ევროკავშირში ინტეგრაციის განაცხადის პასუხად ევროკომისიამ 2022 წლის 17 ივნისს საქართველოსთვის განსაზღვრა 12 პუნქტისაგან შემდგარი პრიორიტეტული ამოცანები, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
ამ სავალდებულო წინაპირობებიდან ერთ-ერთია მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ფართო, ინკლუზიური და პარტიათა შორის კონსულტაციის საფუძველზე.
ევროკომისიამ გამოყო მიმართულებები, რომელთაც რეფორმა უნდა ეხებოდეს, ესენია:
- მართლმსაჯულების მთლიანი ჯაჭვის სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა;
- ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება (განსაკუთრებით აღნიშნულია უზენაესი სასამართლო);
- მოსამართლეთა ნომინირების ყველა ეტაპზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრა (საუბარია, ასევე, გენერალურ პროკურორზეც);
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევა.
ევროკომისიამ მიუთითა, რომ ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
2022 წლის 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე. კანონპროექტის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი მომზადებულია სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შექმნა და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთ-ერთის შესრულებას ისახავს მიზნად (სამწუხაროდ, „საქართველოს სასამართლოს გუშაგს“ არ მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში).
სტატიაში განვიხილავთ წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისობას ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ამოცანებთან, სასამართლოს ნაწილში. კერძოდ, აღწერილია, რომელი რეკომენდაცია გაითვალისწინეს კანონპროექტის ავტორებმა და რომელი არა.
რა სიახლეს გვთავაზობს საქართველოს პარლამენტი მართლმსაჯულების მთლიანი ჯაჭვის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად?
დამოუკიდებლობა
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა მოიცავს როგორც მთლიანად სასამართლო სისტემის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ხელისუფლების სხვა შტოებისგან (ხელისუფლების დანაწილების პრინციპი), ისე სასამართლო სისტემის შიგნით ცალკეული ორგანოების ავტონომიურობასა და მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. ვენეციის კომისია არაერთ დასკვნაში ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის თითოეულ ასპექტს. ბოლო დასკვნაში (2022 წლის 20 ივნისი) საუბარია იმ ფაქტორებზე, რომლებიც შესაძლოა, პირდაპირ გავლენას ახდენდეს მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაზე. ჩვენც ამ ეტაპზე ყველაზე პრობლემურ საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც ორგანულ კანონში გასულ წელს შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია.
ესენია: მოსამართლეთა მივლინების წესი, მოსამართლის საქმისგან ჩამოცილების საფუძველი, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სხვ.
ვენეციის კომისიის მოსაზრებით, მოსამართლეთა მივლინების დღეს მოქმედი წესი საფრთხეს უქმნის მოსამართლის დამოუკიდებლობას და სხვაგვარად უნდა ჩამოყალიბდეს. კერძოდ, კანონი მოსამართლის მივლინებასთან დაკავშირებით უნდა ითვალისწინებდეს:
- უფრო ნათელ და ვიწრო კრიტერიუმებს;
- მივლინების ლეგიტიმური მიზნით გამართლებას;
- უფრო ხანმოკლე ვადას;
- მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გამოყენების შესაძლებლობას.1
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმიდან ჩამოცილების ზოგიერთი საფუძველი ზედმეტად ფართო და ბუნდოვანი ჩანს და უნდა შეიცვალოს.
2მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძველი – „მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით“ საფრთხეს უქმნის მოსამართლის დამოუკიდებლობას, რადგან ტერმინი – „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“ ნაკლებად კონკრეტულია და, შესაბამისად, ფართოდ ინტერპრეტაციის და გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
3მოცემული საკითხებიდან არც ერთი არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილი კანონპროექტით. კერძოდ, ის არაფერს ცვლის, არც მოსამართლეთა მივლინების წესთან, არც მოსამართლის საქმისგან ჩამოცილების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალ საფუძვლებთან დაკავშირებით. ამდენად, ვენეციის კომისიის ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციები, რომელთა შესრულება მნიშვნელოვანია მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ამ ეტაპისთვის არ სრულდება.
გარდა ამისა, წარმოდგენილი კანონპროექტი არ გვთავაზობს სხვა ისეთ ცვლილებებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით იქნებოდა მნიშვნელოვანი.
ანგარიშვალდებულება
მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ევროპული სტანდარტები გულისხმობს ანგარიშვალდებული სასამართლოს ჩამოყალიბებას, სასამართლოს სისტემისა და მისი ცალკეული ორგანოების დამოუკიდებლობასა და ძალაუფლების სათანადო ბალანსის არსებობას. დემოკრატიული ანგარიშვალდებულების მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპული სტრუქტურების დოკუმენტებში არაერთხელ მოხვედრილა.
კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლო აქტების მისაწვდომობის ახლებურ რეგულირებას. კერძოდ, ორგანულ კანონს ემატება ახალი თავი, რომელიც აწესრიგებს სასამართლო აქტის სრული ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას იმ პირზე, რომელსაც იმავე სასამართლო აქტის სრული ტექსტის მიღება საქართველოს სხვა სამართლებრივი ნორმების საფუძველზე არ შეუძლია და იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტმა სასამართლოს ანგარიშვალდებულების ნაწილი ამით ამოწურა, და ამ მიმართულებით სხვა ცვლილებებს არ გვთავაზობს, თუმცა სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულება ბევრად უფრო ფართო საკითხია და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.
მოსამართლეთა დანიშვნისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნომინირების ყველა ეტაპზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.
პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის, ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მთლიანი პროცესი (საბჭოს მიერ კონკურსის გამოცხადების ეტაპიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) და მასთან დაკავშირებული ხარვეზები არაერთხელ გამხდარა ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპული სტრუქტურების კრიტიკის ობიექტი. არაერთი მოწოდება არსებობს აღნიშნული ხარვეზიანი წესის შეცვლასა და იმგვარად მოწესრიგებაზე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მოსამართლეთა დანიშვნას დამსახურების საფუძველზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მხოლოდ
მცირედით აუმჯობესებს რამდენიმე ცალკეულ საკითხს.
რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გამოცხადების წესი
კერძოდ, ინიციირებული კანონპროექტით, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლი რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების ვადას აწესებს, რაც ამ დრომდე განსაზღვრული არ ყოფილა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება მოსამართლეების ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადოს ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 და წარმოშობიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
საქართველოს სასამართლოს გუშაგი მიესალმება ამ სიახლეს, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის სექტემბერში აღნიშნავდა ამ პრობლემას სტატიაში – „რატომ არ ივსება მოსამართლეთა ათეულობით ვაკანტური ადგილი?“. საუბარი იყო მოსამართლეთა ვაკანსიებზე კონკურსის გამოცხადების ვადების დადგენის აუცილებლობაზე: „იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის ვალდებული, წინასწარ მიიღოს ზომები მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, მაშინ გამოაცხადოს კონკურსი, როდესაც თავად მიიჩნევს საჭიროდ.“ სასამართლოს გუშაგი მიიჩნევს, რომ ეს სიახლე სათანადო აღსრულების პირობებში დადებით გავლენას მოახდენს, მოსამართლეთა ვაკანტური ადგილების შევსების თვალსაზრისით.
გასაჩივრების წესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში
„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 343-ე მუხლს ემატება ახალი პუნქტი, რომლის თანახმად, თუკი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა დაადგენს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო, მისი მიდგომა დისკრიმინაციული იყო ან/და მან გადაამეტა კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რამაც „დაარღვია კანდიდატის უფლებები“, ან საფრთხე შეუქმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას“, ეს წევრი საბჭოს მიერ საკითხის ხელახალ განხილვაში აღარ მიიღებს მონაწილეობას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და საბჭოს დარჩენილი წევრების არჩევა
კანონპროექტი არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არათუ ფუნდამენტურ რეფორმირებას, არამედ რაიმე სახის მნიშვნელოვან ცვლილებასაც კი საბჭოს დაკომპლექტების წესთან, უფლებამოსილებასა თუ საქმიანობასთან დაკავშირებით.
კანონპროექტი არ შეიცავს არც ერთ ნორმას, რომელიც რაიმე ფორმით გაზრდიდა საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის სტანდარტებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიციირებულ კანონპროექტში, ძირითადად, წარმოდგენილია ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლებიც შინაარსობრივად არ ცვლის ორგანული კანონით დადგენილ წესებს. შეცვლილია ამა თუ იმ მუხლის სტრუქტურა და კონკრეტული საკითხები ერთი მუხლიდან მეორეშია გადატანილი, საკითხის არსის ცვლილების გარეშე. აღნიშნული კანონპროექტი უმეტესად ცვლილებების იმიტაციას ქმნის და არ ემსახურება ევროინტეგრაციის მიზნებს – სასამართლო სისტემის რეფორმირებას რეკომენდაციების შესაბამისად.
სქოლიო
1. European Commission for Democracy Through Law (Venice Commission); June 20, 2022; Opinion No. 1077/2022; Par. 43
2. იგივე; Par. 48
3. იგივე; Par. 62
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
ფოტო: freepik.com