შეჩერების არსებული ქუჩის პრაქტიკა და თავისუფლების დაცვის მექანიზმები

29.08.2023
ზღვარი პოლიციურ შეჩერებასა და პროცესუალურ დაკავებას შორის?

პოლიციური შეჩერება და სისხლის პროცესუალური დაკავება წარმოადგენს საკმაოდ მწვავე იძულებით ღონისძიებებს, რასაც პოლიცია, პროკურატურა და მისი დამხმარე სხვა ორგანოები სისხლის სამართლის პროცესში ყოველდღიურად იყენებენ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლი ითვალისწინებს დაკავებას, რომელიც თავის თავში მოიცავს მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას. პროცესუალური დაკავება პირს ყოველთვის უზღუდავს გადაადგილების უფლებას, ამიტომ ყველა სახის დაკავება წარმოადგენს პირის გადაადგილების უფლების შეზღუდვას, თუმცა ყველა შემთხვევაში გადაადგილების შეზღუდვა არ არის დაკავება.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19-20-ე მუხლები კონკრეტულად განსაზღვრავს, თუ რა მიზნით და რომელი პრევენციული ხასიათის პოლიციური ღონისძიების ჩასატარებლად დაიშვება პირის შეჩერება. თავისი ფუნქციების შესასრულებლად, კერძოდ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი გამოსაკითხად, იდენტიფიკაციისათვის, გასაუბრების, მოწვევის, ზედაპირული შემოწმების, სპეციალური შემოწმება-დათვალიერებისათვის, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები. 
„შეჩერება გულისხმობს პირის გაჩერებას, მისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას“. 

სად გადის ზღვარი პოლიციის კანონითა და საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ თავისუფლების შეზღუდვას შორის?

არსებულ ქუჩის პრაქტიკაში პოლიცია, როგორც წესი, პირს აჩერებს პოლიციის შესახებ კანონის საფუძველზე, თუმცა ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებაში ჩარევა ხშირად იმდენად ინტენსიური და ხანგრძლივია, რომ, ფაქტობრივად, უთანაბრდება დაკავებას. ასეთ ვითარებაში პირი რეალურად დაკავებულია და მასზე უნდა ვრცელდებოდეს სისხლის სამართლის პროცესუალური დაცვის მექანიზმები, მაგრამ პირს განუმარტავენ, რომ ის შეჩერებულია, ეს კი პოლიციის მხრიდან თავისუფლებაში თვითნებურ ჩარევაა, ართმევს რა ამავდროულად პირს თავის დაცვის პროცესუალურ შესაძლებლობას. შეჩერების დროს პირს თავდაცვის ეფექტიანი საშუალება არ გააჩნია.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თვითნებობის აკრძალვის მთელი რიგი კრიტერიუმები შეიმუშავა და აღნიშნა, რომ არ არის საკმარისი კანონის მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების შესრულება, რათა შეფასდეს სახელმწიფოს მიერ ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის კანონიერება. თავისუფლების შეზღუდვა თვითნებურია, მიუხედავად იმისა, რომ ის კანონის ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, სახელმწიფო ორგანოების მოქმედება ცბიერებასა და მოტყუებას შეიცავს. შიდა ნაციონალური კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მაგალითად, თვითნებობაა, როდესაც პირს თავისუფლებას უზღუდავენ თითქოს მოწმის სახით გამოკითხვისათვის, მაგრამ რეალურად გამომძიებლის განზრახვა იყო პირის, როგორც ბრალდებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. ანალოგიურად Nechiporuk. a. Yonkalo უკრაინის წინააღმდეგ – პირი დააკავეს ადმინისტრაციული გადაცდომის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილი იყო მკვლელობის საქმეში.. 

ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, დაკავების საფუძველს, მეორე მხრივ დაკავებულის მიყვანის ადგილსა და თავისუფლების შეზღუდვის პირობებს შორის კავშირი არსებობდეს. პირის საიდუმლოდ გაჩერება საიდუმლო ადგილას წარმოადგენს კონვენციის მე-5 მუხლის მოთხოვნების მძიმე დარღვევას.

როდის ხდება პოლიციური შეჩერების გარდაქმნა დაკავებად?

ეს დამოკიდებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც კონკრეტულ გადაადგილების შეზღუდვას ახლავს თან. რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, როცა მას შეაჩერებენ. უსაფუძვლო შეჩერება დაუშვებელია, უფლებამოსილმა ორგანოებმა მას დაუყოვნებლივ უნდა განუმარტონ შეჩერების საფუძველი და მოქალაქეს აქვს უფლება, მოსთხოვოს იგი. 

მაგრამ ხშირად, როცა პოლიცია პირს შეაჩერებს, გადამწყვეტია არა ის, თუ რას განუმარტავენ მას, არამედ მთელი რიგი ობიექტური გარემოებები, როგორიცაა, მაგალითად, თავისუფლებაში ჩარევის ინტენსივობა, ხანგრძლივობა. 

დაკავებაა, როდესაც ყველა გარემოების გათვალისწინებით, მესამე პირი დარწმუნდება, რომ ის არ არის თავისუფალი გადაადგილებაში. მაგალითად, პირის ბევრი პოლიციელის გარემოცვაში მოქცევა, იარაღის დემონსტრირება პოლიციელის მიერ, ფიზიკური შეხება პიროვნებასთან, ისეთი ლექსიკის ან ხმის ტონის გამოყენება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოლიციის მოთხოვნის შესრულებას აიძულებენ. ასეთი სახით პირის შეჩერება დაკავების ტოლფასია, ვინაიდან უფლებაში ჩარევის დიდი ინტენსივობით ხასიათდება.

როგორ უნდა გავარკვიოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე თავისუფლების შეზღუდვისას – პოლიციურ შეჩერებასთან, თუ რეალურად დაკავებასთან.

განსხვავება პოლიციურ შეჩერებასა და პროცესუალურ დაკავებას შორის 

პოლიციურ შეჩერებასა და პროცესუალურ დაკავებას ერთმანეთისაგან განასხვავებს მიზნები. პირს, ვისაც თავისუფლებას უზღუდავენ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ, რა მიზანს ემსახურება მისი თავისუფლების შეზღუდვა. დაკავების მიზანი გამომდინარეობს პატიმრობის მიზნებიდან, უზრუნველყოს სასამართლო პროცესის წარმოება და განაჩენის აღსრულება. დაკავებით თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რომ ბრალდებულმა, მაგალითად, მიმალვით ან მტკიცებულებების განადგურებით თავი არ აარიდოს მართლმსაჯულებას. 

შეჩერება პრევენციული ღონისძიებაა და ემსახურება მომავალი საფრთხის თავიდან აცილებას. შეჩერებასა და დაკავებას შორის განსხვავება დროში, ვადასა და სივრცეშიც გამოიხატება.

დროში განსხვავება - თუ პირს თავისუფლება დანაშაულის ჩადენის, მისი მომზადების ან მცდელობის დროს შეეზღუდა, ყოველთვის დაკავებას აქვს ადგილი და არა შეჩერებას, რადგან დაკავება დაცვის ეფექტიან მექანიზმებს ითვალისწინებს (პირი ხდება ბრალდებული და იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც აძლევს მას შესაძლებლობას, ისარგებლოს სისხლის სამართლის პროცესით გათვალისწინებული დაცვის ყველა მექანიზმით).

ვადაში განსხვავება ნიშნავს, თუ რა ვადით შეეზღუდა თავისუფლება პირს. ვადის განსაზღვრისას მნიშვნელობა აქვს ვადის ხანგრძლივობის სხვა კონკრეტულ გარემოებებთან ერთობლივ შეფასებას. მნიშვნელოვანია, გაირკვეს საკითხი, რა ხანგრძლივობის ჩარევამ შეიძლება აქციოს შეჩერება დაკავებად? პოლიციის შესახებ კანონში შეჩერებასთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე პრევენციული ღონისძიების გატარების კონკრეტული ვადებია მოცემული. მაგალითად, ზედაპირული შემოწმებისას, როდესაც კანონი ადგენს ზუსტ ვადას და განმარტავს, რომ ასეთი სახის შეამოწმა დაუშვებელია, შეჩერებიდან ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდეს ან პირის მოწვევა არ შეიძლება, ოთხ საათს აღემატებოდეს. სხვა ღონისძიების გატარებისას პოლიციელს უფლება აქვს, შეაჩეროს პირი და ნებართვის გარეშე არ მისცეს გადაადგილების საშუალება, თუ რა ვადით, ეს ყოველ კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტულ გარემოებებთან ერთად უნდა იქნეს შეფასებული. 

რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ეს ვადა?

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეჩერების ვადის შესაფასებლად შემდეგი კრიტერიუმები დაადგინა:

1. გონივრული ეჭვის შემოწმების ვადა (გონივრული ვადა) 

თავისუფლების შეზღუდვის ხანგრძლივობა მკაცრად შემოიფარგლება იმ დროით, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია გონივრული ეჭვის შესამოწმებლად. გონივრული ვადა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს ყველა შემთხვევაში და პოლიციელი ვალდებულია, ჰქონდეს გონივრული დასაბუთება ამა თუ იმ დროით პირის შესაჩერებლად. შეჩერება, როგორც უფლებაში ნაკლებად ინტენსიური ჩარევა, გამართლებულია, თუ ჩარევა მკვეთრად შემოფარგლულია დროში და ეს დრო საკმაოდ მცირეა. 

2. შეჩერებული პირის შთაბეჭდილება, რომ მას განუსაზღვრელი ვადით აქვს თავისუფლება შეზღუდული 

თავისუფლების შეზღუდვის დრო არ უნდა იყოს იმდენად ხანგრძლივი, რომ შეჩერებულ პირს შეუქმნას შთაბეჭდილება, თითქოს მისი გადაადგილების თავისუფლება გაურკვეველი (განუსაზღვრელი) დროით არის შეზღუდული.  თუ პირს ასეთი განცდა და შთაბეჭდილება შეექმნება, შესაძლებელია, ვიმსჯელოთ რეპრესიულ დაკავებაზე.  

3. 72-საათიანი ვადა 

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა წარმოადგენს დაკავებას, თუ პირს თავისუფლება ხანგრძლივი დროით (72 საათის ფარგლებში) ეზღუდება. 

4. სივრცეში განსხვავება 

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ დაკავების განსაზღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სივრცე, ანუ პირის განსაზღვრულ (როგორც წესი, დახურულ) სივრცეში მოთავსების ფაქტი, როდესაც მას ამ სივრცის დატოვების შესაძლებლობა არ აქვს. ამასთან, პირი დაკავებულად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც მას ფიზიკური თავისუფლება დახურულ სივრცეში გადაყვანის მიზნით შეეზღუდება. გარდა აღნიშნულისა, დაკავებასთან ან თავისუფლების ისეთი ხარისხის შეზღუდვასთან, რომელზეც ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი, გვაქვს საქმე, როდესაც პირი ეჭვმიტანილია კონკრეტული დანაშაულის ან სამართალდარღვევის ჩადენაში და როდესაც მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, აუცილებელია საზოგადოებისგან პირის დროებით იზოლირება ან მისი დახურულ სივრცეში გადაყვანა (მოთავსება) აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის მიზნით. 

5. შეჩერება და დაკავება უფლებაში ჩარევის ინტენსივობით განსხვავდება 

განსხვავებების შეფასებისას გასათვალისწინებელია ჩარევის ინტენსივობა – პოლიციური შეჩერება ნაკლები ინტენსივობით ხასიათდება, ვიდრე დაკავება. ჩარევის ინტენსივობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია, თვალი გადავავლოთ სამართლებრივ შედეგებს, რაც თავისუფლებაშეზღუდული პირისათვის წარმოიშობა. ორივე ღონისძიება იწვევს პირის იძულებით თავისუფლების შეზღუდვას, მისი ადგილსამყოფლის შეცვლას, შეჩერება და დაკავება ამ პუნქტში ერთმანეთს ემთხვევა და იდენტურია, მაგრამ მათი სამართლებრივი შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდება. დაკავება იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და პირისათვის ბრალდებულის სტატუსის ფორმალურად მინიჭებას, რასაც უკავშირდება მისთვის მნიშვნელოვანი პროცესუალური უფლებების წარმოშობა და ამ უფლებათა განმარტების ვალდებულება, მათ შორის უფლება, ტელეფონით დაუკავშირდეს ახლო ნათესავს ან მეგობარს. შეჩერებისას ასეთი სამართლებრივი შედეგები არ წარმოიშობა. 

დასკვნა

ადამიანისთვის თავისუფლების შეზღუდვისას რეალურ კონკრეტულ ვითარებაში უნდა შეფასდეს სწორედ ეს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა თავისუფლების შეზღუდვის დრო, ვადა, ტერიტორია, ხანგრძლივობა, შეზღუდვის ინტენსივობა, პირის მოლოდინი თავისუფალ გადაადგილებაზე, უფლებამოსილი ორგანოს კონკრეტული მოქმედებები, მათი რაოდენობა, აღჭურვილობა და სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს პირზე და მის წარმოდგენაზე, რომ ის დროებით არ არის შეჩერებული, არამედ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ხანგრძლივად აქვს შეზღუდული და მის თავისუფალ ნებაზე არ არის დამოკიდებული თავისუფალი გადაადგილება. სწორედ ზემოდ მითითებულ გარემოებებზეა დამოკიდებული დასკვნის გამოტანა იმის შესახებ, თუ რა სახის თავისუფლების შეზღუდვასთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია, უფლებამოსილი ორგანოები პირს ფორმალურად განუმარტავდნენ, რომ იგი შეჩერებულია, მაგრამ ფაქტობრივად ასეთი შეზღუდვა უფრო მძაფრი იყოს და ავლენდეს უფლებაში ჩარევის უფრო ინტენსიურ სახეს, ვიდრე იმას, რაც ფორმალურად განემარტა. ეს კი იწვევს, რეალურად, ადამიანის უფლებების დარღვევას, კერძოდ, მისი თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც არსებითი დარღვევაა და რამაც შესაძლებელია, საქმის შემდგომ ბედზე მოახდინოს გავლენა, დაუშვებლად აქციოს რა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სწორედ თავისუფლების შეზღუდვის პროცესში და მის შემდგომ იქნა მოძიებული, იმ საფუძვლით, რომ შეჩერებისა და დაკავების სამართლებრივი შედეგები ურთიერთგანსხვავებულია. დაკავება შეჩერებასთან შედარებით მოიცავს უფლებების განმარტებისა და დაცვის მაღალ სტანდარტებს. 

ავტორი: თამარ ლალიაშვილი