ახალი სტრატეგია ძველ გზაზე - ნაწილი I

03.11.2022
მოსამართლეების დანიშვნა, საქმეთა განაწილების ელექტრონული წესი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება - ცვლილებების მცირე ნაწილია, რომელთაც ხელისუფლება მიღწევად მიიჩნევს.

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადთან დაკავშირებით. დოკუმენტში მიუთითა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ უპასუხებს ის მის წინაშე არსებულ პრიორიტეტულ გამოწვევებს; უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განგვისაზღვრა 12 მოთხოვნა. მათ  შორისაა: ,,მიღება და დამტკიცება გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმის,“ რომელიც უზრუნველყოფს  ,,ნამდვილად და სრულად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემას და ხელისუფლების დანაწილებას ’’.  

ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, აღმოფხვრას მთელი რიგი ნაკლოვანებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ყველა ეტაპზე, გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და დანიშნოს წევრები ამ ორგანოს   ვაკანტურ ადგილებზე. „ყველა ეს ზომა უნდა განხორციელდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“. 

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამოაქვეყნა, მისი კოორდინაციით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი -  სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის თავმჯდომარემ შეგვატყობინა, რომ  სტრატეგია შემუშავებულია პროფესიული საზოგადოებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთა ფართო ჩართულობით. ამავდროულად, ხაზი გაუსვა, იმ გარემოებას, რომ ის ეფუძნება „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ 200 გვერდიან დოკუმენტს - ,,ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013-2021 წლებში’’.   

სასამართლოს სისტემის სტრატეგია 2017-2021 წლებისათვის

საგულისხმოა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების ვრცელი და მრავლისმომცველი სტრატეგია საქართველომ უახლოეს წარსულში, 2017 წელს დაამტკიცა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგია შემუშავდა ინკლუზიურობის პრინციპის დაცვით. პროცესში 78 პირი მონაწილეობდა - ხელისუფლების სამივე შტოს, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.


დოკუმენტში შემოთავაზებული იყო თითოეულ მიმართულებასთან დაკავშირებული პრობლემების კომპლექსური ანალიზი, მათი გადაჭრის ვრცელი და დეტალური სამოქმედო გეგმა. თუმცა, როგორც შემდგომ გამოჩნდა, მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს, არც ერთი ამ მიმართულებით, ფუნდამენტური ცვლილება არ მოუხდენია და სისტემაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები არ გამოუწვევია.

რას მიიჩნევს წარმატებად ხელისუფლება? 

2022 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული ახალი სტრატეგიის დოკუმენტი აღწერს 2013 წლიდან დღემდე განხორციელებულ სასამართლო რეფორმებს: 

  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესის ცვლილება. 
  • პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კომპლექსური წესების განსაზღვრა 
  • კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმების საფუძველზე შეფასება, როგორც მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობა.
  • საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკვალიფიკაციო პალატის შექმნა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.
  • საქმეთა განაწილების ელექტრონული წესის დანერგვა.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების სტანდარტის გაზრდა, რაც გულისხმობს საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების გამოქვეყნების ვალდებულებას.
  • საბჭოს მიერ სააპელაციო და რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნასთან დაკავშირებით შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციის გავლის ვალდებულება.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შექმნა.
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესის შეცვლა. 
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საჯაროობის და გამჭვირვალობის სტანდარტის გაუმჯობესება.
  • მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების წესის შეცლა: დისციპლინური სახდელის სახეების და პასუხისმგებლობის საფუძვლების ახლებურად ჩამოყალიბება.
  • სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების შესაძლებლობა.
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესის და პირობების შეცვლა.
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის გამჭვირვალობის და საჯაროობის სტანდარტის ზრდა.
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად მოწესრიგება და სხვა.
ეს იმ ცვლილებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებ დოკუმენტშია მითითებული. 

მმართველი პოლიტიკური გუნდის აზრით, ,,2012 წლიდან მოყოლებული სასამართლო სისტემის განვითარება და მართლმსაჯულების ხარისხის ზრდა ობიექტურად დასტურდება’’.

თუმცა, რეალურად ამგვარი კმაყოფილების საფუძველი არ გაგვაჩნია. ამასთან, სასამართლო რეფორმებთან მიმართებით საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც საკმაოდ კრიტიკულია.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ანგარიშში, რომელიც 2022 წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, აღნიშნულია: „საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ აიღო ვალდებულება, გაზარდოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეცვლით, რათა სრულად შეასრულონ ევროსაბჭოს ყველა რეკომენდაცია და ვენეციის კომისიის სამი მოსაზრება... თუმცა, 2019-2021 წლებში პარლამენტმა 28-ვე ახლად არჩეული მოსამართლე უვადოდ დანიშნა, პარლამენტის ოპოზიციური პარტიების ძალზე შეზღუდული მხარდაჭერით. სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებშიც კი რეგრესია.“ 1


ევროკავშირში საქართველოს გაწევრების განაცხადთან დაკავშირებულ ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის შეფასებაში კი აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, რათა გაიზარდოს მისი გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება, მათ შორის დანიშვნების, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, დისციპლინური წარმოების სისტემა ვენეციის კომისიის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) რეკომენდაციების შესაბამისად.

რაც შეეხება ანგარიშვალდებულ მართლმსაჯულებას, ევროკომისიის შეფასებით ღია წვდომა დასაბუთებულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, მონაცემთა დაცვის წესების შესაბამისად ჯერ კიდევ არ არის სრულად უზრუნველყოფილი.

ევროკომისიის მოსაზრების თანახმად, სასამართლო სისტემის შესახებ საბოლოო „დიაგნოზი“ კი ასეთია: ,,მართლმსაჯულების რეფორმისა და მათი განხორციელების პროგრესი ახლა შეჩერებულია და გარკვეული ნაბიჯები უკან გადადგმულია. გაუარესდა საზოგადოების აღქმა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.“


1. EUROPEAN COMMISSION; JOINT STAFF WORKING DOCUMENT Association Implementation Report on Georgia; Brussels, 10.8.2022 SWD(2022) 215 final; გვ. 6.

2. European Commission; COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE EUROPEAN COUNCIL AND THE COUNCIL Commission Opinion on Georgia's application for membership of the European Union; Brussels 17.6.2022 COM (2022) 405 final; 1.3. Rule of law (Judiciary); გვ. 7. 


ფოტო: unsplash.com

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე