სასამართლოს დუმილი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე

08.03.2024

    ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება საქართველოში. ძალადობის შემთხვევების შემცირების მოლოდინს არც სტატისტიკა იძლევა. საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, 2014-2022 წლებში ქალთა მკვლელობის 186 ფაქტი, ხოლო ქალთა მკვლელობის მცდელობის 129 შემთხვევა დაფიქსირდა. 

    ქალთა მკვლელობა / მკვლელობის მცდელობა მონაცემები by Salome Kvirikashvili

    ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა კომპლექსური თემაა, რომელიც მრავალ ელემენტსა და სოციალურ-ეკონომიკურ-კულტურულ განზომილებებს მოიცავს. ბუნებრივია, ამ თემებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა დღეს შევეცდებით, მხოლოდ სასამართლოს როლზე, კიდევ უფრო კონკრეტულად კი – ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციულ სამართლებრივ მექანიზმზე, დამცავ ორდერზე გავამახვილოთ ყურადღება. 

    უმჯობესია, დასაწყისშივე აღინიშნოს, რომ, დამცავი ორდერის გარდა, სამართლებრივი დაცვის მექანიზმია შემაკავებელი ორდერიც, რომლის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილებას პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი იღებს. თუმცა, რადგან ჩვენი ინტერესის სფერო სასამართლო და მისი როლია, დამცავ ორდერზე ვკონცენტრირდებით, რადგან ამ უკანასკნელის შემთხვევაში სწორედ სასამართლო გვევლინება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოდ.

    დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

    კანონის თანახმად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, მსხვერპლის ოჯახის წევრს ან/და, მსხვერპლის თანხმობით, სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, ხოლო არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

    დამცავი ორდერი გამოიცემა 9 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო. ასევე, სასამართლო წყვეტს დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შეცვლის საკითხს. დამცავი ორდერის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ორდერის მოქმედების პერიოდში და დამატებით არა უმეტეს 3 თვით, თუ არსებობს საფრთხე მსხვერპლის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

    მნიშვნელოვანია კანონის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, მსხვერპლისა და მოძალადის შერიგება არ აფერხებს დამცავი ორდერის გამოცემას და არ იწვევს მის გაუქმებას, თუ ჯერ კიდევ არსებობს მსხვერპლის ან მისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის საფრთხე ან ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი ეწინააღმდეგება მსხვერპლის ოჯახის სხვა წევრთა (განსაკუთრებით – არასრულწლოვანის) ინტერესებს.

    დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:

    • მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;
    • მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;
    • მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს;
    • მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის;
    • მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
    • მოძალადის არასრულწლოვანისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;
    • მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
    • მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;
    • მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;
    • მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
    • მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
      სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.

    იმის გათვალისწინებით, თუ რა იქნება განსაზღვრული დამცავი ორდერით, ბუნებრივია, ის შეიძლება, ქმედითი და ეფექტიანი საშუალება იყოს ძალადობის მსხვერპლის დაცვისთვის, ისევე როგორც ძალადობის პრევენციისთვის.

    შესაბამისად, სასამართლოს განუზომლად დიდი როლი აქვს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამგვარ საქმეებზე მიღებული სამართლიანი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებები მოძალადისგან მსხვერპლის დაცვას უზრუნველყოფს.

    სასამართლოსადმი მსხვერპლის და, ზოგადად, მოქალაქეების ნდობა, რომ მათ საქმეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო შესაბამის ვადებში, ეფექტიანად განიხილავს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გაბედულების მიმცემი აღმოჩნდეს მსხვერპლისთვის მოძალადის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების პროცესში.

    თუმცა, როგორ ცდილობს სასამართლო ნდობის ჩამოყალიბებას ან მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდას?

    ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდს გადავავლეთ თვალი. ვებგვერდზე, კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევების ნაწილში, 2 ნაშრომს ვხვდებით, ესენია:

    1. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები (დამცავი ორდერები)
    2. საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ოჯახში ძალადობის საქმეებში.

    ბუნებრივია, კვლევები შეიძლება, სასარგებლო რესურსი იყოს თემით დაინტერესებული პირებისთვის, თუმცა ამგვარი სამართლებრივი ტერმინებით დატვირთული კვლევები რთულად ასრულებენ მოქალაქეებამდე მარტივი და გასაგები ენით ინფორმაციის მიტანის ფუნქციას.

    უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე კი მსგავსი სახის ინფორმაციული ნარატივი, რომელიც შესაძლოა, სასარგებლო იყოს მსხვერპლისთვის/პოტენციური მსხვერპლისთვის, არ გვხვდება. მათ შორის – მსხვერპლის დაცვის რა ბერკეტები არსებობს სასამართლოში, რა არის დამცავი ორდერი, ვის და როგორ შეუძლია მიმართოს მსხვერპლმა, როგორ მოიძიოს ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, ან თუნდაც სტატისტიკა, რომელიც პოტენციურ მსხვერპლს დაარწმუნებს, რომ სასამართლო უფლებების და მოძალადისგან დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია.

    აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს ძველ ვებგვერდზე, სტატისტიკის ნაწილში, განთავსებული იყო ოჯახში ძალადობის სტატისტიკა, რომელიც მოიცავდა განვლილ წლებში გამოცემული დამცავი ორდერებისა და სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილი განაჩენების შესახებ ინფორმაციას. თუმცა, გარდა იმისა, რომ 2018-2021 წლების პერიოდის არასრული მონაცემები იყო წარმოდგენილი წლების მიხედვით, თავად ინფორმაციის შინაარსიც არასრული იყო. მაგალითად, სტატისტიკა არ მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიც შეიძლება იყოს: თუ რამდენმა პირმა მიმართა სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით; პირველი ინსტანციის მიერ გამოცემული რამდენი დამცავი ორდერი გასაჩივრდა სააპელაციო წესით, მათ შორის, რამდენი დამცავი ორდერი გაუქმდა; მსხვერპლის ან მოძალადის ასაკობრივი კატეგორია (მათ შორის, არასრულწლოვანთა რაოდენობა).

    თუმცა, უზენაესი სასამართლოს ახალ ვებგვერდზე, როგორც ჩანს, ადგილი არასრული სტატისტიკისთვისაც არ მოიძებნა და მიმდინარე (2024 წლის 8 მარტი) მონაცემებით, ვებგვერდზე სტატისტიკის ველში ახალ მონაცემებს ვერ ვხვდებით.

    რაც შეეხება სხვა აქტივობებს, უზენაესი სასამართლოს ვებგვრდზე განთავსებული სიახლეებიდან ირკვევა, რომ 2020 წელს სასამართლო შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიან კამპანიას, რომელიც მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ, ადამიანის უფლებათა კვირეულის და ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გამართა ონლაინშეხვედრა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის მექანიზმები“. მონაწილეებმა სტუდენტებს გააცნეს ანალიტიკური განყოფილების კვლევები.

    ბუნებრივია, მსგავს კამპანიებში სასამართლოს ჩართულობა მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი აქტივობის შესახებ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს მოქმედ ვებგვერდზე მხოლოდ 2020 წელს ფიქსირდება და შემდგომ წლებში მონაწილეობდა თუ არა სასამართლო სისტემა აღნიშნულ კამპანიაში, ინფორმაცია არ იძებნება.

    დავინტერესდით სხვა ქვეყნების გამოცდილებით, ერთ-ერთი მაგალითია ფილიპინების უზენაესი სასამართლო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიას 2023 წელსაც შეუერთდა. სასამართლოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს ყველა თანამდებობის პირს და საჯარო მოხელეს, ქალთა უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით ადვოკატირების პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ. გარდა ამისა, ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ მოსამართლეებიც, რომლებმაც ინსპირაციული მესიჯები გააჟღერეს. 

    ფოტო - იხ. წყარო.

    შეჯამების სახით, სასამართლოებმა, განსაკუთრებით კი, ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში – იქნება ეს დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სტატისტიკის გაზიარება, კვლევების ჩატარება, პრაქტიკის ანალიზი თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მნიშვნელოვანი როლი შეიძლება იტვირთოს საინფორმაციო კამპანიის წარმოებისა თუ ცნობიერების ამაღლების ნაწილში.

    რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ძველ ვებგვერდზე შემორჩენილ 2018-2021 წლების სტატისტიკურ მონაცემებს, ინფორმაციის მიხედვით, 4 წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, 453 დამცავი ორდერი გამოიცა. მსხვერპლი ქალების რაოდენობა 454 იყო, ხოლო მოძალადე კაცების რაოდენობა – 417. ძალადობის ფორმებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული აღმოჩნდა ფიზიკური (122 შემთხვევა) და ფსიქოლოგიური (449 შემთხვევა) ძალადობა; რაც შეეხება გეოგრაფიულ გადანაწილებას, 4 წლის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირი შემთხვევები თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ფიქსირდება.

    სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, უზენაესი სასამართლოს შემდეგ იმ სასამართლოების ვებგვერდებისთვისაც გადაგვეხედა, რომელთა ტერიტორიაზეც,

    სტატისტიკის მიხედვით, ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. 

    • თბილისი: თბილისის საქალაქო სასამართლო;
    • შიდა ქართლი: გორის რაიონული სასამართლო, კასპის მაგისტრატი სასამართლო, ქარელის მაგისტრატი სასამართლო, ხაშურის რაიონული სასამართლო;
    • აჭარა: ქობულეთის მაგისტრატი სასამართლო, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, ქედის მაგისტრატი სასამართლო, შუახევის მაგისტრატი სასამართლო, ხულოს მაგისტრატი სასამართლო.

    მაგისტრატ სასამართლოებს თავიანთი ვებგვერდი არ აქვთ, ამიტომ მხოლოდ საქალაქო (რაიონული) სასამართლოების ვებგვერდებზე შევძელით გვენახა, რა სახის ინფორმაცია იძებნება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ.

    ზემოთ ჩამოთვლილი სასამართლოებიდან არცერთი სასამართლოს ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საინფორმაციო სახის სიახლეები, როგორიც შეიძლება იყოს: ძალადობის შემთხვევაში ვის და როგორ მიმართოს მსხვერპლმა, ინფორმაცია უფასო იურიდიული დახმარების შესახებ, ინფორმაცია დამცავი ორდერის გამოცემის წესის შესახებ... გარდა ამისა, ვებგვერდზე ვერ შეხვდებით ინფორმაციას სასამართლოს მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ, როგორიც შეიძლება იყოს გლობალურ კამპანიასთან შეერთება, ტრენინგი, სემინარი, სტუდენტებთან შეხვედრა და ინფორმაციის გავრცელება.

    ძირითად შემთხვევაში, ერთადერთი ინფორმაცია, რომელსაც სასამართლოების სიახლეების ველში ვხვდებით, სასამართლოს მიერ განხილულ საქმეებს შორის ოჯახში ძალადობის საქმეზე მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილებაა. თუმცა, ეს სიახლეებიც არ გამოირჩევა ინფორმაციულობის ხარისხით ან სიხშირით და წლების განმავლობაში სასამართლოების ვებგვერდებზე სულ რამდენიმე მსგავსი სიახლეა გამოქვეყნებული. 

    • სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მეუღლის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა;
    • ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს;
    • ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში ბრალდებული პირის მიმართ გორის რაიონულმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

    სასამართლოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ მათი უპირველესი ფუნქცია მართლმსაჯულების განხორციელებაა, მათ ასევე შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებას, ცნობიერების ამაღლებას. სასამართლოებს შეუძლიათ, შექმნან და გაავრცელონ საინფორმაციო მასალები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივი შედეგების, ხელმისაწვდომი რესურსებისა და დამხმარე სერვისების შესახებ. ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლოა გამოიყენონ თავად სასამართლოს ვებგვერდები და სოციალური ქსელები. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის მიწოდებას ასევე შეიძლება დაეხმაროს დისკუსიები, ტრენინგები, სემინარები.

    მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულია სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის – გადაწყვეტილებების შესახებ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ლექციები ქალთა უფლებების თემაზე (a. აღვნიშნავთ ქალთა უფლებებს, b. ქალები სამართალში - მომდევნო 100 წელი, c. ქალთა უფლებები მსოფლიოში), სასამართლოს მიერ გამართული გამოფენა თემაზე: ქალები იურიდიულ პროფესიაში). გაერთიანებული სამეფო კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სასამართლომ საკუთარი წვლილი შეიტანოს საინფორმაციო კამპანიების წარმართვის/მათში მონაწილეობის გზით ცნობიერების ამაღლების პროცესში.

    არსებული სტატისტიკის ფონზე სასამართლოს ჩართულობა შესაძლოა არსებითად მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს ქალთა მიმართ დანაშაულის პრევენციისთვის, მსხვერპლთა დაცვისა თუ ზოგადად, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის. 

    -----
    courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

    რედაქტორი: ნაზი ჯანეზაშვილი, ავტორი: სალომე კვირიკაშვილი