იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხდომის დღის წესრიგის გასაჯაროება, როგორც გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი

04.10.2022
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ასრულებს მის ვალდებულებას: სხდომის გამართვამდე 3 სამუშაო დღით ადრე არ აქვეყნებს დღის წესრიგებს, ამასთან მათი შინაარსი, როგორც წესი ბუნდოვანია.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია...“ - ეს არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნა.1

ამ სტატიიდან შეიტყობთ, რამდენად ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ვალდებულებას. 

სასამართლოს გუშაგმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გასულ წელს მიმართა თხოვნით, მოეწოდებინა ინფორმაცია იმ სხდომების შესახებ, რომლებიც 2015-2021 წლის განმავლობაში დღის წესრიგით დადგენილ ვადებში გამოქვეყნების სრული დაცვით ჩატარდა. 

აღნიშნული ინფორმაცია არ მიგვიღია, თუმცა ცნობილია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წლებია, რეგულარულად არღვევს კანონს.

საინტერესოა ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა დღის წესრიგის წინასწარ, 7 დღით ადრე გამოქვეყნების ვადა შეცვალა და 3-სამუშაო დღემდე შეამცირა, იმ მოტივით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფრო მოქნილი და ეფექტიანი ყოფილიყო.

ვადის შემცირებამაც ვერ გადაჭრა ეს პრობლემა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, ვებგვერდზე სხდომის დღის წესრიგს სხდომამდე ერთი დღით ან რამდენიმე საათით ადრე აქვეყნებს.

პრობლემურია ისიც, რომ გასაჯაროებული დღის წესრიგი არ შეიცავს საკმარის და კონკრეტულ ინფორმაციას განსახილველი საკითხების შესახებ.

ქვემოთ მითითებულია რამდენიმე სხდომის საკითხები, რომლებიც ბუნდოვანია და დაინტერესებულ პირი ვერ შეძლებს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სხდომის შესახებ.

    • კონკრეტულად, რომელი რაიონული (საქალაქო)/ სააპელაციო სასამართლოების დანიშვნის საკითხს განიხილავენ, არ იკვეთება ტექსტიდან;
    • გაუგებარია, დანიშვნის საკითხი განიხილება თუ უფლებამოსილების დაკისრების.


    • უცნობია კონკრეტულად რომელ მოსამართლეებთან არის დაგეგმილი გასაუბრება და კენჭისყრა.

    • გაუგებარია რომელ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს მიემართება ეს საკითხი.

    კიდევ უფრო საინტერესოა შემდეგი საკითხი: 2022 წლის 27 ივნისს, 5 ივლისსა და 11 ივლისს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი ფორმულირებული იყო შემდეგნაირად – „სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი.







    საგულისხმოა, რომ ყველა შემთხვევაში წერილი ეხებოდა სხვადასხვა თემას, რომელთა იდენტიფიცირებაც მხოლოდ სხდომაზე დასწრების შემდგომ შევძელით:

    • 27 ივნისს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი ეხებოდა მივლინებული მოსამართლეებისთვის ბინის ქირისთვის დადგენილი თანხის გაზრდას;
    • 5 ივლისს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი ეხებოდა სასამართლოს მიმდებარედ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სადგომის გამოყოფის საკითხს (აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო სხვა დროისთვის);
    • 11 ივლისს – 1-ლი საკითხი: სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი ეხებოდა სასამართლოს შენობის მიმდებარედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 250კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემოერთების საკითხს (დანიშნულება – ლიფტის მოსაწყობად);
    • 11 ივლისს – მე-2 საკითხი: სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი ეხებოდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს შენობის ფართის არასაკმარისობის გამო, აღნიშნული შენობის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მიერთების საკითხს.

    ამდენად, საკითხი სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი იდენტურად იყო ფორმირებული, მაგრამ ყველა შემთხვევაში გულისხმობდა სხვადასხვა შინაარსს, რომელიც დაკონკრეტებული არ ყოფილა.

    ორგანულ კანონში არ არის სიტყვასიტყვითი ჩანაწერი იმის შესახებ, რომ სხდომის დღის წესრიგის შესახებ ტექსტი უნდა იყოს საკმარისად ინფორმაიული. არსებული საკანონმდებლო დანაწესი სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაციის 3 სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნების შესახებ ემსახურება იმ მიზანს, რომ ობიექტური დამკვირვებლისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს ინფორმაცია, თუ რა საკითხებ განიხილება ყოველ კონკრეტულ სხდომაზე. თუკი გამოქვეყნების შემდეგაც უცნობი რჩება სხდომის დღის წესრიგის შინაარსი, ეს ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნები მხოლოდ ფორმალურად სრულდება და მისი მიზანი მიღწეული არ არის.

    ასეთ პირობებში, რასაკვირველია, მიზანშეწონილია, ორგანულ კანონში შევიდეს ცვლილება, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაავალდებულებს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ საზოგადოებას სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ; თუმცა უწინარესად აუცილებელია, თავად საბჭომ არ აარიდოს თავი პასუხისმგებლობას – ჯეროვნად შეასრულოს ორგანული კანონის არსებული ჩანაწერით დაკისრებული ვალდებულება, რომელიც სინამდვილეში საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გულისხმობს.

    სქოლიო

    1. "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

    -----
    courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.
    ფოტო: unsplash.com
    ავტორი: მეგი შამათავა