დაგვიანებული მართლმსაჯულება - რა გამოსავალი რჩებათ მხარეებს?

24.05.2023

საქართველოში წლებია, სასამართლოს გადატვირთულობა მწვავე, მართლმსაჯულების ყველა აქტორის მიერ აღიარებულ, მუდმივად განხილვად და აქტუალურ და მაინც, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად იქცა. 

„დაგვიანებული მართლმსაჯულება ხშირად მართლმსაჯულებაზე უარის თქმას უდრის“ (ვაზაგაშვილი საქართველოს წინააღმდეგ 50375/07; 18.10.2019). მიუხედავად სამართალწარმოების საბოლოო შედეგისა, გაჭიანურებამ შესაძლოა, ის იმდენად არაეფექტიანი გახადოს, რომ, საერთოდ, აზრი დაუკარგოს სამართლებრივ დავას. ამავე მიზეზით, მოქალაქეები ხშირად უარს ამბობენ სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენებაზე, რადგან მოსალოდნელი დრო, რომელიც დასჭირდება საბოლოო შედეგის მიღებას, აუფასურებს ამ გზას. გარდა ამისა, სამედიცინო თვალსაზრისით, გაურკვევლობაში ყოფნა, რაც ახლავს ხანგრძლივად სადავო საკითხის გადაწყვეტის მოლოდინს, განსაკუთრებულ სტრესს იწვევს ადამიანში. ამიტომაც, საქმეების არაგონივრულ ვადაში განხილვა ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევა სასამართლოს უფლების დარღვევად. 

საქართველოს სასამართლო სისტემის წინაშე არსებული პრობლემაა არამხოლოდ საქმეების განხილვა არაგონივრულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც, თავისთავად, ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციით დაცულ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების მოთხოვნას, არამედ მეტიც, საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების უგულებელყოფა.

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შემდეგ საპროცესო ვადებს საქმის განსახილველად: 

  • პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა; თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში დადგენილი ვადა არ გამოიყენება, კერძოდ, იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან/და ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები).
  • სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი). განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იგივე წესი გამოიყენება ადმინისტრაციული დავების მიმართ. 

მიუხედავად კანონით პირდაპირ გათვალისწინებული კონკრეტული ვადებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმეთა განხილვა კანონით დადგენილ დროში ვერ/არ სრულდება და შედეგად ვიღებთ გაჭიანურებულ მართლმსაჯულებას.

რა შეიძლება მოჰყვეს მოსამართლის მიერ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევას?

მხარეებს, რომელთა საქმის განხილვა საპროცესო ვადების დარღვევით მიმდინარეობს და გაჭიანურდა, ერთადერთ იმედად რჩებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორისადმი მიმართვა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 751-ე მუხლი განსაზღვრავს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ საფუძველს სწორედ ,,მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა’’ წარმოადგენს. ორგანული კანონის მიხედვით, ამ ვადის არსებითად დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ მიიჩნევა, თუ მოსამართლემ აღნიშნული ვადა „უშუალოდ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ ობიექტურ გარემოებათა გამო“ ვერ დაიცვა. ობიექტურ გარემოებებად კი მიიჩნევა: საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებულ დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკაში დომინანტური ადგილი სწორედ ზემოთ აღნიშნული დისციპლინური საფუძვლით - საპროცესო ვადების დარღვევასთან დაკავშირებულ დავებს უჭირავს. 

საილუსტრაციოდ, ბოლო 20 დისციპლინური საქმიდან საქმეთა განხილვის გაჭიანურებას 13 დისციპლინური საქმე შეეხება. 

საგულისხმოა, რომ ქვემოთ მითითებული ყველა, 13 დისციპლინური საქმე, სადაც მხარეები მიუთითებდნენ, რომ მათი საქმის განხილვის დროს დაირღვა საპროცესო ვადები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდა:

  1. დისციპლინური საქმე №41/20;
  2. დისციპლინური საქმე №46/20;
  3. დისციპლინური საქმე №55/20;
  4. დისციპლინური საქმე №59/20;
  5. დისციპლინური საქმე №67/20;
  6. დისციპლინური საქმე №74/20;
  7. დისციპლინური საქმე №78/20;
  8. დისციპლინური საქმე №80/20;
  9. დისციპლინური საქმე №87/20;
  10. დისციპლინური საქმე №88/20;
  11. დისციპლინური საქმე №93/20;
  12. დისციპლინური საქმე №95/20;
  13. დისციპლინური საქმე №100/20.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია სახელმწიფოებს ავალდებულებს, ორგანიზება გაუწიონ სამართლებრივ სისტემებს ისე, რომ სასამართლოებს შეეძლოთ, უზრუნველყონ ყველას უფლება, საბოლოო გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საქმეზე თუ სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებით, მიიღონ გონივრულ ვადაში (Comingersoll S.A. v. Portugal [GC], 2000, § 24; Lupeni Greek Catholic Parish and Others v. Romania [GC], 2016, § 142).

სახელმწიფო პასუხისმგებელია არა მხოლოდ მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელებაზე კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით, არამედ იმ შემთხვევებზეც, როდესაც ის სასამართლო სისტემაში ვერ ზრდის რესურსებს, მიუხედავად იმისა, რომ გაჭიანურება შესაძლოა გამოწვეული იყოს სასამართლოების გადატვირთულობით და არასათანადო სტრუქტურით (DJ Harris, M O’ Boyle, C Warbrick “Law of the European Convention on Human Rights”,1995, p. 227).

შეზღუდვებს, რომლებიც განპირობებული იყო პანდემიით, როგორიცაა, COVID-19, შესაძლოა, ჰქონდეს უარყოფითი გავლენა სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე (Q and R v. Slovenia, 2022, § 80), მაგრამ ეს არ ათავისუფლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობისაგან, რომელიც სადავო სამართალწარმოების გადაჭარბებულ ხანგრძლივობას უკავშირდება.

თუკი სასამართლოთა გადატვირთულობის მდგომარეობა გახანგრძლივდება და პრობლემას წარმოადგენს სტრუქტურული ორგანიზების საკითხი, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი ზომების მიღება (Zimmermann and Steiner v. Switzerland, 1983, § 29; Guincho v. Portugal, 1984, § 40). ის ფაქტი, რომ საქმეების დაგროვების პრაქტიკა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ეს სამართალწარმოების გადაჭარბებულად ხანგრძლივ ვადების გამართლება არ არის (Unión Alimentaria Sanders S.A. v. Spain, 1989, § 40).

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოუწოდებს სასამართლო ხელისუფლებას, მიიღოს ისეთი ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნას საქმეების განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ვადების დაცვით და არსებული პრაქტიკა გამოსწორდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული საქმის „გონივრული ვადაში“ განხილვის მოთხოვნის შესაბამისად. 
 

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: მეგი შამათავა