2012-2022 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო 34 ადმინისტრაციულ დავაში წარმოადგენდა მხარეს: 33 შემთხვევაში – მოპასუხეს, 1 საქმეში კი – მოსარჩელეს. ყველა დავა, გარდა ერთისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასარგებლოდ დასრულდა.
მუდმივად გამარჯვებულის სტატუსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა შემთხვევაში უპირობოდ სწორ პოზიციაზე მიუთითებს, თუ მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებზე?
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დომინანტური როლისა და გადაჭარბებული ძალაუფლების შესახებ ბრალდებების წინააღმდეგ ანგარიშგასაწევი არგუმენტი იქნებოდა ამ კატეგორიის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც საბჭოს პოზიციას არ გამოხატავს; მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეებს არ გამოაქვთ. საბჭოსთან ურთიერთობაში სამართლიანობის პოვნის იმედით სასამართლოში მისული მოსარჩელეები იმედგაცრუებულნი რჩებიან.
სასამართლოსადმი დაბალი ნდობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძლიერი გავლენისა და კორპორატივიზმის ფონზე რამდენად ინარჩუნებს საქმის განმხილველი მოსამართლე ობიექტურობას? თავისუფალია თუ არა ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობისგან, რომელსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს მის დამოუკიდებლობაზე?
ზოგადად, სასამართლოს დამოუკიდებლობის უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს თავად მის მიერ გამოტანილი ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რომლებიც საზოგადოებას არ უტოვებს კითხვის ნიშნებს და არ აჩენს ეჭვს. საინტერესოა, სასამართლოს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები რამდენად უქმნის დავის მხარეებსა და საზოგადოებას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის განცდას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მიმოვიხილავთ ამ გადაწყვეტილებების შინაარსსა და ძირითად აქცენტებს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ყოფილმა მოსამართლეებმა ან მოსამართლეობის მსურველმა პირებმა. დავის საგნებს შორისაა კომპენსაციის მიღების, თანამდებობიდან გათავისუფლების, დისკრიმინაციის, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საკითხები.
სარჩელების მნიშვნელოვანი რაოდენობა ეკუთვნით მოსამართლეობის მსურველ პირებს. ყველა მათგანისთვის დავა წარუმატებლად დასრულდა. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ საქმეს, რეზიუმირებული სახით.
მოსარჩელეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელად ჩარიცხვაზე. მოსარჩელემ სასამართლოს გზით მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ზიანის ანაზღაურება. არც ერთი ეს მოთხონა არ დაუკმაყოფილებია სასამართლოს.
მოსარჩელე მოითხოვდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომლითაც მას „ვერგადალახულად“ ჩაეთვალა საერთო სასამართლოს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი – წერითი გამოცდა; ამასთანავე, მოითხოვდა საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასების უწყისის გრაფაში, სადაც შედეგი აღინიშნება, სიტყვა „ვერ გადალახას“ ნაცვლად „გადალახას“ მითითებას. სასამართლომ 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე უსაფუძვლო იყო და სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მისი კანდიდატურა არ აირჩიეს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად. მოსარჩელე მიუთითებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრის მხრიდან გამარჯვებული კანდიდატის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. ამასთან, მიიჩნევდა, რომ დაირღვა კონკურსისა და მისი შედეგების გამოცხადების პროცედურები, ხოლო მოსარჩელის მიმართ შეკითხვები დაკავშირებული არ ყოფილა მისი კვალიფიკაციის შეფასებასთან. შესაბამისად, სადავოდ მიიჩნევდა მითითებულ გადაწყვეტილებებს და მოითხოვდა, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელახლა გაემართა გასაუბრება და გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2018 წლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დარღვევა დადასტურდებოდა; შესაბამისად, სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საინტერესოა კიდევ ერთი საქმე, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ სამოსამართლო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში, მაგრამ უშედეგოდ – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანამდებობაზე ვერ დაინიშნა. მოსარჩელის მითითებით, არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მის მიმართ განსხვავებული მოპყრობა განპირობებული იყო სასამართლო სისტემის შესახებ მის მიერ გამოხატული კრიტიკული შეფასებებით. მოსარჩელის აზრით, მასთან გასაუბრება არ ემსახურებოდა „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესით“ განსაზღვრული კრიტერიუმებით მის შეფასებას, მისთვის არ დაუსვამთ კითხვები, რომლებიც მის კომპეტენციასა თუ პროფესიულ უნარებს გამოავლენდა. 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ შეინიშნებოდა დისკრიმინაციული მოპყრობა განსხვავებული აზრის გამოხატვის ან/და კონკრეტული ორგანიზაციისადმი კუთვნილების ნიშნით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე სასამართლოს რამდენჯერმე მოუწია მსჯელობა, მათ შორის, 2022 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯგუფის ინფრასტრუქტურის ადმინისტრატორის უფროსის პოზიციაზე დასაქმებული პირი მოითხოვდა ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების ბათილობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. როგორც სასამართლო განმარტავს, სარჩელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, აღძრული იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც გამორიცხავდა მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას, აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სასამართლოს დეტალურად აღარ უმსჯელია იმ გარემოებებზე, რომლებიც სარჩელის საფუძვლიანობას უკავშირდებოდა.
ერთ-ერთ საქმეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ მოსარჩელე მოითხოვდა შემდეგი დოკუმენტების გაცემას:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლსl
2. თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების ასლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სარჩელთან/საჩივრებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საკითხს;
3. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის ასლს, რომლითაც მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაუთანაბრდა მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.
2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა; ასევე, 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მოსარჩელე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს მოითხოვდა.
მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულებული დავების იშვიათ გამონაკლისს განეკუთვნება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება. საქმეში მოსარჩელეს ყოფილი მოსამართლე, ხოლო მოპასუხეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენდნენ.
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა კომპენსაციის დაანგარიშების საკითხს და მოითხოვდა ახალი აქტის გამოცემას, რომლითაც დაენიშნებოდა კომპენსაცია მოსამართლის თანამდებობრივი სარგოდან – 500 ლარიდან, მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის 24-წლიანი სტაჟის გათვალისწინებით და აუნაზღაურდებოდა მიღებულ და მიუღებელ სახელმწიფო კომპენსაციას შორის სხვაობა 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სარჩელი ცნო. შესაბამისად, იმ ერთადერთ საქმეშიც, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავად ცნო სარჩელი.
სასამართლოს გადაწყვეტილებების მუდმივად ერთი მხარის სასარგებლოდ გამოტანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ეს მხარე გადაჭარბებული ძალაუფლებითა და გავლენით სარგებლობს, მიუთითებს საგანგაშო ტენდენციაზე, რომელსაც შეუძლია შექმნას რამდენიმე პრობლემა:
მთლიანობაში, ერთი მხარის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების უპირობოდ მიღება არის ტენდენცია, რომელიც სამართლის უზენაესობის პრინციპიდან აშკარად არ გამომდინარეობს და დროა, გამოსწორდეს კანონისა და სამართლიანობის სასიკეთოდ.
სასამართლოს გადაწყვეტილებები იხილეთ აქ.
-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.