ჩვენ და თავისუფალი სასამართლო

12.10.2023
"ევროპული კავშირის წევრობა აჩენს სიმყარის, სიმშვიდის და საიმედოობის განცდას და კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, პრაქტიკულად, ავტომატურად იშლება მეხსიერებიდან."

ადამიანი

ადამიანს სასამართლოში მისვლა ცხოვრების მანძილზე  შესაძლოა, საერთოდ არ დასჭირდეს, მაგრამ თუ დასჭირდა... 

კონკრეტულ გარემოებებში ძალიან არ გვიყვარს ეს „მაგრამ“, თუმცა ჩვენს შემთხვევაში არის ერთი დიდი „მაგრამ“... მაგრამ თუ ადამიანს მაინც დასჭირდა სასამართლო, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სიმართლეს იპოვის. ის არ უნდა ნერვიულობდეს და არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მოსაძებნი ჰყავს ვინმე, ვინც დაურეკავს მოსამართლეს ზემოდან. 

შეიძლება ახლა ვიღაცისთვის (ვიღაცისთვის - ბრიუსელში, ლონდონში, ნიუ იორკში, ჟენევაში, ოსლოსა და სტოკჰოლმში) ანბანურ ჭეშმარიტებაზე ვსაუბრობ, მაგრამ წარმატებულ, შემდგარ დემოკრატიებში ადამიანები ყოველწუთიერად არ ფიქრობენ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ შენს ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელია. ეს უკვე მათ ქვეცნობიერშია გამჯდარი. ამიტომაც ასე მყარად დააბიჯებენ თავის ქვეყანაში და ცხოვრობენ ყოველდღიური ცხოვრებით. არ ვარ შურიანი, უბრალოდ, ძალიან მინდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც ასე იყოს. 

- ჩვენ გვაქვს ასეთი გამოთქმა: „სამართალმა პური ჭამა“. ჩემს აღქმასა და მეხსიერებაში ამას მაშინ ვამბობთ, როდესაც რაღაც უსამართლობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სამართალმა იზეიმა. დიდებული მიხეილ ჯავახიშვილი „ჯაყოს ხიზნებში“ თეიმურაზს ათქმევინებს: „ამ ქვეყნად მაინც არსებობს სამართალი, ჯაყო. ის შეიძლება ურმით დასდევს ბოროტებას, მაგრამ ბოლოს უეჭველი წამოეწევა და ღირსეულს მიუძღვნის“. 

დღეს აღარ არის ურმით დევნის დრო❗

მოსამართლე 

ბევრი ვიფიქრე, ვის ჰგავს მოსამართლე თავის შავ მანტიაში? 

ვის და ექიმს, თავის თეთრ ხალათში - ორივეს ადამიანის ბედი აბარია. 

რის მიხედვით ვაფასებთ და ვირჩევთ ექიმს? „თავისი საქმის პროფესიონალია“, „სანდომიანი, წესიერი ადამიანის სახელი აქვს“.

გამოგიტყდებით, როდესაც მე ან ვინმე ჩემიანს სამედიცინო დახმარება გვჭირდება, აუცილებლად ვეკითხებით რჩევას ახლობლებს, ნაცნობებს, თუ რომელ ექიმთან მივიდეთ, შესაბამისი დარგის მიხედვით. არ უნდა იყოს ასე, მაგრამ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ასეა. 
სასამართლოშიც თითქმის ასეა, თუმცა ერთი დიდი განსხვავებით:

მოსამართლეს შენ არ ირჩევ და შენი ბედი მის ხელში შენგან დამოუკიდებლად ხვდება. „როგორი ტიპია? წესიერი ადამიანია? პროფესიონალია?“ - ეს არის კითხვები, რომლებიც ჩვენთან ადამიანს მოსამართლის მიმართ ინსტინქტურად უჩნდება. 

რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილების მიღების დროს ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული როგორც მოსამართლის პროფესიონალიზმზე, ისე მის შინაგან რწმენაზე. მოწმეების მოსმენის, მტკიცებულებების შესწავლის, მოკლედ, ყველა აუცილებელი პროცედურის გავლის შემდეგ მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეა დემოკრატიებში. ასეა, გარკვეულწილად, ჩვენთან და ჩვენს მსგავს ქვეყნებშიც. ჩვენც გვყავს კარგი და ღირსეული მოსამართლეები, მაგრამ (კიდევ ერთი მაგრამ) - ცოტა; გვჭირდება ბევრი. განსაკუთრებით, თუ საქმე საჩოთიროა. „თუ იცი, დაურეკეს“? „როგორ ფიქრობ, წნეხს გაუძლებს“? 

ასე იყო ადრე და ასეა ახლაც. არ გვაწყობს ასე; არ უნდა იყოს ასე; არ არის შემდგარ დემოკრატიებში ასე.   

სახელმწიფო

ზოგადად, გეოგრაფია რომ გავაფართოოთ და საქართველოს საზღვრებს გავცდეთ, შემდგარ, წარმატებულ სახელმწიფოებზე საუბრისას ყველა (უმრავლესობა) ვთანხმდებით, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია კონკრეტული ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის. მე არ ვარ სამართლის სპეციალისტი და ნამდვილად არ მაქვს არათუ ამბიცია, არამედ სურვილიც კი, რომ მართლმსაჯულების და სასამართლოს დამოუკიდებლობის განმსაზღვრელ სხვადასხვა ასპექტზე ვისაუბრო, მაგრამ როგორც ადამიანს, ვინც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო დიპლომატიას და, კონკრეტულად, დემოკრატიულ გაერთიანებებში - ნატოსა და ევროპულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას და როგორც ადამიანს, წინა ცხოვრებაში გარკვეული პოლიტიკური გამოცდილებით, ერთი რამ ნამდვილად ძალიან კარგად მაქვს გათავისებული: 

დამოუკიდებელი სასამართლო არის ჩვენი ქვეყნის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, თუ გნებავთ - აუცილებელი „პინ კოდი“ დემოკრატიულ გარემოში/სივრცეში ფეხის შესადგმელად და იქ დასამკვიდრებლად. 

შევთანხმდეთ, რომ შემდგარ დემოკრატიებში არ სვამენ შეკითხვას: სასამართლო დამოუკიდებელია თუ არა. მართალია, არის შემთხვევები, როდესაც დემოკრატიებში მმართველ ძალებს „თავისებური შეხედულება“ უჩნდებათ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ეს იწვევს მოქალაქეების მასობრივ პროტესტს, ვინაიდან შემდგარ დემოკრატიებში სასამართლო უფრო ძვირფასი რამ არის, ვიდრე სახლი, მანქანა თუ სამსახური; ის შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს იმ გაერთიანების კანონმდებლობასთან, რომლის წევრიც არის ესა თუ ის დემოკრატიული სახელმწიფო და ამის გამო სახელმწიფოს პრობლემებიც ექმნება გაერთიანების შიგნით. მოკლედ, რეაგირებს საზოგადოება და რეაგირებენ შეთანხმებაზე დაყრდნობით არსებული სისტემები. 

ახლა როგორ ხდება, როდესაც დემოკრატიული განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მიღება სურს ადამიანს, კომპანიას, ორგანიზაციას!?

დაინტერესებული მხარე ერთ-ერთ პირველ კითხვად აუცილებლად დასვამს, რამდენად თავისუფალია სასამართლო. არ აქვს მნიშვნელობა, ამ კითხვას დიპლომატი სვამს, ჟურნალისტი თუ მკვლევარი - ისინი ქვეყნის შესახებ წარმოდგენას იქმნიან და ცოდნას იღრმავებენ. შესაბამისად, ინტერესდებიან, როგორი ვითარებაა სასამართლო სისტემაში. 

კიდევ უფრო კონკრეტული კითხვები აქვთ ბიზნესპროექტებისა და ინვესტიციების განხორციელების მსურველებს. მსხვილი კომპანიები, რომლებიც სერიოზულად ინტერესდებიან შენს ქვეყანაში საქმიანობით, აუცილებლად დეტალურად შეისწავლიან შენი ქვეყნის კანონმდებლობასა და სასამართლოს თავისუფლების ხარისხს. 

ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, საქმიანობის დაწყებისა და ინვესტიციის განხორციელების შემდეგ დავების გაჩენის შემთხვევაში სასამართლოში რომ მივიდეს, იქ იპოვის სამართალს თუ... უნდა ეძიოს მოკლე გზა (ასეთ შემთხვევაში ფიქრობს, რომ უმჯობესია წინმსწრებად დაიჭიროს თადარიგი) ოლიმპოს მთისკენ, ძლიერთა ამა ქვეყნისათა ჩარევით „დასალაგებლად“. 

ეს მეორე ვარიანტი დემოკრატიებში არ ხდება - ეს „ბანანის რესპუბლიკების“ ხვედრი უფროა. შესაბამისად, იქ ინვესტორიც და ბიზნესმენიც შესაფერისი ყაიდის მიდის. ეს გზა ჩვენ „ტაძრამდე“ ნამდვილად არ მიგვიყვანს. 

ბიზნესმენების გარდა, უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზნებითა და ამოცანებით შეიძლება ჩამოვიდეს და უნდა ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში. 

რა თქმა უნდა, უცხოური კომპანიების ყველა იურისტი გაცილებით უფრო მშვიდად დაიწყებს პროექტის განხილვას, როდესაც ეცოდინება, რომ საქართველოში ისეთივე კანონმდებლობა მუშაობს, როგორიც დანარჩენ ევროპულ კავშირში. მეორე საქმეა, რამდენად მისაღებია ესა თუ ის კონკრეტული რეგულაციები კონკრეტული ბიზნესჯგუფისთვის, ორგანიზაციისა თუ ინდივიდისთვის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: 

ევროპული კავშირის წევრობა აჩენს სიმყარის, სიმშვიდის და საიმედოობის განცდას და კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, პრაქტიკულად, ავტომატურად იშლება მეხსიერებიდან.  

აგრეთვე, მან იცის, რომელი კანონმდებლობის მიხედვით უნდა იმოქმედოს და სად უნდა ეძებოს ესა თუ ის კონკრეტული საკონონმდებლო აქტი. ასე რომ, მხოლოდ ბიზნესის კუთხითაც რომ შევხედოთ, რაც თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისთვის, ევროპული კავშირის სივრცეში ყოფნა უკვე ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია გადაწყვეტილების მისაღებად. 

ცხადია, სასამართლოს დამოუკიდებლობა არ ეხება მხოლოდ ბიზნესს და ინვესტიციებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მკვიდრდებიან საქართველოში, ამყარებენ ურთიერთობებს საქართველოს მოქალაქეებთან, უჩნდებათ საერთო ქონება და, სულ რომ ყველაფერი იდეალურად განვითარდეს, მაინც სჭირდებათ სიმყარის ის შეგრძნება, რომელიც თავის ქვეყანაში ჰქონდათ. 

გარკვეულ ეტაპზე საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანების საერთო-საქვეყნო ძალისხმევაში მეც გახლდით ჩართული. ეს იყო ეტაპი, როდესაც უნდა  გაფორმებულიყო ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. 

შემდგომ იყო ასოცირების დღის წესრიგის შემუშავება. 

ახლა უკვე კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ვიბრძვით. ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემულ 12-ვე რეკომენდაციას თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს; შესაძლოა, ზოგს უფრო მეტი, ზოგს ნაკლები, მაგრამ მართლმსაჯულების სფეროში ვითარების ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგებას რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ეს ყველასთვის ცხადია.

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში მართლმსაჯულებას ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს. ასე რომ, თუ გვინდა სტაბილურობა, სიმშვიდე და კეთილდღეობა, მართლმსაჯულების სისტემის მოწესრიგება გარდაუვალია.

რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების მიზანია, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიკავოს ევროპულ ოჯახში და უზრუნველყოს საკუთარი გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპულ კავშირსა და ნატოში გაწევრიანებით, ხოლო ამ ყველაფრის ნაწილია ერთი კონკრეტული სურვილი: ჩემს შემდეგ თაობებს აღარ დაუსვან შეკითხვა, დამოუკიდებელია თუ არა მათ ქვეყანაში სასამართლო. როდესაც ეს კითხვა ისტორიას ჩაბარდება და მხოლოდ კვლევების, წარმატებული მაგალითების და ლექციების კურსის ნაწილი გახდება, მაშინ ნამდვილად შესაძლებელი იქნება ვიამაყოთ, რომ საქართველო ძლიერი,  შემდგარი, ევროპული სახელმწიფოა.  

-----
courtwatch.ge-ს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები წარმოადგენს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ საკუთრებას, მათი გამოყენებისას უნდა მიეთითოს „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, როგორც წყარო.

ავტორი: ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი