ყოველდღიური მართლმსაჯულება რეგიონებში - მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

27.09.2023

სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ეს ხელს უწყობს მოქალაქეების მიმართ მოსამართლეების ანგარიშვალდებულების და საზოგადოების მხრიდან სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ასევე, განსხვავებული შეხედულებების გათვალისწინებას.

საზოგადოების ჩართულობისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სასამართლოს გუშაგმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 76 მოხალისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩართო მონიტორინგის პროცესში. 10 თვის განმავლობაში მოხალისეები დაესწრნენ 1341 სასამართლო პროცესს, რომელთა მონიტორინგის შედეგები ანგარიშში აისახა.

27 სექტემბერს, საქართველოს სასამართლოს გუშაგმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მონიტორინგის ანგარიში ფართო საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიება გახსნეს USAID/კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ და სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

“ანგარიშში ასახულია ისეთი საკითხები, რომელიც სასამართლოს ორგანიზაციულ მუშაობას, ასევე პროცედურულ სამართლიანობას ეხება, და რაც სასამართლოს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების ხარისხზე აისახება. მათ შორის, სასამართლოს სხდომების დაგვიანებით დაწყება, სხდომების გადადება ტექნიკური გაუმართაობის ან საორგანიზაციო საკითხების გამო, მოქალაქეებისთვის არასაკმარისად აღქმადი სასამართლო პროცესები და განაჩენები/ გადაწყვეტილებები.” - აღნიშნა საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

ორგანიზაციის სამართლებრივმა ანალიტიკოსმა, მეგი შამათავამ მონაწილეებს, მოხალისეთა დაკვირვების შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ „მოსამართლეთა უმეტესობა გულდასმით უსმენდა მხარეებს და განმარტავდა სამართლებრივ ტერმინოლოგიას მხარეთათვის გასაგებ ენაზე. იყო შემთხვევები, როდესაც პროცესის მიმდინარეობის დროს მოსამართლე არ იყო საქმესთან დაკავშირებით სათანადოდ ინფორმირებული და მომზადებული. მოსამართლეები უმეტესად იცავდნენ ეთიკის ნორმებს და კონსტრუქციულად მიმართავდნენ დარბაზში მყოფ პირებს, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მოსამართლეებმა მხარეების მიმართ უხეში ან აგრესიული დამოკიდებულება გამოხატეს.“ 

„მოხალისეები სამართალწარმოების ხანგრძლივ ვადებს და განსჯადობასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ.“ - დასძინა საქართველოს სასამართლოს გუშაგის სამართლებრივმა ანალიტიკოსმა ქეთი გაჩეჩილაძემ.

ანგარიშის წარდგენას მოსამართლეები, ადვოკატები, პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დასასრულს მოხალისეებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სასამართლო პროცესების მონიტორინგში, სერტიფიკატები გადაეცათ.



იხილეთ თანდართული ანგარიში: