თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ყოფილი მოსამართლის, ნინო გიორგაძის საქმე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, რომელიც მოსამართლის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ არ დანიშნა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მოსამართლის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2024 წლის 21 ივნისს გაიმართა. საქმეს მოსამართლე ლელა მილდენბერგერი იხილავს.
ნინო გიორგაძე მოსამართლედ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაინიშნა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ყოფილი მოსამართლე აღნიშნავს, რომ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში სულ განიხილა 2147 საქმე, რომელთაგან არ გასაჩივრდა/უცვლელი დარჩა 2132 საქმე - 99,30%.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად:
3-წლიანი საქმიანობის შეფასების შედეგების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის 2023 წლის 23 ოქტომბრის ბრძანების თანახმად, ნინო გიორგაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ საკითხის განხილვაზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შეფასებების მიხედვით, მოსამართლე აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, თუმცა, ნინო გიორგაძის კომპეტენტურობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 68,33%-ით შეაფასეს.
იმისათვის, რომ გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე იქნას დაშვებული საჭიროა, რომ მისი კომპეტენცია 70%-ით მაინც შეფასდეს.
ნინო გიორგაძის სამოსამართლო საქმიანობა საბჭოს წევრებმა, როგორც კეთილსინდისიერების, ასევე კომპეტენტურობის კრიტერიუმის ნაწილში, დადებითად აღწერეს, თუმცა ეს დასაბუთება არ ასახულა საბჭოს წევრების მიერ მინიჭებულ ქულებზე. ამდენად, მოსამართლის შეფასების დასკვნაში მოცემული დასაბუთება და ქულები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის. შესაბამისად, თუ რატომ არ აკმაყოფილებს ნინო გიორგაძის 3-წლიანი სამოსამართლო საქმიანობა მოსამართლის კომპეტენტურობის კრიტერიუმს, უცნობია.
3 წლის განმავლობაში ნონო გიორგაძე შეაფასეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს:
ნინო გიორგაძემ, საბჭოს მიერ უვადოდ დანიშვნაზე უარის მიღების შემდეგ, შეფასების შედეგები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრა.
2023 წლის 1-ლი ნოემბერს ნინო გიორგაძის მოთხოვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე 14-ვე წევრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ სხდომას არ ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს და საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე.
ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოში მისი საჩივრის განხილვისას ითხოვდა იმ ექვსი წევრის აცილებას, რომლებმაც მისი სამოსამართლო საქმიანობა შეაფასეს. თუმცა, რადგან საბჭოს, საჩივრის განხილვის შემდგომ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მინიმუმ 10 წევრით, აღნიშნული მოთხოვნა საკანონმდებლო ხარვეზის გამო ვერ დააკმაყოფილა.
ნინო გიორგაძე მიიჩნევს, რომ: "თითოეული შემფასებლის მიერ ადგილი აქვს დისკრეციული უფლებამოსილების არამიზნობრივად, უკანონოდ გამოყენებასა და გადაჭარბების შემთხვევას, რის შედეგადაც, დაირღვა ჩემი, როგორც მოსამართლის უფლებები, მათ შორის უფლება გამოსაცდელ ვადაში ჩემი სამოსამართლო საქმიანობა დაქვემდებარებოდა ობიექტურ შეფასებას."
ამის შემდგომ ნინო გიორგაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სადაც მოსამზადებელი სხდომა 2024 წლის 21 ივნისს გაიმართა.
ნინო გიორგაძე ითხოვს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი შემდეგი აქტები:
ასევე, ყოფილი მოსამართლე ითხოვს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალოს, ჩაატაროს გასაუბრება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების მიზნით.
მოსამზადებელ სხდომაზე ნინო გიორგაძემ დააყენა შუამდგომლობა 2023 წლის 1-ელ ნოემბერს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შეფასებებისა და დასაბუთებების გამოთხოვის თაობაზე. ნინო გიორგაძის განმარტებით, მისი და სხვა მოსამართლეების შეფასებების დასაბუთების მსგავსების მიუხედავად, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება ქულები, რომლითაც ის და სხვა მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეაფასა.
ყოფილი მოსამართლის აზრით, აღნიშნული შეფასებების გამოთხოვით დადასტურდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის მიმართ განსხვავებული მოპყრობა. თუმცა, მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მიზეზის გამო, რომ სხვა მოსამართლეების შეფასებების დასაბუთებები ეყრდნობოდა მათ მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომლის შეფასების სისწორის შემოწმებაში ვერ შევიდოდა.
ვინაიდან საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ მსგავსი სარჩელი სასამართლოს არ განუხილავს, სასარჩელო მოთხოვნის უკეთ ჩამოყალიბების მიზნით, მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა სხდომა მოსამზადებელ ეტაპიდან გადადო.
სავარაუდოდ, შემდგომი სხდომა 2024 წლის სექტემბრის თვეში გაიმართება.
საქართველოს სასამართლოს გუშაგი გააგრძელებს ნინო გიორგაძის საქმეზე სასამართლო პროცესების დაკვირვებას და ეტაპობრივად წარმოადგენს მიმდინარე სხდომების შედეგებს.