დეოლიგარქიზაციის გეგმა - “Copy -Paste” სასასამართლო სტრატეგიიდან

22.11.2023

საქართველოს მთავრობის ,,დეოლიგარქიზაციის გეგმა" მართლმსაჯულების ნაწილში საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის ოქტომბერში შემუშავებული ,,სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმიდან" 12 პუნქტს ზედმიწევნით იმეორებს (სასამართლოს სტრატეგია პარლამენტმა ევროკომისიის 12 - პუნქტიანი პირობებიდან გამომდინარე მიიღო), რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ 2022 სასამართლოს სტრატეგიით დასახული ამოცანები არ შესრულებულა.

ევროკავშირში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ განცხადებაზე 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებაში ევროკომისიამ, მეხუთე პრიორიტეტის საფუძველზე, გასცა რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულების იმპლემენტაციაზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით“.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მოამზადა ,,დეოლიგარქიზაციის გეგმა", რომელიც სულ 7 ძირითადი მიმართულებისგან შედგება, რომელთაგან, ერთ-ერთი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს, რომელიც გულისხმობს ქვემოთ მითითებულ ამოცანების შესრულებას.

2023 წელი - დეოლიგარქიზაციის გეგმა

  1. მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა გონივრულ ვადებში დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად;
  2. საქმეების ნაკადის შემცირება და სასამართლოში მაღალი დატვირთვის საკითხის გადაწყვეტა, რისთვისაც აუცილებელია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შემუშავება და ხელშეწყობა, როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია;
  3. სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლო პერსონალის შესაძლებლობების ამაღლების ხელშეწყობა;
  4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების დახვეწა;
  5. მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება;
  6.  სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების შემდგომი განვითარება;
  7. სასამართლოს მიმართ ნდობის შემდგომი გაძლიერება საზოგადოების ინფორმირებულობისა და კომუნიკაციის გაზრდის გზით;
  8. სასამართლოების დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება;
  9.  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება;
  10. სასამართლო პროცესებში ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის ხელშეწყობა;
  11. მთარგმნელობითი სერვისების გაუმჯობესება სამართლიანი სასამართლოს უფლების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად;
  12. იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება, რათა სათანადოდ უზრუნველყოს მსმენელების შესაბამისი რაოდენობის მომზადება, რაც აუცილებელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

2022 წელი - სასამართლოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

შედარებისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებულ ,,სასამართლო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე”, რომელიც სასამართლო სისტემაში შემდგომი რეფორმების განხორციელებას მოიცავდა:

  1. მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა, დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების გონივრულ ვადაში შესასრულებლად და საქმიანობის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად.
  2. სასამართლოში საქმეთა ნაკადის შემცირება და სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება, რისთვისაც აუცილებელია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სათანადო განვითარება და ხელშეწყობა, როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით.
  3. სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა პროფესიული განვითარების კიდევ უფრო ხელშეწყობა.
  4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების გაუმჯობესება.
  5. მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება.
  6. მართლმსაჯულების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების კიდევ უფრო განვითარება.
  7. საზოგადოების ინფორმირებულობისა და მასთან კომუნიკაციის გაზრდის გზით სასამართლოს მიმართ ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება, სასამართლოს დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის თავიდან აცილების მექანიზმების გაუმჯობესება.
  8. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება.
  9. სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის გაფართოება.
  10. მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი სერვისების დანერგვა.
  11. შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფა, აგრეთვე ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სათანადო გარემოს შექმნა.
  12. თარჯიმნის სერვისის გაუმჯობესება, რათა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა ჯეროვნად იქნეს უზრუნველყოფილი.
  13. იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება, რათა მან ჯეროვნად შეძლოს სათანადო რაოდენობის იუსტიციის მსმენელთა მომზადება, რაც აუცილებელია 2025 წლის 1 იანვრიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის.
  14. მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვროს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა არჩევის პროცედურაში საბჭოს წევრობის კანდიდატის კომიტეტის საჯარო სხდომაზე მოსმენის ვალდებულება.
  15. მიზანშეწონილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი ნორმების გათვალისწინებით უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის წესთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებიც; კერძოდ, მიზანშეწონილია, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცესში საბჭოს წევრობის კანდიდატს მიეცეს მოსამართლეთა კონფერენციისთვის თავისი ხედვების წარდგენის შესაძლებლობა.
  16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის გადაწყვეტილებით24 არაკონსტიტუციურად ცნო გარკვეული საკანონმდებლო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სათანადო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში ასახულ მიდგომებთან კანონის შესაბამისობას განაპირობებს.

მთავრობის მიერ მიღებულ ,,დეოლიგარქიზაციის გეგმაში” პარლამენტის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის დებულებათა დუბლირება მეტყველებს იმაზე, რომ პარლამენტის მიერ შემუშავებული ,,სასამართლო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” დიდი ნაწილი არ შესრულებულა და თორმეტივე პრიორიტეტის დაწყების თარიღად 2023 წელი არის მითითებული. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე დოკუმენტი - საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებული ,,სასამართლოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა" და მთავრობის მიერ მიღებული ,,დეოლიგარქიზაციის გეგმა" - არ ითვალისწინებს იმ ძირითად გამოწვევებსა და სისტემურ პრობლემებს, რაც საბოლოო ჯამში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაძლიერებას უკავშირდება.