სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა – 2014-2022 წლების სტატისტიკური მონაცემები

10.01.2024

სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა ადამიანის უფლებებში ჩარევის საკმაოდ მძიმე ფორმაა და სისხლისსამართლებრივი პროცესის ფარგლებში ბრალდებულის თვითინკრიმინირების დაცვის უფლების მიმართ რისკის შემცველიცაა. როდესაც ფარული მიყურადება ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს, გამოძიებამ შესაძლოა, ბრალდებულს მამხილებელი ინფორმაცია თავად ბრალდებულისგან მოიპოვოს და შემდეგ სისხლის სამართლის პროცესში მის წინააღმდეგ გამოიყენოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლომ დეტალურად შეისწავლოს და შეაფასოს, თუ რამდენად საჭიროა და კანონის ფარგლებში მიმდინარეობს ან მიმდინარეობდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა.

სტატიაში განვიხილავთ, როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისთვის შუამდგომლობით მიმართვისა და ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების სტატისტიკა. ასევე, წარმოდგენილია მონაცემები, რამდენად გაიზარდა სასამართლოსათვის აღნიშნული შუამდგომლობით მიმართვისა და მისი დაკმაყოფილების მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც კიდევ დაემატა ნაკლებად მძიმე დანაშაულის რამდენიმე მუხლი იმ დანაშაულთა კატეგორიას, რომელთა მიმართებითაც შესაძლებელია ფარული სატელეფონო მიყურადების და ჩაწერის განხორციელება.

თავდაპირველად ზოგადად მიმოვიხილოთ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ნორმატიული შინაარსი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის (36) თანახმად, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა არის: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა.

ამავე კოდექსის 1431 მუხლი განსაზღვრავს ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებს, რომლებსაც, მათ შორის, განეკუთვნება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა.
სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ:

  • გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით;
  • აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
  • აუცილებელია ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
  • აუცილებელია უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად;
  • აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;
  • მისი ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედება (ამ შემთხვევაში სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა) ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა;
  • სხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს;
  • მისი ჩატარების ფარგლები (ინტენსივობა) ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის პროპორციულია.

პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, ხოლო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოსამართლის და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

რაც შეეხება ვადის გაგრძელებას, 2022 წლის სექტემბრამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემოდა იმ ვადით, რაც საჭირო იყო გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, კანონი უშვებდა მისი გაგრძელების შესაძლებლობას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს 2 თვისა. გარდა ამისა, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის გაგრძელება შესაძლებელი იყო კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვით, საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ვადის შემდგომი გაგრძელება კი დაუშვებელი იყო.
დღეს მოქმედი რედაქციით, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებაში მითითებული ვადით. აღნიშნული ვადა უნდა იყოს იმ ხანგრძლივობის, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს სამ ეტაპად: 

  • პირველ ეტაპზე ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით ტარდება არაუმეტეს 90 დღის ვადით;
  • მეორე ეტაპზე − ზემდგომი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს 90 დღის ვადით;
  • მესამე ეტაპზე − საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული მოსამართლის განჩინებით, არაუმეტეს 90 დღის ვადით.

სტატისტიკა

სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის შესახებ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში შესული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რაოდენობა, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის ვადის გაგრძელების შესახებ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში შესული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რაოდენობა 2014-2022 წლებში:

2014 წელი 

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე, ჯამში, განხილულია 1074 შუამდგომლობა, აქედან დაკმაყოფილდა 894, რაც, დაახლოებით, 83%-ია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე სხვა ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

2015 წელი

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე, ჯამში, განხილულია 373 შუამდგომლობა, აქედან დაკმაყოფილდა 261, რაც, დაახლოებით, 70%-ია. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 45 (12%) და არ დაკმაყოფილდა 67 შუამდგომლობა (დაახლოებით 18 %).

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ვადის გაგრძელებაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ განხილულია 85 შუამდგომლობა და მათგან დაკმაყოფილდა 72 (დაახლოებით, 85%), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 9 შუამდგომლობა ( დაახლოებით, 10%) და არ დაკმაყოფილდა 4 (დაახლოებით, 5 %). 

2016 წელი

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე, ჯამში, განხილულია 401 შუამდგომლობა, აქედან დაკმაყოფილდა 315, რაც, დაახლოებით, 78%-ია. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30 (დაახლოებით, 7%) და არ დაკმაყოფილდა 56 შუამდგომლობა (დაახლოებით, 14 %). 

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ვადის გაგრძელებაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ განხილულია 79 შუამდგომლობა და მათგან დაკმაყოფილდა 69 ( დაახლოებით, 87%), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3 შუამდგომლობა ( დაახლოებით, 4%) და არ დაკმაყოფილდა 7 (დაახლოებით 9 %). 

2017 წელი

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე, ჯამში, განხილულია 548 შუამდგომლობა, აქედან დაკმაყოფილდა 499, რაც, დაახლოებით, 91%-ია. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22 (დაახლოებით, 4%) და არ დაკმაყოფილდა 27 შუამდგომლობა (დაახლოებით, 5 %).

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ვადის გაგრძელებაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ განხილულია 150 შუამდგომლობა და მათგან დაკმაყოფილდა 130 ( დაახლოებით, 87%), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16 შუამდგომლობა ( დაახლოებით, 11%) და არ დაკმაყოფილდა 4 (დაახლოებით, 3 %). 

2018 წელი

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე, ჯამში, განხილულია 1059 შუამდგომლობა, აქედან დაკმაყოფილდა 927, რაც, დაახლოებით, 87%-ია. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 54 (დაახლოებით, 5%) და არ დაკმაყოფილდა 78 შუამდგომლობა (დაახლოებით, 7 %).

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ვადის გაგრძელებაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ განხილულია 338 შუამდგომლობა და მათგან დაკმაყოფილდა 308 ( დაახლოებით, 91%), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15 შუამდგომლობა (დაახლოებით, 4%) და არ დაკმაყოფილდა 15 (დაახლოებით, 4 %). 

2019 წელი 

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე, ჯამში, განხილულია 1037 შუამდგომლობა, აქედან დაკმაყოფილდა 875, რაც, დაახლოებით, 84%-ია. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29 (დაახლოებით, 3 %) და არ დაკმაყოფილდა 133 შუამდგომლობა (დაახლოებით, 13 %).

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ვადის გაგრძელებაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ განხილულია 325 შუამდგომლობა და მათგან დაკმაყოფილდა 281 ( დაახლოებით, 86%), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29 შუამდგომლობა ( დაახლოებით, 9%) და არ დაკმაყოფილდა 15 (დაახლოებით, 5 %). 

2020 წელი

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე, ჯამში, განხილულია 997 შუამდგომლობა, აქედან დაკმაყოფილდა 915, რაც, დაახლოებით, 92%-ია. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17 (დაახლოებით, 2%) და არ დაკმაყოფილდა 65 შუამდგომლობა (დაახლოებით, 6 %).

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ვადის გაგრძელებაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ განხილულია 235 შუამდგომლობა და მათგან დაკმაყოფილდა 222 ( დაახლოებით, 94%), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 6 შუამდგომლობა ( დაახლოებით, 2%) და არ დაკმაყოფილდა 7 (დაახლოებით, 3 %). 

2021 წელი

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე, ჯამში, განხილულია 1207 შუამდგომლობა, აქედან დაკმაყოფილდა 1055, რაც, დაახლოებით, 87%-ია. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29 (დაახლოებით, 2%) და არ დაკმაყოფილდა 123 შუამდგომლობა (დაახლოებით, 10 %). 

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ვადის გაგრძელებაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ განხილულია 273 შუამდგომლობა და მათგან დაკმაყოფილდა 221 ( დაახლოებით, 81%), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27 შუამდგომლობა ( დაახლოებით, 10%) და არ დაკმაყოფილდა 25 (დაახლოებით, 9 %). 

2022 წელი

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე, ჯამში, განხილულია 1266 შუამდგომლობა, აქედან დაკმაყოფილდა 959, რაც, დაახლოებით, 76%-ია. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 114 (დაახლოებით, 9%) და არ დაკმაყოფილდა 193 შუამდგომლობა (დაახლოებით, 15 % ).

სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ვადის გაგრძელებაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ განხილულია 327 შუამდგომლობა. მათგან დაკმაყოფილდა 235 ( დაახლოებით, 72%), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 64 შუამდგომლობა ( დაახლოებით, 20%) და არ დაკმაყოფილდა 28 (დაახლოებით, 8 %). 



სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014-2022 წლებში სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2015 წელს - დაახლოებით, 70%, ყველაზე მაღალი კი 2020 წელს - დაახლოებით, 92%.

ხოლო, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, დაახლოებით, 72% (2022 წელს), ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი - დაახლოებით, 94% (2020 წელს).

ბოლო ცვლილებების შემდგომ, მხოლოდ 2022 წლის მონაცემებით, რთულია დასკვნის გამოტანა, რამდენად აისახა არსებულ სტატისტიკაზე საკანონმდებლო ცვლილებები, თუმცა ფაქტია, რომ კიდევ უფრო გაფართოვდა იმ დანაშაულთა რიცხვი, რომელთა მიმართებითაც შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და გაიზარდა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ვადაც, რაც ადამიანის უფლებებში ჩარევის ინტენსივობასა თუ სიმძიმეს კიდევ უფრო ზრდის. ამ ვითარებაში სასამართლოს ყველაზე დიდი როლი აქვს, შუამდგომლობის განხილვის და მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით.

-----

courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა