30.08.2023

დაგვიანებული მართლმსაჯულება და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საჩივრებზე მიღებული გადაწყვეტილებები


საქართველოს სასამართლოს გუშაგის სტატიაში „დაგვიანებული მართლმსაჯულება – რა გამოსავალი რჩებათ მხარეებს?“ მითითებულია 13 დისციპლინური საქმე, რომლებშიც მხარეები აღნიშნავდნენ, რომ მათი საქმის განხილვის დროს დაირღვა საპროცესო ვადები, თუმცა ყველა შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდა. 


წინამდებარე სტატიაში განხილულია ცამეტივე დისციპლინური საქმე, თუ რას მიუთითებდა მხარე და რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათი საჩივრის საფუძველზე.

1. დისციპლინური საქმე №41/20

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სარჩელის წარდგენიდან თითქმის ერთი წელია გასული და სხდომა ჯერაც არ ჩანიშნულა.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სასამართლოს 2019 წლის სტატისტიკური მონაცემებით, მოსამართლეს განსახილველად ეწერა 2 640 სამოქალაქო საქმე, ხოლო ამათგან დაასრულა 943 სამოქალაქო საქმე (35.7%). 

2020 წლის 22 მაისის №41 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

დასტურდება, რომ მოსამართლეს საქმე განსახილველად გადაეცა 2019 წლის 12 ივნისს, შესაბამისად, კანონით განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება კონკრეტული თარიღიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული საქმე მოსამართლეს წარმოებაში ჰქონდა 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

დამოუკიდებელი ინსპექტორის შეფასებით, არსებული სტატისტიკისა და მოსამართლის დატვირთულობის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე არ ვლინდება მოსამართლის მიერ საქმეზე საპროცესო ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 9 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.

2. დისციპლინური საქმე №46/20

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორის განცხადებით, 2019 წლის სექტემბერში სასამართლოში წარადგინა კერძო და სააპელაციო საჩივრები. მიუხედავად ამისა, 8 თვის განმავლობაში არ დანიშნულა სასამართლო სხდომა.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 

სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის სტატისტიკური მონაცემებით, მოსამართლეს განსახილველად ეწერა 198 სამოქალაქო საქმე, რომელთაგან დაასრულა 87 (44%) სამოქალაქო საქმის განხილვა; ხოლო ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე განსახილველად ეწერა 431 საქმე, დაასრულა – 190 (44%).

2020 წლის 29 მაისის №46 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს. 

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსამართლემ კერძო საჩივარი განსახილველად მიიღო 2019 წლის 25 ოქტომბერს. დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნის მომზადების დროისთვის აღნიშნული საჩივარი მოსამართლეს წარმოებაში ჰქონდა 8 თვე. ასევე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსამართლეს საქმე განსახილველად გადაეცა 2019 წლის 16 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივრები განსახილველად მიიღო 2020 წლის 10 იანვარს. დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნის მომზადების დროისთვის აღნიშნული საქმე მოსამართლეს წარმოებაში ჰქონდა 5 თვის განმავლობაში.

დამოუკიდებელი ინსპექტორის შეფასებით, არსებული სტატისტიკისა და მოსამართლის დატვირთულობის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე არ ვლინდება მოსამართლის მიერ საქმეზე საპროცესო ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 9 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.


3. დისციპლინური საქმე №55/20

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორი მიუთითებს მოსამართლის მიერ საქმის განხილვის საპროცესო ვადის ბრალეულად დარღვევის თაობაზე.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

საქმე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადაიგზავნა 2020 წლის 3 ივლისს. მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოს წარუდგინა 2020 წლის 3 იანვარს.

2020 წლის 30 ივნისის №44 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს. 

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

პირველ ინსტანციაში საქმე იმყოფებოდა 1 თვისა და 17 დღის განმავლობაში. მოსამართლის მხრიდან საქმის განხილვის ვადა ამ ეტაპისათვის არ დარღვეულა, ხოლო საერთო ვადის გაჭიანურება გამოწვეულია იმ შუამდგომლობებზე მსჯელობით, რომლებიც მხარეთა მიერ იყო წარდგენილი.
ასევე, გასათვალისწინებელია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, რაც უკავშირდება ვირუსის გავრცელებას, პანდემიას და, აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ვადების დროებით შეჩერებას. მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, ქვეყანა დროებით გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, რაც, თავისთავად, გულისხმობდა სასამართლო სხდომების გამართვისგან თავის შეკავებას, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად, დამოუკიდებელი ინსპექტორის შეფასებით აღნიშნულმა ფაქტორმაც გააჭიანურა საქმის განხილვის საპროცესო ვადები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 9 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.


4. დისციპლინური საქმე №59/20

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორის განცხადებით, მოსამართლე შეგნებულად აჭიანურებს საქმის განხილვას. ამასთან, აღნიშნავს, რომ მოპასუხე პოლიციის ყოფილი მუშაკია და მოსამართლე მას ანგარიშს უწევს.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სასამართლოს 2019 წლის სტატისტიკური მონაცემებით, მოსამართლეს განსახილველად ეწერა 2 465 სამოქალაქო საქმე, რომელთაგან დაასრულა 825 სამოქალაქო საქმე (33%). 2020 წლის 3 ივლისის №59 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

არსებული სტატისტიკისა და მოსამართლის დატვირთულობის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე არ ვლინდება მოსამართლის მიერ საქმეზე საპროცესო ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 10 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.

5. დისციპლინური საქმე №67/20

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორის განცხადებით, მოსამართლე შეგნებულად აჭიანურებს საქმის განხილვას, არ ნიშნავს სხდომის თარიღს, რათა იძულებული გახდეს, თანხმობა განაცხადოს მოსარჩელესთან მორიგებაზე.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სასამართლოს 2019 წლის სტატისტიკური მონაცემებით, მოსამართლეს განსახილველად ეწერა 731 სამოქალაქო საქმე; ამათგან დაასრულა 560 სამოქალაქო საქმე (76%). 2020 წლის 20 ივლისის №67 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

არსებული საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსამართლეს საქმე განსახილველად გადაეცა 2019 წლის 19 მარტს, აღნიშნული საქმე მოსამართლეს წარმოებაში აქვს 1 წელი და 5 თვე. არსებული სტატისტიკისა და მოსამართლის დატვირთულობის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე არ ვლინდება მოსამართლის მიერ საქმეზე საპროცესო ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 8 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.

6. დისციპლინური საქმე №74/20

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსამართლე განზრახ აჭიანურებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას. მოსამართლეს არ სურს დაზარალებულად ცნობილისა და მისი შვილის სასამართლო სხდომებზე დასწრება, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ პროცესებთან დაკავშირებით აწვდიან სხვა ინფორმაციას, ხოლო სასამართლო სხდომები იმართება სხვა დროს.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სასამართლოდან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, მოსამართლეს 2019 წლის 24 ივნისიდან 2020 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით არსებითად განსახილველად გადაეცა სულ 213 სისხლის სამართლის საქმე და ასევე – 34 სხვა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმე. მოცემულ პერიოდში მოსამართლემ დაასრულა 183 სისხლის სამართლის საქმე და 35 სხვა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმე. 2020 წლის 27 ივლისის №74 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს. 

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითად განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის გამოტანას, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ვადა არ გამოიყენება (ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა), 5 წარმოდგენილ მოცემულობაში, საქმის მასალების ანალიზიდან გამომდინარე, მოსამართლეს არ დაურღვევია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საქმის განხილვის ვადა. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 10 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.

7. დისციპლინური საქმე №78/20

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორები მიუთითებენ საქმის განხილვის ვადის დარღვევაზე.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2019 წლის მდგომარეობით, მოსამართლეს განსახილველად ეწერა 663 სამოქალაქო საქმე, რომელთაგან დაასრულა 489 (74%); 2020 წლის მდგომარეობით, მოსამართლეს განსახილველად ეწერა 1 049 სამოქალაქო საქმე, რომელთაგან დაასრულა 656 სამოქალაქო საქმე (63%).
2020 წლის 31 ივლისის №78 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს. 

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

საქმეზე მოსამართლემ მიიღო რამდენიმე სახის 10 განჩინება; მოსამართლემ იმსჯელა შეგებებულ სარჩელებზე; ასევე, საკმაო დრო დასჭირდა სხვადასხვა დაწესებულებიდან მოსამართლის მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარმოდგენას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღსაზრდელად გადაცემის, მათი საცხოვრებელი ადგილისა და ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ დავა არ განეკუთვნება მარტივ კატეგორიას. აქვე, უნდა აღინიშნოს 2020 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. კერძოდ, 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გამოაცხადა პანდემიად. პრეზიდენტის მიერ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და პრეზიდენტის მიერ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამოიცა დეკრეტი. ამას წინ უძღოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის №1 რეკომენდაცია „კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომელიც აწესებდა ახალ რეგულაციებს სასამართლოში საქმეთა განხილვასთან დაკავშირებით. კერძოდ, ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა მოსამართლეთა მიერ მათ წარმოებაში არსებული საქმეთა განხილვის გადადებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით. მოსამართლის სტატისტიკური მონაცემების, დატვირთულობისა და განხორციელებული საპროცესო მოქმედებების გათვალისწინებით, მოსამართლის მიერ საქმის განხილვის ვადის ბრალეული გაჭიანურება არ დასტურდება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 10 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.

8. დისციპლინური საქმე №80/20;

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორის განცხადებით, 2020 წლის 16 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება დღემდე არ ჩაჰბარებია, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2020 წლის 3 აგვისტოს №80 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

დროის მოკლე პერიოდისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარისათვის დაგვიანებით განჩინების ჩაბარებას არ გამოუწვევია მისთვის ზიანი, ქმედება ვერ მიიჩნევა მოსამართლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 10 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება. 

9. დისციპლინური საქმე №87/20; 

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორის განცხადებით, 2020 წლის 15 აპრილს მიმართა სასამართლოს. სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის ჩაბარების დასტური სასამართლოში წარადგინა 11 მაისს, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი განცხადებით მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსამართლეს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება და საქმის გაჭიანურების გამო მხარეს ადგება ზიანი.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2020 წლის 14 აგვისტოს №87 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

არსებული საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსამართლეს საქმე განსახილველად გადაეცა 2020 წლის 15 აპრილს, მოპასუხე მხარეს კი სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2020 წლის 7 მაისს. შესაბამისად, კანონით განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყება კონკრეტული თარიღიდან. მოსამართლემ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო 2020 წლის 27 აგვისტოს. აღნიშნული საქმე მოსამართლეს წარმოებაში ჰქონდა დაახლოებით 3 თვის განმავლობაში. საქმის განხილვის ხანგრძლივობა არ აჭარბებს კანონით დადგენილ ვადას. ამდენად, მოსამართლის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევის ნიშნები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 10 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.

10. დისციპლინური საქმე №88/20; 

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსამართლე განზრახ აჭიანურებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

სასამართლოდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქმის განმხილველ მოსამართლეს 2020 წლის 1 იანვრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით: 

  • წინასასამართლო სხდომაზე განსახილველად დაეწერა 43 სს საქმე, დაასრულა - 43;
  • არსებითად განსახილველად დაეწერა 43 სისხლის სამართლის საქმე, დაასრულა -18, მათ შორის - ორი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით;
  • განსახილველად დაეწერა 47 შუამდგომლობა, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ, დაასრულა - 47;
  • განიხილა 98 შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შესახებ;
  • განიხილა 346 შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ;
  • განიხილა 13 სხვა ტიპის სისხლის სამართლის საქმე;
  • დაეწერა 66 ადმინისტრაციული საქმე, დაასრულა - 45;
  • განიხილა 19 შუამდგომლობა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;
  • განიხილა 285 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე;
  • განიხილა 4 შუამდგომლობა მეწარმის შემოწმების შესახებ;
  • განიხილა 1 განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
  • წარმოებაში აქვს 180 ადმინისტრაციული საქმე - 61 სისხლის სამართლის, 172 სამოქალაქო საქმე.
    2020 წლის 17 აგვისტოს №88 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქმე არ ხასიათდება განსაკუთრებული სირთულით. ასევე, მხარეთა ქმედებები არ იყო მიმართული საქმის განხილვის გაჭიანურებისაკენ. თუმცა, როგორც სტატისტიკის ანალიზით დგინდება, საქმის განმხილველი მოსამართლე სასამართლოს მოსამართლის რანგში განიხილავს არა მხოლოდ სისხლის სამართლის, არამედ სხვა კატეგორიის საქმეებსაც, მათ შორის - სისხლის სამართლის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. მოსამართლის მიერ განხილულ საქმეთა რაოდენობა, სირთულე და მრავალფეროვნება გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ მოსამართლემ ზემოაღნიშნულის გამო ვერ შეძლო არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე თითქმის 6 თვის განმავლობაში საპროცესო მოქმედების წარმოება. აქვე, უნდა გავითვალისწინოთ 2020 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. კერძოდ, კორონავირუსის პანდემია, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. 2020 წლის 21 აპრილს პრეზიდენტის №2 ბრძანებით გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით. ამას წინ უძღოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის №1 რეკომენდაცია „კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომელიც აწესებდა ახალ რეგულაციებს სასამართლოში საქმეთა განხილვასთან დაკავშირებით.
ამდენად, დამოუკიდებელი ინსპექტორის შეფასებით, შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების დეტალური ანალიზის შედეგად (კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და მოსამართლის დატვირთულობის გათვალისწინებით), არ იკვეთება მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ნიშნები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 10 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.

11. დისციპლინური საქმე №93/20;

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსამართლემ 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება მოამზადა კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით. საჩივრის ავტორის განმარტებით, მან არაერთხელ მოითხოვა გადაწყვეტილების ასლი. ბოლოს ის 2020 წლის 4 მაისს ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც განუმარტა, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული. ასევე, როგორც საჩივრის ავტორი აღნიშნავს, გადაწყვეტილებაზე არ არის მოსამართლის ხელმოწერა, რაც წარმოადგენს დარღვევას.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2019 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქმის განმხილველ მოსამართლეს განსახილველად ეწერა 432 სარჩელი, რომელთაგან დაასრულა 239 საქმე (55%), 2020 წლის პირველი მონაცემებით, მოსამართლეს განსახილველად ეწერა 342 სარჩელი, რომელთაგანაც დაასრულა188 საქმე (55%).
2020 წლის 31 აგვისტოს №93 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

ის გარემოება, რომ მხარეს გადაწყვეტილება 2020 წლის 11 მაისამდე, მოთხოვნის მიუხედავად, არ ბარდებოდა, ვერ დასტურდება, ვინაიდან საქმეში არ დევს არც ერთი განცხადება, გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. ამდენად, მხოლოდ სატელეფონო ზარების ამონაწერი ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას გადაწყვეტილების ჩაბარებაზე ეუბნებოდნენ უარს. მხარე ვალდებული იყო, სასამართლოსათვის მიემართა ოფიციალურად, წერილობითი განცხადებით, შედეგად კი სასამართლო ვალდებული იყო, განცხადების პასუხად გაეცა გადაწყვეტილების ასლი. ამდენად, მხარის მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ზარების ამონაწერი არ წარმოადგენს იმ ფაქტის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, რომ სასამართლომ, მოთხოვნის მიუხედავად, არ გადასცა მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება. საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაზე არ არის მოსამართლის ხელმოწერა, რაც წარმოადგენს დარღვევას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილებაზე დატანილია შტრიხკოდი. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება ელექტრონული შეტანილი დოკუმენტის უტყუარობის სტანდარტებიც. ამდენად, გადაწყვეტილება, რომელზეც დატანილია ელექტრონული შტამპი/შტრიხკოდი, არ საჭიროებს დამატებით შემსრულებლის ხელმოწერას. დამოუკიდებელი ინსპექტორის შეფასებით, კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსამართლის მხრიდან რაიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე საუბარი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 10 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.

12. დისციპლინური საქმე №95/20

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორი მიუთითებს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით საქმის განხილვისათვის დადგენილი ვადის დარღვევაზე.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 

საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა 2018 წლის 21 ნოემბერს. შემდგომი სხდომა გაიმართა 2019 წლის 1 მარტს. 
2020 წლის 4 სექტემბრის №95 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ სასამართლოში შესაგებელი წარადგინა 2017 წლის 10 ნოემბერს. შესაბამისად, საქმის განსახილველად განსაზღვრული ვადა უნდა აითვალოს კონკრეტული თარიღიდან. საქმის განხილვა მიმდინარეობს 3 წლის განმავლობაში და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამ ვადას უნდა მოაკლდეს ის პერიოდი (7 თვე), რაც საჩივრის განსახილველად იყო საჭირო ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. მითითებულ პერიოდში მოსამართლემ გამართა 2 მოსამზადებელი სხდომა, განიხილა რამდენიმე შუამდგომლობა; მათ შორის, მოსამართლემ იმსჯელა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე წარმოდგენილ საჩივარზე. 
უმნიშვნელოვანესია, ასევე, შეფასდეს მოსამართლის დატვირთულობა.

  • მოსამართლეს 2017 წლის მდგომარეობით, განსახილველად ეწერა 1 597 სამოქალაქო საქმე, რომელთაგანაც დასრულდა 882 საქმე (55%);
  • 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, განსახილველად ეწერა 1 979 სამოქალაქო საქმე, რომელთაგან დაასრულა 1 293 საქმე (65%); ხოლო სამართალდარღვევების 178 საქმე განიხილა;
  • 2019 წლის სტატისტიკური მონაცემებით, განსახილველად ეწერა 861 სამოქალაქო საქმე, რომელთაგან დაასრულა 556 საქმე (64%); ხოლო სამართალდარღვევების 223 საქმე განიხილა;
  • 2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით, განსახილველად ეწერა 1 651 სამოქალაქო საქმე, რომელთაგან დაასრულა 892 საქმე (54%); ხოლო განიხილა სამართალდარღვევების 95 საქმე.

დამოუკიდებელი ინსპექტორის შეფასებით, არსებული სტატისტიკისა და მოსამართლის დატვირთულობის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე არ ვლინდება მოსამართლის მიერ საქმეზე საპროცესო ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 8 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.

13. დისციპლინური საქმე №100/20

საჩივრის ავტორის პოზიცია:

საჩივრის ავტორის განცხადებით, მოსამართლე არ იხილავს მხარის საჩივარს, რომელსაც ბაჟი არ აქვს გადახდილი; კვლავ მოითხოვს ხარვეზის ვადის გაგრძელებას და ხელს უწყობს საქმის განხილვის გაჭიანურებას.

დისციპლინური საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2020 წლის 14 სექტემბრის №100 საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეიცავს მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევის ნიშნებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:

დისციპლინური გადაცდომის კუთხით მოსამართლის ქმედების შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის დადგენას, თუ რამდენად შეუწყო ხელი მოსამართლის ქმედებებმა საქმის განხილვის ვადის დარღვევას, საქმის განხილვის საერთო ვადასთან მიმართებაში. საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მოსამართლე არ იხილავს საჩივარს, არ შეესაბამება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

2022 წლის 6 მაისის სადისციპლინო სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად (სადისციპლინო სხდომაზე დამსწრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრიდან 10 ხმით) მიიჩნია, რომ მოსამართლის მიმართ უნდა შეწყდეს დისციპლინური სამართალწარმოება.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

მეგი შამათავა