29.07.2022

მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება – ფორმალობა რომელიც შინაარსს არ ცვლის


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ დანიშნა პირი მოსამართლის თანამდებობაზე. თუმცა:

  • მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ დასაბუთებები ფორმალურია, რადგან სხვადასხვა მოსამართლის შემთხვევაში ტექსტი იდენტური და შაბლონურია.
  • დასაბუთებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას კოლეგიური ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს.
  • იუსტიციის საბჭო ვალდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასაბუთოს მისი გადაწყვეტილება, თუ პირს დანიშნავს მოსამართლის თანამდებობაზე (დანიშვნაზე უარის შემთხვევაში, მას ეს ვალდებულება არ აკისრია).
  • 2022 წელს გამოქვეყნებულ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ განკარგულებებს საერთოდ არ ერთვის დასაბუთების ნაწილი.

 მოსამართლე  პროფესიული საქმიანობის შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ემორჩილებოდეს მხოლოდ კონსტიტუციას და  კანონს. ეს არის ვალდებულება, რომელსაც მოსამართლეებს აკისრებს ქვეყნის უზენაესი სამართლებრივი აქტი – კონსტიტუცია. კონსტიტუციითვეა დადგენილი, რომ საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე ინიშნება უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი 65 წლის ასაკის მიღწევამდე. მოსამართლე შეირჩევა  კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით. მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების შესახებ კენჭისყრის შემდეგ ვალდებულია, გამოაქვეყნოს დასაბუთება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

  • პროცედურის აღწერას;
  • დანიშნული მოსამართლის დახასიათებას;
  • დაგროვებულ ქულებს;
  • დასკვნას მისი კეთილსინდისიერების თაობაზე.

გადაწყვეტილებას მოსამართლის დანიშვნის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, თუმცა დასაბუთებას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია, დაწეროს განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ კენჭისყრის შემდეგ დასაბუთების გამოქვეყნების ვალდებულება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2020 წლის პირველი იანვრიდან აქვს.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირის მოსამართლედ განწესებაზე მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ასაბუთებს იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ პირი მოსამართლედ არ განწესდება, ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღება, რადგან მსგავს ვალდებულებას კანონი არც ადგენს.

ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ  გადაწყვეტილების დასაბუთებულობის საკითხს განვიხილავთ და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე დავასკვნით, არსებული პრაქტიკა პასუხობს თუ არა  კანონის მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, ამ ცვლილებებს რა პროცესები უძღოდა წინ და რატომ გაჩნდა მოსამართლის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.

2012 წლიდან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მართლმსაჯულების რეფორმის ოთხი ტალღა განხორციელდა.  მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების ნაწილი დადებით ინიციატივებსაც ითვალისწინებდა, არსებული რეალობიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მართლმსაჯულების წინაშე ისევ დიდი გამოწვევები დგას, სამართლებრივი და პრაქტიკული თვალსაზრისით.

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ცვლილებებით, კენჭისყრის შემდეგ საბჭოს მოსამართლის დანიშვნის შესახებ დასაბუთების გამოქვეყნება დაევალა. აღნიშნული ცვლილების მიზეზსა და საჭიროებას მეტი გამჭვირვალობა და მოსამართლის დანიშვნის სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენდა. მართალია, ეს სიახლე სრულყოფილად ვერ აღმოფხვრიდა პრობლემას და მეტწილად ფორმალურ-პროცედურული ხასიათის იყო, მაგრამ მაინც ჰქონდა მცირე პოტენციალი, მოსამართლეთა დანიშნვისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების ხარისხი უფრო გაზრდილიყო. რადგან, როგორც უკვე ვახსენეთ, დასაბუთების ვალდებულება მოიცავს, როგორც   მოსამართლის შერჩევისას პროცედურის აღწერას, ასევე დანიშნული მოსამართლის დახასიათებასა და დასკვნას მისი კეთილსინდისიერების შესახებ.  ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც მოსამართლის დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ.

თეორიულად, ცვლილებას შესაძლოა, ჰქონოდა დადებითი ეფექტის გამოწვევის პოტენციალი, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ როგორი გამოყენება პოვა მან პრაქტიკაში.

აღნიშნული საკითხის გავრცობამდე უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს „მეოთხე ტალღის“ რეფორმაზე მუშაობის პროცესი იყო იზოლირებული, რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობდა   ფართო მონაწილეობის გარეშე, რაც უარყოფითად შეფასდა. მეოთხე ტალღის ცვლილებები საზოგადოებაზე, საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე უშუალო ზეგავლენას ახდენს ნებისმიერ შემთხვევაში, რასაც არ უნდა ეხებოდეს საკითხი, რეფორმა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მნიშვნელოვანია, ეს პროცესი მიმდინარეობდეს  საზოგადოების მონაწილეობით. საზოგადოებრივი ორგანიზაციების არაერთ შეფასებაში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ეხება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნასა და სხვა საკადრო საკითხებს.

რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ დასაბუთების პრაქტიკას, როგორც წესი, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის აღწერა ერთი შეხედვით გამჭვირვალეა, მაგრამ კეთილსინდისიერების შესახებ დასკვნა ძალიან ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტულ მოსამართლეს კი არა, შეიძლება, ნებისმიერ მოსამართლეს მოერგოს.

დასკვნაში არ არის ხაზგასმული, თუ კონკრეტულად რის საფუძველზე, რომელ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომ კონკრეტული მოსამართლე აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, კეთილსინდისიერების ნაწილში. ეს გვაძლევს დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საბჭო მხოლოდ ფორმალურად ასრულებს დასაბუთების ვალდებულებას და ძირითადად, დასაბუთების ტექსტი შაბლონურია.

ექსპერტული მოსაზრებებისა თუ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ დასაბუთებად მიიჩნევა მხოლოდ იმგვარი მიდგომა, როდესაც დასაბუთების ტექსტში ნათლად ირკვევა კონკრეტული გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც საბჭომ მიიღო პირის მოსამართლედ განწესებაზე გადაწყვეტილება; ამასთან შეფასება და საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთება  ინდივიდუალურად კონკრეტულ მოსამართლეს მიემართება  და არა, ზოგადად, ნებისმიერ მოსამართლეს.

 

მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებების იდენტურობა

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეობის კანდიდატებს სხვადასხვანაირად აფასებენ, მათი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთების ნაწილში იდენტურია. ასეთი მიდგომა დამაფიქრებელია და ჩნდება ლეგიტიმური კითხვები გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ. შესაბამისად, ეს გარემოება  კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ დასაბუთების ვალდებულებას მხოლოდ ფორმალურად ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და, რეალურად, კანონის ეს ცვლილება გავლენას ვერ ახდენს სასამართლო სისტემის დაკომპლექტების პროცესზე.

ზემოაღნიშნული შეფასებების საფუძვლიანობის დასაბუთებისთვის მოვიხმობთ პრაქტიკას. განვიხილავთ 2020 წლის 1 იანვრიდან (მას შემდეგ, რაც კანონში დასაბუთების გამოქვეყნების ვალდებულება გაჩნდა) დღემდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან რამდენიმე ათეულს.

 მაგალითისთვის – 2020 წლის 18 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით,  თანამდებობაზე 36 მოსამართლე განწესდა:

  1. მესხიშვილი ქეთევან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა;
  2. ქათამაძე პაატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა;
  3. დოლიძე ვერა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
  4. შჩერბაკოვი ნინო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  5. ცაგარეიშვილი ლელა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  6. ოტიაშვილი ბაია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  7. ჩაგუნავა კობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  8. გოგოლაძე ირინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
  9. ეპიტაშვილი თეონა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  10. ესებუა ზვიად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  11. სირბილაძე ცისანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  12. კოჭლამაზაშვილი არჩილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  13. მარშანია ნათია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  14. ხუსკივაძე ირაკლი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  15. კლდიაშვილი ლაშა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  16. უბილავა გიზო  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  17. კოპალიანი კონსტანტინე  თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  18. ჯინჯოლია მიხეილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  19. ბებიაშვილი მიხეილ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  20. თხელიძე ქეთევან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
  21. ბარდაველიძე ლევან ბოლნისის რაიონული სასამართლო;
  22. გიორგაძე ნინო ბოლნისის რაიონული სასამართლო;
  23. ჩიქოვანი გვანცა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში;
  24. გოგატიშვილი ნინო გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  25. ბერეკაშვილი ქეთევან გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  26. თაყაძე თეა გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  27. კაკაურიძე შალვა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
  28. ვარდანიძე გვანცა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში;
  29. ვატიტაძე გრიგოლ თელავის რაიონული სასამართლო;
  30. ზათიაშვილი ვერიკო თელავის რაიონული სასამართლო;
  31. კობახიძე ნანა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  32. ფუხაშვილი მორის მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
  33. ნადოი რეზო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დუშეთის მუნიციპალიტეტში;
  34. ბარამიძე ია ოზურგეთის რაიონული სასამართლო;
  35. შოშიაშვილი მაია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში;
  36. გოგალაძე ირმა ხაშურის რაიონული სასამართლო.

ამ თანამდებობაზე დანიშვნებიდან დასაბუთების გამოქვეყნებას ვხვდებით 36-ივე მოსამართლის შემთხვევაში და ყველა ამ დასაბუთებაში ძირითადი განსხვავება მხოლოდ მოსამართლის პიროვნებასთან უშუალოდ დაკავშირებულ ფაქტებშია. კერძოდ, განსხვავდება მხოლოდ ფორმალური მონაცემები:

  • კანდიდატის სახელი, გვარი;
  • კონკურენტების რაოდენობა;
  • სასამართლოს დასახელება;
  • თარიღები;
  • სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობა;
  • მიღებული ქულებისა და ხმების რაოდენობა.
  • რაც შეეხება მოსამართლის კეთილსინდისიერების ნაწილის შეფასებას – ყველა მოსამართლის მიმართ ტექსტი ერთნაირია და არც ერთ შემთხვევაში არ იცვლება.


თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ რამდენიმე  დასაბუთება, სადაც მონიშნულია ტექსტის ის ნაწილი, რომელიც არ იცვლება.

დანართი 1

საკითხის შეფასებისთვის – შეიცვალა თუ არა დასაბუთების სტანდარტი – განვიხილავთ 2021 წელს დანიშნული მოსამართლეების დასაბუთებას.

2021 წლის 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე 47 მოსამართლე გამწესდა: 

  1. გელა ბადრიაშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა;
  2. ანა გოგიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა;
  3. ნათია ბარბაქაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
  4. გერონტი კახეთელიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
  5. მზია ლომთათიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
  6. კახა მაჭავარიანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
  7. მარინე იმერლიშვილი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
  8. ნათია ბუსკაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  9. ნათია მერაბიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  10. ეკატერინე ობოლაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  11. სალომე სამხარაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  12. ლიელა ფოლადიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  13. ირაკლი ჩიკაშუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  14. ეკატერინე ჯინჭველაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  15. თამარ მჭედლიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
  16. სალომე გველესიანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  17. ეკატერინე ელიაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  18. ნინო ენუქიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  19. უჩა თოდუა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  20. თეა კალანდაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  21. ლიანა კაჟაშვილი  – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  22. ქეთევან მამაცაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  23. ვიოლეტა ფორჩხიძე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  24. ნანა შამათავა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;
  25. ვალერიან ბუგიანიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  26. არსენა კალატოზიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  27. დავით ნარიმანიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  28. ნინო ნაჭყებია – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  29. რომეო ტყეშელაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  30. ლელა შკუბულიანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  31. ხათუნა ხარჩილავა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  32. გიორგი გელაშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;
  33. ლევან ყოლბაია – ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
  34. კოტე ჭილაია – ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
  35. ნანა ჯოხაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
  36. გიორგი ლობჟანიძე – ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ასპინძის მუნიციპალიტეტში ;
  37. მაია ჯავახიშვილი – ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში;
  38. დავით მაკარაძე – გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
  39. ეკატერინე ბებია – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში;
  40. ალექსანდრე გზირიშვილი – მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში;
  41. ბიძინა სტურუა – მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თიანეთის მუნიციპალიტეტში; 
  42. თორნიკე კაპანაძე – ოზურგეთის რაიონული სასამართლო;
  43. მადონა მაისურაძე – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
  44. დავით სვანაძე – სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ვანის მუნიციპალიტეტში;
  45. გიორგი ბუხრაშვილი – სიღნაღის რაიონული სასამართლო;
  46. გიორგი თუნაური – ფოთის საქალაქო სასამართლო;
  47. ვლადიმერ ხუჭუა – თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში.

