07.06.2023

გაჭიანურებული საქმეები - პრობლემა, რომელსაც სასამართლო ხელისუფლებაც აღიარებს


„სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს...“

საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009

სამართლიანი სასამართლოს უფლების განმარტების ხანგრძლივი პროცესის შედეგად საერთაშორისო თუ ეროვნულმა სასამართლოებმა მკაფიოდ გამოკვეთეს მისი, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტის მნიშვნელობა, განსაზღვრეს ამ უფლების შემადგენელი კომპონენტები და მდგენელი სტანდარტები. ამ პროცესში ერთმნიშვნელოვნად აღიარეს სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელ ნაწილად საქმის გონივრულ ვადებში განხილვის მოთხოვნა. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს: ,,სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც მოითხოვს, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს გონივრულ ვადაში.’’

მართლმსაჯულების გამოწვევებზე მსჯელობისას საქართველოში ერთ-ერთ საკვანძო პრობლემად მოსამართლეთა გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურება სახელდება. ეს საკითხი ხაზგასმულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ყოველწლიურ ანგარიშშიც
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ეროვნული სასამართლოების გადატვირთულობის მიზეზით საქმის განხილვის გაჭიანურებას ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო ვითარებად მიიჩნევს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ციმერმანი და შტაინერი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა დაადგინა მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის გაჭიანურების განმაპირობებელი ფაქტორად სასამართლოების გადატვირთულობა სახელდებოდა. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, საქმის „გონივრულ ვადაში“ განხილვის მოთხოვნა უგულებელყოფილი იყო, ვინაიდან სახელმწიფომ არ მიიღო ადეკვატური ზომები ამ სიტუაციის გამოსასწორებლად. 

მიუხედავად სასამართლოს რეფორმების მთელი რიგი ტალღებისა, სამართალწარმოების გაჭიანურება პრობლემად რჩება; თითქოს მართლმსაჯულების ყველა აქტორი შეეგუა მოცემულობას, რომ საქმეთა განხილვა სასამართლოში უსასრულოდ შეიძლება გაჭიანურდეს. აღსანიშნავია, რომ გაჭიანურებული საქმეები არის ისეთი პრობლემა, რომელსაც უკვე წლებია სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი აღიარებენ.
ჯერ კიდევ 2017 წელს, მოსამართლეთა მე-19 კონფერენციაზე მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა:

„მთავარი გამოწვევა გაჭიანურებული საქმეებია, რაოდენობის გამო. თვეების განმავლობაში დევს. განხილვა ვერ ხერხდება. ეს პრობლემა უნდა დაიძლიოს. საბჭომ ნაბიჯები გადადგა. სხვა ნაბიჯების გადადგმასაც ვაპირებთ.“


2022 წელს, მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემდგომ, ლევან მურუსიძემ კვლავ გაიმეორა წლების წინ ნათქვამი და განაცხადა:

„მთავარი პრობლემა, რომელიც მიმაჩნია, უნდა გამოსწორდეს – ეს არის გადატვირთულობა. საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსახლეობის წინაშე ვიყოთ მართლები, რომ სასამართლო იმუშავებს გამართულად, არ იქნება საქმეების გაჭიანურება“. 


პრობლემის აღიარებისა და მის გადასაჭრელად ნაბიჯების გადადგმის მზადყოფნის გამოხატვის პარალელურად, საინტერესოა, რა იცვლება ამ კუთხით სასამართლო სისტემაში წლიდან წლამდე. მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ)-ს მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, სამართალწარმოების გაჭიანურების პრობლემა წლების განმავლობაში არათუ მოწესრიგდა, არამედ საქმის განხილვის საშუალო ხანგრძლივობა 2010-2020 წლების განმავლობაში, თითქმის უწყვეტად, უფრო და უფრო იზრდება.

CEPEJ-ეს მონაცემები ადასტურებს, რომ 10-წლიანი დროის მონაკვეთში საქმეთა განხილვის საშუალო ხანგრძლივობამ, სამივე კატეგორიის საქმეების შემთხვევაში, მოიმატა.

  • თუ 2010 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო სამართლის საქმეების განხილვის ხანგრძლივობა 94 დღე იყო, ეს მაჩვენებელი 433 დღემდე გაიზარდა 2020 წელს. მეორე ინსტანციაში საქმის განხილვის ხანგრძლივობა 54 დღიდან გაიზარდა 211 დღემდე, ხოლო უზენაეს სასამართლოში საქმეთა განხილვის ვადები 108 დღიდან 297 დღემდე გაიზარდა.
  • მსგავსი ტენდენციაა სისხლის სამართლის საქმეებზეც. თუ 2010 წელს პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის საშუალო ხანგრძლივობა 36 დღე იყო, ეს მაჩვენებელი 126 დღემდე გაიზარდა 2020 წელს, მეორე ინსტანციაში - 28 დღიდან 104 დღემდე, ხოლო მესამე ინსტანციაში - 76 დღიდან 221 დღემდე.
  • როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ყველაზე დიდი დრო ადმინისტრაციული საქმის განხილვას სჭირდება. თუ 2010 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის საშუალო მაჩვენებელი 36 დღე იყო, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 440 დღემდე გაიზარდა; მეორე ინსტანციაში - 43 დღიდან 253 დღემდე, ხოლო მესამე ინსტანციაში -135 დღიდან 387 დღემდე. 

წლების განმავლობაში საქმეთა განხილვის ვადების ზრდის პარალელურად სავარაუდოა, რომ იმატებს სასამართლოში შესულ საქმეთა რაოდენობაც, თუმცა, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ ბოლო, 2018-2020 წლების, მონაცემებს დავეყრდნობით, სასამართლოში რეგისტრირებულ საქმეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მუდმივად არ იზრდება. მეტიც, სამოქალაქო საქმეების შემთხვევაში 2018-2020 წლების განმავლობაში ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები საქმე შედიოდა სასამართლოებში. თუ 2018 წელს სასამართლოში სამოქალაქო მიმართულებით 81 252 საქმე შევიდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 62 314-მდე შემცირდა. პარალელურად კი, როგორც ზემოთ აღვწერეთ CEPEJ-ის ოფიციალური მონაცემებით სამოქალაქო საქმეთა განხილვის ხანგრძლივობა სამივე ინსტანციის სასამართლოში გაიზარდა, მაგალითად I ინსტანციის სასამართლოში გაიზარდა 159 დღით, II ინსტანციის სასამართლოში - 67 დღით, ხოლო III ინსტანციაში - 93 დღით. 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქმეები 2 თვის ვადაში, განსაკუთრებით რთული საქმეები კი 5 თვის ვადაში განიხილება, ხოლო გარკვეული საქმეების განსახილველად არაუმეტეს 1-თვიანი ვადაც განისაზღვრება. თუ CEPEJ-ის ბოლო, 2020 წლის, სტატისტიკას გადავხედავთ, პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის საშუალო დრო არა 2, არამედ, დაახლოებით, 14 თვეა.

დაგვიანებული მართლმსაჯულება ნიშნავს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს. საქმეთა გაჭიანურება მრავალი თვალსაზრისით უარყოფითად აისახება საქმის საბოლოო შედეგებსა და მხარეების ცხოვრების ხარისხზე; გარდა ამისა, ისინი იმყოფებიან გაურკვეველ მდგომარეობაში, რადგან მათი სადავო საკითხი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღიად რჩება.

სისხლის სამართლის საქმეებზე დანაშაულისგან დაზარალებულებს უწევთ, წლების განმავლობაში ელოდონ სამართლიანობის აღსრულებას; პროცესის გაჭიანურებამ შეიძლება, დროთა განმავლობაში, უარყოფითად აისახოს მტკიცებულებებსა და მოწმეების საკითხზე, რამაც შესაძლოა კითხვის ქვეშ დააყენოს საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება; ამავე დროს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც საქმეების განხილვა სასამართლოში წლობით გრძელდება, მხარისთვის ხარჯები იზრდება, მათ შორის იურიდიული მომსახურების თვალსაზრისით. თავის მხრივ, საქმეთა განხილვის გაჭიანურება გავლენას ახდენს ადვოკატებზეც, რომლებმაც "სასამართლოს გუშაგის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე არაერთხელ აღნიშნეს, რომ არის შემთხვევებში, როდესაც ხანგრძლივი სამართალწარმოების პროცესის გამო კლიენტები ეჭვქვეშ აყენებენ ადვოკატის კომპეტენციას.

დაბოლოს, მართლმსაჯულების სწრაფი და სამართლიანი აღსრულება ხელს უწყობს საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას სასამართლო სისტემის მიმართ. თუკი საქმეებზე საბოლოო შედეგები გონივრულ ვადაში არ დადგება, მოქალაქეებმა შეიძლება ადვილად დაკარგონ რწმენა სისტემის მიმართ და ეჭვქვეშ დააყენონ მართლმსაჯულების არსებობა. მიუხედავად პრობლემის აღიარებისა და პასუხისმგებელი პირების მიერ ქმედითი ნაბიჯების დაანონსებისა, ოფიციალური სტატისტიკა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს წლების განმავლობაში გაუარესებულ მდგომარეობაზე – სამწუხაროდ, არათუ პრობლემის მოწესრიგების, არამედ მისი კიდევ უფრო გაღრმავების ტენდენცია შეინიშნება. 

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

სალომე კვირიკაშვილი