საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ დანიშნა პირი მოსამართლის თანამდებობაზე. თუმცა:
მოსამართლე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ემორჩილებოდეს მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. ეს არის ვალდებულება, რომელსაც მოსამართლეებს აკისრებს ქვეყნის უზენაესი სამართლებრივი აქტი – კონსტიტუცია. კონსტიტუციითვეა დადგენილი, რომ საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე ინიშნება უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი 65 წლის ასაკის მიღწევამდე. მოსამართლე შეირჩევა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით. მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების შესახებ კენჭისყრის შემდეგ ვალდებულია, გამოაქვეყნოს დასაბუთება, რომელიც უნდა შეიცავდეს:
გადაწყვეტილებას მოსამართლის დანიშვნის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, თუმცა დასაბუთებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია, დაწეროს განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ კენჭისყრის შემდეგ დასაბუთების გამოქვეყნების ვალდებულება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2020 წლის პირველი იანვრიდან აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირის მოსამართლედ განწესებაზე მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ასაბუთებს იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ პირი მოსამართლედ არ განწესდება, ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღება, რადგან მსგავს ვალდებულებას კანონი არც ადგენს.
ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებულობის საკითხს განვიხილავთ და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე დავასკვნით, არსებული პრაქტიკა პასუხობს თუ არა კანონის მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, ამ ცვლილებებს რა პროცესები უძღოდა წინ და რატომ გაჩნდა მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.
2012 წლიდან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მართლმსაჯულების რეფორმის ოთხი ტალღა განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების ნაწილი დადებით ინიციატივებსაც ითვალისწინებდა, არსებული რეალობიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მართლმსაჯულების წინაშე ისევ დიდი გამოწვევები დგას, სამართლებრივი და პრაქტიკული თვალსაზრისით.
სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ცვლილებებით, კენჭისყრის შემდეგ საბჭოს მოსამართლის დანიშვნის შესახებ დასაბუთების გამოქვეყნება დაევალა. აღნიშნული ცვლილების მიზეზსა და საჭიროებას მეტი გამჭვირვალობა და მოსამართლის დანიშვნის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენდა. მართალია, ეს სიახლე სრულყოფილად ვერ აღმოფხვრიდა პრობლემას და მეტწილად ფორმალურ-პროცედურული ხასიათის იყო, მაგრამ მაინც ჰქონდა მცირე პოტენციალი, მოსამართლეთა დანიშნვისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების ხარისხი უფრო გაზრდილიყო. რადგან, როგორც უკვე ვახსენეთ, დასაბუთების ვალდებულება მოიცავს, როგორც მოსამართლის შერჩევისას პროცედურის აღწერას, ასევე დანიშნული მოსამართლის დახასიათებასა და დასკვნას მისი კეთილსინდისიერების შესახებ. ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც მოსამართლის დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ.
თეორიულად, ცვლილებას შესაძლოა, ჰქონოდა დადებითი ეფექტის გამოწვევის პოტენციალი, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ როგორი გამოყენება პოვა მან პრაქტიკაში.
აღნიშნული საკითხის გავრცობამდე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს „მეოთხე ტალღის“ რეფორმაზე მუშაობის პროცესი იყო იზოლირებული, რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობდა ფართო მონაწილეობის გარეშე, რაც უარყოფითად შეფასდა. მეოთხე ტალღის ცვლილებები საზოგადოებაზე, საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე უშუალო ზეგავლენას ახდენს ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც არ უნდა ეხებოდეს საკითხი, რეფორმა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მიმდინარეობდეს საზოგადოების მონაწილეობით. საზოგადოებრივი ორგანიზაციების არაერთ შეფასებაში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ეხება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნასა და სხვა საკადრო საკითხებს.
რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ დასაბუთების პრაქტიკას, როგორც წესი, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის აღწერა ერთი შეხედვით გამჭვირვალეა, მაგრამ კეთილსინდისიერების შესახებ დასკვნა ძალიან ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტულ მოსამართლეს კი არა, შეიძლება, ნებისმიერ მოსამართლეს მოერგოს.
დასკვნაში არ არის ხაზგასმული, თუ კონკრეტულად რის საფუძველზე, რომელ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომ კონკრეტული მოსამართლე აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, კეთილსინდისიერების ნაწილში. ეს გვაძლევს დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საბჭო მხოლოდ ფორმალურად ასრულებს დასაბუთების ვალდებულებას და ძირითადად, დასაბუთების ტექსტი შაბლონურია.
ექსპერტული მოსაზრებებისა თუ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ დასაბუთებად მიიჩნევა მხოლოდ იმგვარი მიდგომა, როდესაც დასაბუთების ტექსტში ნათლად ირკვევა კონკრეტული გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც საბჭომ მიიღო პირის მოსამართლედ განწესებაზე გადაწყვეტილება; ამასთან შეფასება და საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთება ინდივიდუალურად კონკრეტულ მოსამართლეს მიემართება და არა, ზოგადად, ნებისმიერ მოსამართლეს.
მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეობის კანდიდატებს სხვადასხვანაირად აფასებენ, მათი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთების ნაწილში იდენტურია. ასეთი მიდგომა დამაფიქრებელია და ჩნდება ლეგიტიმური კითხვები გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ. შესაბამისად, ეს გარემოება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ დასაბუთების ვალდებულებას მხოლოდ ფორმალურად ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და, რეალურად, კანონის ეს ცვლილება გავლენას ვერ ახდენს სასამართლო სისტემის დაკომპლექტების პროცესზე.
ზემოაღნიშნული შეფასებების საფუძვლიანობის დასაბუთებისთვის მოვიხმობთ პრაქტიკას. განვიხილავთ 2020 წლის 1 იანვრიდან (მას შემდეგ, რაც კანონში დასაბუთების გამოქვეყნების ვალდებულება გაჩნდა) დღემდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან რამდენიმე ათეულს.
მაგალითისთვის – 2020 წლის 18 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე 36 მოსამართლე განწესდა:
ამ თანამდებობაზე დანიშვნებიდან დასაბუთების გამოქვეყნებას ვხვდებით 36-ივე მოსამართლის შემთხვევაში და ყველა ამ დასაბუთებაში ძირითადი განსხვავება მხოლოდ მოსამართლის პიროვნებასთან უშუალოდ დაკავშირებულ ფაქტებშია. კერძოდ, განსხვავდება მხოლოდ ფორმალური მონაცემები:
დანართი 1
საკითხის შეფასებისთვის – შეიცვალა თუ არა დასაბუთების სტანდარტი – განვიხილავთ 2021 წელს დანიშნული მოსამართლეების დასაბუთებას.
2021 წლის 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე 47 მოსამართლე გამწესდა:
2021 წლის განკარგულებებში დასაბუთების სტანდარტი არ განსხვავება 2020 წლის განკარგულებებში დასაბუთების ტექსტისგან. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ: უფრო ფართოდაა წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები და სამოსამართლო გამოცდილებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია, თუმცა დასაბუთება კეთილსინდისიერების ნაწილში ისევ შაბლონურია.
დანართ #2-ში წარმოდგენილია ერთ-ერთი დასაბუთების მაგალითი, სადაც ყვითლად მონიშნული ნაწილები გვიჩვენებს, თუ რა არ იცვლება სხვადასხვა მოსამართლის კვალიფიციურობისა და კეთილსინდისიერების დასაბუთებებში.
დანართი 2
ასევე, გთავაზობთ 2022 წელს მოსამართლეთა უვადოდ განწესების განკარგულებას, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ პრობლემას ვხვდებით, ვიდრე განხილულ მაგალითებში. ვინაიდან მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ განკარგულებას არ ერთვის დასაბუთების ნაწილი.
დანართი 3
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ დასაბუთების ტექსტი არის ზოგადი სახის და არ მიემართება კონკრეტულ მოსამართლეს. ამ სახით დასაბუთება ვერ იძლევა სრულ სურათს მოსამართლეობის კანდიდატის კვალიფიციურობასა და კეთილსინდისიერებაზე. მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ განკარგულებებს ხშირად არ ერთვის დასაბუთების ნაწილი – როგორც უვადოდ გამწესების, ასევე 3-წლიანი ვადით დანიშვნის შემთხვევაში.
განვიხილოთ ვენეციის კომისიის მიერ 70-ე პლენარულ სესიაზე მიღებულ ანგარიში, სადაც ვკითხულობთ, რომ ევროპაში მოსამართლეების დანიშვნის სხვადასხვა სისტემა არსებობს და არ არსებობს რაიმე ერთიანი მოდელი, რომელიც გავრცელდება ყველა ქვეყანაზე, თუმცა ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია დასაბუთება, რომელსაც აუცილებლად უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილება, პირის მოსამართლედ დანიშვნაზე, თავის მხრივ კი, დასაბუთება ნათელი და კონკრეტული უნდა იყოს. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს, No1 (2001) დასკვნის თანახმად კი, „ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მოსამართლის დანიშვნას ან კარიერას, უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს და იყოს მიღებული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ".
ევროპის საბჭოს სტანდარტებში კი, რომელიც ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ვკითხულობთ: „თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს დანიშვნის ორგანოებმა უზრუნველყონ მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობა, დაიცვან გამჭვირვალე პროცედურა და, აგრეთვე, დაასაბუთონ გადაწყვეტილება.“
ამდენად, მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისას მნიშვნელოვანია არა ფორმალური თვალსაზრისით დასაბუთების არსებობის ფაქტი, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ის შინაარსით პასუხობდეს დასაბუთების შესაბამის მოთხოვნებს; ამასთან, მიემართებოდეს კონკრეტულ პიროვნებას და არა, ზოგადად, მოსამართლეებს.