01.09.2022

ინტერვიუ მოსამართლე ეკა არეშიძესთან: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

"მხარეები ხშირად ცდილობენ, მსაჯულებს თავიანთი ინტერპრეტაციით მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია. ამ დროს შენ უნდა იყო გუშაგი, რომ ნაფიცი მსაჯულები არ მოტყუვდნენ".

ეკა არეშიძე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში, ყველაზე გამოცდილი ქართველი მოსამართლეა. ის, რაც ფილმებში ხშირად გვინახავს, სიახლეა ჩვენი რეალობისთვის. სწორედ ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლესთან ჩვენი ინტერვიუს ძირითადი ნაწილი.

- მოსამართლედ მუშაობის დიდი გამოცდილება გაქვთ, მაგრამ კოლეგიის თავმჯდომარის ფუნქციასაც ასრულებდით…

- დიახ, ერთი პერიოდი, 2016-2017 წლებში.

- ეს რამეს ცვლის, პასუხისმგებლობის მხრივ? კოლეგიის თავმჯდომარეს პასუხისმგებლობის მეტი ტვირთი აქვს?

- ეს იყო პერიოდი, როდესაც მამუკა ახვლედიანი [თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე] გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი. არა მგონია, რაიმე საინტერესო, განსაკუთრებული ამბავი იყოს. არც დიდი მოლოდინი მქონდა. გარკვეული მიზეზების გამო გადააყენეს თანამდებობიდან. მაშინ დამეკისრა სისხლის სამართლის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება – დაახლოებით თვე-თვე-ნახევარი. შემდეგ პოზიცია შეიცვალა და სხვა დანიშნეს შტატში, თუმცა როცა თავმჯდომარე არ იყო ხოლმე, პერიოდულად ისევ ვასრულებდი მოვალეობას.

განსაკუთრებული არაფერია. მოსამართლის მოვალეობას გარკვეული მენეჯერული ფუნქციები ემატება. ცოტა მეტი პასუხისმგებლობაა, ერთგვარად.

- ოღონდ, ფორმალური, ხომ? გადაწყვეტილების მიღების მხრივ, არაფერს ცვლის.

- არა. ეს უფრო საქმეთა განაწილების საკითხს ეხებოდა. მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებისას ერთ-ერთი არგუმენტი ეს იყო. ამბობდნენ, რომ საქმეთა განაწილების პროცედურა არ იყო სწორად წარმართული. ეს მოვაწესრიგე იმ პერიოდში.

- კოლეგა მოსამართლეებთან შინაარსობრივ საკითხებზე თანამშრომლობას არ გულისხმობს თავმჯდომარის მანდატი, ე.ი.

- გააჩნია, ალბათ, ვინ ასრულებს ასეთ ფუნქციას. ძირითადად, საორგანიზაციო საკითხებია...

- შინაარსობრივ ნაწილში თავმჯდომარე არ ერევა?

- არა, რა თქმა უნდა. მართებული არ არის; ასე არ უნდა მოხდეს; არ შეიძლება. საქმეზე რა ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღო და ა.შ., თავმჯდომარეს არ ეხება.

ახლა უკვე ისედაც საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემაა ჩვენთან. ძირითადად, რეზოლუციას ადებს ხოლმე კოლეგიის თავმჯდომარე, როცა საქმეები ნაწილდება.

-  ბიოგრაფიას რომ დავუბრუნდეთ - თქვენ ასწავლიდით კავკასიის უნივერსიტეტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში...

- დიახ, იქ რამდენიმე საკითხზე ტრენერად მიმიწვიეს. ძირითადად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს შეეხებოდა. პერიოდულად მიწევდა იქ მუშაობა. შტატში არ ვარ, როგორც მათი ლექტორი და ტრენერი...

- მაგრამ, რადგან გაქვთ გამოცდილება, ასეთი შეკითხვა მაქვს: ეს სკოლა პასუხისმგებელია მოსამართლეთა კორპუსის ახალი კადრებით შევსებაზე, ამ კორპუსის გადახალისებაზე. როგორ ფიქრობთ, ეს სტრუქტურა ამ მხრივ გამართულად მუშაობს?

- ვერ გეტყვით. მიჭირს პასუხის გაცემა – არ ვარ ასე ღრმად ჩართული. კონკრეტულ პერიოდში ვასრულებდი ჩემს კონკრეტულ მოვალეობას. ვერ გეტყვით, რა ნიშნით ხდება, მაგალითად, ტრენერების შერჩევა...

- გაცილებით საინტერესოა, ალბათ, მსმენელის შერჩევა როგორ ხდება, როგორ წყდება კვოტირების საკითხი – რამდენი უნდა მიიღონ, მაგალითად.

- დიახ, სწორედ ის საკითხებია, რომელშიც არ ვარ ჩართული და ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებს ასწავლიდით იქაც. გამოცდილებაც გაქვთ, ხომ, ამ თემაში?

- ყველაზე დიდი გამოცდილება მაქვს საქართველოში. ამაყად ვამბობ ყოველთვის, რომ ყველაზე მეტი საქმე მაქვს განხილული [იგულისხმება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო] და მსაჯულების ყველაზე მეტი შერჩევა ჩატარებული.

- ასეთ შემთხვევაში, როცა მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა სხდომას თავმჯდომარეობს, პასუხისმგებლობა მსაჯულებზე ნაწილდება და თქვენ უფრო კომფორტულად გრძნობთ ხოლმე თავს?

- ვერ გეტყვით, რომ უფრო კომფორტულად ვგრძნობ. არის ასეთი დამოკიდებულება, თითქოს უფრო ადვილია მოსამართლისთვის, როდესაც ძირითად გადაწყვეტილებას, არის თუ არა დამნაშავე ბრალდებული, მსაჯულები იღებენ. ეს მოსაზრება ზოგჯერ კოლეგებისგანაც გამიგია. ვისაც ნაფიც მსაჯულებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს, ფიქრობს, რომ უფრო მარტივია: განაჩენი არ საბუთდება, გადაწყვეტილებას რეალურად მოსამართლე არ იღებს. მოსამართლე მხოლოდ სასჯელს ნიშნავს, გამამტყუნებელი ან გამამართლებელი ვერდიქტის შესაბამისად, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობაა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვგრძნობ, როცა სხდომას ვთავმჯდომარეობ ხოლმე.

მოსამართლეს პროცესში ძალიან დიდი როლი აქვს, პირველ რიგში, პირველ ეტაპზე ნაფიცი მსაჯულები სწორად შეარჩიოს.

- სწორედ ამ პროცედურის განხილვა გვინდა დაწვრილებით. მოსამართლე ჩართულია ნაფიც მსაჯულთა შერჩევაში...


- დიახ, რა თქმა უნდა. ალბათ, ესეც გაინტერესებთ – არის რამდენიმე მუხლი, რაც ნაფიც მსაჯულთა განსჯადია, თუ ბრალდებულს ბრალი ერთ-ერთი ასეთი მუხლით ედება ...

- ეს მუხლები იმდენად ბევრია, რომ ვერ ჩამოვთვლით?

- არც ისე. ყველაზე გავრცელებული მაინც განზრახ მკვლელობაა დამამძიმებელ გარემოებებში; განზრახ მკვლელობა; არის ძალადობის მუხლიც. ასევე ტრეფიკინგი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ძირითადად, საქმეები, რაც განხილულა, ამ ბრალდებებს მოიცავს. სხვა დანაშაულებიც არის, მაგრამ ეს ყველაზე ხშირად განხილულია.

ერთი პრეცედენტი გვქონდა, როცა არაადამიანური მოპყრობის საქმე განვიხილეთ. ასეთი ბრალდება ახლაც მაქვს წარმოებაში.

- თუ რომელიმე ეს მუხლი მიესადაგება, ავტომატურად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ?

- არა. მარტივად ავხსნი. თუ, მაგალითად, ადამიანს ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში და, ვთქვათ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში, ცეცხლსასროლი იარაღის საკითხი, ცალკე აღებული, არ არის ნაფიც მსაჯულთა განსჯადი, მაგრამ თუ კომბინაციაშია ნაფიც მსაჯულთა განსჯად მუხლთან, როგორიც განზრახ მკვლელობაა, ასეთ შემთხვევაში ბრალდებულს აქვს არჩევანის უფლება – მის საქმეს მოსამართლე განიხილავს საერთო წესით, თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

- ასეთ შემთხვევებში შეთავაზება ავტომატურად მიდის ბრალდებულთან?

- დიახ. ეს წინასასამართლო სხდომაზე ხდება. სხდომის განმხილველი მოსამართლე განუმარტავს ბრალდებულს ამ უფლებას. ადვოკატისგანაც წინასწარ არის ხოლმე მათთვის ცნობილი, რომ ეს საქმე ნაფიც მსაჯულთა განსჯადია. ალბათ, ნაფიქრიც ექნება ამ საკითხზე, მაგრამ ზოგჯერ, შესაძლოა, წინასასამართლო სხდომაზე გაიგოს.

მოსამართლე განუმარტავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ძირითად დებულებებს, როგორ იღებენ ვერდიქტს და ა.შ. მერე მოსამართლე ბრალდებულს უსვამს შეკითხვას.

განსჯად მუხლებზე ასეთი დათქმაა – როგორც წესი, ამ საქმეებს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები. თუ ბრალდებული უარს იტყვის, ამ შემთხვევაში განიხილავს მოსამართლე.

თუ ბრალდებული ამბობს, რომ მას სურს, მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადასცემს. თავადვე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შესარჩევ სხდომას.

- სანამ პროცედურას თანმიმდევრობით გავყვებით, თქვენი დაკვირვებით, როგორია ტენდენცია – ბრალდებულები უფრო ხშირად ნაფიც მსაჯულებს ირჩევენ თუ მოსამართლეს?

- უფრო ხშირად – მოსამართლეს.

- რატომ?

- თუმცა იცით, როგორ არის... მაინც ახალი ინსტიტუტია – 2010-ში შევიდა კანონში ცვლილება. საპილოტე რეჟიმში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის საქმეებს იხილავდნენ და მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოქმედებდა. მთელი წელი არავის აურჩევია. ალბათ, იმიტომ, რომ ახალი იყო და ერთგვარ რისკსაც შეიცავდა, ბრალდებულის აღქმით.

პირველი საქმე 2011 წელს შემოვიდა. შემდეგ ნელ-ნელა დაიძრა პროცესი.

მაშინ მუხლების [ნაფიც მსაჯულთა განსჯადი] რაოდენობაც ბევრად შეზღუდული იყო. სხვათა შორის, 2014 წელს კანონში ცვლილება შევიდა: თანამდებობის პირებსაც შეეძლოთ აერჩიათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო...

- ეკონომიკურ დანაშაულზე?

- სხვადასხვა ტიპის დანაშაულზე. თანამდებობის პირებს და ვინც მათთან ერთად იხილებოდა დანაშაულის ჩადენაში, ჰქონდათ ეს არჩევანი, მაგრამ ამ ცვლილებამ კარგად არ იმუშავა. თანამდებობის პირები, ძირითადად, არ ირჩევდნენ ან ირჩევდნენ იმ მიზნით, რომ, მაგალითად, საპროცესო შეთანხმებისთვის მიეღწიათ. სულ რამდენიმე საქმე იყო ამ ნიშნით განხილული სასამართლოში. მათ შორის, ერთ-ერთი გახმაურებული – ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე. მაშინდელი დაცვის უფროსი და ერთ-ერთი პირადი მცველი იყვნენ პასუხისგებაში მიცემულები. სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით განიხილებოდა საქმე. ძალიან საინტერესო და ყველაზე ხანგრძლივი პროცესი იყო, რაც, ჯერჯერობით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულა.

- შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პროცესის საჯაროობას ზრდის?

- რა თქმა უნდა. ჩემს არგუმენტებსაც მოგახსენებთ. დავიწყებ იმით, რომ დღესაც კი, როდესაც ათ წელზე მეტს ითვლის საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკა, ძალიან ბევრი იურისტია, მათ შორის მეცნიერი იურისტები, რომლებიც ამ საკითხს სკეპტიკურად უდგებიან, ეჭვის თვალით უყურებენ. მე ვფიქრობ, რომ დროული იყო ამ ინსტიტუტის შემოღება.

ნებისმიერ რეზონანსულ საქმეზე საზოგადოების, მედიის ჩართულობა იმდენად მაღალია, რომ ეს გარკვეული გზავნილიც იყო. გვინახავს, საქმეები, რომლებსაც მედია განიხილავს, ტოქშოუები მზადდება ამ თემაზე. საზოგადოება თითქოს მზადაა, თავად აღასრულოს მართლმსაჯულება.

თუმცა პრაქტიკაში სხვანაირად გამოჩნდა. საწყის ეტაპზე  ძალიან დიდ პრობლემებს ვაწყდებოდით...

- მაგალითად?

- არავის არ სურდა მსაჯულობა. არადა, ეს ნებაყოფლობითი არაა.

- მოდით, ახლა განვაგრძოთ პროცედურა. გადაწყდა, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ. ირჩევენ მსაჯულებს. როგორ იწყება პროცესი?

- მხარეები იკრიბებიან. არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა. ამ პროგრამაში კონკრეტული ადამიანების მონაცემებია ჩატვირთული.

- საიდან ირჩევენ ამას?

- არსებობს საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც კანონის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ სასამართლოს აწვდის რელევანტურ ინფორმაციას. მაგალითად, თუ საქმე თბილისში იხილება – აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული, ანუ სრულწლოვანი პირების ნუსხას. ეს დაახლოებით ორ მილიონამდე მოქალაქეა. ეს სია სპეციალურ პროგრამაში იტვირთება.

პროცედურულად რომ გაგვემარტივებინა, სპეციალური პროგრამა შეიქმნა. ბრალდებისა და დაცვის მხარე ასახელებს ნებისმიერი ციფრის კომბინაციას, რაც თავში მოუვათ. დავუშვათ, 223-ს. პროგრამა მივუთითებთ ციფრების ამ კომბინაციას და  ყოველი 223-ე ადამიანის 300-კაციან სიას გვაძლევს, ანუ ყოველი შერჩევისას 300 ადამიანს ეგზავნება უწყება, კითხვარი, მაგრამ გამოცხადების მაჩვენებელი მაინც 30%-ზე ნაკლებია.

- თქვით, რომ ეს სავალდებულოა...

- ეს არ არის ნებაყოფლობითი. ეს მოქალაქეობრივი ვალდებულებაა.

- თუ მხოლოდ 30% მოდის, ეს როგორ თავსდება ამ ვალდებულებასთან?

- სწორედ ესაა მთავარი სირთულე. კანონიც ამის მიხედვით შეიცვალა. ჯერ 50 ადამიანიდან უნდა შეგვერჩია, მერე – ასიდან. იმ 100-კაციანი სიიდან იმდენად ცოტა მოდიოდა, ყოფილა შემთხვევა, როცა 20-ზე მეტი სხდომა დამჭირვებია ობიექტური ნაფიცი მსაჯულების შესარჩევად. უმეტესობა თვითაცილებას აცხადებდა. ჰქონდა კიდეც ამის საფუძველი...

- რა არის თვითაცილების საფუძველი?

- პირდაპირ გამორიცხვის საფუძვლები თუ გაინტერესებთ, გეტყვით, ვინ არ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული. პროკურორი, ადვოკატი, პოლიციელი, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, გამომძიებელი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, სასულიერო პირი მსაჯული ვერ იქნება. ასევე, არ შეიძლება იყოს მსაჯული ნასამართლევი პირი, თუ ეს ნასამართლობა გაქარწყლებული არ არის; არ შეიძლება იყოს ბრალდებული, ანუ სხვა საქმეზე ბრალდებული; ასევე – თავად განსახილველი საქმის პროცესის მონაწილე, მაგალითად, მოწმე; ასევე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის ჰქონდა დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი და ამ სახდელის დადებიდან არ გასულა ერთ წელზე მეტი. ეს არის პირდაპირი გამორიცხვა. 

თუ ეს საფუძვლები არსებობს, ვალდებულიც კი ხარ, რომ არ აირჩიო ნაფიც მსაჯულად. არის კიდევ რამდენიმე გარემოებაც: ქართული ენის ცოდნაა სავალდებულო.

პრაქტიკაში გვქონდა შემთხვევა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო კანდიდატი. იუსტიციის სახლის თანამშრომელი იყო და ეტლით გადაადგილდებოდა, ანუ აქტიური ადამიანი იყო - მუშაობდა, ამის თქმა მსურს. მას არ განუცხადებია თვითაცილება. გვითხრა, რომ, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნებოდა და გადაადგილება არ გაუჭირდებოდა, ნაფიცი მსაჯულობა უნდოდა. შევარჩიეთ კიდეც. გარემო ძალიან ადაპტირებულიც არ იყო, მაგრამ ყველანი ჩართულები ვიყავით და მზად შესაძლო პრობლემების მოსაგვარებლად.

ამ საქმის განხილვა ერთი თვე გაგრძელდა. საკმაოდ რთული საქმე იყო, მკვლელობის ფაქტზე. ბოლომდე მონაწილეობდა ეს ადამიანი.

ამიტომ ვამბობ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეფასებითია. შეიძლება, ადამიანს გადაადგილება შეზღუდული აქვს, მაგრამ გონებრივად და სხვა მხრივ ყველანაირადაა ჩართული. თუ ხელს შეუწყობ, პროცესში მონაწილეობა შეუძლია.

- შესაძლოა, დეპრესია უფრო რთული პრობლემა იყოს, ხომ?

- დიახ. დეპრესია, სხვათა შორის, ძალიან ხშირი ჩივილია. აცილების ერთ-ერთი საფუძველიც არის. მარეგულირებელ დოკუმენტებში ასე პირდაპირ არ წერია, მაგრამ თავად კანდიდატი გვეუბნება ხოლმე, იმდენად მძიმე ემოციური მდგომარეობა მაქვს, რომ, მაგალითად, მკვლელობის საქმეზე მსაჯულობა არ შემიძლია, მშვიდად ვერ მოვუსმენ განხილვას და მიუკერძოებლად ვერ შევაფასებ, ემოციები დამჯაბნისო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა დასაქმებული პირების საკითხი. მოგეხსენებათ, დასაქმების პრობლემა დგას ქვეყანაში; ძალიან ბევრი ადამიანია თვითდასაქმებული. დღეის მდგომარეობით, საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს რაიმე რეგულაცია, რომლის თანახმადაც,  ანაზღაურდებოდა განაცდური.

დავუშვათ, ადამიანი ტაქსის მძღოლია და ორი კვირა ვერ იმუშავებს, ვინ გადაუხდის? როგორ შეიძლება დაითვალოს განაცდურის ოდენობა? მსგავსი პრობლემა გვაქვს ძიძების შემთხვევაშიც.

მცირეწლოვანი ბავშვების დედებს ხშირად უნდათ ხოლმე მონაწილეობა, მაგრამ ბავშვების დატოვების პრობლემა აქვთ.

- როცა ამას გეუბნებიან, უკვე თვითაცილების საფუძველია, ხომ?

- იცით, როგორაა? ასეთ შემთხვევებს ძალიან კრიტიკულად უნდა მიუდგე. არსებობს თვითაცილების საფუძვლები, რომლის დადასტურებაც შეუძლია მსაჯულობის კანდიდატს. ასახელებს სამუშაო ადგილს; ამბობს, რომ მისი ჩანაცვლება რთული იქნება და არყოფნა მნიშვნელოვან პრობლემას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევებში ცნობაც აქვთ ხოლმე წარმოდგენილი. რომ კითხულობ, გარემოებებს რომ გაეცნობი, გჯერა, რომ ნამდვილად ასეა.

- თვითდასაქმებულები ასეთ ცნობებს ვერ წარმოგიდგენენ...

- დიახ, ვერ მოაქვთ. ზოგი მშენებლობაზე მუშაობს, ზოგიც ყვავილებს ყიდის. ათასი ასეთი გარემოება არსებობს.

მაგრამ, მაგალითად, მე ასეთი მიდგომა მაქვს - ყოველთვის ვხვდები, თუ იტყუება. როცა იტყუებიან, უფრო სხვა მიზეზებს იგონებენ ხოლმე. იშვიათად იტყუებიან. ძირითადად, სიმართლეს ამბობენ.

მოტყუებას, ძირითადად, ემოციურობის მოშველიებით ცდილობენ. ამბობენ, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ამის კონტროლი და გადამოწმება ძალიან რთულია. ხომ შეიძლება, სიმართლეს ამბობდეს?

ორივე შემთხვევაში რისკია. ერთ შემთხვევაში იმიტომ, რომ არ უნდა ადამიანს და ამის გამო ტყუილზეც მიდის. აქედან გამომდინარე, უკვე ეჭვი მეპარება მის ობიექტურობაში. მეორე მხრივ, შეიძლება, მართალს ამბობს.

არსებობს ნიუანსები, როდესაც ინტუიციას ვეყრდნობით, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ვცდილობთ, წარმოგვიდგინონ ჯანმრთელობის ცნობა, ცნობა სამსახურიდან და ა.შ. თუ ამბობს, რომ მცირეწლოვან შვილს ვერ ტოვებს, დაბადების მოწმობის ასლს ვთხოვთ.

რაკი ეს ვალდებულებაა, სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ათავისუფლებს თუ არა მსაჯულობის მოვალეობიდან.

- თუ გათავისუფლებისთვის წინაპირობები არა აქვთ, რატომ ამბობენ ხოლმე უარს? გადაწყვეტილების მიღების ეშინიათ?

- წეღანაც ვთქვი - მქონდა განცდა, რომ საზოგადოება მზად იყო და უნდოდა, რომ თვითონ აღესრულებინა სამართალი. გარედან ასე ჩანს, მაგრამ როგორც კი უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ადამიანებს ძალიან ეშინიათ.

ხშირად უთქვამთ - თქვენ მოსამართლე ხართ, ეს თქვენი პროფესიაა. მე რომ მნდომებოდა, თქვენს პროფესიას ავირჩევდი.

- პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ?

- ყველას არა, მაგრამ ბევრია ასეთი ადამიანი. ამას წინათ ერთმა კანდიდატმა მე, პროკურორებსა და ადვოკატებს ასე მოგვმართა: თქვენი პროფესიის ადამიანებზე ხშირად მიფიქრია – ნეტა, ღამე როგორ სძინავთო...

- სხვის ბედს რომ განკარგავთ, ამ კონტექსტში?

- დიახ. საერთოდ რა აძინებთ ღამეო - ასეთი მიდგომებიც არის, მაგრამ წლების განმავლობაში აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ, რაც უფრო ხშირია ნაფიცი მსაჯულების სასამართლო პროცესი, რაც უფრო ხშირად ხვდება ეს მედიაში, ინტერესი იმატებს. უფრო და უფრო მეტი კანდიდატი თანხმდება და თვითაცილებას არ აცხადებს. აქედან გამომდინარე, შერჩევის პროცედურაც თანდათან მარტივდება.

- შერჩევის თემა რომ დავასრულოთ, მაინც დილემური ვითარებაა. თვითდასაქმებულებზე დიდი წილი მოდის ქვეყანაში. უკვე ჩამოთვალეთ პროფესიები, რომელთა მოწვევა ნაფიც მსაჯულებად კანონმდებლობითაც არ შეიძლება...

- … თან ეს პროფესიები გაიცხრილა კიდეც. თავიდან იურისტებსაც ეზღუდებოდათ, ახლა შეზღუდვა მოხსნილია...

- საჯარო სამსახური ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. შეგვიძლია, უკვე ვილაპარაკოთ ტენდენციაზე, რომელი პროფესიის ადამიანები ხდებიან უფრო ხშირად ნაფიცი მსაჯულები?

- გეტყვით. გარკვეულწილად, დამილაგდა პროფესიების მიხედვით ტენდენცია.
შერჩევებიდან გამოიკვეთა ბანკის თანამშრომლები – ცივი გონებით განსჯის უნარით, ნეიტრალურობითა და სწრაფი აზროვნებით გამოირჩევიან. თუნდაც იურიდიულ საკითხებს, რაც მათთვის კანდიდატობამდე არ იყო ჩვეული, ძალიან მარტივად უღებენ ალღოს.

როცა კანდიდატები კითხვარს ავსებენ და პროფესიის გრაფაში უწერიათ, რომ ბანკში მუშაობენ, უფრო მეტი ყურადღებით ვეპყრობით...

- მიზეზი ისიცაა, რომ გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად უჭირთ?

- არ უჭირთ, დიახ. აცილებების ეტაპს რომ გავივლით, ვინც რჩება, მათთან გასაუბრებები გვაქვს, რომ გავიგოთ, კონკრეტული კანდიდატი შეძლებს თუ არა ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შეკითხვებზე პასუხებიდან ჩანს, რომ ზოგს აღქმა უჭირს, ბოლომდე ვერ იგებს, რას ეკითხები.

ამ პროცესში კიდევ ერთი კონტინგენტი გამოიკვეთა - სტუდენტები. ჩემი გამოცდილებით, თითქმის ყველა შემადგენლობაში ბანკის ორი თანამშრომელი და სამი სტუდენტი მაინცაა...

- პედაგოგები?

- დიახ, პედაგოგებიც გვყოლია, მაგრამ არა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებივით აქტიურად. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ, როცა კანდიდატი თვითაცილების მიზეზად ამბობს, რომ სამსახურში უფრო საჭიროა, ვიდრე სასამართლოში, ვაფასებთ, კანდიდატის პროფესიული ინტერესი  უნდა დავაყენოთ უფრო მაღლა, თუ მართლმსაჯულების. თუ პედაგოგი კლასის დამრიგებელია, რომელიც სკოლას ამთავრებს, შეიძლება, ეს გარემოება ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნიოთ და გავიზიაროთ არგუმენტი, რომ ეს ორი კვირა სკოლაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სასამართლოში. ასეთ შემთხვევებში ვთმობთ ხოლმე კანდიდატს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია.

საპროცესო კოდექსში უკვე გაიწერა კონკრეტული პროფესიები, რომლებიც შედარებით პრიორიტეტული იქნება სამსახურის საფუძვლით თვითაცილების გამოცხადებისას. ესენი არიან მედიცინის სფეროს მუშაკები, ასევე უსაფრთხოების სფეროში მომუშავეები. ამ პროფესიულ ჯგუფებს მეტი პრიორიტეტი ენიჭებათ, როცა გათავისუფლებაზე ვმსჯელობთ.

- ბრძანეთ, რომ გამოიკვეთა ორი ჯგუფი - ბანკის თანამშრომლები და სტუდენტები. შეგვიძლია, ასაკობრივ ჭრილზეც ვილაპარაკოთ? ამ ორივე ჯგუფს უფრო ახალგაზრდები წარმოადგენენ, ალბათ, ხომ?

- დიახ, უმეტესად ახალგაზრდები. ოღონდ, დანაშაულსაც გააჩნია. თუ ოჯახური ძალადობის მუხლი ერთჯერადი შემთხვევაა, არ არის ნაფიც მსაჯულთა განსჯადი, მაგრამ თუ ოჯახურ დანაშაულს სისტემატური ხასიათი ჰქონდა, უკვე ნაფიც მსაჯულთა განსჯადი ხდება.

თუ ასეთ საქმეზე ვარჩევთ ნაფიც მსაჯულებს, ასაკობრივ ჯგუფს მნიშვნელობა ენიჭება. მენტალური დამოკიდებულებაა ძალიან განსხვავებული.

მოგეხსენებათ, ჩვენს საზოგადოებაში ოჯახის ერთი წევრის მეორეზე ძალადობა ერთგვარ ნორმადაც აღიქმება ვიღაცისთვის. ხშირად გვსმენია - ქმარი რომ ცოლს აგინებს, მერე რა?! ხელის დარტყმასაც ასე ამართლებენ ხოლმე.

სხვათა შორის, როცა ოჯახში ქალებზე ძალადობის საქმეზე ქალი მსაჯულების არჩევა გვინდა ხოლმე, ხშირად გვიჭირს. არა აქვთ მიდგომა, რომ ქმრის ძალადობა ცოლზე დანაშაულად უნდა მიიჩნეოდეს და ისჯებოდეს. ოჯახის საქმე გარეთ არ უნდა გაიტანო - ასეთი არგუმენტიც ხშირად მოგვისმენია. ასეთი მენტალობის ადამიანები უფრო შუა ხნის ასაკის და უფროსები არიან. ახალგაზრდები უფრო ცივი გონებით მოქმედებენ, სტერეოტიპებისა და კლიშეებისგან დაცლილები არიან და ეს კარგია.

- დავუბრუნდეთ პროცედურას. შეიკრიბნენ ადამიანები, ვისგანაც მსაჯულები უნდა აარჩიოთ. მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი არჩევთ?

- რა თქმა უნდა, მხარეებთან ერთად თავად ბრალდებულიც მონაწილეობს. ხედავს კანდიდატებს და მათზე გარკვეული ინფორმაციაც აქვს.

- კანდიდატმა თავიდანვე იცის, რა საქმეზეა მიწვეული?

- იცის, მაგრამ ძალიან მოკლედ. ვრცელი ფაბულა - რაში ედება ბრალი და სხვა დეტალები, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, შერჩევის სხდომაზე უნდა ვაცნობოთ, სანამ თვითაცილების ეტაპს დავიწყებთ.

კანდიდატებს ვაცნობთ, რა მოხდა, რაში ედება ბრალი, ვინ ვის რა ზიანი მიაყენა და ა.შ. ვრცლად ვუკითხავ, რაც ბრალის დადგენილებაშია. ასევე ვაძლევ მინიმალურ განმარტებებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით. პოტენციურ ნაფიც მსაჯულს აუცილებლად უნდა უთხრა, რა დრო დაეკარგება, რა პერიოდში განიხილება საქმე, რა ხანგრძლივობით. ამ კუთხითაც უნდა გათვალოს, რაიმე ხომ არ უშლის ხელს. ამ ყველაფრის განმარტების შემდეგ ის აფასებს, ამ ტიპის საქმეზე რამდენად შეძლებს, იყოს ობიექტური.

მოწვეულ პირებს თვითაცილების შესახებ  ადგილიდანაც შეუძლიათ განაცხადონ ან მოვიდნენ ჩემთან და მხოლოდ მე მითხრან, თუ არ უნდათ საჯაროდ ლაპარაკი. ყოფილა შემთხვევები, როცა ოჯახური ძალადობის საქმეზე მოსულა კანდიდატი და ჩემთვის უთქვამს, რომ თავად იყო ძალადობის მსხვერპლი.

ერთ შემთხვევაში კანდიდატმა მითხრა, რომ თავად იყო ქმრისგან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, შემდგომში კი მისი ვაჟიც ძალადობდა მეუღლეზე და თავად გამოიძახა საპატრულო პოლიცია. სულ კანკალებდა ადამიანი. ცხადია, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, გაუჭირდებოდა მსაჯულობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კანდიდატმა იცოდეს, რა საქმის განხილვაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

შეიძლება, ერთი და იგივე კანდიდატი მკვლელობის საქმეზე მსაჯულად გამოდგეს, მაგრამ პირადი გამოცდილება თუ აკავშირებს, ოჯახური ძალადობის ობიექტურად განსჯა ვერ შეძლოს. მქონია შემთხვევები, როცა ადრე ნასამართლევ და უკვე ნასამართლობაგაქარწყლებულ პირებს უთქვამთ, რომ სოლიდარულები არიან ბრალდებულის მიმართ და ამიტომ არ გამოდგებოდნენ.

- ეს სასამართლო დარბაზში ხდება?

- დიახ. ყველა კანდიდატი იკრიბება დარბაზში. მინიჭებული აქვთ რიგითი ნომრები. სახელით და გვარით არ მივმართავთ, რათა პერსონალური ინფორმაცია დავიცვათ. დარბაზში არიან: ბრალდებული, პროკურორები, ადვოკატები და მე, სხდომის მდივანთან ერთად.

- რამდენი მსაჯული უნდა შეირჩეს?

- უნდა შეირჩეს, მინიმუმ, 14 მსაჯული, განხილვა რომ დაიწყოს.

- და დარბაზში რამდენი კანდიდატია ხოლმე?

- მაქსიმალური რაოდენობა, რაც მახსენდება, 65 იყო. ამაზე მეტი არ გამოცხადებულა. ამასაც ბევრი მიზეზი აქვს. ზოგი ხომ რეგისტრაციის მისამართზე არ ცხოვრობს, ზოგი საზღვარგარეთაა.

70 წელს გადაცილებული პირები ხშირად არ მოდიან. მათ კანონი აძლევს ამის შესაძლებლობას. ასაკობრივი ზედა ზღვარი არ არის დაწესებული, მაგრამ 70 წელს გადაცილებულ პირებს ეს უპირატესობა აქვთ. ენის არმცოდნე პირები, უფრო ხშირად, ეთნიკურად არაქართველები არიან. ზოგი მოწვევის მიღებისთანავე ამბობს უარს, ზოგი სხდომაზე მოდის და დარბაზში აცხადებს ამის შესახებ.

ამ გარემოებების ერთობლიობა იწვევს იმას, რომ 30%-ზე ნაკლები პირი ცხადდება. ამიტომ გვჭირდება რამდენიმე შერჩევის სხდომა. თუმცა ბოლო ერთი წელია, რაც 300 ადამიანს ეგზავნება უწყება, ვითარება გაუმჯობესდა. მანამდე 100-ს ეგზავნებოდა და მეტი შერჩევა გვჭირდებოდა. ახლა უკვე გვქონდა შემთხვევა, რომ ორ სხდომაში შევარჩიეთ მსაჯულები.

- ფილმებში გვაქვს ნანახი, რომ კანდიდატებს მხარეები წინასწარ სწავლობენ ხოლმე, მაგალითად, ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, რომ მათთვის სასარგებლო მსაჯული შეარჩიონ.

- ფილმებში კი, მაგრამ ჩვენს რეალობაში ვერ შეისწავლიან და გეტყვით, რატომ. როცა ჩემთან სია ამოდის, შემდეგი მონაცემებია მითითებული: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, გვარ-სახელი და მისამართი. კანონშია მითითებული, რომ ეს მონაცემები მხოლოდ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს, მხარეებს კი მხოლოდ კანდიდატების სახელები და გვარები გადაეცემათ. ამიტომაა რთული იდენტიფიცირება.

ყოფილა შემთხვევა, როცა მხარეების ხელში ფეისბუქის პროფილებიდან ამობეჭდილი ფურცლები მინახავს. ცდილობენ ინფორმაციის მოძიებას, მაგრამ, ვინაიდან სახელისა და გვარის გარდა, არაფერია მათთვის ცნობილი, რთულია. თუმცა, მაგალითად, ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, შესაძლოა, ბრალდების მხარეს ჰქონდეს კიდეც.

თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლა ან რაიმე ფორმით ჩარევა მის საქმიანობაში სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ჩემი გამოცდილებაში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.

- ისეთი შემთხვევა თუ ყოფილა, როცა შერჩევის შემდეგ გაირკვა, რომ კანდიდატს განსახილველ საქმესთან კავშირი აქვს.

- დიახ, ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე იყო ასეთი შემთხვევა.

- შეგიძლიათ, გვიამბოთ?

- კი. კანდიდატის ვინაობას ვერ გეტყვით და მართალი გითხრათ, არც მახსოვს. ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულები იყვნენ: ჩხაპელია, ყურუა და კიდევ ერთი, რომლის სახელი და გვარიც ახლა არ მახსოვს. გახმაურებული, შეკვეთილი მკვლელობის საქმე იყო. 2013 წელს განიხილებოდა საქმე. მაშინ გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი მსაჯული ბრალდებულსა და მის ოჯახს იცნობდა. ორივენი აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ. ამ ნაცნობობის შესახებ თავად მსაჯულმა განაცხადა. ბევრი ნიუანსი იყო, სიღრმეებში ვერ შევალ, მაგრამ თავად მსაჯულმა განაცხადა, რომ პროცესის მსვლელობისას აღიდგინა ინფორმაცია ნაცნობობაზე. თუმცა არსებობდა ინფორმაციაც, რომ ეს მსაჯული გარკვეული ზეწოლის ქვეშ იყო და იმდენად შეეშინდა, რომ ნაცნობობის გამჟღავნება გადაწყვიტა. მოკლედ, მსაჯულობიდან ავიცილეთ.

- ეს დასჯადია?

- დიახ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, თუ შეგნებულად დამალავ ინფორმაციას მსაჯულობასთან შეუთავსებლობის თაობაზე. თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს სასჯელის სახით. პასუხისმგებლობის დაყენება ასეთ შემთხვევაში პროკურატურის დისკრეციაა და არა საქმის განმხილველი სასამართლოსი. მე როგორც მახსოვს, ამ შემთხვევაში დევნა არ დაწყებულა. ალბათ, იმიტომ, რომ ნებაყოფლობით ისეთ ეტაპზე თქვა, ვერდიქტს მნიშვნელოვანი საფრთხე არ შეჰქმნია.

- ამგვარი ინფორმაცია, მაგალითად, ადვოკატმა რომ მოიპოვოს პროცესის განმავლობაში, მსაჯულის დისკრედიტაცია შეუძლია?

- რა თქმა უნდა, შეუძლია.

- ასეთი შემთხვევა თუ გქონიათ?

- არა, ასეთი არ მქონია. ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როცა შერჩეული მსაჯული ამბობდა, რომ ქართულ ენას სრულყოფილად ფლობდა. თათბირის დროს 7-მა ნაფიცმა მსაჯულმა მომმართა განცხადებით, რომ ესა და ეს ნომერი ნაფიცი მსაჯული ქართულ ენას სრულყოფილად არ ფლობდა, რაც თათბირის დროს მსჯელობისას აშკარად გამოიკვეთა - გარკვეული გარემოებები, ამ ფაქტის გამო, საერთოდ თავისებურად ჰქონდა აღქმული.

ასეთ შემთხვევებში თავად ნაფიც მსაჯულებსაც შეუძლიათ რეაგირება. ასევე, თუ რომელიმე მსაჯული სხვებზე ძალიან აშკარა ზეწოლას ახდენს და ცდილობს, აზრი შეაცვლევინოს, ოღონდ, არა იმიტომ, რომ მართლმსაჯულების აღსრულება უნდა, არამედ - პირადი მოტივით. ასეთი შემთხვევა თუ გამოვლინდა, ნაფიც მსაჯულებს შეუძლიათ, მიმართონ მოსამართლეს და მისი ჩამოცილება მოითხოვონ.

მაგრამ აქაც რისკია. თუ თათბირის ეტაპზე სათადარიგო მსაჯული გყავს, მაშინ ჩაანაცვლებ და მარტივია, თუმცა აქვე უნდა მიაქციო ყურადღება, ხომ არ მოახდინა გავლენა დანარჩენ მსაჯულებზე...

- რას გულისხმობთ?

- ვთქვათ, ისეთი ინფორმაცია მიაწოდა, რომ მიზანმიმართულად გადაიყვანა თავის ჭკუაზე. ასეთი რამ არ უნდა მოხდეს.

მეორე რისკფაქტორი - თუ თათბირის დროს ვაცილებ ნაფიც მსაჯულს, შეიძლება, ის რაოდენობა აღარ დამრჩეს, რომელიც იმ კატეგორიის საქმეზე ვერდიქტის მისაღებად უფლებაუნარიანია.

კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ განსაკუთრებით მძიმე საქმეზე, მინიმუმ, 10 მსაჯული მაინც უნდა დაგრჩეს თათბირის დროს, მძიმეზე - 8 და 6 ნაკლებად მძიმე კატეგორიაზე, ანუ სასტარტო ყოველთვის 12-ია და პლუს 2 სათადარიგო, მაგრამ შეიძლება, განხილვის დროს ავად გახდეს და ჩანაცვლება მოგიხდეს, შემდეგ კიდევ სხვა მიზეზით გახდეს ჩანაცვლება აუცილებელი. თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სათათბიროდ გასული 10 მსაჯულიდან კიდევ ერთის აცილების საფუძველი გამოვლინდა, ამ შემადგენლობის დათხოვნა გიწევს და შერჩევის პროცესი ხელახლა უნდა დაიწყოს.

კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ნაფიცმა მსაჯულებმა შეიძლება ვერდიქტი ვერ მიიღონ,  ხმათა რაოდენობის არასათანადოდ გაყოფის გამო.                                                                     

- თანაბარ რაოდენობად თუ გაიყვნენ?

- დიახ. მაგალითად, თუ 12 მსაჯულს ავიღებთ, ხმების ამგვარად გასაყოფად ორი ვარიანტია: ექვსი ექვსზე ან შვიდი ხუთზე. 12 მსაჯულის შემთხვევაში, მინიმუმ, 8 ხმაა აუცილებელი ვერდიქტის მისაღებად. ხმათა თანაფარდობა ამგვარად თუ გაიყო, ვერდიქტი ვერ მიიღება.

ასეთი შემთხვევა გვქონდა გიორგი ოქროპირიძის საქმეზე. არ ვიცი, რა თანაფარდობით გაიყო ხმები, ეს საიდუმლოა, მაგრამ ვერდიქტი ვერ მიიღეს.

- ასეთი შემთხვევების პროცედურაც განგვიმარტეთ.

- თორმეტივე მსაჯული, ვინც თათბირობს, გაფრთხილებულია. სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლია ნაფიც მსაჯულთა თათბირის საიდუმლოების დარღვევა - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას ითვალისწინებს.
შესაბამისად, მათ იციან, რომ ამის უფლება არა აქვთ.  ამ ინფორმაციაზე წვდომა არც მე მაქვს, როგორც მოსამართლეს.

ფაქტია, რომ 15 საათზე მეტხანს თათბირის შემდეგაც ვერ მიიღეს ვერდიქტი. მთელი შემადგენლობა დავითხოვე და ყველაფერი, რაც მანამდე გავიარეთ, თავიდან დავიწყეთ.

ეს ძალიან ბევრ რესურსთან არის დაკავშირებული, როგორც დროის, ასევე ადამიანურსა და ფინანსურთან.

მთელი წელი დაგვეხარჯა ამ საქმეზე, მაგრამ თუმცა მეორე შემადგენლობამ ვერდიქტი მიიღო. თუ ისე მოხდა, რომ ზედიზედ ორმა შემადგენლობამ ვერ მიიღო ვერდიქტი, მაშინ გამართლებულად მიიჩნევა.

- თუ ერთმა შემადგენლობამ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ბრალდებულს აქვს უფლება, უარი თქვას ნაფიც მსაჯულებზე და საქმის მოსამართლისგან განხილვა მოითხოვოს?

- დიახ, შეუძლია. როცა პირველი შემადგენლობა ვერ მიიღებს ვერდიქტს, ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომაზე შეუძლია, განაცხადოს თავისი სურვილის შესახებ.

სხვათა შორის, ამ კონკრეტულ საქმეში [ოქროპირიძის], ბრალდების მხარე მოითხოვდა, რომ მოსამართლეს განეხილა, მაგრამ თავად ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულების სასამართლო არჩია. ისე მოხდა, რომ მეორე შემადგენლობამ გაამტყუნა და ახლა სასჯელს იხდის.

- არჩევანს ნანობს, ალბათ...

- არ ვიცი. მოსამართლეს რომ განეხილა, შეიძლება, იგივე შედეგი დამდგარიყო, მაგრამ არჩევანი რაკი ჰქონდა, შეიძლება, ნანობს კიდეც.

- გამოდის, რომ სრულფასოვანი სამუშაოა ნაფიცი მსაჯულისათვის, სანამ პროცესში მონაწილეობს.

- დიახ, მოსამართლეა ჩვეულებრივი. სხდომები ხომ ყოველდღე მიმდინარეობს. ყველაზე ხანმოკლე, რაც მე მქონია პრაქტიკაში, ერთი კვირაა, 10.00-დან 18.00-მდე. შუალედში ერთი საათით ვისვენებთ. ამ კვირის განმავლობაში მსაჯული ისმენს ყველა ჩვენებას, აკეთებს იმას, რასაც მოსამართლეები ვაკეთებთ ხოლმე. ჩვეულებრივი მოსამართლე ხდება, იმ განსხვავებით, რომ სასჯელს არ ნიშნავს.

- პროცესი ყოველდღიურად იმართება, ხომ? გადაბმულად?

- დიახ, უწყვეტია. ჯერ ერთი, რომ ნაფიც მსაჯულთა დრო ძალიან ძვირფასია - ისინი თავიანთ ყოველდღიურობას, საქმიანობას არიან მოწყვეტილნი. ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში დავასრულოთ. არის მეორე გარემოებაც - ისინი ხომ პროფესიონალები არ არიან? სხდომები ასე რომ, ვთქვათ, დავჩეხოთ, შეიძლება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოუვარდეთ თავიდან. ჯობს, ეს ინფორმაცია ერთად მიიღონ - უფრო ადვილია ასე გააზრება და გადაწყვეტილების მიღება.

- სხდომებზე რაიმეს ინიშნავენ ხოლმე? აქვთ ამის უფლება?

- კი. ჩაწერის უფლება აქვთ. აქვთ კითხვების დასმის უფლებაც, ოღონდ, წერილობით. მოსამართლე აჟღერებს შემდეგ ამ წერილობით შეკითხვებს. მნიშვნელოვანია, არ მოხდეს იდენტიფიცირება, ეს კონკრეტული შეკითხვა რომელს გაუჩნდა. ამ ინფორმაციით შესაძლოა, გაადვილდეს პროგნოზირება, რომელი მსაჯული რას აძლევს ხმას.

მქონია სამი - ოთხი შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილების მისაღებად 15-საათიანი და უფრო ხანგრძლივი თათბირი დასჭირვებიათ. ძირითადად, დაახლოებით მე-5 საათზე იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას.
თუ ნაფიცი მსაჯულები პირველივე 3 საათში იღებენ ვერდიქტს, გადაწყვეტილება აუცილებლად ერთხმად უნდა იყოს მიღებული. თორმეტივე მსაჯული ერთ პოზიციაზე უნდა იყოს. მოგვიანებით კანონში ცვლილება შევიდა და დრო 4 საათამდე გაიზარდა, ანუ პირველ 4 საათში ვერდიქტის მისაღებად 12-ვე მსაჯულის ხმაა საჭირო.

4 საათის შემდეგ ვერდიქტის მისაღებად ყველა მსაჯულის ხმა აღარ არის აუცილებელი. ხანდახან დამრჩენია განცდა, რომ დამატებითი დრო მსაჯულებს მხოლოდ იმ მიზნით გამოუყენებიათ, რომ არ გამოჩნდეს, ვერდიქტი ერთხმად რომ მიიღეს. ასე უფრო დაცულად გრძნობენ თავს. ერთხმად მიღებულ ვერდიქტში ჩანს, რომ ყველა ერთ აზრზე იყო. როცა, მაგალითად, ორი ათის წინააღმდეგაა, ბრალდებულმა ხომ არ იცის, რომელი 2 არ ეთანხმებოდა ვერდიქტს. ამიტომ, თათბირის საიდუმლოება მეტად დაცულად მიაჩნიათ. ამით ვხსნი, რომ ყველაზე ხშირად ვერდიქტი მეხუთე საათის განმავლობაში მიიღება.

- ერთი პრაქტიკული შეკითხვაც მაქვს. ფილმებში გვინახავს, რომ მსაჯულები სასურველ მენიუს ფურცელზე წერენ და სასამართლოს თანამშრომელს გადასცემენ ხოლმე?

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მსაჯულებისთვის პირდაპირი ხარჯი ანაზღაურდება. მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების ხარჯს უნაზღაურებენ და კვებისთვისაც ყოველდღიურად გარკვეული თანხა ერიცხებათ. შესვენების დროს შეუძლიათ, გავიდნენ და თავად შეიძინონ.

- სასამართლოს შენობის დატოვება შეუძლიათ?

- დიახ, გარეთ ვუშვებთ. ოღონდ, ვაფრთხილებთ, რომ მხარეებთან ან სხვა დაინტერესებულ პირებთან კონტაქტში არ შევიდნენ.

- ყოფილა შემთხვევა, როცა მსაჯულების ვერდიქტს არ ეთანხმებოდით, მაგრამ მათი გადაწყვეტილების გამოცხადება მოგიხდათ?

- მქონია, მაგრამ იშვიათად.

- როგორი შეგრძნებაა? დისკომფორტი არ არის?

- პირველ რიგში ჩემს თავში ვეძებ მიზეზს. წეღან მკითხეთ კიდეც - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მაინც უფრო მოდერატორი ხომ არ ხართ, ვიდრე მოსამართლეო.

წარმოიდგინეთ - მოსამართლე წარმართავს მთლიან პროცესს. შერჩევიდან რომ დავიწყოთ, საბოლოო ჯამში, ობიექტური მსაჯულების შერჩევის პასუხისმგებლობა მაინც მოსამართლეს აკისრია. პირველად ეს გავიფიქრე - იქ ხომ არ დავუშვი რაიმე შეცდომა-მეთქი.

როცა სასამართლო პროცესს წარმართავ, შუამდგომლობებს იხილავ, ნაფიც მსაჯულებს კანონთან დაკავშირებით განმარტებებს აძლევ - როგორ უნდა შეაფასონ მტკიცებულებები, რას ნიშნავს განზრახ დანაშაული - რა კომპონენტებს უნდა შეიცავდეს საქმე, მკვლელობა განზრახ მკვლელობად რომ შეფასდეს და ა.შ.

ეს ყველაფერი მსაჯულებს კარგად და გასაგებ, პოპულარულ ენაზე უნდა აუხსნა.

მხარეები ხშირად ცდილობენ, მსაჯულებს თავიანთი ინტერპრეტაციით მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია. ამ დროს შენ უნდა იყო გუშაგი, რომ ნაფიცი მსაჯულები არ მოტყუვდნენ.

თუ ვერდიქტი არაადეკვატურად მიგაჩნია - სხვას ელოდი და მსაჯულებმა სხვანაირად გადაწყვიტეს - ჯერ ჩემ თავში ვეძებ მიზეზს.

თუ მივიჩნევ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მერე უკვე სხვა გარემოებებს ვუღრმავდები.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ძირითადად, იცით, როგორ საქმეებზე ხდება? მაგალითს გეტყვით. ზოგჯერ, მორალური მხარე გადაწონის სამართლებრივს. მიუხედავად იმისა, რომ ნაფიც მსაჯულებს სულ ვახსენებთ, მტკიცებულებებსა და ჩემგან მითითებულ განმარტებებზე დაყრდნობით შეაფასონ, მორალური მხარე ხანდახან მაინც ახდენს გავლენას.

ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო - ბრალდებულმა მოკლა ადამიანი, რომელიც მის მიმართ ჩადენილ თაღლითობაში იყო მხილებული. მოკლედ რომ გითხრათ და დეტალები არ მოგიყვეთ, ამ ადამიანის გამო დაკარგა ბრალდებულმა საცხოვრებელი.

დაზარალებული იყო ბრალდებული იმ თაღლითობის საქმეზე, ხოლო მკვლელობის საქმეში ბრალდებული იმ საქმეში დაზარალებული იყო.

ისე მოხდა, რომ თაღლითობაში ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და ამ ადამიანმა [მკვლელობაში ბრალდებულმა] მიიჩნია, რომ მის წინააღმდეგ თაღლითობაში ბრალდებული გაამართლეს.

ჩვენთან ხომ ისე ხდება, რომ გირაოს შეფარდებას ადამიანები, ზოგჯერ, გამართლებად აღიქვამენ. ცხადია, ასე არ არის. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე - მკვლელობაში ბრალდებულმა მიიჩნია, რომ სამართალს ვერ მიაღწია. სისხლის სამართლის დავამდე ის სამოქალაქო წესითაც დავობდა.
გირაოს შეფარდების შემდეგ ბრალდებული ჩაუსაფრდა დაზარალებულს და ესროლა. გასროლის შედეგად მოკლა დაზარალებულის და, თავად დაზარალებული კი გადარჩა. ეს ფაქტი ბევრი თვითმხილველის თვალწინ მოხდა.

ბრალდებული პროფესიით სტომატოლოგი იყო. მთელი დანაზოგი იმ სახლში ჰქონდა ჩადებული, რომელიც დაკარგა. ამდენი ნერვიულობის შემდეგ უკვე ჯანმრთელობა ჰქონდა შერყეული - პროცესებზეც ეტლით მოჰყავდათ. ნაფიცი მსაჯულების თვალში იმდენად დაჩაგრულად წარმოჩინდა, რომ ბრალდებულისადმი უფრო მეტი სოლიდარობა გაუჩნდათ, ვიდრე მოკლულის მიმართ.

თვითმხილველი მოწმეები არსებობდნენ. არც ბრალდებული უარყოფდა, რომ მიწაში დამარხული იარაღი თავად ამოიღო. ერთი საათის განმავლობაში ჩასაფრებული იყო და შემდეგ ესროლა. ყველაფერს აღიარებდა, ფაქტობრივად, მაგრამ აქცენტი მორალურ მხარეზე გადაჰქონდა და ამან მსაჯულებზე იმოქმედა - მკვლელობაში გაამართლეს. განაჩენი მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვაზე დადგა. ტარებაშიც კი გაამართლეს, რადგან შედარებით მაღალი სასჯელი იყო, როცა ადამიანი იარაღით ხელში იყო დაკავებული.

ერთგვარად აბსურდული ვითარება იყო, მაგრამ  ახსნადი.

მე, მაგალითად, აქამდე ჩემს წარმოებაში მიღებულ ნებისმიერ ვერდიქტში, თუნდაც ერთი შეხედვით უცნაურშიც, ვნახე ლოგიკა.
მქონდა ასეთი შემთხვევაც: ერთ-ერთი ბრალდებული ძალიან ნაცემი იყო დაკავების შემდეგ. ამ ფაქტმა იმდენად გადაწონა ფაქტობრივი გარემოებები, რომ მსაჯულებმა მკვლელობაში გაამართლეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მტკიცებულებები და თანამზრახველი პირდაპირ ადებდა ხელს, რომ მკვლელობა ერთად დაგეგმეს და ჩაიდინეს. დაპატიმრების შემდეგ პოლიციის მხრიდან იმდენად ბევრი კანონდარღვევა იყო მის მიმართ, რომ გადაწონა.

არის ნიუანსები, რომლებიც ნაფიც მსაჯულებზე ძალიან მოქმედებს.

- თქვენ თქვით, რომ პირველ რიგში ჩემს თავში ვეძებ შეცდომას, მსაჯულებს რაიმე არასათანადოდ ხომ არ განვუმარტეო. რომელიმე საქმეზე ამ დასკვნამდე მისულხართ?

- არა, საბედნიეროდ, არა. ერთი ასეთი მეთოდი მაქვს: სანამ საქმე განიხილება და ვერდიქტს მიიღებენ, საერთოდ არანაირი ფორმით არ ვეხები. მსაჯულებს პროცესზე ვხედავ და მხოლოდ განმარტებებს ვაძლევ. ვერდიქტის მიღების შემდეგ სასჯელის დანიშვნა მოსამართლის პრეროგატივაა. თუ ორივე მხარე თანახმაა, ნაფიც მსაჯულებს სასჯელის დანიშვნის პროცესში მონაწილეობაც შეუძლიათ; ოღონდ, მხოლოდ რეკომენდაციით უნდა შემოიფარგლონ. წერილობით უნდა მომაწოდონ ხმათა უმრავლესობით მიღებული რეკომენდაცია - ან შეუმსუბუქე, ან დაუმძიმე სასჯელი. უფრო ხშირად ისინი  ამ ეტაპზე აღარ მონაწილეობენ ხოლმე.

ვერდიქტის გამოცხადებისას მსაჯულები დიდი განცდის ქვეშ არიან. სახეზე ეკითხებათ ყველაფერი. ხშირად არიან ნამტირალევი, მიუხედავად იმისა, გამამტყუნებელია ვერდიქტი თუ გამამართლებელი. სანამ გადაწყვეტილებამდე მივლენ, სერიოზული ემოციური და პასუხისმგებლობის წნეხის ქვეშ არიან. ყოფილა შემთხვევა, როცა შუა თათბირის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დაგვჭირვებია.
ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მსაჯულებს ეს ტვირთი მოვუხსნა. როცა რთული საქმეა, მათ ვერდიქტს შინაგანად ვეთანხმები თუ არა, შევდივარ მათთან, მადლობას ვუხდი და ვეუბნები, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ვერ გეტყვით, როგორ ეცვლებათ გამომეტყველება. თავისუფლები ბრუნდებიან სახლში - რაკი მოსამართლე გვეთანხმება, ე.ი. სწორი გადაწყვეტილება მივიღეთო. ჩემი მიზანია, მთელი ცხოვრება არ გაჰყვეთ ეჭვი, რომ რაღაც შეეშალათ.

ყველა ასე არ არის. ზოგი ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებაში, მაგრამ არიან ემოციურად მოწყვლადი ადამიანებიც.

- ერთი პროცედურული გარემოება დაგვრჩა განსახილველი. ერთმანეთისთვის უცნობმა ადამიანებმა ერთი უფროსი მსაჯული უნდა აირჩიონ...

- არა, არ ირჩევენ. წილისყრის საფუძველზე ინიშნება. მხოლოდ ეს სიტყვა გამოიყენება საპროცესო კოდექსში და ჩვენ ასეთი ინტერპრეტაცია შევიმუშავეთ: გამჭვირვალე ჭურჭელში ბურთულებს ვყრით. ერთ-ერთ მათგანში მოთავსებულ ფურცელს „უფროსი მსაჯული“ აწერია. ამ ბურთულებს სათითაოდ ხსნიან და ერთ-ერთი მათგანი ხდება უფროსი მსაჯული.

შერჩევის ეტაპზე ხომ გვექმნება ხოლმე პირველადი წარმოდგენა კანდიდატის ფსიქოტიპზე. ყოფილა შემთხვევა, რომ ყველაზე პასიური ტიპაჟი გამხდარა უფროსი მსაჯული.

- უფროს მსაჯულს პროცესში რაიმე განსაკუთრებული როლი აქვს, გარდა იმისა, რომ ვერდიქტს გადმოგცემთ?

- საკითხს აყენებს კენჭისყრაზე...

- შეუძლია, თავად განსაზღვროს, როდის დააყენოს კენჭისყრაზე? მაგალითად, 4 საათის გასვლის შემდეგ?

- არა, არა. როცა სათათბიროდ შედიან, ჯერ მსჯელობა იწყება. არგუმენტებს განიხილავენ, კამათობენ. როცა მიხვდებიან, რომ საბოლოო აზრი ჩამოუყალიბდათ, უფროსი მსაჯული კენჭისყრაზე აყენებს თითოეულ ბრალდებას. კენჭს ჯერ გამამართლებელ ვერდიქტს უყრიან. თუ გასამართლებლად, მინიმუმ, 8 ხმა ვერ მოიპოვა, მერე ეყრება კენჭი დამნაშავედ ცნობის საკითხს. არსებობს ვერდიქტის სპეციალური ფორმა, ბლანკი. უფროსი მსაჯული ავსებს და ყველა ნაფიცი მსაჯული ხელმოწერით ადასტურებს, რომ ეს ვერდიქტი ნამდვილად ასე მიიღეს, მაგრამ არ ჩანს, ვინ რას დაუჭირა მხარი, მხოლოდ ხმათა თანაფარდობა ჩანს. ბლანკს ხელმოწერით ბოლოს უფროსი მსაჯული ადასტურებს.

შემდეგ უფროსი მსაჯული ჩემთან მოდის, მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, რომ რეალურად სწორადაა შევსებული ბლანკი. თუ ყველაფერი წესრიგშია, ვეუბნები, როგორი ფორმით გამოაცხადოს ეს ვერდიქტი. როგორც წესი, ძალიან ღელავენ ხოლმე და დამატებით განმარტებებს ვაძლევ. ვერდიქტს კი უფროსი მსაჯული აცხადებს.

- საქართველოს სასამართლოში ვერდიქტი რა ფორმით ცხადდება?

- ამა და ამ სისხლის სამართლის საქმეზე პიროვნება ესა და ეს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამა და ამ მუხლის ამა და ამ პუნქტით, მაგალითად, 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ.

ამ პროცესში მე მიკროფონი ყოველთვის გამორთული მაქვს. ზოგჯერ ფურცელსაც ვიფარებ სახეზე. პირველი ხომ მე ვნახულობ ვერდიქტს და მხარეები სულ მაკვირდებიან, რომ გამოიცნონ გამოცხადებამდე. მაგრამ ყოველთვის მეუბნებიან, რომ ჩემი გამომეტყველებით ვერასდროს ვერ გამოიცნეს.

რადგან უფროსი მსაჯული, როგორც წესი, ძალიან ღელავს, ხანდახან იურიდიული ნიუანსები ერევათ ხოლმე. ასეთ შემთხვევებში ვამშვიდებ - ვეუბნები, რომ ღელვა ბუნებრივია და ჩემს სიტყვას მივახმარ, თუმცა ზოგი ისეთი ომახიანია, ჩემი დახმარება არ სჭირდება.

- ერთ თემასაც მინდა შევეხოთ - მედია და სასამართლო. დასავლეთში ხშირად ამბობენ, რომ გახმაურებულ საქმეებზე ხშირად მედიას წინასწარ გამოაქვს განაჩენი. კვლევებშიც ჩანს, რომ მოსამართლე ხანდახან საზოგადოების განწყობას ერგება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პირობებში ეს, ალბათ, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. ისინი სახლში მიდიან, ტელევიზორს უყურებენ, კითხულობენ ინფორმაციას. როგორ შეიძლება, აქ სასამართლომ მედიის გავლენისგან თავი დაიცვას?

- თუ რაიმე გახმაურებულ საქმეს პირადად, ერთპიროვნულად განვიხილავ, მაქსიმალურად არ ვუყურებ და არ ვკითხულობ არაფერს. შემთხვევით თუ მოვკრავ ხოლმე რამეს თვალს...

- ამაზე რაიმე რეგულაცია არ არსებობს, ხომ?

- რა რეგულაცია უნდა არსებობდეს? გაკონტროლება ხომ შეუძლებელია. გითხარით, რომ მე მაქსიმალურად ვერიდები. ანალოგიურად ვეუბნებით ნაფიც მსაჯულებსაც - არ შეეცადონ, მოიპოვონ დამატებითი ინფორმაცია დარბაზის გარეთ ნებისმიერი პირისგან ან სხვა საშუალებით. ამის გაკონტროლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუმცა იქვე ვუხსნით, რომ თუ მსგავსი ფაქტი გამომჟღავნდა, შეიძლება, დაისაჯონ კიდეც.

შერჩევის შემდეგ მსაჯულებს ვაფრთხილებთ, როგორც კი ვინმეს განსახილველ საქმეზე მათთან რაიმე ტიპის კომუნიკაციის მცდელობა ექნება, აუცილებლად სასამართლოს უნდა აცნობონ.

ძირითადად, იცავენ, მაგრამ ასეთი შემთხვევაც გვქონდა - ჩვენი თანამშრომელი შემთხვევით გადააწყდა, რომ ერთ-ერთი მსაჯული ყოველი სხდომის შემდეგ ფეისბუქზე საჯარო პოსტის სახით წერდა, რა ხდებოდა. თავის იდეებსაც იქვე აქვეყნებდა. შემდეგ ავუხსენით, რომ ასე მოქცევა არაფრით არ შეიძლება და ავაცილეთ.

- ეს დანაშაულია თუ, უბრალოდ, დარღვევა?

- უფრო დარღვევაა. გააჩნია, რა მიზანს ემსახურება. თათბირის საიდუმლოს გაცემა ერთმნიშვნელოვნად დანაშაული იქნებოდა.

მაგდა პაპიძის საქმე თუ გახსოვთ. მე არ მქონია ეს საქმე, ჩემი კოლეგა ეკა გაბრიჩიძე განიხილავდა. გემახსოვრებათ, რა ინტენსივობით აშუქებდა მედია. პროფესიის აფიშირება, ზოგადად, არ მიყვარს, მაგრამ თუკი უცხო ადამიანების საზოგადოებაში მაინც გაიგეს, რომ მოსამართლე ვარ, უკვე რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ვინმე თუ მეტყვის, რომ რაღაცის კითხვა უნდა პროფესიასთან დაკავშირებით, აუცილებლად პაპიძის საქმეს ეხება. „მაგდა პაპიძე მართლა მკვლელია?“, - დღემდე აქვთ შეკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ერთხმად მიიღეს ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა.

ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე. თუ ერთი მხარე საინფორმაციო კამპანიას წამოიწყებს საზოგადოებრივი აზრის წინასწარ შესაქმნელად, ბრალდების მხარე საპირისპირო აზრის ფორმირებისთვის ერთვება. პაპიძის შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა. საზოგადოებრივი აზრი საინფორმაციო კამპანიის კვალდაკვალ გაიყო, თუმცა მსაჯულები იმდენად სწორად იყვნენ პროცედურებზე დაკვალიანებულები და იმდენად გამართულად მუშაობდნენ, რომ საზოგადოებრივმა აზრმა გავლენა ვერ მოახდინა.

- თქვენ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე გადავიდეთ. თქვენ და კიდევ 4 მოსამართლე მიიჩნევთ, რომ ახალი რეგულაციით, რომლის თანახმადაც, თქვენი ნების გარეშე შეუძლიათ მივლინებაში თქვენი წარგზავნა, არაკონსტიტუციურია და, შესაძლოა, ურჩი მოსამართლეებისთვის დამსჯელ მექანიზმად ჩამოყალიბდეს.

- დიახ, ამაზე თავად სარჩელშიც ვიმსჯელეთ - კონკრეტულად რატომ გაგვიჩნდა ეს განცდა. რთულია მტკიცება, რა იყო ამის მიზეზი, თუმცა შეიძლება ვინმემ არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს.

პირველად ვერსიაში, რომელიც პირველი მოსმენით ვერ მიიღეს, მივლინება ერთ-ერთ სადამსჯელო ღონისძიებად იყო ჩადებული.

- მოდით, უკეთ განვმარტოთ. რას ნიშნავს მივლინება? მაგალითად, თქვენ მუშაობთ თბილისში და სამუშაოდ ფოთში გადაგიყვანეს?

- დიახ. პრობლემა არ იქნებოდა - გამგზავნონ, თუ თანახმა ვიქნები. თუ არ ვცდები, 2017 წელს შევიდა ცვლილება. მანამდე მოქმედ რედაქციაშიც მივლინება სასჯელ მექანიზმად განიხილებოდა. ეს აპრობირებული მეთოდი იყო.

შეიძლება, ასე პირდაპირ არ ჩანდა, მაგრამ რაღაცის გამო თუ მოსამართლის დასჯა ჰქონდათ განზრახული, დღეს რომ მიხვიდოდი სამსახურში, გეტყოდნენ, რომ შენ, მაგალითად, ბოლნისში ხარ გადაყვანილი. არავინ გეუბნებოდა, რატომ? რისთვის?
მერე გადაწყვიტეს, რომ ეს არ იყო სწორი ფორმა და 2017 წელს ცვლილებები შეიტანეს. 2021 წლის დეკემბრამდე, სანამ ეს ბოლო ცვლილება განხორციელდებოდა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მითითებული იყო, რომ საქმეთა სიმრავლის ან მოსამართლეთა ნაკლებობის გამო რომელიმე სასამართლოში პრობლემის შექმნის შემთხვევაში, ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარე სასამართლოდან შეირჩეოდა კონკრეტული მოსამართლე, რომელსაც გადასვლას შესთავაზებდნენ. ის თუ რაიმე მიზეზით უარს იტყოდა, ასეთ შემთხვევაში უკვე წილისყრით ხდებოდა შერჩევა, თუმცა შემდეგ მისთვისაც უნდა ეკითხათ, იყო თუ არა თანახმა. რეალურად, თანხმობის გარეშე მივლინება არ ხდებოდა.

მოქნილი მიდგომა იყო. გაწერილი იყო პროცედურა. მაგალითად, თუ მცხეთაში იყო პრობლემა, ჯერ თბილისის სასამართლოს სთავაზობდნენ ან - პირიქით. ეს ძალიან მკვეთრ ცვლილებებს არ იწვევდა მოსამართლის ყოველდღიურობაში.

ახლა რა ცვლილებაც გატარდა, იმის თანახმად მე, მაგალითად, რომელიც თბილისის სასამართლოში ვარ, შეიძლება, შემომთავაზონ ბათუმში. ამ შემთხვევაში არ მეცოდინება, მაინცდამაინც მე რატომ ამირჩიეს. აღარც წილისყრა ხდება და უარს თუ ვიტყვი, მათ მაინც შეუძლიათ დამავალდებულონ. ეს ძალიან ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
შეიძლება, სპეციალიზაცია შეგიცვალონ. მე რომ 16 წელია, სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ, არ არის გამორიცხული, სამოქალაქო კოლეგიაში დამნიშნონ და იქ დაგროვილი საქმეების დასრულება დამევალოს. ეს ჩემთვის ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული. მე არ მაქვს საკმარისი კომპეტენცია იმ სფეროში. მეორე საკითხი - ვთქვათ, მყავს მცირეწლოვანი შვილი და საცხოვრებელი ადგილის შეცვლით დიდი პრობლემები შეიძლება შემექმნას ან - მოხუცი მშობლები, რომლებსაც ვერ დავტოვებ.

პირველ მოქმედ ვარიანტში კრიტერიუმები იყო საქმეთა სიმრავლე და მოსამართლეთა ნაკლებობა. და აქ ამ ორ კრიტერიუმს დაემატა ჩანაწერი: „სხვა ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში“. „სხვა ობიექტურში“ ვინ რას გულისხმობს...

- ვინ უნდა იგულისხმოს? ვისი გადაწყვეტილებაა?

- იუსტიციის საბჭო, რა თქმა უნდა. ეს გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. არ ვამბობ, რომ ისინი მაინცდამაინც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ ამ ცვლილებებს, მაგრამ არის რისკი, რომ ასეც მოხდეს. როცა კანონი ბოლომდე არ არის განჭვრეტადი, ამის საფრთხე ყოველთვის არსებობს. თუნდაც იმის გამო, რომ რაღაც აზრი გამოთქვი და ვიღაცისთვის მიუღებელი ხარ, შეიძლება, შენი ნების გარეშე გადაწყდეს შენი მივლინება.

ამას კი ასეთი შედეგიც შეიძლება მოჰყვეს - შეიძლება, იმდენად არ მიღირდეს იქ, ძალიან შორს, სადღაც წასვლა, რომ, უბრალოდ, სისტემა დავტოვო და მარტივად მოგვარდება ჩემი პრობლემა.

დატვირთულობის თვალსაზრისით, თბილისის საქალაქო სასამართლო სულ გადატვირთული იყო საქმეთა რაოდენობით და მოსამართლეთა რაოდენობაც არ იყო ადეკვატური. სანამ მივლინებამდე მივა, ალბათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა იზრუნოს და შეავსოს ვაკანტური ადგილები.

- მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებისთვისაც ხედავდით საფრთხეს...

- ორგანულ კანონში, საერთო სასამართლოების შესახებ, ისედაც მითითებულია, რომ მოსამართლეს არ შეიძლება, ეკავოს პოლიტიკური თანამდებობა; რომელიმე პოლიტიკური პარტიის ღია მხარდამჭერი არ უნდა იყოს... იმავე მუხლს დაემატა, რომ საჯარო განცხადების გაკეთება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევით არის დისციპლინური გადაცდომა. რა იგულისხმება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევაში, ისევ ნაკლებად განჭვრეტადია.

ჩვენმა წარმომადგენელმაც თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში - მოსამართლე თუ მხარს უჭერს უკრაინას მიმდინარე ომში, შეიძლება, ვინმემ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევად მიიჩნიოს...

- თქვენი აზრით, ასე არ არის?

- არა, ჩემი აზრით, არ არღვევს. რუსეთი რომ ოკუპანტია საქართველოსთან მიმართებაში, ესეც ხომ აქსიომაა. გააჩნია, რა მასშტაბით შეხედავ საკითხს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს რეგულირებაც თავის თავში საფრთხისშემცველია.

- თქვენს რამდენიმე ინტერვიუს გავეცანი. ყველას ლაიტმოტივად ეს თეზა გასდევს - მე დამოუკიდებელი ვარ. ცხადია, სასამართლოში არსებობს ხარვეზები, ამ მხრივ, მაგრამ ეს პრობლემა თქვენ არ გაქვთ. იქვე დასძენთ ხოლმე, რომ აუცილებელია გაძლიერებული და გათავისუფლებული მოსამართლეების ინდივიდუალური დამოუკიდებლობა. ვინ უნდა გააძლიეროს ინდივიდუალური მოსამართლე დამოუკიდებლობაში? ვის მიმართავთ ამ შემთხვევაში?

- როცა ადამიანი მოსამართლის თანამდებობაზე ინიშნება, მისი დამოუკიდებლობის ხარისხიც ფასდება. გასაუბრებაზე, მოსამართლის კონკურსის წესით არჩევისას, ისეთ კითხვებს სვამენ ხოლმე, ამ მხრივ შეფასებაც რომ იყოს შესაძლებელი, თუმცა მუშაობის პროცესში მჟღავნდება, რამდენად მედეგი ხარ. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ რაღაც საკითხების მიმართ საკმარისი მედეგობა არა გაქვს. განცდა, რომ სასამართლო სრულად დამოუკიდებელი არ არის, სულ არსებობდა. 2006 წლიდან ვარ მოსამართლე და ეს პრეტენზია სულ იყო.

ამიტომ, როცა ვამბობ, რომ დამოუკიდებელი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე იმდენად მყარი ვარ, იმდენად არავის ვაძლევ საქმიანობაში ჩარევის უფლებას,  როცა ეს ყველასთვის აღქმადი ხდება, ჩარევას აღარც არავინ ცდილობს...

- ვინც მოწყვლადია, მასზე ცდილობენ გავლენის მოხდენას?

- დიახ. შეიძლება, ახლობელმა გთხოვოს კონკრეტულ საქმეში მისთვის ანგარიშის გაწევა, მაგრამ ეს ამ დონეზეც უნდა მოსპო. როცა სხვა მხრიდან არის ჩარევის მცდელობა, იმდენად უნდა აღკვეთო და არ მიუშვა შენამდე, რომ მომავალში არც კი სცადონ. ასეც არის - როცა იციან, რომ შენ ასეთი ხარ, აღარც არავინ ცდილობს ზემოქმედებას, თუმცა ამის ცდუნება სულ არსებობს, ინდივიდუალურად იქნება ეს თუ - სისტემურად.

- ინტერვიუებში იმეორებთ, ხოლმე - თუ შორიდან ჩანს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ხანდახან სწორედ შორი პერსპექტივიდან უკეთ ჩანს, ხოლმე, ყველაფერი...

- დიახ. მე რომ სისტემის შიგნით ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ, სხვის საქმეში არ ვერევი და შეიძლება მეგონოს, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ბევრი კვლევა არსებობს - ყველა მკვლევარი სუბიექტური ხომ ვერ იქნება? ალბათ, ბევრის მოტივაციაა, რომ სასამართლო უფრო უკეთესი, უფრო დამოუკიდებელი გახდეს. გამოსავალს ასე ვხედავ: შეიძლება, სასამართლო სისტემის მესვეურებსაც არ სიამოვნებთ, ეს რომ ესმით, მაგრამ უფრო სწორი იქნება, ერთად რომ დაჯდეს ორივე მხარე და გამოსავლის გზები ვეძიოთ.

- ამას ნება სჭირდება. თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ არის სათანადო ნება?

- ზოგჯერ ორივე მხარეს აქვს პრობლემები ნებასთან დაკავშირებით.

- როგორც ინტერვიუებიდან ჩანს, თქვენ მიიჩნევთ, რომ სასამართლო ეტაპობრივად გახდება დამოუკიდებელი, თუ მოსამართლეები ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას თავად მიაღწევენ. ამბობთ, რომ დამოუკიდებელი ხართ. რას ურჩევთ კოლეგებს, ვინც მოწყვლადია და უნდა, თქვენსავით დამოუკიდებელი იყოს?

- კოლეგებზე ასე ვერ ვილაპარაკებ...

- ამიტომ არ დამისახელებია კონკრეტული გვარები - თუნდაც, დამწყები მოსამართლე ვიგულისხმოთ...

- კი, ბატონო. უნდა გაისიგრძეგანოს, რატომ გადაწყვიტა მოსამართლეობა, რამხელა პასუხისმგებლობასთანაა ეს დაკავშირებული. თუ გრძნობს, რომ პასუხისმგებლობას ვერ უმკლავდება, ალბათ, სჯობს დატოვოს სისტემა.

სხვათა შორის, ვფიქრობ, უნდა იყოს სემინარები, ტრენინგები, სადაც მოსამართლეებს შეეძლებათ, გადაიხალისონ ცოდნა, რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა მოსამართლისთვის...

- ცოდნის საკითხია დამოუკიდებლობა თუ ნების?

- ცოდნის იმდენად არა - აქ ხომ კომპეტენციას არ ვეხებით.

ვფიქრობ, რაც არ უნდა კომპეტენტური იყო, როგორც იურისტი, ნულია მოსამართლის ფასი, თუ ის დამოუკიდებელი არაა.

ზოგადად, ჩემი აზრით, სასამართლოს წინაშე კომპეტენციის საკითხი, როგორც პრობლემა, ნაკლებად დგას.

სხვათა შორის, ვაშინგტონში, მოსამართლეების სასწავლო ცენტრში დავსვი კითხვა, ხომ არ აქვთ მსგავსი კურსები. როგორც აღმოჩნდა, მოსამართლეებს პერიოდულად უტარებენ დამოუკიდებლობის ტრენინგებს. ეს, ძირითადად, მოსამართლეების პოზიტიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისწავლება - როგორ შეინარჩუნა მოსამართლემ კონკრეტულ საქმეებში დამოუკიდებლობა და როგორ დაუფასდა ეს საზოგადოების მხრიდან. გამბედაობა მოსამართლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: ირაკლი აბსანძე

სარჩევი