2021 წლის განკარგულებებში დასაბუთების სტანდარტი არ განსხვავება 2020 წლის განკარგულებებში დასაბუთების ტექსტისგან. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ: უფრო ფართოდაა წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები და სამოსამართლო გამოცდილებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია, თუმცა დასაბუთება კეთილსინდისიერების ნაწილში ისევ შაბლონურია.

დანართ #2-ში წარმოდგენილია ერთ-ერთი დასაბუთების მაგალითი, სადაც ყვითლად მონიშნული ნაწილები გვიჩვენებს, თუ რა არ იცვლება სხვადასხვა მოსამართლის კვალიფიციურობისა და კეთილსინდისიერების დასაბუთებებში.

დანართი 2

ასევე, გთავაზობთ 2022 წელს მოსამართლეთა უვადოდ განწესების განკარგულებას, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ პრობლემას ვხვდებით, ვიდრე განხილულ მაგალითებში.  ვინაიდან მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ განკარგულებას არ ერთვის დასაბუთების ნაწილი.  

დანართი 3

 

 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ დასაბუთების ტექსტი არის ზოგადი სახის და არ მიემართება კონკრეტულ მოსამართლეს. ამ სახით დასაბუთება ვერ იძლევა სრულ სურათს მოსამართლეობის კანდიდატის კვალიფიციურობასა და კეთილსინდისიერებაზე. მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ განკარგულებებს ხშირად არ ერთვის დასაბუთების ნაწილი როგორც უვადოდ გამწესების, ასევე  3-წლიანი ვადით დანიშვნის შემთხვევაში.

 განვიხილოთ ვენეციის კომისიის მიერ 70-ე პლენარულ სესიაზე მიღებულ ანგარიში, სადაც ვკითხულობთ, რომ ევროპაში მოსამართლეების დანიშვნის სხვადასხვა სისტემა არსებობს და არ არსებობს რაიმე ერთიანი მოდელი, რომელიც გავრცელდება ყველა ქვეყანაზე, თუმცა ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია დასაბუთება, რომელსაც აუცილებლად უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილება, პირის მოსამართლედ დანიშვნაზე, თავის მხრივ კი, დასაბუთება ნათელი და კონკრეტული უნდა იყოს. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს, No1 (2001) დასკვნის თანახმად კი, „ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მოსამართლის დანიშვნას ან კარიერას, უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს და იყოს მიღებული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ".

ევროპის საბჭოს სტანდარტებში კი, რომელიც ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას,  ვკითხულობთ: „თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს დანიშვნის ორგანოებმა უზრუნველყონ მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობა, დაიცვან გამჭვირვალე პროცედურა და, აგრეთვე, დაასაბუთონ გადაწყვეტილება.“

 ამდენად, მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისას მნიშვნელოვანია არა ფორმალური თვალსაზრისით დასაბუთების არსებობის ფაქტი, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ის შინაარსით პასუხობდეს დასაბუთების შესაბამის მოთხოვნებს; ამასთან, მიემართებოდეს კონკრეტულ პიროვნებას და არა, ზოგადად, მოსამართლეებს.


-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო. 
ავტორი: მეგი შამათავა