სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოსამართლე ღიად საუბრობს

27.10.2022

2022  წლის 23 ოქტომბერს მოსამართლეთა რიგით XXXI  კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის ახლად წარმოშობილ ვაკანტურ ადგილებზე ახალი წევრები – ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.  

ორივე მათგანი წარსულში უკვე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ლევან მურუსიძეს 2013-2017 წლებში საბჭოს მდივნის, ხოლო დიმიტრი გვრიტიშვილს 2017-2021 წლებში საბჭოს წევრის თანამდებობა ეკავა. ორივე წევრი თითქმის სრული მხარდაჭერით აირჩიეს კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეებმა.

2022 წლის 25 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა გამართა.  საბჭოს განახლებული შემადგენლობის გამო, პირველი სხდომა მედიის მაღალი ინტერესის ობიექტი გახდა, ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე საბჭოს შენობის შესასვლელი პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებით გაივსო.

სხდომა, რომელიც 17:00 საათზე იყო დანიშნული, დაახლოებით 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. დაწყებამდე ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს დარბაზი დაატოვებინეს.

 

სხდომის შემადგენლობა და განსახილველი საკითხები

სხდომის პირველ ნაწილს არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე. საგულისხმოა, რომ მანამდე სხდომის თავმჯდომარის გამოუცხადებლობა, როგორც წესი, სხდომის გადადების მიზეზი ხდებოდა ხოლმე, 25 ოქტომბერს დაგეგმილი სხდომა კი თავმჯდომარის გარეშე დაიწყო. ნინო ქადაგიძე მას პირველი საკითხის განხილვის შემდეგ შემოუერთდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი ეხებოდა თეთრიწყაროსა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნას. ორგანული კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან.  

პირველი საკითხის განხილვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ბადრი ნიპარიშვილის მოსმენით დაიწყო. მან განაცხადი წარადგინა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად იმ მოტივით, რომ ახლანდელი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ადმინისტრაციულ ფუნქციებს სათანადოდ არ ასრულებს და თავს  ვერ ართმევს ამ დაკისრებულ მოვალეობებს.  

მოსამართლე მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვლადიმერ ხუჭუას საქმიანობის მიმართ. მან სასამართლოს თავმჯდომარის, ვლადიმერ ხუჭუას უარყოფითად შეფასების საფუძვლად შემდეგი მიზეზები დაასახელა:

  • საქმეთა ნაკადის არაეფექტურად მართვა;
  • სასამართლოში განსახილველად შესული საქმეების არათანაბრად განაწილება;
  • მორიგეობის განრიგის უსამართლოდ განსაზღვრა;
  • მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილის მიმართ არაეთიკური დამოკიდებულება.

 

ამონარიდები მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილის სიტყვიდან:

 

„ელემენტარული საკითხები, რომლებიც თავმჯდომარის [ვლადიმერ ხუჭუა] გასაკეთებელია, მას არ აინტერესებს, მას არ სურს, რაღაც მოისმინოს. აი, ჩვენ როდესაც რამდენიმე მოსამართლე ვიყავით, თვითონ გვეუბნებოდა, რომ მე ეს არ მაინტერესებს, არ მაღელვებს და თქვენ მიმართეთ საბჭოს თქვენ გააკეთეთ.“

„ტრენინგზე მივდიოდი რამდენიმე კვირის წინ და იცით, რომ მივლინება იწერება და ერთი თვით ადრე არ უნდა დამეწეროს საქმე. ღამის ათ საათზე აღკვეთის ღონისძიების პირველი წარდგენის სხდომა, რომელსაც მეორე დღის თორმეტ საათზე გასდის ვადა, მე დამაწერა.“

„მაგალითად იცით, რომ არ არის თანაშემწის შტატი და ამის თაობაზე მოგმართეთ კიდევაც არაერთხელ და რა მძიმე მდგომარეობაა სასამართლოში...  დღეს მარტო მე ვარ თეთრიწყაროს სასამართლოში, ვისაც ყველაფერი ეწერება. უბრალოდ, საქართველოში კი არა და მე გამიჭირდება დასახელება იმ ქვეყნის, სადაც მოსამართლე 365 დღე არის მორიგე. აი, რომელი მოსამართლე არის 365 დღე მორიგე? 2019 წლიდან ესე ვარ.“  

„ვიცი, რომ შეიძლება, სამსახურში გამოძახებული ვიყო და სამსახურში გასვლა მომიწიოს და ვერსად ვერ მივდივარ. შვებულება უნდა დავწერო იმისთვის, რომ შაბათ-კვირას დავისვენო, მაშინ, როდესაც... რომელიმე მოსამართლე დამისახელეთ, რომელიც ამას აკეთებს? არც ერთი.“

„რაიონულში მარტო მე ვარ. ის [ვლადიმერ ხუჭუა] არ იწერს საქმეებს, მიუხედავად იმისა, თავმჯდომარე ვარო იძახის და რის თავმჯდომარეა, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. მას არ უნდა თეთრიწყაროს საქმეების გაგონებაც კი.“ 

„ის საქმეები, რომლებიც მას ეწერა, ისინიც მე გადმომაწერა.“ 


საბჭოს წევრებიდან მოსამართლეს შეკითხვებს, ძირითადად, ლევან მურუსიძე, ბადრი შონია, დიმიტრი გვრიტიშვილი და თემურ გოგოხია უსვამდნენ.

ლ. მურუსიძე: რამდენი საქმე გაწერიათ?

ბ. ნიპარიშვილი: ოთხასამდე.

ლ. მურუსიძე: და თქვენ ამბობთ, რომ ყოველ შაბათ-კვირას მუშაობთ?

ბ. ნიპარიშვილი: დიახ.

...

ლ. მურუსიძე: რაც მოვისმინე,  ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო.

...

ბ. შონია: თუ ამ თანამდებობაზე გაგამწესეთ, როგორ წარმოგიდგენიათ მასთან ურთიერთობა? [საუბარია ახლანდელ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელზე]

ბ. ნიპარიშვილი: არ ვიცი.

ბ. შონია: თვლით თუ არა, რომ, რასაც ახლა ჰყვებით, ეს ყველაფერი ეთიკური ნორმების დარღვევაა? მიმართეთ ინსპექტორს ამაზე?

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის შემდეგ საბჭომ ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მოუსმინა. როგორც მოსალოდნელი იყო, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ყველა ბრალდება უარყო და საპირისპირო განაცხადა.

 

ამონარიდები ვლადიმერ ხუჭუას სიტყვიდან:

„შეგიძლიათ, ნახოთ სტატისტიკა, სამოქალაქო-ადმინისტრაციული საქმეები, რომლებიც შემოდიოდა, ყველაზე დიდი 200-300 საქმე, ნული აქვს განხილვა იმიტომ, რომ არ ეწერებოდა არც ერთი საქმე. შეიძლება, ჩემი პასუხისმგებლობის ამბავიც არის. მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას.“

„ასე მითხრა, მე ასეთ საქმეებზე უარს ვამბობო და მე რაც დამრჩებაო, ჩემი განსჯადი საქმეებიო, ანუ სისხლის სამართლის საქმეები, რაც ჩემი განსჯადი იქნებაო, მე იმის გარდა არ განვიხილავო.“

„ვეუბნებოდი მოსამართლეებს, დავიცვათ თანაბრობა, ზოგადად დატვირთულობა; დატვირთული, ასე თუ ისე, ვიყოთ თანაბრად.“


ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა საქართველოში, როდესაც მოსამართლე საქმეთა  განაწილების პრობლემაზე ღიად საუბრობს. გარდა ამისა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისა და ამავე სასამართლოს მოსამართლის ურთიერთბრალდებები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც იგი ეხება მოსამართლის არათანაბარ დატვირთულობას, სამუშაო რეჟიმსa და თავმჯდომარის როლს.

საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს საქმეთა განაწილების ელექტრონული წესი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის N1/56  გადაწყვეტილებით რეგულირდება. აღნიშნული აქტით განსაზღვრულია მრავალი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც საქმეები ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით არ ნაწილდება. მათ შორისაა მოსამართლეთა მორიგეობის წესით საქმეთა განაწილება. მორიგეობის განრიგის განსაზღვრა კი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებაა. ამდენად, ელექტრონული განაწილების წესის არსებობის მიუხედავად, სასამართლოს თავმჯდომარეს უნარჩუნდება ბერკეტები,  მართოს მოსამართლის ინდივიდუალური დატვირთულობა, რაც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული და  მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობისთვის საფრთხედ იქცეს.  

სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნასთან დაკავშირებით 25 ოქტომბრის სხდომაზე საბჭოს წევრებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ორივე მხარის მოსმენის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ მათთვის გაუგებარია, რომელი მხარე ამბობს სიმართლეს და საკითხი უკეთ უნდა შეისწავლონ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-3 და მე-4 საკითხები ნორმატიული აქტის პროექტში შესატან ცვლილებებს ეხებოდა, რასაც მოხსენების დასრულების შემდეგ ხანგრძლივი დისკუსია არ მოჰყოლია. ხოლო მე-5 საკითხი, მოიხსნა დღის წესრიგიდან.

 

სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებული კომენტარები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დაახლოებით 19:45 წუთზე დასრულდა. სხდომის დარბაზიდან გამოსულ ლ. მურუსიძეს და დ. გვრიტიშვილს მედიის წარმომადგენლები ინტერვიუს ასაღებად ელოდნენ.

მედიასთან პირველი კომენტარი  გააკეთა ლ. მურუსიძემ, რომელიც საზოგადოების წინაშე სასამართლოს ანგარიშვალდებულებასა და მისი და სხვა წევრების მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების „უსაფუძვლო“ ბრალდებებზე საუბრობდა.  მის განცხადებებში ყველაზე საინტერესო აქცენტი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „კარგ“  და „ცუდ“  მოსამართლეებად სასამართლოს დაყოფის მცდელობა. მისი თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ზოგიერთ მოსამართლესთან შეხვედრები, მათი სასწავლო ვიზიტების დაფინანსება, ამ მოსამართლეების საჯაროდ ქება და მათ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების დემონსტრირება ორად ყოფს სასამართლოს და სისტემაში განხეთქილების შეტანის მცდელობაა, რასაც ის არ დაუშვებს.  

დამატებითი ინფორმაცია


2022 წლის 27 ოქტომბერს დაინიშნა საბჭოს სხდომა, სადაც პირველ საკითხად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი განიხილეს. სხდომაზე საბჭომ თეთრიწყაროს ორივე მოქმედი მოსამართლე მიიწვია, თუმცა მხოლოდ ვლადიმერ ხუჭუა გამოცხადდა და მის წინაშე არსებულ ბრალდებებს, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად უპასუხა. მან განაცხადა, რომ თუ კი ბადრი ნიპარიშვილი დაინიშნებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ ის დატოვებდა მოსამართლის თანამდებობასაც. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად აირჩია ვლადიმერ ხუჭუა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ. 


ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე