ბაქაქურისთვის კონკურსის გამოცხადების შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი. მიმდინარე წლის სექტემბერში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კვოტით CEPEJ-ის წევრი ქეთევან ცინცაძე გახდა.

ქეთევან ცინცაძის არჩევამდე კომისიის ბიუროს შემადგენლობაში, რომელიც 4 წევრისგან შედგება, შედიოდა საქართველოს წარმომადგენელი, ნინო ბაქაქური, როგორც ექსპერტი (პრეზიდენტი იყო აზერბაიჯანის წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი - მალტის, და კიდევ ერთი ექსპერტი - ესპანელი მოსამართლე).

2022 წლის 7 დეკემბერს 39-ე პლენარულ შეხვედრაზე კომისიის პრეზიდენტად აირჩიეს  მალტის წარმომადგენელი, ხოლო ხორვატიის წარმომადგენელი - ვიცე-პრეზიდენტად. 

CEPEJ-ის პრაქტიკისა და მიდგომის გათვალისწინებით, თუ საქართველოს მხარე არ ჩაანაცვლებდა ნინო ბაქაქურს ახალი წევრით - ქეთევან ცინცაძით,  საქართველოს წარმომადგენელს ექნებოდა რეალური შანსი, დაეკავებინა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის  ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. 

CEPEJ-ის წესდების ან პრაქტიკის თანახმად, ქეთევან ცინცაძე ავტომატურად ვერ ჩაანაცვლებდა ნინო ბაქაქურს ბიუროს წევრის პოზიციაზე. ბიუროს წევრად არჩევა დიდწილად დამოკიდებულია კომიტეტში მუშაობის გამოცდილებაზე, აქტიურობასა და სხვა ფაქტორებზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ის, რომ საქართველომ დაკარგა შანსი გამხდარიყო CEPEJ-ს ვიცე-პრეზიდენტი.

ამ თემაზე, საქართველოს სასამართლოს გუშაგი ესაუბრა მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის ყოფილ წევრს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ნინო ბაქაქურს, რომელმაც აღნიშნა, რომ:

„CEPEJ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანო, მართლმსაჯულების კუთხით, ვინაიდან ის აფასებს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის მდგომარეობას და ამზადებს შესაბამის დოკუმენტებს. ევროპის საბჭოსთვის აღნიშნული ორგანო დიდი დატვირთვის მქონეა. საქართველოს ინტერესებში იყო CEPEJ-ის ვიცე-პრეზიდენტობა (თუ ასე მოხდებოდა), ვინაიდან ეს თანამდებობა ეხმარება ევროსაბჭოში წევრი ქვეყნისა და მისი მართლმსაჯულების სისტემის უკეთ წარმოჩენას, ასევე, თვით კომისიის საქმიანობის გააქტიურებას საქართველოში. მაგ., მალტამ, რომლის წარმომადგენელიც ვიცე-პრეზიდენტი იყო, 2022 წლის ივნისში უმასპინძლა CEPEJ-ის პლენარულ სხდომას, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა მასპინძელი ქვეყნისთვის და ასეთ ღონისძიებებს მართლმსაჯულების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებითი როლი აქვს“.


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: ანა ჩიქოვანი