მოსამართლეთა მოსალოდნელი ვაკანსიები 2024 წელს

09.01.2024

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, მოსამართლეები თანამდებობაზე ინიშნებიან უვადოდ (65 წლის ასაკამდე). მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი სწორედ 65 წლის ასაკის მიღწევაა. გარდა ამისა, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების კიდევ ერთი საფუძველია 10-წლიანი ვადის ამოწურვაა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი უვადოდ არ არიან დანიშნულები.

2024 წლის განმავლობაში გაჩნდება მოსამართლის 6 ვაკანსია:

  • 4 - პირველ და მეორე ინსტანციებში;
  • 2 - უზენაეს სასამართლოში.

პირველი და მეორე ინსტანციები

საქართველოს საერთო სასამართლოების მოქმედი მოსამართლეებიდან 2024 წლის განმავლობაში 4 მოსამართლე (ნანა კალანდაძე, მალხაზ ენუქიძე, მანანა ჩოხელი და ნანა კობახიძე) მიაღწევს 65 წლის ასაკს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კანონით დადგენილი წესით განთავისუფლდებიან თანამდებობიდან და სასამართლო სისტემაში (პირველ და მეორე ინსტანციებში) დამატებით, მოსამართლის 4 ახალი ვაკანტური პოზიცია გაჩნდება. 

ამდენად, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო მოსალოდნელი ვაკანსიები სრულიად განჭვრეტადი გარემოებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადებში ჩაატაროს კონკურსები.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ სრულად შეისწავლა საქართველოში მოქმედ მოსამართლეთა მონაცემები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ წელში მიაღწევს თითოეული მოსამართლე საპენსიო ასაკის, შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე. 

უზენაესი სასამართლო

2024 წელს თანამდებობიდან განთავისუფლდება უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლეც, თუმცა არა საპენსიო ასაკის მიღწევის, არამედ 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო.

2018 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

2018 წლამდე კი უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე 10-წლიანი ვადით არის არჩეული თანამდებობაზე.

ნინო ბაქაქური და ზურაბ ძლიერიშვილი საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 2014 წლის 17 ოქტომბერს აირჩია. შესაბამისად, მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2024 წლის 17 ოქტომბერს ეწურებათ. 

რაც შეეხება ეკა გასიტაშვილს, მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ივნისში ამოეწურება.

ამავე დროს აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი ვაკანსია გაჩნდა, ვინაიდან მოქმედმა მოსამართლემ ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა დატოვა, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: სალომე კვირიკაშვილი