სასამართლო, როგორც სამართლიანი არჩევნების გარანტი

15.10.2024

საარჩევნო პროცესის სანდოობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი ეფექტიანი სასამართლო კონტროლია. თუმცა მანამ სანამ არჩევნების სამართლებრივი დაცვის  სისტემაზე ვისაუბრებთ, განვიხილოთ სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა.

სამართლიანი არჩევნები

დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. სამართლიანობა არსებითი ელემენტია და  თავის მხრივ მოიცავს  ინკლუზიურ, თანასწორ და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს, რომლის გარეშე დემოკრატია და მისი პრინციპები თავისი არსით, დაირღვევა და ვერ იარსებებს. 

არჩევნების სამართლიანობის დაცვა ხშირად რთულია. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების როლი. კერძოდ,  ამომრჩეველთა ხმების დაცვის, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებისა და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საქმეში არსებითი მნიშვნელობა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხორციელებულ სამართლიან მართლმსაჯულებას აქვს. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა უკეთ იქნება უზრუნველყოფილი ეფექტიანი პოლიტიკური დემოკრატიის პირობებში. რაც მათ შორის სახელმწიფო უწყებების და ინსტიტუციების მიუკერძოებლად და პროფესიულად მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოიხატება. კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება არა მხოლოდ იცავს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას, არამედ პრევენციულ როლსაც ასრულებს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისა და განმტკიცებისათვის.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. მისი როლი მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული დავების გადაწყვეტას, არამედ საარჩევნო პროცესის მთლიანობის დაცვას, ამომრჩეველთა ნების პატივისცემის უზრუნველყოფას და დემოკრატიული პრინციპების დაცვას. სასამართლო წარმოადგენს მთავარ გარანტს, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის კანონიერებას და სამართლიანობას. 

საარჩევნო დავების განხილვისა და გადაწყვეტის ძირითადი პრინციპები წარმოდგენილია როგორც საქართველოს კანონმდებლობაში, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში. ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ განსაზღვრულია ის ძირითადი სტანდარტები  და პრინციპები, რომლებიც საარჩევნო დავებზე სასამართლოს ეფექტურობას, მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობას და  გამჭვირვალობას უკავშირდება.

საარჩევნო დავების სამართლიანი, მიუკერძოებელი და ეფექტური განხილვის წინაპირობას სწორედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს, სადაც მოსამართლეები დაცულები არიან პოლიტიკური ზეწოლისგან და მათი გადაწყვეტილებები ეფუძნება კანონსა და ფაქტებს. 

2024 წლის არჩევნები და სასამართლოს ლაკმუსის ტესტი

საქართველოს გამოცდილება აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა აქტიურად  ერთვება როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდში.  საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპების დასაცავად, მიმართავენ სასამართლოებს (მაგ: 2020 და 2021 წლის საარჩევნო პერიოდი), თუმცა ხშირ შემთხვევაში საარჩევნო დავების განხილვა ფორმალიზებულ ხასიათს ატარებს, არასწორად ხდება საარჩევნო კანონდებლობის განმარტება და დავების დაკმაყოფილების მაჩვენებელი  დაბალია. 

სისტემური გამოწვევებია თავად სასამართლო სისტემაშიც. მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსებზე უსამართლო გადაწყვეტილებები და სასურველი პირების შერჩევა, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის პრინციპების უგულვებელყოფა, მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიების ხელყოფა, კლანური მმართველობა, რა თქმა უნდა უნდობლობას აჩენს სასამართლოსადმი და ჩნდება არგუმენტირებული კითხვები მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის კუთხით.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფარგლებში 9 პრიორიტეტული მიმართულებიდან ორი სწორედ სამართლიან არჩევნებს (მე-4) და მართლმსაჯულების ყოვლისმომცველ რეფორმას  (მე-6) უკავშირდებოდა. თუმცა ამ დრომდე ხელისუფლებას “9 ნაბიჯის” შესრულებისთვის არსებითი ქმედებები არ განუხორციელებია. 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გაგრძელების გზაზე. არსებითია საარჩევნო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით არჩევნების ჩატარება ახალ გამოწვევებს ქმნის. სასამართლოებმა უნდა შეძლონ ტექნიკური მტკიცებულებების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება რთულ ტექნოლოგიურ საკითხებზე. 

საბოლოო ჯამში, ეფექტური სასამართლო კონტროლი არის გარანტია იმისა, რომ არჩევნები რეალურად ასახავს ამომრჩევლის ნებას და ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცებას. მხოლოდ ძლიერი, დამოუკიდებელი და კომპეტენტური სასამართლო სისტემა შეძლებს უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნები და ხალხის ნების ჭეშმარიტი გამოხატვა. თუმცა ისმის კითხვა რამდენად დაიცავს სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პრინციპებს და  ჩააბარებს თუ არა ის ლაკმუსის ტესტს?

ირმა პავლიაშვილი