დოკუმენტის ავტორებს არ წარმოუდგენიათ რაიმე კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს მიმართ ნდობის გაძლიერება საზოგადოებასთან კომუნიკაციით. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება სასამართლოს მიმართ ნდობის ნაკლებობის მიზეზს საზოგადოების არაინფორმირებულობაში ხედავს. მაშინ როდესაც სასამართლოს მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობა უმეტესად გამოწვეულია არა საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობით, არამედ სასამართლოში არსებული მწვავე პრობლემებით, რომელიც სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას აფერხებს. აშკარაა, რომ ამ პრობლემების დანახვის და აღიარების ნაცვლად ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე ხდება.
დღეს მართლმსაჯულების გამჭვირვალობა სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა თუ გადაწყვეტილებათა სათანადო დასაბუთების კუთხით უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. სტრატეგიის დოკუმენტში ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე, აბსტრაქტულად არის მითითებული მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ზრდის შესახებ და არ არის განმარტებული გეგმავს თუ არა ხელისუფლება რომელიმე ზემოთხსენებული მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, კერძოდ რა ღონისძიებებს გაატარებს და როგორ წარმოუდგენია გამჭვირვალობის სტანდარტის გაზრდა.
დოკუმენტის მიხედვით ერთერთი მთავარი დაპირება მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფაა. საგულისხმოა, რომ მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა, სასამართლოს გადატვირთულობა და სისტემის ჩაკეტილობა წლებია მწვავე თემაა, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს უწყობს პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების ვადის არარსებობა და მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსების გაჭიანურება. დოკუმენტის ავტორები არ განმარტავენ თუ რის მიხედვით უნდა განისაზღვროს მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობა და როგორ უნდა გადაიჭრას მოსამართლეთა სიმცირის პრობლემა სასამართლოში.
სამოქმედო გეგმაში არაფერია ნათქვამი სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების თაობაზე, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის გაზრდის, ასევე ძალაუფლების სამართლიანი განაწილების საჭიროებაზე. იგნორირებულია ისეთი უმთავრესი პრობლემა, როგორიც სასამართლოში არსებული შიდა გავლენები და ვიწრო ჯგუფის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლებაა, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.
ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებით იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი შერჩევითად და ფრაგმენტულად გვთავაზობს საკითხებს, რომელსაც უნდა შეეხოს რეფორმა. შემოთავაზებული ხედვა მთლიანად უგულვებელყოფს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ უმთავრეს პრობლემებს, კერძოდ ძალაუფლების კონცენტრაციას და არაფორმალურ, კლანურ გავლენებს სისტემაში.
2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში და შემდგომ შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს ფართო მასშტაბის, ამბიციური სასამართლო რეფორმა, როგორც პირველი ნაბიჯი, რომელიც იქნება ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესი. თუმცა ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი სტრატეგიის დოკუმენტები სასამართლო სისტემის რეალური და ყოვლისმომცველი რეფორმირების იმედს სამწუხაროდ არ იძლევა.
---
ფოტო: freepik.com
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.