"პოლიტიკური ნეიტრალიტეტის" საკითხი მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებაში

30.07.2023

„ყველას აქვს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა" 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გაერო 1948 

„გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს [დემოკრატიული] საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას მისი წინსვლისა და თითოეული ადამიანის განვითარებისათვის.“ (Handyside v. the United Kingdom, § 49). ამდენად, გამოხატვის თავისუფლება არის სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური ღირებულება და საზოგადოების დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი - უზრუნველყოფილი, როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ისე - ადამიანის უფლებების შესახებ არსებული სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით.

დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს თითოეული მოქალაქე, მათ შორის საჯარო თანამდებობის პირებიც. გამონაკლისს არც მოსამართლის თანამდებობა წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს თანამდებობა მოსამართლისაგან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას მოითხოვს, საჭიროა მკაფიოდ განისაზღვროს ის სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს გონივრული ბალანსის დაცვას მოსამართლის მიუკერძოებლობასა და კონსტიტუციურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას შორის. ამგვარი სტანდარტები წარმოადგინა ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭომ (ССJE) 2022 წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ N25 მოსაზრებაში, რომელიც მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების შეეხება. საინტერესოა, რამდენად არის საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ნორმები თანხვედრაში აღნიშნულ სტანდარტებთან და რამდენად უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ორ ფუნდამენტურ ღირებულებას შორის. 

  • „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის სახეებს, რომელთა შორისა არის მიუკერძოებლობის პრინციპთან შეუთავსებელი ქმედებები. 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით აღნიშნულ მუხლს დისციპლინური გადაცდომის ახალი სახე დაემატა - „მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით.“ აღნიშნული ბუნდოვანი საკანონმდებლო ცვლილების საჭიროება იმთავითვე პრობლემური იყო, რადგან იგივე მუხლი უკვე ითვალისწინებდა იმ ქმედებათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს და მათ შორის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულებას. ესენია: მოსამართლის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება; მის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება; საარჩევნო სუბიექტის საჯაროდ მხარდაჭერა; ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა.

ვენეციის კომისიის 2022 წლის 20 ივნისს გამოქვეყნებულ დასკვნაში მითითებულია:

საკანონმდებლო ტექნიკისა და 751-ე მუხლის თანმიმდევრულობის გათვალისწინებით გაუგებარია სხვა რა ქმედებებით შეიძლება დაარღვიოს მოსამართლემ „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“, იმ პირობებში, როდესაც მე-8 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოთვლის კონკრეტულ ქმედებებს. ფორმულირება „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“ არის ნაკლები სიზუსტის მქონე და შესაბამისად იძლევა მისი ფართოდ განმარტების და გამოყენების შესაძლებლობას. ვენეციის კომისიის მოსაზრებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ იყო წარმოდგენილი რაიმე კონკრეტული ახსნა, თუ როგორ უნდა განიმარტოს დისციპლინური გადაცდომის ახალი საფუძველი.

გარდა ამისა, კომისიამ აღნიშნა:

იმისათვის, რომ ნეიტრალიტეტის ზოგადი მოვალეობის დარღვევა იყოს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი იგი საჭიროებს ვიწრო ინტერპრეტაციას, მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლების შესახებ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის სტანდარტების შესაბამისად. კომისიის მოსაზრებით მოსამართლის განცხადებებთან დაკავშირებით ფართოდ ფორმულირებული დისციპლინური დარღვევების არსებობამ შეიძლება იქონიოს მსუსხავი ეფექტი მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებაზე.

შეჯამების სახით ვენეციის კომისიამ წარმოადგინა შემდეგი რეკომენდაცია:

იმ შემთხვევაში თუ ფორმულირება „პოლიტიკური ნეიტრალიტეტი“ შენარჩუნდება, კანონმა დისციპლინური სანქციების საფუძველი მხოლოდ ნეიტრალიტეტის მოვალეობის დარღვევასთან მიმართებით უნდა დაადგინოს ან გამორიცხოს სასამართლო სისტემის რეფორმები და საკანონმდებლო საკითხები.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ გაზიარებული იქნა მიმდინარე წლის 13 ივნისს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით. კერძოდ 751-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ:

პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად არ მიიჩნევა სასამართლოს რეფორმის შესახებ ან/და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე მოსამართლის მეცნიერული ან ანალიტიკური მსჯელობა.

მართალია ნორმის ახალი ფორმულირება თითქოს ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას  და სასამართლო რეფორმის ან/და მარლთმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსამართლის მიერ მოსაზრების გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევად არ მიიჩნევა, თუმცა ამავე დროს მოსამართლეებს უწესებს გამოხატვის ფორმას, რომელიც უნდა იყოს მეცნიერული ან ანალიტიკური სახის.

შესაბამისად, ამით კვლავ რჩება იმის რისკი იმისა, რომ მოსამართლის მიერ მოსაზრების გამოხატვა შეიძლება გახდეს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი, მაშინაც კი, როდესაც ის შეიძლება არ ეწინააღმდეგებოდეს მიუკერძოებლობის ზოგად სტანდარტს. 

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (ССJE) N25 მოსაზრებაში მსჯელობს მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებთან და იმ ლეგიტიმურ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სასამართლოს რეპუტაციისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას და დასაშვებად მიიჩნევს მოსამართლის მიერ გონივრულ ფარგლებში პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიებში მონაწილეობას.

ავტორი: ქეთი გაჩეჩილაძე