საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მოსამართლის მიმართ დისციპლინური წარმოების პროცესში ჩართული საკვანძო რგოლია: ის განიხილავს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს და მისი გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.
როგორ იღებს დასახელებული დისციპლინური ორგანო გადაწყვეტილებას და რამდენად შეესაბამება ეს პროცესი დემოკრატიულ პრინციპებს? – ამ კითხვებზე პასუხებს წარმოგიდგენთ წინამდებარე სტატიაში.
სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან – 3 მოსამართლისა და 2 პარლამენტის მიერ არჩეული წევრისგან.
მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.
იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტი ირჩევს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები, მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისა, შეირჩევიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან. თითოეული უფლებამოსილია, პარლამენტს წარუდგინოს სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი. არ შეიძლება პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა. სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიონ საქართველოს მოქალაქე უმაღლესი იურიდიული განათლებით და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებით, რომელსაც აქვს მაღალი რეპუტაცია და არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი. სადისციპლინო კოლეგიის წევრებს პარლამენტი ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
სადისციპლინო კოლეგიის წევრი ვერ გახდება:
სადისციპლინო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც კოლეგია ირჩევს მოსამართლე წევრებისგან. ის თავმჯდომარეობს კოლეგიის სხდომებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.
სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, განიხილოს საკითხები, თუ მის სხდომას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა. შესაბამისად, თუკი სხდომას ესწრება 3 წევრი, რაც, ორგანული კანონის თანახმად, კოლეგიის მიერ საკითხების განსახილველად საჭირო კვორუმია, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის 2 წევრი მაინც, ეს კი სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია. შესაბამისად, ვიღებთ მოცემულობას, როდესაც მოსამართლის მიმართ დისციპლინური წარმოების საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნას ორი წევრის მიერ - მაგალითად, მოსამართლის ქმედება მიიჩნიონ დისციპლინურ გადაცდომად, დაეკისროს დისციპლინური სახდელი ან მოსამართლე გამართლდეს, თუ კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები გადაწყვეტს ასე.
მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება ის სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც ეფექტიანი საკანონმდებლო რეგულირებისა და სათანადო სამართლებრივი გარანტიების არარსებობის პირობებში ადვილად იქცევა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების ბერკეტად. იმისათვის, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმი ბოროტად არ გამოიყენონ ინდივიდუალური მოსამართლის წინააღმდეგ, სხვა გარანტიებთან ერთად, მნიშვნელოვანია, პროცესში მონაწილე ყველა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სარგებლობდეს მაღალი ლეგიტიმაციით და იყოს სათანადოდ დასაბუთებული. კოლეგიური ორგანოს შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს მაქსიმალური ინკლუზიურობით. აშკარაა, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის შემთხვევაში ეს პრინციპი უგულებელყოფილია.
სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე საჩივარს იხილავს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა. სადისციპლინო პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთაგან არჩეული 3 წევრისაგან და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
სადისციპლინო პალატა უფლებამოსილია, მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
სადისციპლინო კოლეგია, ასევე, მონაწილეობს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების პროცესში. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმართავს წარდგინებით დამოუკიდებელი ინსპექტორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა;
ბ) რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა ამ კანონის 758 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაბამის თანამდებობაზე დარჩენით მოსამართლე ხელს შეუშლის დისციპლინურ სამართალწარმოებას ან/და დისციპლინური გადაცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ან/და განაგრძობს სამუშაო დისციპლინის დარღვევას.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებას იხილავს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ორგანული კანონის საფუძველზე. შესაბამისად, ამ შემთხვევაზეც ვრცელდება სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ზემოთ აღწერილი წესი.
მიუხედავად იმისა, რომ სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ, სადისციპლინო კოლეგია რჩება დისციპლინური საქმეების განმხილველ ძირითად ორგანოდ, რომლის გადაწყვეტილებებიც სავალდებულოა შესასრულებლად. ამიტომ, მის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დაბალი კვოტა საშუალებას იძლევა, მისმა 2-მა წევრმა გადაწყვიტოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, რომელიც შესაძლოა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებითაც კი დასრულდეს.
ცხადია, გადაწყვეტილების მიღების წესი ვერ პასუხობს კითხვებს: რამდენად შესაძლებელია, ასეთი მცირე შემადგენლობით მიღებული გადაწყვეტილება გამოხატავდეს კოლეგიური ორგანოს ნებას და მეტიც, რამდენად გარანტირებულია მოსამართლის დამოუკიდებლობა, როცა მის მიმართ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ორი ადამიანის მიერ შეიძლება იქნას მიღებული.
ამავდროულად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ამჟამად მხოლოდ სამი მოსამართლე წევრია (მერაბ ლომიძე, თეა ლეონიძედა გიორგი გოგინაშვილი), საქართველოს პარლამენტს არამოსამართლე წევრები ამ დრომდე არ აურჩევია.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.